დარგებიმეფრინველეობა

ადგილობრივი ქათმის მოშენება ფერმერული მეურნეობის პირობებში

მეფრინველეობის პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით დიდ კონკუ­რენ­ციას განიცდის. იმისათვის, რომ ბაზარზე შენარჩუნდეს კონკურენტუნარიანობა, საჭირო ხდება, უშუალოდ მომხმარებლის მოთხოვნილების გათვალისწინება. მომხმარებელი კი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ პირობებში გამოზრდილი ფრინველისაგან მიღებულ ორგანულ პროდუქციას, ამიტომ მათი საბაზრო ფასი შედარებით მაღალია.

კონკურენტუნარიანობა განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივ პირობებში ფრინველი­სთ­ვის იქმნება ხელსაყრელი გარემო, რაც დადებით გავლენას ახდენს კვერცხისა და ხორცის ხარისხზე აგრეთვე მათ საგემოვნო თვისებებზე.

ასეთი გარემოს შექმნა ძირითადად შესაძლებელია საკარმიდამო ტიპის ფერმერულ მეურნეობებში, სადაც ფრინველის კეთილ­დღეობისთვის გათვალისწინებულია ეზოს ფართობი (საშუალოდ 1 ფრთა 10 მ²), ვინაიდან ფრინველი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ატარებს სუფთა ჰაერზე, სარგებლობს ბუნებრივი საკვებით და მზის სხივებით, ნიადაგში კენკვის გზით დამატებით მოიპოვებს ცხოველურ საკვებს, მინერალურ ნივთიერებებს და მიკროელემენტებს. სწორედ ასეთ პირობებს ყველაზე უკეთ ეგუება ადგილობ­რივი ფრინველი.

 ცნობილია, რომ ფრინველის სამეურნეო-კომერციული ჯიშები თავიანთი წარმოშო­ბით თითქმის ერთგვაროვანია, მაღალპროდუქტიულმა ჰიბრიდულმა ფრინ­ველ­მა თანდათან განდევნა ადგილობრივი ჯიშები, რაც შემდგომში აუცილებლად გამოიწვევს ძვირფასი ალელებით გაღარიბებას, ან მთლიანად დაკარგვას. სელექციის შემდგომი პროგრესი კი, შეუძლებელია გენეტიკური მრავალფეროვნების გარეშე, რადგან ახალი ჰიბრიდების გამოყვანა აუცილებლად მოითხოვს ამჟამად „არაეკონომიური“ ფრინველის გენოფონდის სელექციაში ფართო ჩართვას. სწორედ ასეთი იშვიათი გენების მატარებელია საქართველოში უხსოვარი დროიდან გავრცელებული ფრინველი (შავი, ნაცარა, ჩალისფერი, მეგრულა და ყელტიტველა ქათმები), რომლებიც უსათუოდ დააინტერესებს ამ დარგში მომუშავე სელექციონერებს, რაზედაც მთელს მსოფლიოში უდიდესი მოთხოვნაა.

სამწუხაროდ, ადგილობრივი ფრინველის მდიდარი გენოფონდი ამჟამად გაქრობის პირასაა და საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას, ვინაიდან მათი მომავალში აღდგენა შეუძლებელი იქნება.

თანამედროვე ეტაპზე, მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიომეურ­ნეობების განვითარებას, რადგან მომხმარებელი სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებრივ პირობებში გამოზრდილი ფრინველისგან მიღებულ ორგანულ პროდუქ­ციას, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, არის ეკოლოგიურად სუფთა და ახასიათებს მაღა­ლი საგემოვნო თვისებები. სწორედ ასეთი ტიპის  ბიომეურნეობებში  წარმატებით შეიძლება მოშენდეს ადგილობრივი ფრინველი, რადგან მაღალპროდუქტიული კულტურული ჯიშები ძნელად ეგუებიან ბუნებრივ გარემო პირობებში შენახვას. ადგილობრივი ქათმები არ მოითხოვენ კვება-მოვლის იდეალურ პირობებს და მსუბუქი ტიპის, პრიმიტიულ საფრინვე­ლეშიც თავს კარგად გრძნობენ. საქართველოში ადგილობრივი ფრინველის მოშენე­ბა, სრულყოფა და შენარჩუნება ხელს შეუწყობს კოოპერატიული და ბიომეურნეობების განვი­თარებას და ამ საქმეში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვას, მათი შემოსავლების ზრდას.

