აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

„ლომთაგორა“ – ხორბლის ახალი, უხვმოსავლიანი ჯიშების საამქრო

ფრიად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი პერსპექტივაა, რაც 100-120 ათასი ჰექტრის მაღალხარისხიანი ხორბლის თესლით მომარაგებას ნიშნავს!


უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ფირმა „ლომთაგორა“ მნიშვნელოვან სამუშაოებს ეწევა მაღალი სელექციური და სამეურნეო ღირებულებების მქონე ხორბლის ჯიშების სელექციის თვალსაზრისით.

ხორბლის და სიმინდის სელექციის ცენტრ — SIMMYT-თან მისმა თანამშრომლობამ კარგახანია ნაყოფი გამოიღო. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია უკვე აღიარებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშები: „ლომთაგორა 123“, „ლომთაგორა-126“, „ლომთაგორა-149“, „ლგ-109“, „ლგ-143“ და სხვა საინტერესო ჯიშები, რომელთა პოტენციური მოსავლიანობა შესატყვისი აგროტექნიკის ფონზე ჰექტარზე 6-8 ტონაზე ნაკლები არ არის.

ფირმა, რომლის პოტენციური მოსავლიანობა შესატყვისი აგროტექნიკის ფონზე ჰექტარზე 6-8 ტონაა.

ფირმა „ლომთაგორა“ მრავალ მიზეზთა გამო არ ეწევა ხორბლის ჰიბრიდიზაციის (ე.წ. ნულოვანი სელექციის) სამუშაოებს. სელექციის საერთაშორისო ცენტრ SIMMYT-თან ზემოხსენებული ურთიერთანამშრომლობის პროგრამების შესაბამისად, ფირმის სასელექციო სანერგეში გამოცდას გადის SIMMYT-ში გამოყვანილი სარწყავი და ურწყავი, გვალვიანი და ნალექიანი, ასევე ორივე პირობებისთვის განკუთვნილი, თეორიულად პერსპექტიული F-2 თაობის ჯიშ-ხაზები, რომლებიც ჯერ კიდევ შორს არიან ჯიშებად ჩამოყალიბებამდე. ჩვენ სანერგეში მოხვედრილი ჯიშ-ნიმუშები გადიან სელექციის ყველა მომდევნო ეტაპს. ეს ეტაპები გახლავთ: ჰიბრიდული სანერგის, საკონტროლო: გამრავლების სანერგეები, წინასწარი ჯიშთა და საწარმოო გამოცდები.

სელექციაში ფართოდ ვიყენებთ გამორჩევის (ნეგატიურ, პოზიტიურ, ინდივიდუალურ, მასობრივ) და ჯიშების წუნდების მეთოდებს.

ამრიგად, ჯიშ-ხაზი საწარმოო გამოცდის ეტაპამდე გადის საკმაოდ გრძელ გზას, რომლის გავლასაც ხშირად 6-7 წელიწადი სჭირდება.

საწარმოო გამოცდაგავლილი ჯიშები რეგისტრირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადის სახელმწიფო ჯიშთა გამოცდას. ამრიგად, გამოცდა უკვე გაიარა „ლგ-126“, „ლგ-123“, „ლგ-109“, „ლგ-143“-მა. ამჟამად სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის ეტაპს გადის „ლგ-131“, რომელიც ორთესელა ბუნებისაა (შესაძლებელია დაითესოს როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე. წინასწარ ჯიშთა გამოცდას გადის პერსპექტიული ნომრები 401, 404, 407, 409, 411, 501, 508. ამ ჯიშებიდან აღნიშნული ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს №411, რომელიც „ლომთაგორას“ ამავე ნომრით იქნება შემდგომში წარმოდგენილი. საგაზაფხულო ბუნება გამოავლინა სხვა ნიშან-თვისებით მოწონებულმა 8 პერსპექტიულმა ნომერმა, რომლებიც მალე (შესაბამისი პროცესების გავლის შემდეგ) გადაეცემა სახელმწიფო ჯიშთა გამოცდას.

განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ დროის მოგების მიზნით სახელმწიფო ჯიშთა გამოცდისთვის გადაცემისთანავე ვეწევით ამ ჯიშების პირველად მეთესლეობას, რაც საშუალებას გვაძლევს მომზადებული შევხვდეთ ჩვენი ხორბლის ჯიშების მაღალი თაობის თესლით წარმოების (ფერმერების) მომარაგების საქმეს. ასე მაგალითად: მიმდინარე წელს საშემოდგომო ხორბლის „ლომთაგორა-126“-ის უმაღლესი თაობა (ღ-1) მიღებული გვაქვს 46 ტონის რაოდენობით (საბუნკერე წონით). ეს უკანასკნელი კი სულ მცირე 2018 წლისთვის ჩვენი ქვეყნის 2000 ჰექტრის ამ ჯიშის სუპერელიტით, 2019 წლისთვის 8000 ჰექტრის სუპერელიტის და 2020 წლისთვის 30 000 ჰექტრის I რეპროდუქციით, 2021 წლისთვის კი 100-120 ათასი ჰექტრის II რეპროდუქციის თესლით მომარაგებას ნიშნავს, რაც ბენეფიციარების უშუალო ჩართულობასაც გულისხმობს.

ვფიქრობთ, რომ ფრიად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი პერსპექტივაა. ამასთანავე, მთელი ქვეყნის ხორბალზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საუკეთესო შანსიცაა, რისი ხელიდან გაშვების არავითარი უფლება არ გვაქვს.

ასევე ვმუშაობთ ჩვენი ჯიშების მოვლა-მოყვანის წესების თავისებურებებზე, რამდენადაც ამ თავისებურებებზე ინფორმაცია, ბუნებრივია. ჩვენთვის ყველაზე ადრე ხდება ცნობილი. სწორედ ამის გამო ჩვენგან გასულ თესლს თან ახლავს სათანადო რეკომენდაციები. მომხმარებლებთან, ფერმერებთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს და ამიტომაც ჩვენს მიერ გაცემულ ამა თუ იმ ჯიშთან დაკავშირებით, მათი მოვლა-მოყვანის თავისებურებების, ტექნოლოგიის შესახებ არცერთი კითხვა არ რჩება პასუხგაუცემელი. ვინც ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, და შედეგსაც აღწევს.

ფირმა „ლომთაგორა“ ყოველმხრივ მოწოდებულია მხარში ამოუდგეს ჩვენ ფერმერებს და გაუწიოს მათ კვალიფიციური რეკომენდაცია ხარისხიანი, უხვი მოსავლის მოწევასთან დაკავშირებით.

ირაკლი რეხვიაშვილი,

ს/მ აკადემიური დოქტორი, ფირმა „ლომთაგორას“ დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში