უხვი მოსავლის მიღების საიდუმლო
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ამა თუ იმ კულტურის სწორ აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
მიწების უსისტემო პრივატიზაციამ, მისმა ასეთმა დანაწევრებამ სხვა პრობლემებთან ერთად ნიადაგის დამუშავების სისტემები მოშალა. ზოგიერთმა მიწის მესაკუთრემ მიწა საერთოდ მიატოვა და აღარ ამუშავებს.
ბოლო წლებში მოდაში შემოვიდა და ამაზე თითქმის ყველგან მსჯელობენ, თითქოსდა, კარგი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას მარტო ჯიშიანი, უხვმოსავლიანი თესლი განაპირობებს. რა თქმა უნდა, ჯიშიანი უხვმოსავლიანი ჰიბრიდების თესლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდის საქმეში, მაგრამ — არა გადამწყვეტი.
ბოლო წლებში ამის მაგალითები ბევრი გვქონდა, შემოტანილი სიმინდის ჰიბრიდული და ხორბლის ჯიშის „ჯაგერის“ შემთხვევაში. შემომტანებმა მას ისეთი რეკომენდაცია გაუწიეს, ხალხმა იფიქრა, — ესაა და ავშენდითო! რა შედეგი მივიღეთ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობთ და იგივეს ვიმეორებთ.
თუ რა მდგომარეობა და რა მიდგომაა ქვეყანაში მეთესლეობის განვითარების მხრივ, ყველას კარგად მოეხსენება. ეს ცალკე, სერიოზული მსჯელობის საკითხია, რასაკვირველია, თუ ამით ვინმე დაინტერესდება.
დღეს, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არის დიდი მონდომება დაეხმაროს სოფელს, მე, როგორც მოქალაქეს და სპეციალისტს, ყველაზე მეტად საქმისადმი არაპროფესიონალური მიდგომა მაწუხებს.
ჩავატარეთ ასეთი დაკვირვება: 100 ფერმერი და მიწის მესაკუთრე, გამოვკითხეთ, თუ როდის დაამუშავა ნიადაგი. 60-მა გვიპასუხა, რომ ახლა იწყებს მიწის დამუშავებას, 20-მა გვითხრა, რომ ნიადაგი ორი კვირის წინ მოხნა, ხოლო 20-მა ფერმერმა გვიპასუხა, რომ ნიადაგი მზრალად დაამუშავა. ბუნებრივად იბადება კითხვა (ვისაც მიწათმოქმედების ცოტა მაინც გაეგება) — რა მოსავალი უნდა მიიღოს იმ 80-მა ფერმერმა და მიწის მესაკუთრემ, რომლებიც საგაზაფხულო კულტურებისთვის ნიადაგის მოხვნას მარტში, აპრილსა თუ მაისში აპირებს?! რა ჯიშიანი და ჰიბრიდული თესლეული გადაფარავს უხვი მოსავლის მიღების მსურველი ფერმერის მიერ დაშვებულ ხარვეზს?!
აქედან გამომდინარე, მივედით დასკვნამდე, რომ მიწის მესაკუთრეების და ფერმერების 80%-მა არ იცის, რას ნიშნავს აგროვადები, რა შედის ნიადაგის დამუშავების სისტემაში, რა არის მზრალი, ანეული, როგორ და რა დროს ხდება საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურებისთვის ნიადაგის დამუშავება, სასუქების შეტანის დოზები და ვადები, ნათესის მოვლის ღონისძიებები და სხვა უამრავი ფაქტორი, რაც პირდაპირ უკავშირდება მოსავლიანობას!
ამიტომ დღეს, სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ამა თუ იმ კულტურებისთვის ნიადაგის დამუშავების სისტემების ცოდნას. არადა, ნიადაგის დამუშავების სისტემები დანიშნულებით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
როგორც ცნობილია, ნიადაგის დამუშავების რამდენიმე სისტემას არჩევენ: კორდის დამუშავება, ნაწვერალის დამუშავება, სათოხნი კულტურებისთვის დამუშავება და სხვა.
