აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

საკვებწარმოების დარგის განვითარება რენტაბელური მეცხოველეობის საფუძველია

 

პირუტყვზე ფიქრისას არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ბალახის მოთხოვნები. ბალახების კვლევისას ჩვენ ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს პირუტყვის მოთხოვნები” _ საფრანგეთის ვეტერინარული კოლეჯის პედაგოგი, ცნობილი მდელოსანი და ფერმერი ა. ვუაზიენი.


საქართველოს მრავალპროფილიან სოფლის მეურნეობის დარგებს შორის მეცხოველეობას ერთ-ერთი წამყვანი და უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. იგი სოფლის მეურნეობის უძველესი და ტრადიციული დარგია, რომელიც ისტორიულად სარგებლობდა ქვეყნის მოსახლეობის ყურადღებით და ყოველთვის იყო ხალხის ინტერესების ცენტრში. ეს დასტურდება მრავალი ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, კრანიოლოგიური და სხვა მონაცემებით. ამასვე მოწმობს ასევე ხალხური სელექციის შედეგად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა და ფრინველის მრავალი ადგილობრივი, მათ შორის ენდემური ჯიში, რომელთა დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, შემორჩა დღევანდელობას (თუშური და იმერული ცხვარი, მთის საქონელი, მ.შ. ხევსურული ძროხა, მეგრული წითელი საქონელი, მეგრული, თუშური და ჯავახური ცხენი, კახური ღორი, ქართული რუხი ფუტკარი, მეგრული თხა, ქათმის, ინდაურის, ბატის მრავალი პოპულაცია და სხვ.). ფაქტობრივად არ არის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის საქართველოში მოშენებული არც ერთი სახეობა, რომელიც არ იყოს წარმოდგენილი ერთი ან რამდენიმე ადგილობრივი ჯიშით. ყველა ეს ჯიში კარგად იყო შეგუებული მათი ჩამოყალიბების და შემდგომ პერიოდში არსებულ ბუნებრივ-ეკონომიკურ პირობებს, ხასიათდება პროდუქციის (რძის, ხორცის, თაფლის და ა.შ.) მაღალი ხარისხით, ეკოლოგიური სისუფთავით, ექსტრემალური ფაქტორებისადმი გამძლეობით, არ არის მომთხოვნი შენახვის, მოვლისა და კვების პირობებისათვის და სხვ. ხაზგასასმელია აგრეთვე მათი მნიშვნელოვანი როლი ახალი ჯიშების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და მომავალში გასათვალისწინებელ სასელექციო მუშაობაში.

მეცხოველეობის განვითარების მთავარ წინაპირობას, მასში შემავალი ყველა ქვედარგის მაღალი რენტაბელობის საფუძველს წარმოადგენს საჭირო რაოდენობით, სათანადო ხარისხის და იაფი საკვების წარმოება, რომელსაც ემსახურება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მსხვილი დარგი და სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის ურთულესი სექტორი საკვებწარმოება.

საქართველოს მეცხოველეობისათვის საჭირო საკვები ბაზა ორი ძირითადი შემადგენელი ნაწილისაგან შედგება: მინდვრად საკვებწარმოება, ე.ი. საკვების წარმოება სახნავ მიწებზე და მდელოთა საკვებწარმოება ე.ი. საკვების წარმოება ბუნებრივ სათიბებზე და საძოვრებზე. ამას გარდა მხედველობაშია მისაღები სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვადასხვა ანარჩენის გამოყენება ცხოველის საკვებად და, რაც მთავარია, კომბინირებული საკვების მრეწველობა, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა სახეობის ცხოველის ძირითადი ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფებისათვის სათანადო რეცეპტების მიხედვით კომბინირებული საკვების დამზადება.

საკვებწარმოება, როგორც ორგანიზაციულ-სამეურნეო ღონისძიებათა კომპლექსი, აერთიანებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის აუცილებელი სხვადასხვა საკვები საშუალებების წარმოებისათვის საკვები კულტურების მოვლა-მოყვანას სახნავ მიწებზე (მინდვრად საკვებწარმოება) და საძოვრული, მწვანე და უხეში საკვების მიღებას ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე (მდელოთა საკვებწარმოება).

საკვების წარმოება ბუნებრივ და ნათეს სათიბ-საძოვრებზე მოიცავს სხვადასხვა საკვების — საძოვრული საკვების, თივის, მწვანე საკვების, სილოსის, სენაჟის, ბალახის ფქვილის დასამზადებლად საჭირო მცენარეული მწვანე მასის წარმოების პრაქტიკულ ხერხებს, მდელო-საძოვრული მეურნეობის გაძღოლის სისტემებს, ბუნებრივი მდელოების გაუმჯობესების და ნათესი მდელოების შექმნის ხერხებს, სხვადასხვა ბალახნარის მოვლას და მათ რაციონალურად გამოყენებას, ამ სავარგულებზე ბალახოვანი საკვების დამზადების ტექნოლოგიების სრულყოფას, აგრეთვე მდელოს მცენარეების მეთესლეობას.

გაანგარიშებები ადასტურებს, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებთა ბალანსში მცენარეული წარმოშობის საკვების წილი საშუალოდ 95%-ს აღწევს. მეცხოველეობის ყველა სახის პროდუქციის თვითღირებულების სტრუქტურაში საშუალოდ 60-75% საკვების წილზე მოდის.

საკვებწარმოებას, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ტრადიციულ, პრიორიტეტულ დარგს და აგრონომიული მეცნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, მეტად მაღალი როლი მიეკუთვნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სასურსათო, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მრავალი პრობლემის წარმატებით გადაწყვეტაში. უპირველეს ყოვლისა საკვებწარმოება წარმოადგენს მეცხოველეობის განვითარების და მისი თითოეული ქვედარგის მიერ წარმოებული სასიცოცხლო მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტების (რძე, ხორცი, კვერცხი, მატყლი, თაფლი) წარმოების გადიდების, აგრეთვე ამ პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს და საფუძველს. საკვებწარმოების ეკოლოგიურ ფუნქციას განაპირობებს ამ დარგის ბუნებისდაცვითი, ეროზიის საწინააღმდეგო მნიშვნელობა, მისი როლი ეკოსისტემების მდგრადობის და მცენარეულობის მრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

საკვებწარმოების დარგის, როგორც მეცნიერული დისციპლინის ამოცანაა სახნავ მიწებზე საკვები კულტურების, აგრეთვე ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე ბალახნარის მწვანე და საძოვრული მასის მაღალი, სტაბილური, სრულფასოვანი და იაფი საკვების წარმოების თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება, მათი რეალიზაციისათვის საჭირო პრაქტიკული ხერხების და ილეთების შემუშავება და ეფექტიანობის დადგენა, ამასთან, ბუნებრივ-ეკონომიკური ზონების მიხედვით მეცხოველეობისათვის საჭირო მყარი საკვები ბაზის შექმნის ორგანიზაციულ-სამეურნეო და აგროტექნიკური საკითხებისა და ღონისძიებების დამუშავება.

საკვებწარმოება მჭიდროდაა დაკავშირებული სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებთან, როგორიცაა მემცენარეობა, ზოგადი მიწათმოქმედება, აგროქიმია, ნიადაგმცოდნეობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვება, მცენარეთა ბიოლოგია და ეკოლოგია, გეობოტანიკა, აგრომეტეოროლოგია. აქედან გამომდინარე. საკვებწარმოებაში ფართოდ გამოიყენება(ზოგიერთი სპეციფიკურობის გათვალისწინებით) ჩამოთვლილი დარგების პრაქტიკაში გავრცელებული აგროტექნიკური ღონისძიებები, კვლევის მეთოდები, მცენარეთა და მცენარეული თანასაზოგადოებების კვებითი ღირებულებისა და ყუათიანობის შეფასების, მათი ბიოეკოლოგიური თავისებურებების დადგენის მეთოდები და ხერხები, სათიბ-საძოვრების უკეთ გამოყენების ილეთები და ა.შ. მდელოსნობის სპეციფიკურ საკითხთა ჯგუფს მიეკუთვნება საკვები ცილის წარმოების გადიდების პრობლემა, კულტურული სათიბ-საძოვრების შექმნის მეთოდები, საკვები სავარგულების მორწყვა და სხვა.

