მეწველი ფურის ულუფის შესადგენი კომპიუტერული პროგრამა

ცნობილია, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციის რეალიზაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცოცხალი ორგანიზმის ყველა საყუათო ნივთიერებებით დაბალანსებული ულუფებით კვებას. აქედან გამომდინარე, ნორმირებული კვების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ვიცოდეთ:
  1. სხვადასხვა სახეობის, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და პროდუქტიული მიმართულების ცხოველის ორგანიზმის მოთხოვნილება საკვების ენერგიასა და საყუათო ნივთიერებებზე (ცხოველის სახეობის გათვალისწინებით), ანუ კვების ნორმები და
  2. საკვებ საშუალებებში მიმოცვლითი ენერგიის საყუათო ნივთიერებების ფაქტობრივი ან საორიენტაციო შემცველობა.

მეცნიერების მიერ ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრულია სხვადასხვა სახეობის, პროდუქტიული მიმართულებისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცხოველთა კვების საორიენტაციო ნორმები, აგრეთვე ყველა სახის საკვებში საყუათო ნივთიერების შემცველობის საორიენტაციო მონაცემები [1,2,3].

რძის მწარმოებელი ზოგიერთი ფერმერი, საკვები რესურსებიდან გამომდინარე, მეწველი ფურის ულუფებს ამ ცნობარებზე დაყრდნობით ადგენდნენ; ამისთვის მათ ულუფის დაბალანსება საკმაოდ შრომატევადი გათვლებით უხდებოდათ, რაც სპეციალურ ცოდნასა და დროს მოითხოვდა.

ეს პროცესი საკმაოდ გაიოლდა კომპიუტერული ტექნიკის ყოველდღიურ ყოფაში შემოსვლისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებით. ამასთან, დღეისთვის შემოთავაზებულ პროგრამებს [4, 5, 6, 7] რიგი ნაკლოვანი მხარეები აქვთ:

ა) ყველა მათგანი გათვლილია ძროხის თანამედროვე მაღალპროდუქტიულ (ე.წ. კულტურულ) ჯიშებზე და არ შეიცავს მონაცემებს შედარებით დაბალპროდუქტიული და მცირე ცოცხალი მასის მეწველი ფურების კვების ნორმებზე. ამის გამო საქართველოში გავრცელებული ძროხის ადგილობრივი ჯიშების მომშენებელ ფერმერულ მეურნეობებში მათი გამოყენება შეუძლებელია;

ბ) შემოთავაზებული პროგრამების ერთი ნაწილი გათვლებს ასრულებს მხოლოდ მის მეხსიერებაში შეტანილი საკვების ქიმიური შედგენილობის ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით და არ არის გათვალისწინებული კორექტირების შესაძლებლობა; არადა ეს საკმაოდ ხშირად აუცილებელია იმიტომ, რომ განსხვავებულ ბუნებრივ-კლიმატურ და ნიადაგობრივ ზონაში ერთი და იმავე სახის მცენარისგან ერთნაირი ტექნოლოგიით წარმოებულ`მოპოვებულ საკვებს, როგორც წესი, განსხვავებული ქიმიური შედგენილობა და ყუათიანობა აქვს. ამის გამო შედგენილი ულუფა ხშირად ვერ ასახავს ფაქტიურ სურათს, რაც საბოლოო ჯამში აისახება ცხოველის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, რძის წარმოების მოცულობასა და მის თვითღირებულებაზე.

გ) პროგრამების მეორე ნაწილის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერული ტექნიკის სათანადო ცოდნისა და სპეციალური მომზადების გავლის შემდეგ, რაზეც მცირე მეწარმეებს, ფერმერებს ხშირად ხელი არ მიუწვდებათ.

ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში, რომელიც შედგენილია Excel-ის ფორმატში, ყველა ეს „უხერხულობები“ მოხსნილია. კერძოდ:

  1. კვების ნორმების გვერდზე მოცემულია როგორც მაღალპროდუქტიული კულტურული ჯიშების, ასევე დაბალი ცოცხალი წონის ადგილობრივი ჯიშის ფურების მოთხოვნები (დღიური ნორმები) საკვების, ულუფის ენერგიასა და საყუათო ნივთიერებებზე, მათი მონაწველისა და ცოცხალი მასის გათვალისწინებით.
  2. იმ შემთხვევისთვის, როდესაც ფერმერი საკვების ქიმიური ანალიზის შედეგად გამოავლენს განსხვავებას ცნობარის მონაცემსა და საკუთარი წარმოების საკვების ყუათიანობას შორის, მას შესაბამის გრაფებში ცვლილებების შეტანა შეუძლია;
  3. გამარტივებულია კვების ნორმებისა და საკვების ყუათიანობის გვერდებიდან ულუფის შესადგენ გვერდში მონაცემის გადატანა, ხოლო ულუფაში შემავალ საკვებთა საერთო ყუათიანობა და კონკრეტული პროდუქტიულობის დონის ცხოველის მოთხოვნილებისადმი მისი შესაბამისობა ავტომატურად აისახება გრაფებში „საჭიროა ნორმით (მოთხოვნილება)“ და „სხვაობა“

პროგრამის „ფაილი“ შედგება ორი დამხმარე გვერდისა („კვების ნორმები“, „საკვების ყუათიანობა“) და ერთი ძირითადი გვერდისგან („ულუფის შედგენა“);

პირველ გვერდზე „კვების ნორმები“ მოცემულია 200-დან 500 კილოგრამამდე ცოცხალი მასისა და 4-დან 20 კგ.-მდე დღიური წველადობის ფურის მოთხოვნილება ენერგეტიკულ საკვებ ერთეულსა და საკვების შემადგენლობაში შემავალ სხვა 4 ძირითადი მაჩვენებლის მონელებადი პროტეინის, კალციუმის, ფოსფორისა და კაროტინის გათვალისწინებით.

მეორე გვერდზე „საკვების ყუათიანობა“ მოცემულია საქართველოში ძროხის საკვებად გამოყენებული თითქმის ყველა სახის საკვების საორიენტაციო ყუათიანობის ინფორმაცია;

მესამე გვერდი „ულუფის შედგენა“, თავის მხრივ შედგება ორი გადასაწყვეტი ამოცანის ჩასაწერი — („შეიყვანეთ მონაცემები“) და ამოცანის შესასრულებელი — („ულუფის დაბალანსება“) სეგმენტისგან. ულუფის შედგენის ამოცანის დაგეგმვა და შესრულება წარმოებს ამავე გვერდზე სამი მეტად მარტივი პროცედურების შესრულებით. კერძოდ:

ნაბიჯი 1. გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულ სეგმენტში — „შეიყვანეთ მონაცემები“, შეგვაქვს მონაცემები ფურის (ან ფურების ჯგუფის) საშუალო დღიურ მონაწველსა და საშუალო ცოცხალ მასაზე. იმავდროულად, ამავე გვერდზე მოთავსებული ცხრილის — „ულუფის დაბალანსება“ ქვემოდან მეორე სტრიქონში (გრაფებში) ავტომატურად გამოჩნდება ინფორმაცია საშუალოდ რამდენი ენერგეტიკული საკვები ერთეული და საყუათო ნივთიერებებია საჭირო 1 სული ფურისათვის.

ნაბიჯი 2. ცხრილის — „ულუფის დაბალანსება“-ს გრაფაში — „საკვები“ შესვლისას მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება ნიშანი, რომელთან საძიებლის ისრის მიტანითა და „დაწკაპუნებით“ საკვებთა სახეების ჩამონათვალის ფანჯარა გაიხსნება. აქ სასურველი საკვების მონიშვნისა და „დაწკაპუნების“ შემდეგ საკვების ყუათიანობაზე ინფორმაცია ავტომატურად ჩაიწერება ცხრილის შესაბამის გრაფებში საერთო სახელით „1 კგ საკვების ყუათიანობა“. ამ გზით შესაძლებელია ულუფის შესადგენ ცხრილში ნებისმიერ საკვებზე მონაცემების ავტომატურად გადატანა.

ნაბიჯი 3. ბოლო პროცედურაა ცხრილის გრაფაში „საკვები ფიზიკური წონით“ ცხოველზე მისაცემი სავარაუდო რაოდენობის შეტანა, რის შედეგად შესაბამისი სტრიქონის გრაფებში საერთო სახელით „ყუათიანობა“ ავტომატურად გამოჩნდება ამ საკვების საერთო ყუათიანობის ყველა მაჩვენებლები. ანალოგიურად შეგვაქვს ცხრილის შესაბამის გრაფაში ყველა სახის საკვების სავარაუდო რაოდენობა, რის შედეგად აღწერილი ავტომატური ცვლილებები გამოჩნდება შევსებულ სტრიქონებშიც.

