შველა ჯერ კიდევ შეიძლება
საქართველოში მეაბრეშუმეობა ყოველთვის ქვეყნის ეკონომიკის განმტკიცების, სავალუტო შემოსავლების გადიდების წყარო და მუდმივი ზრუნვის საგანი იყო. აბრეშუმის პარკის წარმოება, გადამუშავება და ქსოვა უაღრესად პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა. ქართული აბრეშუმი დიდი პატივისცემით სარგებლობდა მსოფლიო ბაზარზე.
გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში 4,0-4,3 ათასი ტონა აბრეშუმის პარკი მზადდებოდა და მეაბრეშუმეები 16,5-17,0 მილიონ მანეთს ღებულობდნენ. მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი (14,0-15,0 ათასი სამუშაო ადგილი), რაც დიდი საქმე იყო.
სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე (1964 წელი) საქართველოში გავრცელდა თუთის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭე და 17 მილიონამდე ძირი ჯიშიანი მცენარე განადგურდა.
მოსახლეობამ პარკის წარმოების შეწყვეტით მიღებული ზარალი ვერ აინაზღაურა (ვერც აინაზღაურებს) სხვა დარგების ხარჯზე, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა. განსაკუთრებით საგანგებო ვითარება შეიქმნა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. საამისოდ არც მმართველობის სისტემა აღმოჩნდა მომზადებული და არც საზოგადოება.
სადღეისოდ მეაბრეშუმეობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია, მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას მისი აღორძინების პოლიტიკური ნება გააჩნია და იგი თანდათანობით დაიბრუნებს ძველ დიდებას. XIX საუკუნის ბოლო პერიოდში ბათუმსა და ბათუმის ოლქში იყო მცდელობა მეაბრეშუმეობის გავრცელებისა, მაგრამ დიდი წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, მისი შემდგომი განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები მაინც მომზადდა. ასე მაგალითად, აგრონომ ე. კლინგენის მონაცემებით 1896-1900 წლებში ჩაქვის საუფლისწულო მამულში, მთა ეწერის დასავლეთ ფერდობზე გაშენდა თუთის ფართომასშტაბიანი ნარგაობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა მეაბრეშუმეობის გავრცელებას. ამავე პერიოდში, პირველად აჭარაში (ჩაქვში) მოეწყო აბრეშუმსახვევი სახელოსნო, ხოლო ქობულეთში — პარკის საშრობ-სახვევი და დამხმარე საწარმოები, სადაც 16 ტონა პარკი გადაამუშავეს. მთიან აჭარაში მეაბრეშუმეობა შედარებით უკეთესად იყო განვითარებული ქედაში. წლების განმავლობაში ოჯახურ პირობებში მიმდინარეობდა გრენის წარმოება-გაცოცხლება-გამოკვება. 1901 წელს ვაჭრებმა იქაც შეიტანეს გრენა და დაურიგეს მოსახლეობას გარიგებით — მიღებული მოსავლის მესამედის საფასურად, რაც კაბალური იყო. მეაბრეშუმეები პრიმიტიული წესით ოჯახშივე აწარმოებდნენ პარკის ამოხვევას — ქსოვდნენ ყაბალახის ფოჩებიან თასმებს, თავსაფრებს, ცხვირსახოცებს, რევოლვერის თასმებს და სხვა ნაკეთობებს, რაც სარფიანი საქმე იყო.
დღევანდელი პირობების გათვალისწინებით კუსტარული წარმოების აღდგენა (თანამედროვე ტექნიკით) ალბათ მოსახლეობის ინტერესებში უნდა შედიოდეს. კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის დახმარებით 1891 წელს აბრეშუმის ჭიის საცდელი გამოკვება ჩატარდა ბათუმის საოლქო სასწავლებელში, ქობულეთის, ქედისა და ხულოს რაიონებში. ამასთან, საკვები ბაზის განმტკიცების და დარგის პოპულარიზაციის მიზნით თუთის ნერგები უსასყიდლოდ გადაეცა ბათუმის სასწავლებელს 180 ძირი, ქედის სასწავლებელს — 100 ძირი, ხულოს საზოგადოებას — 200 ძირი და ქობულეთის საზოგადოებას — 300 ძირი. მეაბრეშუმეობის განვითარების საქმეს ემსახურებოდა აგრეთვე გამოფენების მოწყობა, მეაბრეშუმეობისათვის პრაქტიკულ საკითხებზე საუბრები, თვალსაჩინო მასალების გადაცემა და ა.შ. 1923 წელს მეაბრეშუმეებს უსასყიდლოდ გადაეცათ 100 კოლოფი გრენა და გაეწიათ კვალიფიციური დახმარება, 1927 წელს ციხისძირში მოეწყო მეაბრეშუმეობის კეთილმოწყობილი ბაზა, ხოლო 1929 წელს (ქობულეთში) პარკის დამზადების პუნქტი, რომელიც იმ დროისათვის უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი. ამასთან, მეაბრეშუმეობის პოპულარიზაციის მიზნით ეწყობოდა აბრეშუმის ჭიის საჩვენებელი გამოკვებები და სხვა ღონისძიებები.
აჭარელმა მეაბრეშუმეებმა 1927 წელს მოიწიეს 10,5 ტონა პარკი და მიიღეს 26,0 ათასი მანეთი, ხოლო 1930 წელს შესაბამისად — 45,0 ტონა და 112,6 ათასი მანეთი. ამასთან, აქაურმა მეაბრეშუმეებმა 1935 და 1936 წელს ერთი კოლოფი ჭიიდან 7,4 და 4,0 %-ით მეტი პარკის მოსავალი მიიღეს ვიდრე საშუალოდ საქართველოს რესპუბლიკაში.
1936 წელს აჭარაში იკვებებოდა სულ 664 კოლოფი ჭია, საიდანაც ქობულეთის რაიონის ხვედრითი წილი შეადგენდა 72,1%, ბათუმის რაიონის — 21,2 % და ქედის რაიონის — 6,7 %. 1936 წელს აჭარაში აღრიცხული იყო სულ 40,7 ათასი ძირი თუთის მცენარე, საიდანაც 70% ქობულეთის რაიონზე მოდიოდა. მეაბრეშუმეობაში მონაწილეობდა რაიონის ყველა სასოფლო საბჭო. განსაკუთრებულიწარმატებები ჰქონდათ ხუცუბნის, ლეღვას და მუხაესტატეს სასოფლო საბჭოებს. აჭარაში 1960 წელს — გამოიკვება 1731 კოლოფი ჭია და თითოეული კოლოფიდან 32,0 კგ პარკი მიიღეს, ხოლო 1990 წელს შესაბამისად 810 კოლოფი და 37,8 კგ, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელი იყო. 1975 წლის მონაცემებით, აჭარაში მეაბრეშუმეობის გავრცელების ზონაში მოქმედებდა 56 კოლმეურნეობა (ქობულეთში — 26; ხელვაჩაურში — 19 და ქედაში — 11) და მეტ-ნაკლები რაოდენობით იყო გავრცელებული თუთის ნარგაობაც (79,1 ათასი ძირი); შემდგომ პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად 1991 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აჭარაში უკვე იყო 166 ჰა თუთის პლანტაცია და 95 ათასი ძირი ერთეული ნარგაობა. სამწუხაროდ, 1991-1996 წლებში განადგურდა 86,0 ჰა პლანტაცია და 36 ათასი ძირი ერთეული ნარგაობა, ხოლო მომდევნო წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა. სამომავლოდ საკვები ბაზის რეაბილიტაცია უპირატესად უნდა წარიმართოს ერთეული ნარგაობის გაშენებით, არსებული უჯიშო მცენარეების ვარჯში გამძლე ჯიშების კვირტით გადამყნობით და შესაძლებლობის ფარგლებში საკარმიდამო ნაკვეთებზე მცირე ზომის ინტენსიური პლანტაციების გაშენებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით უნდა გავრცელდეს მხოლოდ ფოთლის სიხუჭუჭისადმი მედეგი და შედარებით გამძლე მაღალპროდუქტიული დარაიონებული ჯიშები იმ ვარაუდით, რომ რაიონში და ტერიტორიულ ორგანიზაციებში წარმოდგენილი იყოს არანაკლებ 3-5 (ივერია, თბილისური, ოშიმა, ტრიპლოიდი — 13 და ა.შ.) ჯიშისა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქედის რაიონის სოფელ მერეთის ფერმერის — მევლუდ თურმანიძის საკარმიდამო ნაკვეთზე 1977 წელს გაშენებული (საცდელ) და უკვე ადაპტირებულ შერჩეულ მცენარეთა გავრცელებას.
ქედისა და შუახევის რაიონებში თუთის ისეთი ჯიშები (ჰიბრიდები) უნდა გავრცელდეს, რომელიც შეასრულებს ეროზიის შემაკავებელ ფუნქციას, ასევე მეცხოველეობისათვის არატრადიციული საკვების (ნეკერი) წარმოებას, ნაყოფის დანიშნულებისამებრ გამოყენებას და ა.შ. დარგის აღორძინება, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებიდან. ამასთან, მეაბრეშუმეობასთან ურთიერთობა უნდა დამყარდეს მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის დაცვით და არა ადმინისტრირების მეთოდით, როგორც ადრე ხდებოდა. აბრეშუმის პარკის წარმოების ძირითადი ორგანიზაციული ფორმა უნდა იყოს სხვადასხვა დონეზე შექმნილი კოოპერატივები, ამხანაგობები და სხვა გაერთიანებები. მათივე ბაზაზე უნდა შეიქმნას ტერიტორიული ინტეგრირებული საწარმოები (საკარმიდამო მეაბრეშუმეობა+ძაფის რეგიონალური ამოხვევა+ ორგანიზებული წესით კუსტარული წარმოება და ა.შ.), რითაც ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით უნდა მოხდეს საბოლოო პროდუქციის წარმოებაზე მეაბრეშუმეების ეკონომიკური ინტერესების მიბმა პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის მეაბრეშუმეებზე გადაცემის გზით.
როგორც აღინიშნა, ქედის (შუახევის) რაიონში პირველ რიგში უნდა გავრცელდეს უკვე აპრობირებული ჯიშები (მერისი) მეცხოველეობაში არატრადიციული საკვების (ნეკერი) წარმოების მიზნით, შემდეგ კი წყლისმიერი ეროზიის შემაკავებელი მოვლენების შეზღუდვის მიზნით, ნაყოფის მომცემი (განსაკუთრებით ტრიპლოიდი-13) საკონსერვო წარმოებისათვის, თეთრი ნაყოფის მომცემი (განჯური), მეფუტკრეობასთან შეთანაწყობისათვის და ბოლოს მეაბრეშუმეები თუ დაინტერესდებიან პარკის წარმოების ხელსაყრელობაზე, დარგის ბედს თვითონვე გადაწყვეტენ.
მთიან აჭარაში მეაბრეშუმეობის განვითარების პრობლემაზე ოც წელზე მეტია ვმუშაობთ (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) ქედის რაიონის სოფელ მერისში და ბევრი საკითხია გადაწყვეტილი თვით ფერმერთა ინიციატივით და დანერგილია წარმოებაში. განსაკუთრებით დიდი მადლობით მოვიხსენიებთ ბატონ მევლუდ თურმანიძეს, რომელმაც 20 წელია უანგარო შრომით აბრეშუმი (თავისივე საკარმიდამო ნაკვეთზეა გაშენებული საცდელი მცენარეები) შეუნარჩუნა მეცნიერებას, დარგს, სოფელს, სადაც მუშაობა გრძელდება.
აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობის დროს ყოველთვის გვქონდა (გვაქვს) პროფესორ ს. თურმანიძის, პროფესორ შ. ფუტკარაძის, რ. წითელაძის (ასპირანტი-ეკონომიკის მიმართულებით), მხარდაჭერა რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ.
ჩვენი გაანგარიშებით, ქედის რაიონში თითოეულ ჰა თუთის პლანტაციაზე გაანგარიშებით საერთო შემოსავალი (ქორფა ფოთოლი+ტრიპლოიდ-13-ის ნაყოფი+შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთოლი+რიგთაშორისებიდან მიღებული თივა) 2,5-3,0 ჯერ აღემატება სათიბებით დაკავებული ფართობის შესადარ მაჩვენებელს. ამასთან, აჭარის ტერიტორიაზე, სადაც არის ბუნებრივად თბილი წყლის წყარო (წყაროები), შეიძლება მოეწყოს რეკომენდებული შედარებით გამძლე ჯიშების ნაზამთრი კალმის დაფესვიანება, თანაც ნამყენ ნერგთან შედარებით 2 წლით მცირდება სარგავი მასალის წარმოება, ხოლო თვითღირებულება 2,0-2,5-ჯერ მცირდება, რაც უაღრესად რენტაბელური საქმეა.
სტატიაში გამოთქმულ წინადადებებზე და მეთოდებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მომზადებულია მონოგრაფიები, რეკომენდაციები და საცნობარო მასალები, რომლებსაც სიამოვნებით გადავცემთ აჭარაში მეაბრეშუმეობით დაინტერესებულ მოსახლეობას.
გიორგი ნიკოლეიშვილი, სსმმ აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი;
ელგუჯა შაფაქიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი.;
როლანდ წითელაძე, დოქტორანტი.