მეცხოველეობის განვითარების საფუძველს უპირველესად წარმოადგენს საჭირო საკვები ბაზის შექმნა. მეცხოველეობაში რენტაბელობის მაჩვენებლების მატება და პროდუქციის თვითღირებულების შემცირება პირდაპირპროპორციულია სრულფასოვანი საკვები ბაზის შექმნასთან. ფერმერთა უპირველესი ზრუნვა, სანამ ცხოველთა ჯიშობრივ გაუმჯობესებაზე დავიწყებთ ფიქრს, მიმართული უნდა იქნეს მეცხოველეობისათვის გათვალისწინებული ფართობის სრულყოფაზე და იაფფასიანი ბუნებრივი საკვები სავარგულების რაციონალურ გამოყენებაზე ანუ საკვების მიღებაზე როგორც სახნავი მიწებიდან, ასევე ბუნებრივი სათიბ-საძოვრებიდან. ამ სავარგულების კანონზომიერი შერწყმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ფერმერთა შემოსავლის მოცულობას მეცხოველეობაში.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული, ძირეული გარდაქმნების და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, მნიშვნელოვნად შეიცვალა საკვები ბაზის და საკვებთა ბალანსის სტრუქტურა, მკვეთრად შემცირდა საკვების წარმოება სახნავ მიწებზე, მნიშვნელოვნად გადიდდა ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე წარმოებული საკვების ხვედრითი წილი მთლიან საკვებ ბალანსში.

ბუნებრივი საკვები სავარგულების მოვლა-პატრონობა, მათი გაუმჯობესება და რაციონალური გამოყენების აუცილებლობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მათი გეოგრაფიული მდებარეობიდანაც. ეს სავარგულები საზღვრის პირა რეგიონშია განლაგებული და ამდენად მათ გონივრულ გამოყენებას მოსახლეობის მთაში დამაგრებისა და იაფი პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ ან ხანგრძლივი სარგებლობის სათიბ-საძოვრების ბალახნარს, როგორც ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების, ნეშომპალის დაგროვების, ფერდობებსა და სარეკ მდელოებზე ნიადაგის ჩამორეცხვის საწინააღმდეგო ფაქტორს. საჭიროა აღინიშნოს, რომ ალპური და სუბალპური საძოვრების არასწორი გამოყენება, გადატვირთვა და მოუვლელობა განაპირობებს კორდის დაშლას და ეროზიული პროცესების ჩასახვას. ბუნებრივი ბალახნარის საძოვრად ან სათიბად გამოყენება დღეისათვის ერთადერთი საშუალებაა სახნავად გამოუსადეგარი ბუნებრივი საკვები სავარგულების მრავალი ათეული ათასი ჰექტარიდან მიღებული იქნეს უხვი მოსავალი, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც სახნავი მიწების სიმცირის პირობებში სწორედ ბუნებრივი სათიბ-საძოვრები წარმოადგენს ბევრ რეგიონში მაღალხარისხოვანი საკვების წარმოების თითქმის ერთადერთ საიმედო და იაფ წყაროს.

საკვებწარმოების ღონისძიებათა განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული ფერმერული მეურნეობის ზონალური პირობები და მათი სპეციალიზაცია. ეკონომიკურ და საბაზრო ფაქტორებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ბუნებრივი პირობები, აგრეთვე უმთავრესად სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შედგენილობა და სტრუქტურა, სამეურნეო გამოყენების ხასიათი.

მეცხოველეობის რენტაბელობის მაჩვენებლების მატების განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ზამთრის პერიოდში საკვების ასორტიმენტის შერჩევა იმ ანგარიშით, რომ კვების ტიპი მიახლოებული იქნას ცხოველთა ზაფხულში კვების რაციონთან.

