საკალმახე მეურნეობის მშენებლობის დაგეგმვა, ცისარტყელა კალმახი და მისი წარმოება
-
საკალმახე მეურნეობის მშენებლობის დაგეგმვა
საკალმახე მეურნეობის გულმოდგინედ გაგეგმვა, კარგად მოფიქრებული პროექტი და ზუსტი ტექნიკური გათვლები უნდა გახდეს კალმახის გამოზრდის საუკეთესო პირობების შექმნის გარანტია.
მშენებლობის პირველ ეტაპს ტბორისათვის (აუზებისთვის) სათანადო ფართის შერჩევა წარმოადგენს; აქვე, გასათვალისწინებელია ხარისხიანი და საჭირო რაოდენობის წყლის რესურსის მოძიებისა და მისი შემდგომი რაციონალური გამოყენებისა და გაწმენდის უზრუნველყოფის საკითხები.
-
წყლის ხარისხის მაჩვენებლები
ქიმიური შემადგენლობა
წყალი ვარგისია მეთევზეობისათვის თუ ის შეესაბამება შემდეგ მაჩვენებლებს:
ჟანგბადით გაჯერება — 80%-ზე მეტი;
PH 6,5 — 8,2 (7,5 — ოპტიმალური);
ბმჟ 5 (ბიოქიმიური მოთხოვნა ჟანგბადზე 5 დღე-ღამეში, რომელიც აუცილებელია წყალში არსებული ორგანული ნაერთების დაჟანგვისათვის) — არა უმეტეს 4 მგ/ლ-ისა;
დაჟანგვა — 15 მგ/ლ-მდე;
მეკალმახეობაში გამოყენებული წყალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
რკინის შემცველობა — 0,5 მგ/ლ-მდე;
ამიაკის შემცველობა — 0,2 მგ/ლ-მდე;
ნახშირორჟანგის შემცველობა — 0,5 მგ/ლ-მდე;
წყლის ტემპერატურა
ცისარტყელა კალმახისათვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს 14-18 გრადუსს;
25 გრადუსზე ზევით წყლის ტემპერატურის ზრდა მცირე ხნითაც კი მიუღებელია მეკალმახეობისათვის (22 გრადუსს ზემოთ მნიშვნელოვნად იზღუდება კალმახის გამოზრდის შესაძლებლობები)
წყლის რაოდენობა
შემდეგი ფაქტორი, რომელიც საპროექტო მეურნეობის საპროდუქციო შესაძლებლობებს განსაზღვრავს არის წყლის რაოდენობა. წყლის მინიმალური რაოდენობის დადგენა და მისი ხარისხისა და ტემპერატურის შეფასება საშუალებას იძლევა განისაზღვროს კალმახის გამოსაზრდელი ტბორების ფართი.
1 ტონა სასაქონლო თევზის გამოსაზრდელად მაღალი ტემპერატურების პირობებში (ე.წ. „კრიტიკულ” პერიოდში, ივლის-სექტემბერი), საჭიროა 5-დან 15-მდე ლ/წმ წყლის მოდინების უზრუნველყოფა, რომლის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 15-22 გრადუსი.
ჟანგბადის შემცველობა, ჟანგბადის ბალანსის გაანგარიშება
ცნობილია, რომ კალმახი წყლიდან მოიხმარს ჟანგბადის მხოლოდ 40%-ს. ამასთანავე, 20 გრადუს ტემპერატურაზე ჟანგბადის მოხმარება შეადგენს:
სასაქონლო კალმახისათვის — 0,06 მგ O2 /კგ თევზი წმ-ში;
ლიფსიტებისათვის — 0,1 მგ O2/კგ თევზი წმ-ში;
მწარმოებელთათვის და რემონტის ჯოგისათვის — 0,04 მგ O2/კგ თევზი წმ-ში;
თევზის მასის გამოთვლა წყლის განსაზღვრული ხარჯის დროს G =Q x О2/ Z; სადაც,
G — თევზების მასაა;
Q — წყლის ხარჯი ლ/წმ-ში;
О2 — ჟანგბადის მისაწვდომი შემცველობა მგ О2/ლ;
Z — ჟანგბადის მოხმარება მგ 2/კგ თევზი/წამში;
ტბორებში წყლის შემოსადენსა და გასადენში დონეთა მნიშვნელოვანი სხვაობისას ჩნდება მისი ორჯერადი და, რიგ შემთხვევებში, სამჯერადი გამოყენების საშუალებაც კი. მაგალითად, არსებული გამოცდილების მიხედვით, ტბორის გასადენზე, სადაც ჟანგბადის შემცველობა 60%-მდეა შემცირებული, წყლის კასკადის ყოველ 20 სმ ვარდნილზე შეგვიძლია მივიღოთ ჟანგბადის დაახლოებით 1მგ/ლ-ით ზრდა. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ინტენსიფიკაციისათვის ვერ ხერხდება არსებული დონეთა სხვაობის გამოყენება, შესაძლებელია ვისარგებლოთ სხვადასხვა ტიპის აერატორებით.
-
ცისარტყელა კალმახის გამოზრდა კალმახის ქვირითის ყრა (ტოფობა)
ცისარტყელა კალმახი მოწიფულობას აღწევს 2 წლის (მამრი) და 3 წლის (მდედრი) ასაკში;
კალმახის ნაყოფიერება — 1200-1500 ცალი ქვირითი/მდედრის სხეულის კგ. მასაზე;
დღეისათვის შესაძლებელია კალმახის ქვირითის მიღება საქტემბრიდან მაისის ჩათვლით, ხოლო იმპორტირება მთელი წლის მანძილზე;
მდედრის მზადყოფნა ქვირითის დასაყრელად მოწმდება ყოველ 7 დღეში.
