მე და ჩემი სოფელირუბრიკებისტატიები

ვინ არის ახალგაზრდა მეურნე, რომელმაც 30 წუთში 400 კგ წითელი დოლის ფქვილი გაყიდა

ახალგაზრდა მეურნე ნოდარ ლატიბაშვილი საზოგადოებამ 400 კილოგრამი წითელი დოლის ფქვილის ნახევარ საათში გაყიდვით გაიცნო. ის ახალგაზრდა მეურნეა და სამომავლოდ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ლატიბაშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობის ამ დარგში ბევრ პრობლემას ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

-ნოდარ, თქვენ საზოგადოებამ 400 კგ წითელი დოლის ფქვილის ნახევარ საათში გაყიდვით გაგიცნოთ, თუმცა ალბათ, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ ახალგაზრდა მეურნე ხართ და უკვე სამი წელია, რაც საგარეჯოში სხვადასხვა კულტურა მოგყავთ. უამბეთ კომერსანტის მკითხველს თქვენი საქმიანობის შესახებ…

 -დიახ, სამი წელია რაც დავით გარეჯის გზაზე მიწა ვიყიდე და სხვადასხვა კულტურა მომყავს. მათ შორის: ხორბალი, შვრია, თხილი, ასევე მაქვს ვენახი გაშენებული. მიწა დაახლოებით 6 ჰა-ია.

შემოდგომაზე შვრიის ნაცვლად ძველი ქართული ჯიშების ვენახის გაშენებას ვაპირებ. ესენია, ჩიტისთვალა ბოდბური და  სიმონასეული. თანხა, რისი მეშვეობითაც ჩემი მეურნეობა წამოვიწყე დიდი არ ყოფილა და ამაში ჩემი ოჯახი დამეხმარა, თუმცა შემდგომ მეურნეობა თავად განვავითარე. ამჟამად ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ.

-რაც შეეხება წითელი დოლის ფქვილის გაყიდვას. დეტალურად გვიამბეთ ამ ამბის შესახებ… 

 –ერთ პიროვნებას უნდოდა 50 კილოგრამი წითელი დოლის (ქართული ხორბლის ჯიში) ფქვილი. წისქვილში ასეთ რაოდენობას არ ფქვავენ და ამიტომ 400 კილოგრამი დავფქვი, ვიფიქრე ნახევარს მე დავიტოვებ და ნახევარს გავყიდი-თქო. ამიტომ სოციალურ ქსელში დავდე პოსტი. ზუსტად ნახევარ საათში გაიყიდა მთელი ფქვილი და ხორბლის შეკვეთებიც მივიღე.

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვგეგმავდი ჩემი ნედლეულის გაყიდვას და მინდოდა პატარა წარმოება დამეწყო, თუმცა იმის გამო, რომ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში არ დამაფინანსეს (საუბარია 5 000 ლარზე, თან მეც უნდა დამეხარჯა 500 ლარი) გადავწყვიტე ერთი წელი «დამეთმო» და მომავალი წლისთვის თავად შემეძინა საწარმოო ინვენტარი. ასევე სრულად მაქვს უკვე გაყიდული ყურძნის მოსავალი.

სასიხარულოა ის ამბავი, რომ ასეთი დაინტერესებაა ძველ ქართულ და ბიო პროდუქციაზე, თუმცა მენანება ჩემი შრომით მოყვანილი ხორბლის და ყურძნის გაყიდვა.

-როგორც აღნიშნეთ მეურნეობას თავად უძღვებით და უვლით, გაქვთ თუ არა ამ სფეროში გამოცდილება?

– მე სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობდი და შეხება აგროდაზღვევასთან მქონდა. შესაბამისად, ვინც ამ სფეროთი იყო დაკავებული ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. ასეთ დროს კონკრეტული საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად ჩანს. მე ეს ყველაფერი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შევისწავლე და შემდგომ საკუთარი მეურნეობაც წამოვიწყე. რაც შეეხება ადგილს, ეს ფართობი დროთა განმავლობაში შევიძინე.

-რა იყო ის უარყოფითი მხარე, რასაც სოფლის მეურნეობის დარგში ხედავდით და თქვენ საქმეში როგორ იყენებთ ამ მიმართულებით ცოდნას?

-ამ საქმეში პირველი უარყოფითი რაც დავინახე იყო ის, რომ ადამიანები რომლებსაც აქვთ მცირე ან დიდი ფართობები არ შეუძლიათ გადავიდნენ წარმოებაზე, ან არ გადადიან. ყოველ წელს ნედლეულს ან პირველადი სახის პროდუქციას აწარმოებენ, შესაბამისად, შემოსავალიც ნაკლები აქვთ.

ზოგადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე წარმოებაზე უნდა გადავიდეს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემ საქმიანობას, გადავწყვიტე, რომ უნდა გამეკეთებინა ის, რაც მიმაჩნია, რომ სხვებმაც უნდა გააკეთონ. თუმცა ზოგადად თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება რთულია, რადგან ყოველდღიურად შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე, რომ ამას ვერსად წაიკითავ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მეურნეობის რომელი დარგია.

-მიუხედავად დიდი რისკისა მაინც წამოიწყეთ საკუთარი მეურნეობა. საინტერესოა, ვისგან იღებდით, ან იღებთ რჩევებს და ჩვენ ქვეყანაში რამდენად გამოცდილი კადრები გვყავს  სოფლის მეურნეობის ამ დარგში?

-ზოგადად ის სფერო, რომელიც მე მაინტერესებს ანუ ბიო მიმართულება, ჩვენ ქვეყანაში ამით ადამიანები დაკავებულები არ არიან და ამ საკითხში ქვეყანაში ცოდნის თვალსაზრისით დეფიციტია. ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში და ცალკე რომელიმე კომპონენტი თუ გამორიცხე, ეს ყველაფერი აზრს კარგავს.

ამ მიმართულებით გარკვეულ დონეზე ნაბიჯები გადადგმულია, მაგალითად, პროფესიული კოლეჯების განვითარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ვიწრო სპეციალობები უნდა განვითარდეს და კონკრეტული საქმეები უნდა ისწავლებოდეს. მიმაჩნია, რომ ბიო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაში შხამქიმიკატი არ უნდა გამოიყენო.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

წყარო: http://commersant.ge