აგრარული განათლებარუბრიკები

აგროკლიმატური რისკები და მოსავალი სუბტროპიკულ ზონაში

       უკანასკნელი 20-25 წლის მანძლიზე დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში არ აღნიშნულა დიდთოვლიანობა და კატასტროფული ყინვები, თუმცა გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე რბილი ზამთრის, ცივი გაზაფხულისა და ცხელი, გვალვიანი ზაფხულის პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად მცირდება.

სუბტროპიკულ კულტურათა ინტენსიური ტექნოლოგიების დამუშავებისა და ათვისების პროცესში მაქსიმალური მოსავალი მოსალოდნელია მხოლოდ მაშინ, თუ კულტურის აგროტექნიკა და ჯიშობრივი შემადგენლობა ყოველი კონკრეტული მიკროეკოლოგიური ზონისათვის ბუნებრივი პირობების შესაბამისადაა კორექტირებული.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა პროგრამული მოსავლის მისაღებად ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში აუცილებელია განხორციელდეს ურთიერთდაკავშირებული აგროტექნიკური, მელიორაციული და სამეურნეო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ნიადაგურ-კლიმატური პოტენციალის, ჯიშის ეკოლოგიურ-გენეტიკური შესაძლებლობების, შრომითი და მატერიალური რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

ფერმერებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ სუბტროპიკული კულტურების ზრდა-განვითარება და სტაბილური მოსავლიანობა კანონზომიერ კავშირშია ისეთ მნიშვნელოვან მეტეოროლოგიურ ფაქტორებთან, როგორიცა: ზამთრის კრიტიკული ტემპერატურები, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, ნალექების წლიური რაოდენობა და მათი განაწილების კანონზომიერება, საგაზაფხულო წაყინვების პერიოდულობა, ნიადაგის სითბური რეჟიმი, გვალვები, ცივი და ცხელი ქარების ზემოქმედების ხასიათი და სხვა.

სუბტროპიკული მემცენარეობის დარგში მრავალწლიანი სამეცნიერო და საწარმოო ხასიათის გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსავლიანობის სტაბილურობის მიხედვით საქართველოს სუბტროპიკებში ჩაის კულტურას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩაის კულტურის მოსავლიანობის სტაბილურობა ძირითადად მცენარის ბიოლოგიური თავისებურებითა და ნედლეულის მოხმარების ხასიათით უნდა აიხსნას. ძირითადი მოსავალი ჩაის ნედლი ყლორტები და ნაზი დუყებია, რომლებიც ნაკლებად განიცდის არახელსაყრელი კლიმატური ფაქტორების ზემოქმედებას. რაც შეეხება სუბტროპიკულ ხეხილოვან კულტურებს, აქ მოსავლიანობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი ნაყოფია, ხოლო ნაყოფის ფორმირება პირდაპირ კავშირშია მცენარის გენერაციული ციკლის (ბუტონიზაცია, ყვავილობა, გამონასკვნა) წარმართვისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ფაქტორების ოპტიმიზაციასთან.

ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მკაცრი თოვლიანი ზამთრის შემდეგ, როდესაც მცენარეთა ვეგეტაცია იგვიანებს და იგი აპრილის მეორე დეკადიდან იწყება, საგაზაფხულო წაყინვებისაგან მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა, ხოლო რბილი ზამთრისა და ნაადრევი ვეგეტაციის პირობებში, როდესაც

თებერვლის მესამე დეკადა-მარტისა და აპრილის თვეში ფაქტობრივად მცენარეები ვეგეტაციისა და გენერაციის აქტიურ ფაზაშია შესული, საგაზაფხულო წაყინვებისაგან მიყენებული ზარალი დიდია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საგაზაფხულო წაყინვებს მაისის პირველ დეკადაშიც გადაუნაცვლებია, რასაც ჩაის ახალგაზრდა დუყები, ვაზისა და ხეხილივანთა ნაზი ყლორტები და საყვავილე ბუტონები გაუნადგურებია.

     როგორც ცნობილია საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ყველაზე საშიშ მოვლენას ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასების ხანგრძლივი ზემოქმედება წარმოადგენს (1949, 1969, 1985,1992), თუმცა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ასეთი ხანგრძლივი ცივი მასების შემოჭრა არ აღრიცხულა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის 16-17 იანვარს, როდესაც ჩრდილო-დასავლეთიდან შემოიჭრა ხანმოკლე ცივი მასები, რომელმაც ლოკალურად მხოლოდ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონში გამოიწვია დიდთოვლიანობა და ანომალიური მოვლენაც კი — გაიყინა პალიასტომის ტბა, თუმცა ცივი მასების ზემოქმედება არ გასცილებია ფოთი-ყულევის საზღვრებს. დანარჩენ რეგიონებში სუბტროპიკული კულტურები არ გაყინულა და დაზიანებულა.

