აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

პომიდვრის დაავადებები და მავნებლები, მათთან ბრძოლის საშუალებები

პომიდვრის ალტერნარიოზი

დაავადების სიმპტომები: პომიდვრის ალტერნარიოზი თავს თბილი და პერიოდულად ნალექიანი ამინდის პირობებში იჩენს. დაავადება ლაქების სახით მცენარის მიწისზედა ორგანოებზე — ფოთლებზე, ღეროსა და ნაყოფებზე ვრცელდება.

ფოთლებზე ლაქები დიდი ზომისაა, აქვს მრგვალი ფორმა და მუქი შეფერილობა, დამახასიათებელი კონცენტრული წრეებით. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ფოთლები ლაქებით თითქმის მთლიანად იფარება და ხმება.

ნაყოფზე ლაქები დიდი ზომისაა, ჩაზნექილი და შავი ფერით გამოირჩევა. ისინი უფრო ხშირად მარცვლის მიდამოში ან მექანიკური დაზიანების ადგილებზე ჩნდება.

ღეროზე ლაქები მოგრძო ფორმისაა და მკვეთრად გამოხატული კონტურები აქვთ. ნესტიან ამინდში ყველა დაზიანებულ ორგანოზე ლაქები სოკოს სპორების შავი ხავერდოვანი ნაფიფქით იფარება.

მკურნალობა: ალტერნარიოზის წინააღმდეგ გამოიყენება ფუნგიციდი სიგნუმი 1.2 კგ/ჰა.

პომიდვრის ფიტოფტოროზი

დაავადება აზიანებს პომიდვრის ნაყოფებს, ფოთლებსა და ღეროებს.

დაავადების სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ძირითადად ხდება ხანგრძლივი ტენიანი ამინდების პირობებში. მისი გავრცელებისათვის ოპტიმალურ პირობას წარმოადგენს ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა არანაკლებ 95%-ისა. ზოოსპორანგიუმების ზრდა და ზოოსპორების ჩამოყალიბება ხდება მხოლოდ მცენარეზე წყლის წვეთების არსებობის შემთხვევაში. დაავადების ინკუბაციური პერიოდი შესაძლებელია გაგრძელდეს 3-დან 11 დღემდე. მცენარეში შეღწევის შემდეგ დაავადების განვითარების სიჩქარე ბევრადაა დამოკიდებული ტემპერატურაზე. ყველაზე მოკლე ინკუბაციური პერიოდი შეინიშნება 20-250ჩ-ის პირობებში.

დაავადების სიმპტომები: ფოთლების დაზიანებისას ფოთლის ფირფიტის ნაპირებში ყალიბდება მუქი ლაქები ირგვლივ ღია-ყვითელი გარსით. ტენიანი და ცხელი ამინდების პირობებში ლაქები სწრაფად იზრდება ზომაში, ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეზე ხშირად ყალიბდება თეთრი ნადები კონტურებზე ან დაზიანებული უბნის მთელ ზედაპირზე. ფოთლების ყუნწზე ლაქა მუქია, წაგრძელებული ფორმის, ნადების გარეშე.

ნაყოფები დაავადებისაგან შესაძლოა დაზიანდნენ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. დაზიანებულ მწვანე ნაყოფებზე ყალიბდება ყავისფერი ლაქები, ხოლო შინაგანი ქსოვილი იღებს ღია-ნაცრისფერ შეფერილობას. დაავადების ძლიერი განვითარებისას ნაყოფი მთლიანად იღებს ყავისფერ შეფერილობას. ჰაერის მაღალი ტენიანობისას დაზიანებული ნაყოფების ზედაპირზე შეინიშნება სუსტად განვითარებული თეთრი ნადები — სოკოს მიცელიუმი. დაზიანებულ ღეროებზე ჩნდება მუქი-ნაცრისფერი ლაქები, ამჯერად ნადების გარეშე. ლაქები ერთმანეთს უერთდება და ქმნის ნეკროზულ უბნებს მცენარის ზედაპირზე.

დაზიანებული ფოთლები იღუპება, რის შედეგადაც ხდება საასიმილაციო აპარატის შემცირება.

მკურნალობა: ფიტოფტოროზის წინააღმდეგ გამოიყენება ფუნგიციდი აკრობატი 2.0 კგ/ჰა.

სეპტორიოზი

დაავადების გამომწვევი აზიანებს კულტურის ყველა ორგანოს: ფოთლებს, ღეროს, ყვავილებს და ზოგჯერ მკვახე ნაყოფებსაც, როგორც ჩითილებს, ასევე ზრდასრულ მცენარეებს. დაავადება განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება რიგების გადაფარვის პერიოდში.

ზაფხულში დაავადების გამომწვევი სოკოს სპორები ინახება ფოთლებზე 30 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში სპორები სწრაფად იღუპებიან.

დაავადების მიერ კულტურის დაზიანება ხდება ცვარის არსებობისას ან ჰაერის 90-100%-იანი ტენიანობის შემთხვევაში. დაავადების მასიური გავრცელებისათვის საჭიროა ცვარი შენარჩუნებული იქნას 36-48 საათის განმავლობაში.

დაავადების სიმპტომები: დაავადება ძირითადად იწყება ქვედა იარუსის ფოთლებიდან და შემდეგ გადადის ზედა იარუსის ფოთლებზეც. ამ დროს ფოთლებზე ჩნდება შავი ფერის წვრილი ლაქები, რომელთა ზომაც დროთა განმავლობაში მატულობს და მათი დიამეტრი აღწევს 2-5მმ-ს. საბოლოოდ ლაქა უფერულდება და იღებს მუქი არშიით შემოვლებულ თეთრ შეფერილობას. დაავადებულ მცენარეზე ფორმირდება განუვითარებელი ნაყოფები, რომლებიც ნაადრევად წითლდება და ვერ აგროვებს შაქრებს.

მკურნალობა: სეპტორიოზის წინააღმდეგ გამოიყენება სიგნუმი 1.2 კგ/ჰა.

ანთრაქნოზი

დაავადების სიმპტომები: ზრდასრული მცენარეების ფესვები იფარება მუქი ფერის ლაქებით, შეინიშნება ქერქის გახევება, რომლის ქვეშაც გროვდება შავი მიკროსკლეროციები.ნაყოფებზე ჩნდება ჩაზნექილი ლაქები, რომლებიც დაავადების განვითარებასთან ერთად იღებენ მუქ-ყვითელ შეფერილობას. მოგვიანებით დაზიანებული უბნები უფრო მუქდება და ხდება შავი ფერის. დაზიანებულ უბნებზე ვითარდება სოკოს სპორები. დაავადება გაცილებით პროგრესირებადი ხდება ტრანსპორტირებისას და ხელოვნური დამწიფების პირობებში.

მკურნალობა: ანთრაქნოზის წინააღმდეგ გამოიყენება ფუნგიციდი კაბრიო ტოპი 2.0 კგ/ჰა.

პომიდვრის კლადოსპორიოზი ანუ მურა ლაქიანობა

მურა ლაქიანობა წარმოადგენს პომიდვრის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო დაავადებას. ის აზიანებს ფოთლებს და ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ფოტოსინთეზის პროცესზე. იშვიათად დაავადება ჩნდება ასევე ნაყოფებზე, მოკრეფის შემდეგ ან ვეგეტაციის პირობებში. დაავადება განსაკუთრებით სახიფათოა დაცულ გრუნტში.

ჰაერის მომატებული ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს როგორც დაავადების გავრცელებას, ასევე ინფექციის წყაროების დაგროვებას. ამავე დროს, 80%-ზე დაბალი ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის დროს ნელდება სოკოს განვითარება, ხოლო 50-60%-ის შემთხვევაში იგი არ ვითარდება. კონიდიების შექმნისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 22-250ჩ. ზოგადად დაავადების განვითარება შესაძლებელია მოხდეს 6-დან 340ჩ ტემპერატურის პირობებში. დღე-ღამური ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა ხელს უწყობს დაავადების განვითარებას.

დაავადების სიმპტომები: პირველი სიმპტომები თავს იჩენს ყვავილობისას. დაავადების მასიური გავრცელება ხდება ნაყოფების სიმწიფის პერიოდში. მურა ლაქიანობის თავდაპირველი განვითარებისას ფოთლის ფირფიტის ზედა მხარე იფარება ქაოსურად განლაგებული მცირე ზომის მოყვითალო ფერის ლაქებით. დროთა განმავლობაში ლაქების რიცხვი მატულობს და იფარება ყავისფერი ხავერდოვანი ფიფქით, რომელიც წარმოადგენს კონიდიათმტვრებს მრავალუჯრედიანი კონიდიუმებით. ლაქები სწრაფად ვრცელდებიან მცენარეზე, რის შედეგადაც ხშირად მცენარე იღუპება.

მკურნალობა: კლადოსპორიოზის წინააღმდეგ გამოიყენება ფუნგიციდი სიგნუმი 1.2 კგ/ჰა.

პომიდვრის ფუზარიოზული ჭკნობა

დაავადება ვრცელდება ნიადაგით, მორწყვისას. მისი გავრცელებისათვის ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს მსუბუქი ნიადაგები.

დაავადება პროგრესირებს ჰაერის და ნიადაგის ტემპერატურის და ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობის პირობებში. დაავადება აზიანებს როგორც ახალგაზრდა ისე მოზრდილ მცენარეებს.

დაავადების სიმპტომები: ახალგაზრდა მცენარეების შემთხვევაში ზიანდება ლებან-ფოთლები, ლპება ფესვები ან ღეროს ფუძე. შედეგად ხშირ შემთხვევაში ხდება მცენარეთა მასობრივი განადგურება.

ზრდასრული მცენარეების დაზიანებისას ფერხდება განვითარება, მცენარე ჭკნება და იღუპება. პირველი ნიშანი არის მცენარის წვეროს ხმობა ან ქვედა და შუა იარუსების ცალკეული ფოთლების ხმობა. შეინიშნება ფოთლების აჭრელება და ტურგორის დაკარგვა, რომელიც ხშირად იწყება ფოთლის წვეროდან. ღეროს და ფოთლის გადანაჭერზე ადვილად შეინიშნება ჭურჭლების დაზიანება.

პომიდვრის ჟანგა ტკიპა

პომიდვრის ჟანგა ტკიპა მცენარეს უზიანებს მიწისზედა ყველა ნაწილს, რომლებიც დაზიანების შედეგად ბრინჯაოს ფერს იღებენ და თავიანთ ცხოველმყოფელობას თანდათანობით კარგავენ. ნაყოფების კანი უხეშდება, კორპისებრი ქსოვილით იფარება, ხევდება და ბოლოს ჟანგის ფერს იღებს. ამასთან, ნაყოფი ვეღარ ვითარდება, ზრდის დასრულებას ვერ აღწევს და საჭმელად გამოუსადეგარი ხდება.

მკურნალობა: პომიდვრის ტკიპას წინააღმდეგ გამოიყენება აკარიციდი მასაი 0.5კგ/ჰა.

მახრა

გავრცელებულია თითქმის ყველგან. იგი აზიანებს მცენარეთა ფესვებს, რაც მას ნიადაგში მოძრაობის დროს ხვდება, ანადგურებს თესლს.

მკურნალობა: მახრას წინააღმდეგ პომიდვრის თესვის წინ გამოიყენება ინსექტიციდი რეგენტი 5-10 კგ/ჰა.

კოლორადოს ხოჭო

იგი აზიანებს როგორც პომიდორს, ასევე კარტოფილს და ძაღლყურძენისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს ბარის პირობებში ვითარდება ხოჭოს სამი გენერაცია. მავნებლები ძალზე სწრაფად მრავლდებიან და ანადგურებენ მცენარის ფოთლებს.

მკურნალობა: კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ გამოიყენება ინსექტიციდი ნომოლტი 0.4მლ/ჰა.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“