ხშირად მიწევს მიწის მესაკუთრეებთან, ფერმერებთან შეხვედრები და საუბარი, რომლებიც გულწრფელად აღნიშნავდნენ (ამ შემთხვევაში კახეთის რეგიონზეა ლაპარაკი), რომ რაც არ უნდა მოვინდომოთ, ისეთ მოსავალს მაინც ვერ ვიღებთ, როგორიც კახეთის საცდელ სადგურში მოჰყავდათო (ეს სადგური დღეს აღარ არსებობს, მიწები გაყიდულია, ძირითადად უცხოელებზე), რა საიდუმლო ჰქონდა ასეთი ბატონ ვალერიან ქევხიშვილს, დღემდე ჩვენთვის უცნობიაო. ვიდრე ეს საცდელი სადგური არსებობდა, ბატონი ვალერიან ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა და რამდენადაც საქმის კურსში ვარ, მას არავითარი საიდუმლოება არ ჰქონია. მისი მთელი საიდუმლოება იმაში მდგომარეობდა, რომ ღვაწლმოსილმა მეცნიერმა ზედმიწევნით კარგად იცოდა საქართველოს სარწყავ, ურწყავ და ტენით უზრუნველყოფილ რეგიონებში ნიადაგის დამუშავების სისტემები.
ვურჩევ ყველას, ახალგაზრდა სპეციალისტებს, დამწყებ თუ სტაჟიან ფერმერებს წაიკითხონ მისი ნაშრომები და მიხვდებიან, რაში მდგომარეობდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღების საიდუმლო.
დღეს ხშირად გვესმის ახალი ტექნოლოგიების არსებობის შესახებ. კი ბატონო, ცხოვრება წინ მიდის, იქმნება ახალი უხვმოსავლიანი ჯიშები და ჰიბრიდები, კომბინირებული სასუქები, ნიადაგის დამამუშავებელი კომბინირებული ტექნიკა და სხვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან ძნელია შეცვალო ამა თუ იმ კულტურისთვის ნიადაგის დამუშავების სისტემები.
ახალი ტექნოლოგიების, ჯიშების, ჰიბრიდული თესლეულის გამოცდა და წარმოებაში დანერგვა მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა ისე, როგორც დღეს — ხელაღებით.
საქართველოს მიწათმოქმედება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ცალკეული კომპონენტები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ნიადაგის დამუშავების სისტემებით, ისე კულტურათა განლაგებით.
დასავლეთ საქართველოს მიწათმოქმედებაში უგულვებელყოფილია ნიადაგის აგროწესებით დამუშავების სისტემა. უკვე წლების განმავლობაში ტრადიციად ჩამოყალიბდა ნიადაგის გაზაფხულზე, აპრილ-მაისში მოხვნა. შესაბამისად, ნიადაგის თესვისწინა დამუშავება და თესვა კარგ შემთხვევაში მაისის ბოლოს ტარდება და ივნისის თვეშიც გადადის. რა ხარისხით ტარდება ხვნა-თესვის ოპერაციები, ეს კიდევ სხვა საკითხია.
საინტერესოა, რატომ არ წარმოებს დასავლეთ საქართველოს პირობებში, შერჩევით მაინც, ნიადაგის დამუშავება შემოდგომაზე, მზრალად, ხოლო გაზაფხულზე, როცა ამინდი ამის საშუალებას იძლევა?!
ამ რეგიონისთვის მზრალი დადგენილი აგროწესების საფუძველზე უნდა დამუშავდეს, კერძოდ, მზრალის ღრმა კულტივაცია თათებიანი კულტივატორით, ვერტიკალური ფრეზით ან აოშვა იმის მიხედვით, თუ როგორი ზამთარი იყო, რა მდგომარეობაშია მზრალი. შემდგომ თესვისწინა კულტივაცია და სხვა, რაც იმის წინაპირობაა, რომ თესვა ჩატარდეს აგროვადებში და მივიღოთ უხვი, ხარისხიანი მოსავალი.
ამის ნაცვლად კი ასეთი ვითარება გვაქვს: დასავლეთ საქართველოში და სხვა რეგიონებში, იქ, სადაც ორი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, დღეს სრულყოფილად ერთ მოსავალსაც ვერ ვიღებთ.
საინტერესოა, რატომ არავინ ფიქრობს ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში ან იქაურ ფერმერებში, რომ დასავლეთ საქართველოს პირობებში საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანი კულტურები შერჩევით მაინც დაითესოს: ხორბალი, ქერი, შვრია და სხვა. სად გაქრა დასავლეთ საქართველოს მიწათმოქმედებაში სოიას ტრადიციული კულტურა, რატომ დაიკარგა წლების განმავლობაში ნალოლიავები სოიას ჯიშები, რომელთაც დღეს სანთლით ვეძებთ. კულტურათა ასეთი მორიგეობა, აღარ არის ლაპარაკი თესლბრუნვაზე, იმდენ სიკეთეს მოიტანს, გამიჭირდება ამის ჩამოთვლა. ასეთივე მიდგომაა საჭირო საქართველოს მთიანი, სამცხე-ჯავახეთის და სხვა რეგიონების მიმართ. მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს, ვინ უნდა შეიმუშაოს მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები, ვინ უნდა აუხსნას ფერმერებს და მიწის მესაკუთრეებს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია.
რეფორმის დროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანების და ერთ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებშია, არავინ იზრუნა.
თავის დროზე განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და მასში შემავალ საცდელ სადგურებს იგნორირება გაუკეთა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია დუმდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროც, ეტყობა, სხვა საქმეებით იყო დაკავებული და ქვეყანაში საკვლევ-საცდელი ბაზები მთლიანად განადგურდა.
თავის დროზე ყოფილ პრეზიდენტს წერილი მივწერე თხოვნით, რომ: თუ ასეთი აუცილებელია გაიყიდოს საცდელი სადგურები, ის მაინც გაკეთდეს, ისინი ისეთ ინვესტორს გადაეცეს, რომელიც მათ პროფილს შეუნარჩუნებს-მეთქი. ნაწილობრივ ეს ასე მოხდა, მაგრამ უმეტესობა საცდელი სადგურებისა გაიყიდა და დღეს უფუნქციოდ არის დარჩენილი.
ვინც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ შეუძლებელია არ ვთქვა: დღევანდელი ჩვენი გასაჭირი, როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინათ, თუ არ ვცდები 2005 წელს გათვალა.
ამ პერიოდში შემთხვევით ხელში ჩამივარდა პროექტი საქართველოში აგრარული მეცნიერების განვითარების, მრავალწლიანი სარგავი მასალის, ერთწლიანი მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის წარმოების შესახებ, რომელიც სოფლის მეურნეობაში იმ დროს არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და მასში შემავალი საცდელი სადგურების ბაზაზე უნდა შექმნილიყო. პროექტი ძალიან მომეწონა და ვისაც ეხებოდა, ყველას წავაკითხე, მაგრამ თავი არავის შეუწუხებია. ყველაზე მეტად, ვინც მაშინ პროექტს უჭერდა მხარს, პარლამენტის აგრარული კომიტეტი იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
შემდეგ პროექტის ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა ახალქალაქის სასელექციო სადგურის და ჯიღაურას, ყოფილი გალავნის საცდელ ბაზაზე. ვინც დაინტერესდება, ნახოს, როგორ არის მოწყობილი და რა მუშაობა მიმდინარეობს იქ.
საქმისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულებით სოფელს ვერ ავაშენებთ.
ადოლ ტყეშელაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“