ძირეული ცვლილებები სოფლის მეურნეობის მართვის საკითხებში, საკუთრების ფორმებსა და გაძღოლის სისტემებში მოითხოვს, მთელ რიგ შემთხვევებში, ახლებურად იქნეს განხილული, შესწავლილი და გადაწყვეტილი მინდვრად და მდელოთა საკვებწარმოების პრაქტიკული საკითხები, დაკონკრეტდეს და დაზუსტდეს სავარგულების ცალკეული მასივების გაუმჯობესების საჭიროება, ადგილი, მასშტაბი, ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესების სისტემები და მათი შემადგენელი ღონისძიებები. ყოველივე ზემოაღნიშნული მოითხოვს საკვებწარმოების დარგში სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ბიოლოგების მიერ სათანადო გამოკვლევების გაღრმავებას და ეფექტიანობის გადიდებას, რაც თავის მხრივ თეორიული და პრაქტიკული საკითხების საფუძვლიან ცოდნას ემყარება.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ავღნიშნოთ, რომ მდელოთა და მინდვრად საკვებწარმოებას საკმაოდ ღრმა მეცნიერული გამოკვლევები უდევს საფუძვლად, თუმცა ამ ბოლო 20 წლის მანძილზე, ისევე როგორც აგრარული მეცნიერების უმრავლესობამ, საკვებწარმოებამაც განიცადა გაუაზრებელი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგები. სანამ აგრარულ მეცნიერებას კიდევ შემორჩა შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე მეცნიერთა თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობა, საჭიროა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, მეტი ყურადღების მიქცევა უნიკალური ბაზებისა და ადგილობრივი მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებასა და მათ ჩართვაზე სამეცნიერო თუ კვლევით სამუშაოებში. გამოცდილ კადრებთან ერთად, შემორჩენილ მეცნიერთა მეთვალყურეობით უმოკლეს პერიოდში შესაძლებელი იქნება უახლოეს ტექნოლოგიებს დაუფლებული კადრებით დავაკომპლექტოთ აგრარული სფეროს ზოგიერთი მიმართულება.

საკვებწარმოების დარგის განვითარების მოკლე ისტორია შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ მიზანმიმართულად ვითარდებოდა ესა თუ ის დარგი და ყალიბდებოდა საჭირო კადრებით.

საკვებწარმოების, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის ჩამოყალიბების პირველი ეტაპი უკავშირდება ადამიანის მიერ ცხოველების მოშინაურების დაწყებას, როდესაც ცხოველი მთელი წლის მანძილზე საძოვარზე იმყოფებოდა და ადამიანის როლი შემოიფარგლებოდა ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად გამომუშავებული უნარის გამოყენებით შეერჩია საძოვრის მონაცვლეობის პროცესში უკეთესი ნაკვეთი. ამ პროცესში ადამიანი ცხადია აკვირდებოდა და კვებითი თვალსაზრისით სწავლობდა (აფასებდა) არა მარტო მთლიანად საძოვრის ბალახნარს, არამედ ცალკეულ მცენარეებსაც, გამოყოფდა მათ შორის კარგი ჭამადობის, საკვებად უვარგის, მავნესა და შხამიანს. რამდენადმე გვიან იწყება ზამთრისათვის საკვების (თივისა და ნეკერის) დამზადება, პირველ რიგში მთიან და ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც თოვლის საფარი აფერხებდა ბუნებრივი ბალახნარის გაძოვებას. შედარებით უფრო გვიან, დაახლოებით 2500-3000 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება მინდვრის საკვები კულტურების თესვა-მოყვანა (მინდვრად საკვებწარმოება).ამ პერიოდში უკვე ცნობილი იყო ფეტვი, სორგო, სოია, ლობიო, ლურჯი იონჯა, ცულისპირა და სხვა კულტურები, რომელთა მოვლა-მოყვანას ეწეოდნენ პირველადი ცივილიზაციის ქვეყნებში. 1500-2000 წლებში ჩვ. წ.ა. ცნობილი გახდა უგრეხელი, ალექსანდრიული სამყურა, საშემოდგომი ჭვავი, ამიერკავკასიის ესპარცეტი, შვრია და სხვ.შედარებით გვიან (XIII-XVII საუკუნეებში) დაიწყეს წითელი (მდელოს) სამყურას, მდელოს ტიმოთელას, სათითურას, სათიბი ესპარცეტის და სხვათა მოვლა-მოყვანა.

საქართველოში საკვებწარმოების, როგორც რამდენადმე გამოკვეთილი და გამოცალკევებული სოფლის მეურნეობის დარგად ჩამოყალიბება დაიწყო ხჳხ საუკუნეში, კაპიტალიზმის შემოსვლისა და სასაქონლო მეურნეობების განვითარების პარალელურად. მაგრამ ბუნებრივი საკვები სავარგულების აღწერა და კვებითი თვალსაზრისით დახასიათება, აგრეთვე მათი უმარტივესი ხერხებით გამოყენება და გაუმჯობესება უკვე ძველი დროიდან ხდებოდა. იმ ფაქტის ჭეშმარიტებაზე, რომ ფაზისის, გელათის, იყალთოს აკადემიების დამაარსებელი ქართველი ხალხი მეტ-ნაკლებად კარგად იცნობდა საქართველოს ფლორას, ბუნებრივ სათიბ-საძოვრებზე გავრცელებულ ბალახებს, მათ სამკურნალო და კვებით თვისებებს, მეტყველებენ უძველესი ხელნაწერები, შესანიშნავი სამედიცინო ძეგლები — „უსწორო კარაბადინი”, „წიგნი სააქიმო” და სხვ. საქართველოში შემორჩენილ ვეტერინარულ კარაბადინებში აღწერილია ცხოველთა სხვადასხვა დაავადება, მათი მკურნალობის მეთოდები, მრავალი სამკურნალო ბალახი, ვეტერინარული რეცეპტურა. 1818 წელს ბაგრატ ბატონიშვილმა პეტერბურგში გამოსცა მის მიერ ქართული წყაროებიდან, აგრეთვე ქართულად გადმოკეთებული სხვადასხვა მასალიდან შეკრებილი და მომზადებული წიგნი „სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა”. ყველა ჩამოთვლილ და სხვა წყაროში აღწერილია ველურად მოზარდი მრავალი ბალახის თუ მცენარის სამკურნალი თვისებები, რაც ცხადია ამ მცენარეების მრავალმხრივი თვისებების ხანგრძლივი დროის მანძილზე შესწავლას და მათი გამოყენების ცოდნას ეფუძნებოდა.

საქართველოს სხვადასხვა მხარის ბუნებრივ პირობებს, მათ შორის მცენარეულ საფარს საუკუნეთა მანძილზე სწავლობდნენ და აღწერდნენ ქართველი განსწავლული მოღვაწენი. გიორგი მთაწმინდელის, გრიგოლ ხანძთელის, დავით გარეჯელის და სხვათა ცხოვრების აღწერის ხელთნაწერებში საქართველოს ცალკეული მხარის ფიზიკო-გეოგრაფიული მიმოხილვის დროს ხშირადაა მოტანილი საკმაოდ დეტალური მონაცემები მცენარეული საფარის შესახებ.

საქართველოს მცენარეულობის ბრწყინვალე დახასიათებას იძლევა ვახუშტი ბატონიშვილი თავის უკვდავ ნაშრომში „აღწერა სამეფოისა საქართველოსი”, რომელიც მან 1742 წელს დაასრულა. როგორც კულტურული, ასევე ველური მცენარეული საფარის შესანიშნავმა ცოდნამ, რაც, ცხადია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი მოგზაურობის შედეგების გარდა, წინა თაობების გამოცდილებისა და მემკვიდრეობის გათვითცნობიერების ნაყოფი უნდა ყოფილიყო, ვახუშტი ბატონიშვილმა, პირველად მსოფლიოში, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე შვეიცარიელმა მეცნიერმა ო. დეკანდოლმა და გერმანელმა ა. ჰუმბოლდტმა, ჩამოაყალიბა მოსაზრებები ველური და კულტურული მცენარეულობის ზონალობის შესახებ (ი. ჯავახიშვილი, ნ. კეცხოველი). აკად. ნ. კეცხოველს ნაშრომში „საქართველოს მცენარეული საფარი” მრავალი მაგალითი მოჰყავს იმისა, თუ რა ღრმა მეცნიერულ საფუძვლებს, საუკუნოვან ტრადიციებს და სამშობლოს ბუნებრივი პირობების მრავალმხრივ ცოდნას ეფუძნება ვახუშტი ბატონიშვილის მიერ საქართველოს მცენარეული საფარის აღწერა.

საქართველოს ფლორის, მათ შორის ბუნებრივი საკვები სავარგულების მცენარეულობის ევროპელ მკვლევართა მიერ შესწავლის დასაწყისი, როგორც აკად. ნ. კეცხოველი აღნიშნავს, ხვჳ საუკუნის დამლევით და ხვჳჳ საუკუნის დამდეგით თარიღდება (ჟ.ტურნეფორის მოგზაურობა). მდიდარი ფლორისტული მასალა შეაგროვეს ბოტანიკოსებმა — მარშალმა ბიბირშტეინმა, კ. კოხმა და სხვ.

მომდევნო წლებში საქართველოს ფლორის შესწავლა უცხოელ მეცნიერებს უკავშირდება — ე. რადე, ნ. კუზნეცოვი, ნ. ბუში, ს. მედვედევი, ა. გროსჰეიმი, ნ. ტროიცკი და სხვ. მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ასპარეზზე გამოდის საქართველოში მომუშავე მეცნიერთა მთელი კოჰორტა: ზ. ყანჩაველი, ნ. კეცხოველი, დ. სოსნოვსკი, ა. სანაძე, გ. რცხილაძე, ა. მაყაშვილი, მ. ტიმოფეევი, მ. სახოკია, შ. ნახუცრიშვილი და სხვ.

აღნიშნულ მეცნიერთა გამოკვლევებმა შეუწყო ხელი გაფართოებულიყო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ბუნებრივი საკვები სავარგულების გაუმჯობესებისა და რაციონალური გამოყენების შესახებ. სამუშაოები ამ მიმართულებით დაწყებული იქნა 1928 წელს შექმნილი მდელოთმცოდნეობისა და მდელოსნობის სადგურის მიერ. 1929-1930 წლებში საცდელ სადგურთან შეიქმნა ოთხი საცდელი პუნქტი, სადაც ისწავლებოდა ბალახნარის მოსავლიანობა და მოსავლის დინამიკა, ბუნებრივი სავარგულების ზედაპირული გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიება და სხვა.საცდელ პუნქტებზე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ: ნ. კეცხოველი (ბორჩალოს მთაზე, დმანისი), ა. მაყაშვილი (სოფელ ტამბოვკაში, ჯავახეთი), ლ. ყავრიშვილი (სოფელ გორელოვკაში, ჯავახეთი) და მ. ტიმოფეევი (სოფელ ბაკურიანში). 1932 წელს სადგური რეორგანიზებული იქნა საკვებმოპოვების განყოფილებად ამიერკავკასიის მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

საკუთარი გამოკვლევების და ჩატარებული სამუშაოების შედეგების დამუშავების საფუძველზე ნ. კეცხოველმა მოამზადა და გამოაქვეყნა მონოგრაფიები „საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები” (1935) და „საქართველოს მცენარეული საფარი” (1960). ამ ნაშრომებში განხილული და გადმოცემულია საქართველოს მცენარეული საფარის დახასიათება და წარმოდგენილია მისი კლასიფიკაცია.