საკვებთა სავარაუდო რაოდენობის შეტანის პროცედურების განხორციელებისას, ასევე ავტომატურ რეჟიმში, ცხრილის ქვემოდან მესამე სტრიქონზე — „ულუფა შეიცავს“ აისახება ულუფაში შემავალი ყველა საკვების საერთო ყუათიანობა, ხოლო ბოლო სტრიქონზე „სხვაობა“ — ცხოველის მოთხოვნილებასა და ფაქტიურ მდგომარეობას შორის განსხვავება, ანუ ულუფაში ამა თუ ინ კომპონენტის მეტობა ან დეფიციტი; კერძოდ, ამა თუ იმ საყუათო ნივთიერების ნაკლებობა ამ სტრიქონში აისახება ციფრის წინ „ – „ ნიშანით.

პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ფერმერულ მეურნეობებში მეწველი ფურების ულუფა, როგორც წესი, წარმოდგენილია ერთი, უკეთეს შემთხვევაში ორი, იშვიათად სამი კომპონენტით. ასეთი კვებისას ულუფაში აღინიშნება რამდენიმე საყუათო ნივთიერების დეფიციტი, რაც ასახება ფურების აღწარმოებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საბოლოო ჯამში კი მათ სარძეო პროდუქტიულობაზე.

ჩვენს შემთხვევაში, პროგრამის გამოყენებით, ფერმერს შეექმნება წარმოდგენა თუ რა პრობლემები არის მის მეურნეობაში ცხოველთა კვების მხრივ და რა არის საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ფერმერებთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ მათ მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ნორმირებული კვების საკითხებზე და საკვების საყუათო ნივთიერებების ნაკლებობით გამოწვეულ დანაკარგებზე. ზემოთ აღწერილი პროგრამის გაცნობამ და მისი გამოყენებით ფაქტობრივი მდგომარეობის დანახვამ დააინტერესა ისინი და გამოთქვეს მზადყოფნა გამოიყენონ ფურების ნორმირებული კვების ელემენტების დასანერგად, მითუფრო, რომ ამისთვის მათ გადამზადების ხანგრძლივი პროცედურების გავლა არ დასჭირდებათ.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული კომპიუტერული პროგრამა მეწველი ფურის ულუფის შესადგენად დახმარებას გაუწევს რძის მწარმოებელ ფერმერებს მოაწესრიგონ ცხოველთა ნორმირებული კვების საკითხი და ამით გააუმჯობესონ წარმოების კონკურენტუნარიანობა.

ლიტერატურა:

  1. ა. ჭკუასელი, ა. ჩუბინიძე, ა. ჩაგელიშვილი, მ. ხუციშვილი. ცხოველთა კვება, II ნაწილი. თბილისი, 2012, გვ. 1–748;
    ა. ჭკუასელი, ა. ჩუბინიძე, დ. თოდუა, ე. ტიტვინიძე, ა. ჩაგელიშვილი. სასოფლო–სამეურნეო ცხოველთა კვების პრაქტიკუმი. თბილისი, 2009, გვ. 1–506;
  2. Нормы и рационы кормления сельско­хозяйственных животных, справочное пособие; Под редакцией А.П. Калашникова, И.В. Фиси­нина, В.В. Щеглова, Н.И. Клейменова, Москва, 2003, გვ. 1-373;
  3. Программа Рацион кормления сельскохозяйственных животных. http://www.rcn.tvercenter.ru/guide.asp (19.02.2014)
  4. Устройство составления экономичного кормового рациона и экономичного кормления животных и птиц. (RU 2462864); A01K5/02 – автоматические устройства. Авторы: Голубев А. В., Дубровин А. В.(06.09.2014);
  5. Белобров С. В. FUTTER KUH UNI 5.0 – Программа калькулятор для расчета рационов дойных коров; http://polfamix.ucoz.ua/load/programmy_kalkuljatory_ rascheta_receptov_kormov_dlja_selkhozzhivotnykh/programma_kalkuljator_dlja_rascheta_racionov_dlja_dojnykh_korov_i_krs/47-1-0-96 (27.07.2014);
  6. Райхман А. Я. Компьютерная программа «КОНСТРУКТОР РАЦИОНОВ», http://www.nestorexpo.com/belagro/index.pl?act=STAND&id=8394; Свидетельство о регистрации № 074, Национальный центр интеллектуальной собственности Республики Беларусь. Дата внесения в Реестр зарегистрированных компьютер­ных программ 09.04.2009.

გიული გოგოლი,

გიორგი შუბითიძე,

ამბროსი ჭკუასელი,

ლევან გულუა,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“