გავიხსენოთ 2013 წლის დეკემბრის პირველი ნახევარი, რომელიც მეტად ცივი და ნალექიანი გამოდგა. 3-5 დეკემბერს სუბტროპიკულ ზონაში თოვლი მოვიდა, ტემპერატურ

-30-50-მდე დაეცა, რამაც დიდი ზარალი მიაყენა ჯერ კიდევ დაუკრეფავ ციტრუსების ნაყოფებს. ნაყოფთან ერთად დაზიანდა მცენარის ახალგაზრდა ყლორტები და ფოთლები. დეკემბრის მეორე ნახევრიდან იანვრის ბოლომდე ამინდები შედარებით რბილი, თოვლისა და ყინვის გარეშე აღირიცხა. განსაკუთრებით დათბა 2014 წლის თებერვალში, რამაც გამოიწვია კურკოვანი და თესლოვანი კულტურების ვეგეტაციის პროვოცირება. მარტის თვის პირველი და მესამე დეკადა სუსხიანი და ნალექიანი იყო, მესამე დეკადის დასასრულს 29-30 მარტს სუბტროპიკულ ზონაში (აჭარა, გურია, სამეგრელო) თოვლი მოვიდა (10-30სმ). ტემპერატურა -20-40-მდე დაეცა. თოვლმა და დაბალმა ტემპერატურამ დააზიანა მოყვავილე მცენარეები, განსაკუთრებით დაზიანდა აქტინიდიის (კივი) და თხილის ახალგაზრდა სანაყოფე ყლორტები.

      გლობალური დათბობის ერთ-ერთ უარყოფით ფაქტორად უნდა ჩაითვალოს 2014 წლის 4-5 ივნისს დასავლეთ საქართველოში განვითარებული ძლიერი ცხელი ქარიშხალი. სტიქიის ზონად გურიის რეგიონი გამოცხადდა. სტიქიამ დააზიანა ნაგებობები, დაამსხვრია ხე-მცენარეები, იყო მსხვერპლი. ძლიერმა ქარიშხალმა ჩამოყარა თხილის, ხეხილოვნებისა და კურკოვნების უმწიფარი ნაყოფები, დაამტვრია აქტინიდიის, ვაზის ყლორტები, გაანადგურა ბოსტნეული. ამავე წლის ივნისის მეორე ნახევრიდან, ივლისისა და აგვისტოს პირველი ნახევარი სუბტროპიკული ზონისთვის უჩვეულო მაღალი ტემპერატურებითა და ტენის დეფიციტით აღინიშნა. ტემპერატურამ პიკს 11-12 ივლისს მიაღწია, როდესაც თერმომეტრი ჩრდილში 420C-430C, ხოლო მზეზე 530C-540C უჩვენებდა. მაღალმა ტემპერატურამ და მზის პირდაპირმა სხივებმა დაწვა მცენარეთა ფოთლები, ნაყოფები. მაღალ ტემპერატურას თან დაერთო ნიადაგში ტენის დეფიციტი. განსაკუთრებით ფერდობ ადგილებზე გაშენებულ სუბტროპიკულ ხეხილოვან კულტურებში (ციტრუსები, აქტინიდია, თხილი, ფეიხოა და სხვა)

ნიადაგში ტენის დეფიციტის გამო აღინიშნა ნაყოფების მასიური ცვენა, ფოთლებისა და ახალგაზრდა ყლორტების ჭკნობა. ადგილი ჰქონდა ახალგაზრდა ნარგაობაში მცენარეთა მთლიან ხმობას.

ნოემბრის მესამე დეკადაში უხვნალექიანობასთან ერთად ზოგიერთ ადგილებში (აჭარა, გურია) აღინიშნა სეტყვა, რამაც დააზიანა ციტრუსოვანთა ნაყოფები, თუმცა სადაზღვევო კომპანიებმა ნაწილობრივ კომპენსირება გაუკეთეს დაზარალებულ ფერმერებს.

ამრიგად, 2014 წლის სავეგეტაციო პერიოდი თავისი კლიმატური მაჩვენებლებით ძალზე არახელსაყრელი აღმოჩნდა სუბტროპიკულ რეგიონში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებისა და მოსავლიანობისათვის. ჩვენი წინასწარი გათვლებით მრავალწლიან საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთა გამო მოსავლიანობა შემცირდა: თხილის კულტურაში 30-40%-ით; ციტრუსებში 25-30%-ით; აქტინიდია 70-80%-ით; ფეიხოა 40-50%-ით; ხეხილოვნები 30-40%-ით; ვაზი 60-70%-ით; ბოსტნეული 60-70%-ით; მარცვლეული (სიმინდი) 20-30%-ით; ჩაი 15-20%-ით.

კიდევ უფრო არამდგრადი გამოდგა 2015 წლის სავეგეტაციო პერიოდი. უთოვლო და რბილი  ზამთრის შემდეგ ძალზე ცივი და სუსხიანი აღმოჩნდა მარტი-აპრილი, მაისი და ივნისის თვე. ეს ის პერიოდია, როდესაც მრავალწლიანი სუბტროპიკული კულტურები ბუტონიზაციის, ყვავილობისა და გამონასკვის ფაზაში იმყოფებიან. მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა მთლიანად გაანადგურა ხეხილოვანი კულტურების ყვავილები და ნასკვები, სუბტროპიკული კულტურებიდან თითქმის უნაყოფოდ დარჩნენ აქტინიდიის, ფეიჰოას ნარგავები, რაც შეეხება თხილს, მან შეინარჩუნა მდგრადობა და მოსავლიანობა, თუმცა ნესტიანმა და ცივმა კლიმატმა ხელი შეუწყო ნაყოფებზე სოკოვანი დაავადებების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ციტრუსოვანი კულტურები გვიან მოყვავილე მცენარეებად ითვლება, ადგილი ჰქონდა ყვავილების და ნასკვების მასიურ ცვენას.

     ამავე წელს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში თითქმის ოთხთვიანი ცუდი კლიმატური პირობების შემდეგ, ივლისის მეორე დეკადიდან გამოიდარა. ამ პერიოდიდან მთელი ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის განმავლობაში დღისით ჰაერის ტემპერატურა 320-360, ხოლო ღამით 220-280-ის ფარგლებში მერყეობდა. 18-20 აგვისტოს ტემპერატურამ ჩრდილში 400C, ხოლო მზეზე 430C-440C-მდე მიაღწია. ამერიკული ოკეანოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით 2015 წლის ივლისი ტემპერატურული დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებლებზე ავიდა როგორც ხმელეთზე, ისე ოკეანეში. ივლისსა და აგვისტოში ანომალიური სიცხე დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, სიცხისაგან ასობით ადამიანი გარდაიცვალა, განადგურდა სასოფლო სამეურნეო კულტურები.

ხანგრძლივმა გვალვებმა ნიადაგში შექმნა ტენის მნიშვნელოვანი დეფიციტი. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის თვეში ნაცვლად მრავალწლიანი საშუალო — 600-700მმ ნალექებისა ფაქტიურად მოვიდა 100-150მმ, ისიც მხოლოდ ორ დღეს (6 და 23 აგვისტოს) თქეშის სახით. გორაკ-ბორცვიან ადგილებში გაშენებული ერთწლიანი მარცვლოვანი (სიმინდი) და ბოსტნეული კულტურები მთლიანად განადგურდა, გაუჭირდა მრავალწლიან კულტურებს.

გვალვები და ცხელი ტემპერატურა დაემთხვა თხილის მოსავლის აღებას. ნაყოფმა ვერ მოასწრო სრულყოფილი მომწიფება, რის გამოც მოსავლის დიდი ნაწილი დაიკარგა. ციტრუსოვან კულტურებზე ტენის დეფიციტის გამო განვითარდა წვრილი ნაყოფები, შეიმჩნეოდა ნაყოფების მასიური ცვენა.

თუ კი გასული 2013-2015 წლების სავეგეტაციო პერიოდი სუბტროპიკულ ზონაში გამოირჩეოდა ცხელი კლიმატითა და გავალვებით – 2016 წელი კი პირიქით , უხვი ნალექებით, დაბალი ტემპერატურებითა და მაღალი ტენიანობით , რამაც ნეგატიური გავლენა იქონია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზრდა-განვითარებაზე და მოსავლიანობაზე.

კიდევ უფრო მძიმე გამოდგა 2017 წელი. 28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოში აღინიშნა ინტენსიური თოვა, ქარბუქი. ღამით აბსოლუტურმა მინიმუმმა -60-80  მიაღწია. ზოგიერთ წერტილებში ტემპერატურა -100C-მდე დაეცა. შავი ზღვის სანაპიროს ზოლში დაზიანდა ლიმონისა და ფორთოხლის ნარგაობა. ამავე წელს სუბტროპიკულ ზონაში აღინიშნა საგაზაფხულო წაყინვები. მარტი-აპრილის თვეში ღამით ტემპერატურა -20C-30C-მდე დაეცა, რამაც გაანადგურა მოყვავილე ხეხილოვანი კულტურები, ასევე დაზიანდა აქტინიდიის, ვაზის ახალგაზრდა ყლორტები, ჩაის ახლად წამოსული ნაზი დუყები.

   2017 წლის სავეგეტაციო პერიოდში უხვნალექიანი გამოდგა მაისის, ივნისის, ივლისის თვეები. ამ პერიოდში მასიურად შეინიშნებოდა მავნებელ-დაავადებათა გააქტიურება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და განსაკუთრებით თხილზე. მაღალი ტენიანობის გამო გაჩნდა ნაყოფების, ფოთლებისა და ყლორტების ნაცრისფერი სილაქავე, სოკოვანი და ბაქტერიული დაავედებები. ეს პროცესი კიდევ უფრო დაამძიმა მავნებელი აზიური  ფაროსანას მასიურმა განვითარებამ, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას (თხილი, ციტრუსი,ხურმა,სხვა ხეხილოვნები, მარცვლეული, ბოსტნეული) კატასტროფული ზიანი მიაყენა. მიუხედავად სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების მიერ ჩატარებული ბრძოლის ღონისძიებებისა აზიური ფაროსანა და სხვა მავნებელ დაავადებათა მიერ თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები 70-80%-ით შემცირდა. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა კულტურებშიც.

თუ წლის პირველი ნახევარი უხვნალექიანობით გამოირჩეოდა, მეორე ნახევარი (აგვისტო-სექტემბერი) ძლიერი გვალვებითა და მაღალი ტემპერატურებით აღინიშნა. მთიან აჭარაში 100 დღის განმავლობაში წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ხანგრძლივი გვალვები და ხანძრების მთელი სერია დაფიქსირდა.

რაც შეეხება ჩაის კულტურას, ჩამონათვალში ის ერთადერთია, რომელიც ყველა კულტურისაგან განსხვავებით გამძლეა ეკოლოგიური რისკების მიმართ. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ეკოლოგიური სიტუაციების ფონზე ამ კულტურას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, არადა ეკოსისტემა კიდევ უფრო დაძაბული და მკაცრი გახდება. როგორც მკვლევარ სპეციალისტები ვარაუდობენ გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე მოსალოდნელია შავი ზღვის აცივება, რაც გამოიწვევს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში მრავალწლიანი საშუალო ტემპერატურის 2-3 გრადუსით შემცირებას, შესაბამისად შეიცვლება აბსოლუტური მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურები, გამოიკვეთება უხვნალექიანი და გვალვიანი პერიოდები.  ეს მომენტი საყურადღებო უნდა გახდეს ამ ზონაში დასაქმებული ფერმერებისათვის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათვისების პროცესში კულტურათა სწორი შერჩევა-შეთანაწყობის მიზნით. ამასთან ფერმერულ მეურნეობებში ასეთი კლიმატური მაჩვენებლების საპასუხოდ, ფართოდ უნდა იყენებდნენ ხელოვნურ და ბუნებრივ მულჩს, მორწყვის სხვადასხვა სახეს, ნიადაგის ზედა ფენის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნების აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ქარსაფარ ზოლებს ,განოყიერების რაციონალურ სისტემას და მავნებელ -დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებსა და საშუალებებს.

  ამრიგად  ბოლო ხუთი წლის კლიმატური პირობების დაწვრილებითმა ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, სადაც გახშირდა ეკოლოგიური რისკები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათვისება უნდა მოხდეს მხოლოდ მეცნიერულად შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. ცვლილება უნდა მოხდეს ნიადაგის სრული მეცნიერული კვლევის საფუძველზე შემუშავებულ განოყიერების სისტემაში. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს შესატანი სასუქების ფორმებს, დოზებს,ვადებს. უნდა მოხდეს მინერალური სასუქების დოზების თანდათანობითი შემცირება და ორგანო-მინერალური სასუქების დოზების ზრდა, რათა თავიდან იქნეს აცილებული უხვი ნალექების შემთხვევაში გამორეცხვა, ხოლო გვალვების შემთხვევაში საკვები ელემენტების კონცებტრაციის ზრდა და ფესვთა სისტემის დაზიანება. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სიდერატების თესვას და ფართობების დამულჩვას, რათა შენარჩუნებული იქნას ნიადაგში ტენტევადობა. ნიადაგი უნდა მოვამზადოთ კლიმატთან შესაბამისობაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურათა სწორ დარაიონებას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულ საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაციის გაცემა მხოლოდ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრ „ანასეულის“ (ოზურგეთი) ლაბორატორიას შეუძლია, ამავდროულად იგი უფლებამოსილია პრაქტიკული დახმარება გაუწიოს ფერმერებს მათთვის მტკივნეულ პრობლემებზე.

ზაურ გაბრიჩიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

რუსუდან ტაკიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ოზურგეთი, ანასეული.