აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

აღმოსავლური ხურმის ბაღის გაშენება

ბაღის გაშენებამდე ერთი წლით, ან წლინახევრით ადრე უნდა ჩატარდეს საპლანტაჟო მოხვნა (ღრმა მოხვნა, ერთფრთიანი გუთნით). თუმცა შესაძლებელია ამ დროის შემჭიდროებაც და პლანტაჟის განხორციელება 6 – 9 თვით ადრე.

საპლანტაჟო ხვნის სიღრმე შეადგენს 40-60 სმ-ს ნაკლებად ნაყოფიერ და 60 – 80 სმ-ს ნაყოფიერ მიწებზე. ღრმა პლანტაჟს არ იყენებენ 7-100 დახრილობის ფერდობებზე, ძლიერკარბონატულ ნიადაგებზე, ძლიერი თიხნარი ქვენიადაგის მქონე ფართობებზე. პლანტაჟის კარგი ალტერნატივა ღრმა ჩიზელური გამაფხვიერებლით ან რიპერით ქვენიადაგის ფენის დამუშავება 60 – 80 სმ სიღრმეზე.

აღმოავლური ხურმა დამატება

პლანტაჟის შემდეგი ღონისძიებებია: გადახვნა, კულტივაცია დისკოებიანი კულტივატორით, კულტივაცია როტაციული კულტივატორით.

პლანტაჟის ან გადახვნის პარალელურად ახდენენ ნიადაგის განოყიერებას – ამ დროს ნაკვეთში შედის ორგანულ სასუქები (ნაკელი, კომპოსტი), ფოსფორიანი, კალიუმიანი ან კომპლექსური სასუქები. სასუქების შეტანის დოზები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით მხოლოდ წინასწარ ჩატარებული ნიადაგის ანალიზის საფუძველზე.

ხურმა შეიძლება დავრგოთ გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულზე ხეხილის დარგვა სასურველია დამთავრდეს 15 აპრილამდე.

ბაღის გაშენებისას ნერგის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ნერგი უნდა იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, სწორი ღეროთი და არანაკლებ 140-160 სმ-ის სიგრძის.

ნერგის დარგვის წინ, სასურველია, სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი 50-60 სმ-ია, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ. ნერგი ფრთხილად ირგვება ორმოში, მოიტკეპნება და მოირწყვება. თითოეულ ორმოში ნერგს დაესობა ჭიგო და აიკვრება 2 ადგილზე.

დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყოს. ამის შემდეგ მორწყვა რეგულარულად უნდა განმეორდეს მოკლე ინტერვალებით ნერგის გახარებამდე.

ხურმის ბაღის გაშენების რეკომენდებული სქემებია: 6 x4, 6 x 5 მეტრი ინტენსიურ სისტემებში – 5 x 3 მეტრზე.

ყველა ჯიშისათვის, რომელთა განაყოფიერებისათვის საჭიროა დამტვერვა, უნდა დაირგოს დამამტვერიანებელი ჯიშები.