ცხვრის ნერბვა და ბატკნის მოგება (დოლი) მომთაბარე მეცხვარეობაში

ცხვრის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მომთაბარე მეცხვარეობაში ცხვრის ხურაობის პერიოდი ზაფხულის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ეს პერიოდი ეკონომიური თვალსაზრისითაც მომგებიანია, რადგან ბატკნის დაბადება გაზაფხულის დადგომას, საძოვარზე ბალახის ამოსვლასა და მოზარდის მთელი 7-8 თვის მანძილზე იალაღზე ყოფნას ემთხვევა. ეს პერიოდი აღმოსავლეთ საქართველოში მომთაბარე თუშური ჯიშის მოზარდისათვის სრულიად საკმარისია სახორცე კონდიციამდე გაზრდისა და ხორცად რეალიზაციისთვის.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია იმერული ჯიშის ცხვარი, რომელიც პოლიესტრულობით და მრავალნაყოფიერებით ხასიათდება და წლის მთელ პერიოდში წარმოადგენს ბატკნის ხორცის წარმოების უწყვეტ რეზერვს. ამ ჯიშის ცხვრის უნიკალური ბიოლოგიური თვისებების დახასიათება და პროდუქტიულობის გაზრდის ღონისძიებები და რეკომენდაციები მოცემული გვაქვს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2013 წლის  № 6 (26) („ბატკნის ხორცის წარმოების უწყვეტი რეზერვი საქართველოში“) ნომერში.

თუშური ცხვარი საკმაოდ პლასტიურია. მას გააჩნია სხვადასხვა გარემოპირობებისადმი კარგი შემგუებლობის უნარი. ამიტომაა, რომ ის გავრცელებულია პრაქტიკულად ყველა ბუნებრივ და კლიმატურ ზონაში. თუ წარმოიშობა საკვებისა და წყლის ნაკლებობა, ის კარგად იყენებს ორგანიზმში დაგროვილ სარეზერვო ენერგიას ცხიმუჯრედების და დუმის სახით. ცხვრის პირველი სიმწიფე შეინიშნება 5-6 თვის ასაკში, მაგრამ მისი განაყოფიერება 14-18 თვის ასაკამდე მიზანშეწონილი არ არის, რადგან ორგანიზმი ნაადრევად კნინდება და იბადება სუსტი, სიცოცხლის უნარდაქვეითებული ნაყოფი. ნორმალური კვების პირობებში ბატკანი სწრაფად იზრდება. სადღეღამისო წონამატი ასხლეტამდე (დაბადებიდან სამ თვემდე) 250-300 გრამს შეადგენს და სრულფასოვანი ცხვრის ცოცხალი მასის 45-50%-ს აღწევს, ხოლო 1 წლის ასაკში — 80-90%-ს.

ნერბვის დაწყებისთვის ცხვარი ნორმალურ შეხორცებაში უნდა იმყოფებოდეს. ამისთვის 30-40 დღით ადრე ნერბვის დაწყებამდე ცხვარს აღარ წველიან. ამ პროცესს ცხვრის გაშრობას უწოდებენ. ეს პერიოდი გამოიყენება პარსვისა და ფარის ფორმირებისთვის საჭირო სამუშაოების (წუნდება, ბონიტირება, იდენტიფიკაცია, ვეტერინარულ-პროფილაქტიკური ღონისძიებები და სხვა) ჩასატარებლად.

ცხვრის ნერბვის სამი მეთოდი არსებობს: ხელოვნური განაყოფიერება, ხელზე ნერბვა და თავისუფალი ნერბვა. აქედან ყველაზე სრულყოფილი მეთოდია ხელოვნური განაყოფიერება. ამ დროს 1 სული ვერძის დატვირთვა 500-700 სულ ნერბს შეადგენს, განსაკუთრებულად მაღალპროდუქტიული ვერძების დატვირთვა კი 5-6 ათას სულამდე შეიძლება გაიზარდოს. ხელზე ნერბვის დროს 1 სული ვერძის დატვირთვა 60-100 სულის ფარგლებშია, ხოლო თავისუფალი ნერბვის დროს, როცა ფარაშია გაშვებული ვერძები, 1 სულზე დატვირთვა 25 სულს არ აღემატება. ასეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნურ განაყოფიერებას, როგორც ეკონომიური თვალსაზრისით, ისე ვეტერინარული, ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და ზოგადად პროდუქტიულობის ამაღლების საქმეში.