საქართველოს ბუნებრივი სათიბ-საძოვრების გაუმჯობესების და უკეთ გამოყენების მეცნიერული შესწავლის დაწყების სათავეებში გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან მოღვაწეობდნენ ა. სანაძე, ა. სანიკიძე, შ. ნახუცრიშვილი, ა ჯავახიშვილი, ლ. ყავრიშვილი, შემდგომში ა. კაკულია, მ. სოხაძე, გ. ბახშინიანი, ვ. მაჭარაშვილი. მ. მესხი, ბ. უგრეხელიძე, გ. ზამთარაძე და სხვ. მინდვრად საკვებწარმოების საკითხებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ გ. რცხილაძე, მ. ჭიჭინაძე, ა. ჯაფარიძე, მ. დალაქიშვილი, დ. ცალქალამანიძე და სხვ. საქართველოს მაღალმთის მცენარეულობის და მცენარეთა ეკოლოგიის სხვადასხვა საკითხების შესწავლის შედეგები გამოაქვეყნეს გ. ნახუცრიშვილმა და სხვებმა. მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში ბუნებრივი სათიბ-საძოვრების პროდუქტიულობის გადიდებისაკენ მიმართული და მინდვრად საკვებწარმოების მწარმოებლობის ამაღლების ფართო მასშტაბის გამოკვლევები იქნა დაწყებული საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში გოგოთურ აგლაძის ხელმძღვანელობით. ნაყოფიერი მეცნიერული გამოკვლევები იქნა ჩატარებული გ. ლეკბორაშვილის, ვ. ლობჟანიძის, პ. ჩიტაიას, კ. ბერიძის, ზ. კუცენკოს, ვ. ხოშტარიას, ჯ. ჯანგავაძის და სხვათა მიერ. ამავე წლებში საქართველოს მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტში გრძელდება საკვები კულტურების ასორტიმენტის გაფართოების, მათი მოვლა-მოყვანის და მოსავლიანობის გადიდების მიზნით წარმოებული ცდები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში (მ. დალაქიშვილი, ო. ლეჟავა, გ. ცაგურიშვილი, ვ. კობეშავიძე, გ. ყრუაშვილი და სხვ.).

75-80-იანი წლებიდან საკვებწარმოების აქტუალური საკითხების შესწავლას იწყებს მეცნიერთა ახალი თაობა ზოოვეტინსტიტუტში ი. სარჯველაძე, ნ. ხოზრევანიძე, ნ. ჭიჭინაძე, ნ. თოდუა, ნ. გოროზია,ნ. იაშვილი, ჯ. ჯინჭარაძე. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ტარდებოდა დედოფლისწყაროს (ხელმძღვანელი ი. ინაშვილი), იანეთის (სამტრედიის რ-ონი, ხელმძღვანელი ბ. კახიანი), გულრიფშის (ხელმძღვანელი მ.ჭაბუკიანი) საყრდენ პუნქტებზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განლაგებულ (ქცია-ნარიანის მასივზე, დმანისის-სოფ. მთისძირი, ყაზბეგის, ჯავის, ხიხამთის-ონის და ამბროლაურის რ-ნი, ავადხარას) სტაციონარებზე.

ძირეული ცვლილებები სოფლის მეურნეობის მართვის საკითხებში, საკუთრების ფორმებსა და გაძღოლის სისტემებში მოითხოვს, მთელ რიგ შემთხვევებში, ახლებურად იქნეს განხილული, შესწავლილი და გადაწყვეტილი მინდვრად და მდელოთა საკვებწარმოების პრაქტიკული საკითხები, დაკონკრეტდეს და დაზუსტდეს სავარგულების ცალკეული მასივების გაუმჯობესების საჭიროება, ადგილი, მასშტაბი, ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესების სისტემები და მათი შემადგენელი ღონისძიებები. ეს მოითხოვს საკვებწარმოების დარგში სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ბიოლოგების მიერ სათანადო გამოკვლევების გაღრმავებას და ეფექტიანობის გადიდებას, რაც თავის მხრივ ამ დისციპლინის თეორიული და პრქტიკული საკითხების საფუძვლიან ცოდნას ემყარება.

იოსებ სარჯველაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი.