ადგილწარმოშობის დასახელება „კარდენახი“
ღვინო „კარდენახის“ დაბადება ვალერიან კანდელაკის სახელსა და გვარს უკავშირდება. ის ცნობილი მეღვინე გახლდათ, რომელიც ძმასთან ევგენისთან ერთად 1903 წლიდან სწავლობდა ყირიმში. ძმებმა იქ აითვისეს მებაღეობა-მევენახეობა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ საქმიანობაში და პირველად, 1904 წელს დაამზადეს შემაგრებული ტიპის წითელი ღვინოები. წარმატებულმა შედეგმა აფიქრებინა ვალერიანს, პირადად ჩამოეყალიბებინა საკუთარი კერძო კომპანია, შეექმნა ახალი მარკის შემაგრებული ღვინო და გაეგრძელებინა ეს გზა, თუმცა, ყირიმში შეჭრილმა ბოლშევიკებმა მთლიანად ჩამოართვეს ქონება და სრულიად გაღატაკებული იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო.
1917 წლიდან რევოლუციამ შეცვალა ბაზრის მოთხოვნები, საქართველოშიც გახდა საჭირო შემაგრებული ღვინის დამზადება და სწორედ ვალერიან კანდელაკმა აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე. პირველი საცდელი პარტია – 3 000 სათლი ღვინო „კარდენახი“ მან კარდანახის ღვინის ქარხანაში დაამზადა. შედეგმა გაამართლა და 1925 წლიდან უკვე ღვინო სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.
მოგვიანებით, ვალერიან კანდელაკი შეცვალა არანაკლებ გამოცდილმა და პროფესიონალმა მეღვინემ, ბიკენტი სირაძემ. ის არაერთი სახელოვანი მარკის ღვინის ავტორია და მისმა აქტიურმა მუშაობამ „კარდენახიც“ გააუმჯობესა. ხარისხმა კიდევ უფრო მაღლა აიწია, ცნობადობამ იმატა და საერთაშორისო გამოფენებზე მიღებულმა გამარჯვებებმაც არ დააყოვნა. „კარდენახს“ მოპოვებული აქვს 9 მედალი: 8 ოქრო და 1 ვერცხლი.
დღეისთვის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელება „კარდენახი“ გამოიყენება, როგორც ქარვისფერი მშრალი, ისე შემაგრებული ღვინის მოსანიშნად.
ქარვისფერს აქვს მუქი ქარვისფრიდან ჩალისფრამდე ტონებით გაჯერებული შეფერილობა – სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემო, კარგად გამოხატული ჯიშური არომატი, ზომიერი და რბილი სიმწკლარტე, რაც მის ტიპურობას განაპირობებს. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ქარვისფერი ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები. შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.
რაც შეეხება შემაგრებულ „კარდენახს“, მისი ფერი გარდამავალია ღია ოქროსფრიდან მუქ ქარვისფრამდე. აქვს სრული, ჰარმონიული გემო, გამოხატული ჯიშური არომატი და თაფლის ტონები. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს 18% (დასაშვებია გადახრა ±0,5%-ის ფარგლებში), შაქრიანობა კი უნდა ჰქონდეს 100 გ/ლ (დასაშვებია გადახრა ± 5 გ/ლ-ს ფარგლებში).
„კარდენახი“ მზადდება მხოლოდ კარდანახის მიკროზონაში მოწეული რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან. ნაყოფი აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 20%. რაც შეეხება ჯიშების შერევას, შესაძლოა რქაწითელთან იმავე მიკროზონაში მოყვანილი კახური მწვანის და ხიხვის ჯიშის ყურძნების შერევა, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია პროპორციები – მაქსიმუმ 15% .
გეოგრაფიულად, „კარდენახის“ მიკროზონის არეალი გულისხმობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის ადმინისტრაციულ ტერიტორიას, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ქვეშ გაშლილ ველებს.
„კარდენახის“ წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი, რომელიც მხოლოდ ამ მიდამოებშია მოწეული, შესაძლოა გადამუშავდეს და დამზადდეს მხოლოდ კახეთის ფარგლებში. ჩამოსხმა კი შესაძლებელია ფარგლებს გარეთ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.