ხელოვნური განაყოფიერების დროს ახურებული ნერბების დროული გამოვლენა და ფარიდან გამორჩევა მაღალი შედეგის მიღებას უზრუნველყოფს. ახურება ვლინდება სქესობრივი აღგზნებით. ამ დროს ნერბი თვითონ უჩერდება ვერძს გასანაყოფიერებლად (დასაგრილებლად). ნერბის ახურება გრძელდება 24-29 საათს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი სამ დღემდე. ახურებულ ნერბს გარეთა სასქესო ორგანო შეშუპებული და გაწითლებული აქვს, საიდანაც პირველ დღეს უხვად გამოიყოფა გამჭვირვალე, ბლანტი სითხე, რომელიც შემდგომში მღვრიე, თეთრი ფერისა ხდება. თუ პირველი ახურებისას ნერბი არ დამაკდა, 16-17 დღის შემდეგ ციკლი ისევ მეორდება და პროცესი გრძელდება მის განაყოფიერებამდე.

შემჭიდროებული დოლის მისაღებად ნერბის მთელი სულადობის ხელოვნური განაყოფიერება უნდა ჩატარდეს 35-40 დღეში. ამისთვის ახურებული ნერბების დროულად გამორჩევისთვის იყენებენ მსინჯავ (მეგოლურ) ვერძებს (ყოველ 1000-სულიან ფარაში საკმარისია 10-12 ვერძი). ისინი უნდა იყვნენ ჯანმრთელნი და სქესობრივად აქტიურები, რადგან ხელოვნური განაყოფიერების პროცესის დამთავრების შემდეგ გამოიყენებიან ფარაში გაუნაყოფიერებლად დარჩენილი ნერბების გასანერბავად.

ფარაში შეშვებამდე მეგოლურ ვერძებს ამოაფარებენ წინსაფარს, რათა არ მოხდეს ახურებული ნერბების განაყოფიერება.

ამ მეთოდს ნაკლოვანი მხარეც აქვს. პირველ რიგში წინსაფარს ხშირად სჭირდება გარეცხვა. ამის გარდა, ზონარის გაწყვეტის შემთხვევაში, წინსაფარი შეიძლება შემობრუნდეს და ვერ შეასრულოს დამცავი ფუნქცია, ამიტომ შემუშავებულია მეგოლურების გამოყენების სხვა მეთოდიც ოპერაციის საშუალებით, მაგალითად: ვაზონქტომირება (სპერმის გამომყოფი სადინარების გადაკვანძვა), სასქესო ორგანოს (პენისის) გვერდზე შემობრუნება და სხვა.

ნერბების გამორჩევა ფარიდან ხდება ყოველდღე, დილაადრიან, გათენებისას, 2-3 საათის განმავლობაში, რადგან ამ დროს ცხოველები სქესობრივად უფრო აქტიურები არიან. მეორე დღეს დათესლილი, მაგრამ ისევ ხურაობაში მყოფი ნერბები განმეორებით განაყოფიერდებიან და გადადიან განაყოფიერებული ნერბებისთვის გამოყოფილ ფარაში.

ხელზე ნერბვის მეთოდის გამოყენებისას, ახურებული ნერბების გამორჩევის შემდეგ, წინასწარ შერჩეული ვერძებით ხდება ხელით დაფიქსირებული ნერბების განაყოფიერება. შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური დაზგა, რომელშიც ახურებული ნერბი კისრით დაფიქსირდება და დასათესლავად მიშვებული იქნება წინასწარ შერჩეული ვერძი.

ხელოვნური დათესვლის და ხელზე ნერბვის მეთოდით მუშაობის დროს არის საშუალება ორგანიზებულად წარიმართოს სანაშენე მუშაობა, შერჩევა და გადარჩევა, აღინიშნოს ნერბების დაგრილების თარიღი და ზუსტად შედგეს დოლის კალენდარული გეგმა. თავისუფალი ნერბვის დროს კი ასეთი კონტროლი და სანაშენე საქმიანობის წარმართვა შეუძლებელია. ამის გარდა, ძალზე დაბალია ვერძების დატვირთვაც.

როგორც ზემოთ ითქვა, მომთაბარე მეცხვარეობაში ნამატის მიღება სეზონურად მიმდინარეობს. დაახლოებით 1,5 თვის განმავლობაში მოდის მოგებული ბატკნის დიდი რაოდენობა. მისი ორგანიზებულად ჩატარება მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ბატკნის მიღება იწყება ჯერ კიდევ მაკე ნერბების სრულფასოვანი კვებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაკეობის ბოლო პერიოდში ნერბების საკვებზე მოთხოვნილება 20-25%-მდე იზრდება.

დოლის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე ფარეხი უნდა დასუფთავდეს და გამოეცალოს ქვეშსაფენი. ბინაში არ უნდა იყოს ორპირი ქარი და ნესტი. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 15-17OC-ს. სპეციალურად უნდა დამზადდეს ფიცრის ტიხრები ახლადმოგებული ბატკნისა და დედა ცხვრისთვის ადგილის გამოსაყოფად. უნდა შეიტიხროს დოლფარები (კორაკნები) იმ ნერბებისთვის, რომლებიც ძნელად იჩვევენ და არ აწოვებენ ახლადდაბადებულ (ქორფა) ბატკანს. ცალკე მზადდება თივის მისაცემი ბაგა-საკვებურები დაუდოლებელი ნერბებისთვის. ცალკეა სამყოფი ადგილები და სხვა.

თუ ნერბი ჯანმრთელია და მოგებაც ნორმალურად მიმდინარეობს, პროცესი 30-40 წუთში მთავრდება, მაგრამ თუ მოგება ყოვნდება და ნერბი წუხს, საჭიროა გამოცდილი მწყემსის ან ვეტერინარი ექიმის ჩარევა. გართულება შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზომის ნაყოფის დაბადებამ, მისმა არასწორმა მდგომარეობამ საშვილოსნოში, როცა ნაყოფი მოდის უკანა ფეხებით და სხვა. მოგებულ ბატკანს, როგორც წესი, ჭიპლარი თვითონ წყდება, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ მას აჭრიან 6-8სმ. სიგრძეზე და გადანაჭერზე უტარებენ დეზინფექციას. ახლადდაბადებულ ბატკანს უსუფთავებენ ცხვირსა და პირის ღრუს ლორწოსგან და მიუსვამენ დედას გასალოკად. ნერბის მიერ ლოკვის დროს გადაყლაპული ლორწო ხელს უწყობს მომყოლის დროულ გამოგდებას. როგორც წესი, მოგებიდან 1-1,5 საათის შემდეგ ნაყოფსავალი გზებიდან გამოდის მომყოლიც. თუ მომყოლის გამოსვლამ 5-6 საათს დააგვიანა, საჭიროა ვეტერინარის ჩარევა. დედა ცხვრის ლოკვა მასაჟის როლსაც ასრულებს ბატკნის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ამის გარდა, ლოკვის პროცესში დედა სწრაფად ეჩვევა ბატკანს და მალე მიუშვებს მას ცურთან მოსაწოვებლად. ჯანმრთელი ბატკანი მალევე დგება ფეხზე, ეძებს ცურს და იწყებს წოვას.

/გელა მაჭარაშვილი/, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

PS. უკვე ერთი წელიწადი გავიდა, ბატონ გელა მაჭარაშვილის გარდაცვალებიდან, ის ჩვენი ჟურნალის აქტიური ავტორი და მხარდამჭერი იყო. ეს სტატია ჩვენ ჟურნალში 2014 წლის მარტში დაიბეჭდა. ამ წერილის, რომელსაც აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, გამოქვეყნებით გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენი მეგობრის, მაღალი დონის პროფესიონალისა და დიდი მამულიშვილის ხსოვნას (a/n. რედ).