ქვირითის აღება
თევზს ვაძინებთ, ვამშრალებთ და ვათავსებთ ცარიელ ჯამში, კარგი ქვირითი გადაგვაქვს საერთო ჯამში;
10-15 მდედრის ქვირითს ვანაყოფიერებთ 10-15 მამრის სითხით;
ვურევთ, ვასხამთ წყალს და ვტოვებთ 5-10 წუთით.
ქვირითის ინკუბაცია
ქვირითს აღების შემდეგ ვათავსებთ აპარატში; ქვირითმა თავიდან 100 ათას ქვირითის მარცვალზე უნდა მიიღოს 24ლ/წთ-ში წყალი; შემდეგ კი — 50ლ/წთ-ში.
წყლის ტემპერატურა 4-10 გრადუსი უნდა იყოს;
ინკუბაციის დრო 340 გრადუსდღეს შეადგენს.
ინკუბაცია
ინკუბაციის დროს ქვირითს ვაცილებთ მკვდარ მარცვლებს;
გამოჩეკილი ლიფსიტები ხონჩებში გადაგვყავს და მათ კვებას ვიწყებთ;
თავდაპირველად ლიფსიტების ჩასხმის სიმჭიდროვე ხონჩის 1კვ.მეტრზე უნდა იყოს 10 ათას ცალამდე,ხოლო წყლის ხარჯი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 10-40 ლ`წთ-ში.
ლიფსიტების გამოზრდა
წყლის ტემპერატურა 30C უნდა აღემატებოდეს.
ლიფსიტებს 8-12-ჯერ დღეში ვკვებავთ და შემდგომ თანდათან კვების სიხშირეს ვამცირებთ.
ლიფსიტების გამოსაზრდელი აუზი ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს.
თევზების ზრდის პროცესში საჭიროა მათი დახარისხება მოვახდინოთ.
საკვების დღიური დოზა დამოკიდებულია:
თევზების მასაზე;
ტემპერატურაზე;
თევზის სიდიდეზე;
საკვების კალორიულობაზე.
ეს პარამეტრები თუ ცნობილია, შესაძლებელია ვისარგებლოთ საკვების ცხრილით და გავიგოთ თევზის მოცემულ მასაზე საკვების დოზა %-ში.
კვების ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ მოვძებნოთ ე.წ. „ოქროს შუალედი” საკვების რაოდენობასა(რაც განაპირობებს ზრდას) და საკვებ კოეფიციენტს შორის (1კგ საკვები/თევზის მასის 1კგ. ნამატი). რაც უფრო დაბალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო ხარისხიანია საკვები. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ საკვების ხარჯი შეადგენს პროდუქციის გამოზრდაზე მთლიანი დანახარჯების 50%-ზე მეტს.
მოზარდეული და სასაქონლო თევზის გამოზრდა
მოზარდეული — ეს არის თევზი 0,5გრ-დან 80გრ-მდე;
ჩასხმის სიმჭიდროვე შეადგენს 10-40 კგ/მ3. რაც უფრო მეტია თევზის რაოდენობა, მით მეტია მოთხოვნა წყლის გამდინარეობისა და ხარისხის მიმართ;
დასაწყისში ვკვებავთ 6-ჯერ, შემდეგ კი 3-ჯერ დღეში;
სასაქონლო მეთევზეობა
სასაქონლო თევზი — ეს არის მოზარდეულიდან 350-1000გრ-მდე და მეტი წონის თევზი;
ჩასხმის სიმჭიდროვე შეადგენს 90 კგ/მ3-მდე;
კვების ინტენსივობა — 3-ჯერ დღეში;
პერიოდულად საჭიროა თევზის დახარისხება. დახარისხებამდე მინიმუმ ერთი დღე-ღამით ადრე თევზისთვის საკვების მიცემას ვწყვეტთ.
პროფილაქტიკა
აუცილებელია თევზებს ყოველდღიურად თვალყური ვადევნოთ, უპირველეს ყოვლისა, მათი კვების დროს;
ცუდი მადა — მეთევზისათვის არის იმის სიგნალი, რომ ის აუცილებლად უნდა ჩაერიოს ტექნოლოგიურ პროცესში;
როდესაც შეუძლებელია დაავადების მიზეზების დადგენა, საჭიროა საქმეში ჩავრთოთ კომპეტენტური ვეტერინარი;
მომზადება გასაღებისათვის
რეალიზაციის ან ტრანსპორტირების წინ თევზის საყლაპავი მილი უნდა იყოს ცარიელი;
ამისათვის აუცილებელია 3 დღით ადრე თევზი გადავიყვანოთ სუფთა აუზში ან ტბორში (სადაც იქნება არანაკლებ 15 წუთიანი წყალცვლა) და შევუწყვიტოთ კვება.
ქვირითისა და თევზის გადაყვანა
განაყოფიერებული ქვირითი გადააქვთ წყლიანი კონტეინერებით, მაგრამ განაყოფიერებიდან არა უმეტეს 10 საათისა. ქვირითი მარცვლის სტადიაში გადააქვთ წყლის გარეშე, იზოთერმული კონტეინერებით;
ლიფსიტები გადაჰყავთ ჟანგბადიანი ტომრებით;
ლიფსიტების დიდი რაოდენობისა და სასაქონლო თევზის ტრანსპორტირება ჟანგბადიანი კონტეინერების მეშვეობით ხდება.
წყარო: kalmaxi.ge
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“