დიდი მეცნიერის კიდევ ერთი აღიარება
ცნობილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ახალგაზრდა სპეციალისტთა და მეცნიერთა მრავალი თაობის აღმზრდელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფაზიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აგრარული განათლების საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე პავლეს ძე ნასყიდაშვილი ავტორი და თანაავტორია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული 750-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა საერთო მოცულობა აღემატება 550 ნაბეჭდ თაბახს. ავტორი და თანაავტორია 10 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოსი და 12 დამხმარე სახელმძღვანელოსი. პ. ნასყიდაშვილი ავტორი და თანაავტორია 14 მეთოდური ხასიათის ნაშრომის, 6 რეკომენდაციის და 4 აღმოჩენისა.
პროფ. პ. ნასყიდაშვილის სამეცნიერო ნაშრომები ეხება ხორბლის, სიმინდის, ქერის, ტრიტიკალეს, ლობიოს და სხვა კულტურათა გენეტიკური რესურსების გენეტიკური და სელექციური ღირსების შესწავლას, მათ ევოლუციას, ფორმათა წარმოქმნას, სელექციის მეთოდიკის საკითხების დამუშავებას, საქართველოს პირობებისათვის ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ჯიშების და ჰიბრიდების მისაღებად სასელექციო საწყისი მასალის შექმნას. მის გამოკვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხორბლის, ტრიტიკალეს და სიმინდის კულტურის გამოყენებითი ბოტანიკის, გენეტიკის, სელექციის, მეთესლეობის და მემცენარეობის საკითხებს.
პროფ. პ. ნასყიდაშვილის ნაშრომებში ფართოდაა წარმოდგენილი ხორბლის სელექციური შესწავლის შედეგები. მკვლევარის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმ მიმართულებით, რომ მიღებული იქნას საწყისი სასელექციო მასალის ფართო სპექტრი, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ხორბლის ინტენსიური ჯიშების მიღებას. შრომებსა და მონოგრაფიებში ნაჩვენებია, რომ ამ ჰიბრიდული ჯიშების მონაწილეობით მიიღება ისეთი სახეობათაშორისი და სახეობისშიგა პერსპექტიული რბილი ხორბლის ფორმები, რომლებიც პროდუქტიულობის ყველა მაჩვენებლით სჯობია თავიანთ საწყის ჯიშებს და მათ შორის ხორბლის ლეგენდარულ ჯიშ ბეზოსტაია 1-აც. მის მიერ მიღებული 1200-ზე მეტი ფორმა გადაცემულია რუსეთის მემცენარეობის ინსტიტუტში და ინახება მსოფლიო გენოფონდში.
პროფ. პ. ნასყიდაშვილის ოცდაათწლიანი მოღვაწეობა თავმოყრილია მონოგრაფიაში „ხორბლის სელექცია საქართველოში“ და „Межвидовая гибридизация пшеницы“. ამ მონოგრაფიებში აჩვენა, რომ ხორბლის უძველეს ჯიშებს დღემდე არ დაუკარგავთ თავიანთი მნიშვნელობა, როგორც სახეობათაშორისი, ასევე სახეობისშიდა ჰიბრიდიზაციისათვის ძვირფას მასალას. გამოვლენილი აქვს საწყისი ფორმები, რომელთა ჰიბრიდიზაციაში გამოყენება უზრუნველყოფს ძვირფასი გენოტიპების მიღებას. მოსკოვში გამოქვეყნებულ მონოგრაფიას მაღალი შეფასება მისცეს გამორჩეულმა ტრიტიკოლოგებმა: პ. ჟუკოვსკიმ, ლ. დეკაპრელევიჩმა, ვ. მენაბდემ, მ. იაკუბცინერმა, ნ. დუბინინმა, ა. ფილატენკომ და სხვ.
პროფ. პ. ნასყიდაშვილი 2006 წლიდან, მიუხედავად ასაკისა, აქტიურად მოღვაწეობდა ქვეყნის აგრარული მიმართულების საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მიღებულია აგრარული დარგის ყველა კანონი. სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშთა გამოცდას და გავრცელებას.
პროფ. პ. ნასყიდაშვილის სამეცნიერო ნაშრომების განხილვიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამი ძირითადი მომენტი: პირველი — კომპლექსურობა და კვლევის ფართო დიაპაზონი, რომელიც მოიცავს გამოყენებით ბოტანიკას, ფილოგენეტიკას, სისტემატიკას, სახეობისშიდა და სახეობათაშორის ჰიბრიდიზაციას, ციტო-გენეტიკას, სელექციას და მეთესლეობას. ეს კი მიუთითებს მკვლევარის დიდ ერუდიციასა და ნაშრომთა შესრულების მაღალ მეცნიერულ დონეზე. მეორე მომენტი — თავისი კვლევის მიზანი დაუქვემდებარა სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა წარმოშობის, ფილოგენეზის და სელექციის ყველაზე აქტუალურ საკითხებს. მესამე — განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მის ირგვლივ ყოველთვის იყო მრავალრიცხოვან მოწაფეთა ჯგუფი, რომლებსაც ასწავლიდა არა მარტო ინდივიდუალური არამედ ერთობლივი კვლევის სიყვარულს და მოპოვებული გამოკვლევების შედეგების თანაბრად განაწილების პრინციპს. მის სამეცნიერო ნაშრომთა ჩამონათვალში უმრავლესობაში თანაავტორებად ახალგაზრდები გვევლინებიან.
პროფ. პ. ნასყიდაშვილი დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი ჯილდოთი, როგორიცაა შრომის წითელი დროშის ორდენი და ღირსების ორდენი. ყველაზე დიდი ჯილდო იმ ახალგაზრდა თაობების ის სიყვარულია, რომელსაც იმსახურებდა თავისი ერთგული და დაუღალავი შრომით. ბატონო პეტრე, თქვენ არასოდეს დაგივიწყებთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დარგში მოღვაწე მეცნიერები, სტუდენტები და ფერმერები.
ამ სამაგალითო სიყვარულის გამოძახილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება აგრარულ დარგში 2016 წლის საუკეთესო საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომად პ. ნასყიდაშვილის და ც. სამადაშვილის წიგნის „კულტურულ მცენარეთა მეთესლეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით“ დასახელება. ამ წიგნზე მუშაობის დროს მახსენდება ბატონი პეტრეს ჭკვიანური და ბრძნული რჩევები, რომელთა გათვალისწინებითაც შეძლო ამ სახელმძღვანელომ ასეთი აღიარება. დიდი მადლობა, ჩემო აღმზრდელო მასწავლებელო, თქვენმა ზრუნვამ მიმიყვანა ამ წარმატებამდე. პროფ. პ. ნასყიდაშვილმა, ღირსეულმა ადამიანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის აგრარული მეცნიერების განვითარებაში. მისი კვალი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში.
ცოტნე სამადაშვილი, პროფესორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“