ადგილობრივი ქათმები კომბინირებული, მეკვერცხულ-მეხორცული მიმართუ­ლე­­ბისაა. კვერცხდებას იწყებენ 160-170 დღის ასაკში და კვერცხდების ინტენსივობა ამ პერიოდში არ აღემატება 12,5 %-ს. კვერცხდების პიკი აღენიშნებათ 8-9 თვის ასაკში და ინტენსივობა ამ პერიოდში აღწევს 57-62 %-მდე. კვერცხდების დიდი ცვალებადობა შეიმ­ჩ­ნევა 7-10 თვის ასაკამდე. კვერცხდების შედარებით გამოთანაბრება აღინიშნება ზაფხულის თვეებში, რაც ადგილობრივი ქათმების დადებითი გენეტიკური თვისებაა. კერძოდ, ადასტურებს იმას, რომ კლიმატის ცვლილება (ზაფხულის ცხელი დღეები) კვერ­ცხმდებლობაზე ნაკლებ გავლენას ახდენენ. ადგილობრივი ქათმები წლის გან­მავლობაში იძლევიან 140-160 ცალ კვერცხს. კვერცხის მასა 53 – 58 გ, განაყოფიერება 90 – 93%, გამოჩეკა 85-88%.  როგორც კვერცხმდებლობის, ასევე მეხორცული თვალსაზრისით მათი ექსპლოატაცია შესაძლებელია 24 თვემდე. ერთი წლის ასაკში დედლების ცოცხალი მა­სა 1,8 – 2,8 კგ, მამლების – 2,5 – 3,5 კგ, კრუხად ჯდომის ინსტიქტი ძლიერად აქვს განვი­თა­რებული. მოზარდეული 2 – 2,5 თვის ასაკში (დასაკლავი ასაკი) 1კგ ცოცხალ მასას აღწევს.

ადგილობრივი ფრინველის ყველა პოპულაცია ხასიათდება ცხოველ­მყოფე­ლობის მაღალი დონით, რაც ვლინდება მათ რეზისტენტობაში ინფექციური დაავადე­ბების მიმართ, როგორიცაა მარეკი, ჭირი, ლეიკოზი.

საქათმე 3333333333333333333333333

ადგილობრივი ფრინველის მაღალ ცხოველმყოფელობას საფუძვლად უდევს როგორც მემკვიდრული თვისებები, ასევე გარემო ფაქტორები. დადგენილია, რომ 12-თვიანი ექსპლოატაციის პერიოდში (5-დან 17 თვემდე) საკმაოდ დაბალია ადგილობრივი ქათმების როგორც წუნდების, ასევე სიკვდი­ლიანობის (დაცემის) მაჩვენებლები და იგი არ აღემატება 16,5 %-ს. ადგილობრივი ფრინ­ველის ეს ღირებული თვისება კიდევ უფრო ამყარებს და დამაჯერებელს ხდის კოოპერატიულ მეურნეობებში მისი კომერციული მოშენების ეფექტს.

ფერმერულ მეურნეობაში ადგილობრივი ფრინველისათვის შესაძლებე­ლია გაკეთდეს პრიმიტიული ტიპის (ხის მასალის) საფრინველე 1 კვ.მ.-ზე 4-5 ფრთის გაანგარიშებით, ხოლო სეირანის ფართობი სასურველია 1 ფრთაზე 6-7 კვ. მ. ამ მონაცე­მებიდან გამომდინარე 1 ჰა-ზე შესაძლებელია დაისვას 2000 ფრთა ქათამი. სეირანი სასურველია იყოს ნათესბალახის. საფრინველე არ საჭიროებს განათების და გათბობის რეჟიმს. წელიწადის იმ პერიოდში, როდესაც დღის ხანგრძლიობა დაბალია, საჭირო იქნება 24 სთ-ის განმავლობაში საფრინველის განათება 3-4 სთ. ფრინველს, რომელიც სარგებლობს სეირანით, დღის განმავლობაში შესაძლებელია მიეცეს საკვების სახით 90-100 მარცვალი (სიმინდი, ან ხორბალი).

საქათმესთან მოწყობილი სეირანი – კეთდება 2,2 მ სიმაღლის მავთულის ბადით. შენობიდან სეირანში გასასვლელი უნდა იყოს სათანადო ზომის (40×40სმ) მოწყობილი 20-25 სმ სიმაღლეზე იატაკიდან. სასეირანო ადგილი ისე უნდა დავიანგარიშოთ, რომ თითო ქათამზე მოდიოდეს 7 მ2, ხოლო სუქებაზე დაყე­ნებული ქათმებისთვის – 4 მ2

საბუდარი უნდა დამზადდეს გარანდული და ანტისეპტიკით გაჟღენთილი ფიცრისაგან. საბუდარი მაგრდება 50-70 სმ სიმაღლეზე. საბუდარის ქვეშ იდება 15-18 სმ. სიმაღლის ყუთები ნაცრისა და სილის ნარევით. ნაცარი საჭიროა პარაზიტებთან საბრძოლველად.

ქანდარის მოსაწყობად ხმარობენ მრგვალ, გარანდულ ნავთში გაჟღენტილ ჯოხებს საფრინველეში სასურველია იყოს +18-200C ტემპერატურა. საქათმეში ჰაერის ცვლისათ­ვის ჭერში უნდა გაკეთდეს რამდენიმე ამწოვი მილი რამდენიმე ფიცრისაგან (22×22 სმ), რომელიც სახურავს უნდა აცდეს 60 სმ-ით. აუცილებლად უნდა გამოინახოს  ფანჯრების გაღების შესაძლებლობა შენობის განიავებისთვის. განათება – ყოველ 10 2 ფართობზე საკმარისია ერთი 60 ვტ. ნათურა,  დამაგ­რებული 2 სიმაღლეზე.

საქათმის აშენების გეგმები მრავალი ტიპისაა, მაგრამ მთავარია შიგნით იყოს საკმარისი სივრცე. მაგალითად, 100 ფრთაზე საკმარისია 6 მ სიგრძის,  6 მ სიგანის და 3 მ-მდე  სიმაღლის შენობა (სამხრეთ ქვეყნებისთვის), ჩრდილოეთ ქვეყ­ნებისთვის – 40-50 ფრთაზე  საქათმის სიგრძე და სიგანე 4-4 მ უნდა იყოს, სი­მაღლე კი – 3 მ. 40%-იანი და მეტი კვერცხდების ინტენსიობის პირობებში 1 ფრთას დღეში ეძლევა საშუალოდ 140-145 გ საკვები, რომლის ყოველი 100 გ უნდა შეი­ცავდეს 16-17 გ ნედლ პროტეინს, 220 კკალ მიმოცვლის ენერგიას და 1-1,2 ს. ე.- ს.

თითო კვერცხის წარმოსაქმნელად ორგანიზმი ხარჯავს 2,1-2,2  გ  კალციუმს. სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე კიდევ იხარჯება  0,2 გ. ფრინველის ორგანიზმი საკვებიდან ითვისებს მხოლოდ 50 % კალციუმს, ამიტომ საჭიროა მას დღეში მიეცეს 2-ჯერ მეტი კალციუმი, ანუ 4,5 გ-დან 5 გ-მდე.

კალციუმი ფრინველს შესაძლებელია მიეცეს ცარცის, წვრილი ქვიშის, ან დაფქული ნიჟარის სახით. ამასთან ერთად, ფრინველისთვის აუცილებელია მწვანე მასა 1 ფრთაზე 15-20 გ დღეში. საკვები რაციონი უნდა იყოს მრავალ­ფეროვანი. ზამთარში ვიტამინების საუკეთესო წყაროა წვრილად დაქუცმა­ცებული წიწვები (დღე-ღამეში 2-5 გ).კალციუმი და ფოსფორი. მათი ოპტიმალური შეფარდებაა 2 : 1. კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობას არეგულირებენ ვიტამინები.

ზაფხულში დილით უკეთესია რბილი საკვების მიცემა – ხორბლის ქატო, შერეული სადილის ნარჩენებთან. შუადღისას – ცოტაოდენი წიწიბურა, ბრინჯი, ბარდა; საღამოს – ქერი, ან შვრია. კვერცხმდებელი ქათმებისთვის დილით შვრია მწვანე მასასთან ერთად, შუადღისით – ბარდა, ან ოსპი. ქერი ნაკლებად ყუათიანია ქათმებისთვის. ქერის მიცემა ძალზე ეფექტურია დაღერღილი სახით. ყვითელი სიმინდი და ხორბალი ასევე კარგი საკვებია როგორც ზამთარში, ასევე წლის ნებისმიერ დროს. მათი მიცემა უმჯობესია დილით და შუადღეზე.  წიწიბურა კარგია მეხორცული ქათმებისთვის. ზამთრისთვის შეიძლება დავამზადოთ ვიტამინიანი საკვები. სიმინდის მარცვალი მდიდარია ცხიმით და სახამებლით, ითვლება საუკეთესო საკვებად ზამთარში. საღამოს კვების დროს შეიძლება მიეცეს 0,1 კგ 1 ფრთაზე (2 კგ ცოცხალი მასით). მწვანილი და სხვა ბოსტნეული შერეული ქატოსთან – ოდნავ მოხარშული და დაქუცმაცებული სახით. წიწილებისთვის პირველი საკვების მიცემა შეიძლება გამოჩეკიდან 14-18 საათის შემდეგ – ცოტა­ოდენი მაგრად მოხარშული წვრილად დაქუცმაცებული კვერცხი – პირველი 4-5 დღე.  მანამდე 1-1,5 საათით ადრე უნდა მიეცეს დამდგარი წყალი. მე-5 დღიდან სასურველია ნაკლებცხიმიანი ხაჭოს მიცემა. მე-6, მე-7 დღიდან წიწილებს აჩვევენ მარცვლოვან საკვებს, მოხარშულ კარტოფილს, ჭარხალს, ფქვილთან ერთად მოხარშულ ახალ ჭინჭარს. მარცვლეულიდან კარგია დაღერღილი სიმინდი, ხორბალი, შვრია, ხოლო დაუღერღავი  მარცვლის მიცემა შეიძლება 2 თვის შემდეგ. შესაძლებელია დამზადდეს წიწილის საკვების შემდეგი ვარიანტი – პრემიქსი 20-25 %  სიმინდი – 75-80 %, ანუ შეფარდებით 2 კგ პრემიქსი + 8 კგ დაღერღილი სიმინდი. 10 კგ ამ საკვებს შესაძლებელია დავამატოთ დიკალცი­ფოსფატი 80-100 გ, ასეთი ნარევი ეძლევა 120 დღეში.  

როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან იკვეთება, გენეტიკური მრავალფე­როვნების ასეთი შეუქცევადი დანაკარგი ამცირებს სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესების, სიღარი­ბის დაძლევის და მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე გადასვლის შესაძლებლობებს.

კობა ნაცვალაძე,

სოფლის მეურნეობის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი