აგროტექნიკური სამუშაოები საშემოდგომო ხორბლის ნათესში
ადამიანისათვის საჭირო სასურსათო პროდუქტებში პური ყველაზე გამორჩეულია, ამიტომ ხორბალს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნათესებს შორის პირველი ადგილი უკავია.
ბიოლოგიური თავისებურების მიხედვით არჩევენ ხორბლის საშემოდგომო (რომლებიც მხოლოდ შემოდგომაზე ითესება), საგაზაფხულო (რომლის თესვა გაზაფხულზე ხდება) და ორთესელა (რომელიც ითესება როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე) ფორმებს. ხორბლის მარცვლის წარმოებაში საშემოდგომო ხორბლის ხვედრითი წილი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი საგაზაფხულო ფორმებისა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მისი მოსავლიანობა უფრო მყარი და საიმედოა. საშემოდგომო ხორბალი უკეთესად იყენებს ნიადაგის ტენს, ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას და საგაზაფხულო ხორბალთან შედარებით მეტი ბარტყობის უნარი აქვს.
საქართველოში თავთავიანი კულტურების საერთო ნათესებში 70% საშემოდგომო ფორმებს უკავია. ხორბლის გავრცელების ძირითადი ზონებია: კახეთი, ქართლი, მესხეთ-ჯავახეთი.
საშემოდგომო ხორბალი გრძელი დღის მცენარეა. მისი აღმოცენების სისწრაფე დამოკიდებულია თესლის ხარისხზე, ნიადაგის დამუშავების მდგომარეობაზე, ტენსა და სითბოზე. ცივ და მშრალ პერიოდში აღმოცენება ორი-სამი თვის განმავლობაში ხანგრძლივდება, ხოლო თბილსა და ტენით უზრუნველყოფისას ნათესი მე-6 მე-7 დღეს აღმოცენდება. თესლის გაღივება იწყება 1-20C ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა 12-150C, ხორბლის ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 8-100C პირობებში, ხოლო 3-40C-ზე წყვეტს ვეგეტაციას. მასზე უარყოფითად მოქმედებს დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი რყევა, დღისით პლიუს 5-100C და ღამით — 100C-მდე, უთოვლო ზამთარში დამღუპველია -16-180C.
ნორმალურ პირობებში მოთავსებული ხორბლის თესლის გაღივებისათვის საჭიროა ოთხი ფაქტორი: სითბოს, სინათლის, ჰაერაციის და ტენის ერთობლივი მოქმედება, რომელთა გავლენით ენდოსპერმში არსებული საკვები ელემენტები იშლება, გადადის ხსნად მდგომარეობაში და ხმარდება აღმონაცენის განვითარებას. ნიადაგში მოთავსებული მარცვალი სწრაფად ითვისებს წყალს იმ მომენტამდე, სანამ ტენიანობა არ გათანაბრდება ნიადაგში და მარცვალში. ხორბლის მარცვლის გასაღივებლად საჭირო წყლის რაოდენობა საშუალოდ ტოლია მარცვლის წონის 55-60%-ისა. კიდევ უფრო იზრდება ტენზე მოთხოვნილება ბარტყობის, აღერების, მარცვლის ჩასახვისა და დამსხვილების პერიოდში. ტენის სიმცირე აფერხებს ამ პროცესებს, რადგან შემცირებულია საკვები ელემენტების შესვლა მცენარეში, ხორბლის კულტურა ცუდად იტანს გვალვას.
თესლის გარშემო ჰაერის შეუფერხებელი მოძრაობა მისი გაღივების აუცილებელი პირობაა. აქედან გამომდინარე, ყველა ის პირობა, რომელიც ნიადაგში (ნიადაგის პირის შეკვრა, წაკირვა ან ზედაპირის გაყინვა, დატბორვა, ჭარბი ტენი თესლის განლაგების ადგილზე და სხვა) ჰაერის ცირკულაციას აფერხებს, გაღივების პროცესს ხელს უშლის.
ჯეჯილის განოყიერება და ფარცხვა
გაზაფხულზე, ჩვეულებრივ საშემოდგომო ნათესები რამდენადმე დასუსტებულია. პირველ რიგში ნათესის სწრაფი გამოჯანსაღებისა და ზრდა-განვითარების დაჩქარებისათვის ზრუნვაა საჭირო. ამ მიზნით ჯეჯილს საგაზაფხულოდ, უმთავრესად აზოტიანი სასუქებით კვებავენ. სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ მიწებზე მინერალური სასუქების უფრო დიდი დოზები შეაქვთ, ვიდრე ურწყავ და გვალვიან ზონებში, რადგან ტენით უზრუნველყოფილ პირობებში მცენარე მინერალურ სასუქებს უფრო უკეთ ითვისებს და მისი ეფექტიც მეტია.
ნათესის გამოსაკვებად საჭიროა 80-100 კგ. აზოტი მოქმედი ნივთიერების სახით, რაც ფიზიკური წონით 240-300 კგ. ამონიუმის გვარჯილას უდრის. ურწყავ პირობებში მიზანშეწონილია მოცემული ნორმების 180-200 კგ-მდე შემცირება.
გაზაფხულზე ნათესების გამოკვების ეფექტის ასამაღლებლად აზოტიანი სასუქის შეტანა მცენარის ფესვთა სისტემის არეში 6-8 სმ სიღრმეზე უმჯობესია, რაც ჩვეულებრივი მარცვლეული კულტურების სათესით სრულდება. გამოკვება ტარდება კარგად დაბარტყებულ ნათესში. სუსტი, ფესვებმოუმაგრებელი ნათესის გამოსაკვებად სათესი მანქანის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან სათესი მანქანა ნათესს დააზიანებს.
გამოკვება წარმოებს ადრე გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი აიღება, ან ნიადაგის ზედაპირი შეშრება და შესაძლებელი იქნება ნათესში ტექნიკით შესვლა. სასუქების შეტანისთანავე ხშირად ნათესს მსუბუქ კბილებიანი ფარცხით ფარცხავენ. მწკრივების გარდი-გარდმო დაფარცხვა, იმის გარდა, რომ ახლად შეტანილ სასუქს აქცევს ნიადაგის ტენიან ფენაში, რაც აადვილებს მცენარის მიერ მის შეთვისებას, აფხვიერებს ნიადაგს და ხელს უწყობს ჯეჯილის განახლებულ ბარტყობას, სპობს სარეველებსა და რაც მთავარია, ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას. მცენარეების ნაკლებად დაზიანების მიზნით, ჯეჯილის ფარცხვა ტარდება დაბალ სიჩქარეზე. ნათესების საგაზაფხულო დაფარცხვა 2-3 ცენტნერით ზრდის მარცვლის საჰექტარო მოსავლიანობას.
საშემოდგომო ხორბლის ჯეჯილი გაზაფხულზე შეიძლება დაიფარცხოს, რის შედეგად იშლება ნიადაგის ქერქი, მცენარეებს სცილდება გამხმარი ნაწილები, იქმნება ნორმალური პირობები ხორბლის მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის. თავის დროზე დაფარცხვა მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის აორთქლებას, ღონისძიება ტარდება იმ დროს, როცა ნიადაგი კარგად ფხვიერდება, არ იზილება გადაჭარბებული ტენიანობისგან და არ იმტვერება გამოშრობის გამო.
ნათესის მორწყვა. საშემოდგომო ხორბალი ვეგეტაციის პერიოდში მნიშვნელოვნად მეტ წყალს მოითხოვს, ვიდრე საგაზაფხულო ხორბალი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საშემოდგომო ხორბალს ახასიათებს უფრო გრძელი სავეგეტაციო პერიოდი და იძლევა უფრო მეტ მოსავალს.
საშემოდგომო ხორბლის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის უფრო ხელსაყრელია, როცა ნიადაგის ზღვრული ტენტევადობა 80-75%-ზე დაბალი არ არის. სავეგეტაციო პერიოდში საშემოდგომო ხორბალი ხარჯავს 2500-4000 მ3 წყალს ჰა-ზე.
ტენზე მოთხოვნა დამოკიდებულია მცენარის ხნოვანებაზე, ზრდის ინტენსივობაზე, განვითარების სიძლიერეზე, ნიადაგში ტენის არსებობაზე, ტემპერატურაზე, ჰაერის ფარდობით ტენიანობაზე, განათებაზე, ფესვთა სისტემის განვითარებაზე, საკვები ნივთიერებების უზრუნველყოფაზე და სხვა ფაქტორებსა და პირობებზე.
რეკომენდებულია ნათესის თესვის შემდგომი და სავეგეტაციო მორწყვების ჩატარება. პირველი სავეგეტაციო მორწყვა ჩატარდება მცენარის აღერების ფაზაში, ხოლო მომდევნო საჭიროების მიხედვით დათავთავება-ყვავილობის და მარცვლის შევსების დროს.
მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა. ხორბალს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და ზოგჯერ ნათესებს და მიღებულ მოსავალს მავნებლები მთლიანად ანადგურებს. ნაწილი მწერებისა ხორბლის მცენარეს აზიანებს წუწნით, ნაწილი კი ღრღნით. ყოველივე ამის ცოდნას მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებების გამოყენების დროს, რადგან ნაწილი პესტიციდებისა მოქმედებს კონტაქტური, ნაწილი კი სისტემური გზით.
გაზაფხულზე, საშემოდგომო ხორბლის ნათესებში, მარცვლოვანთა მავნებლების აღმოჩენის შემთხვევაში მავნებლების წინააღმდეგ ინსექტიციდების შესხურება ტარდება. ასეთი წამლობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს.
თავთავიანი კულტურების უმთავრესი მავნებლები
მწვანეთვალა ბუზი – მასობრივი გამრავლების შემთხვევაში ხორბლის აღერების დროს მცენარეების 50% აზიანებს. დაზიანებული მცენარეების თავთავი ფოთლის ხალთიდან ვერ ამოდის, იბერება და განვითარებას წყვეტს. მავნე ბუზებს შორის მწვანეთვალა ბუზი ყველაზე მეტი მავნეობით გამოირჩევა.
პურის ბზუალა — თავთავიანი კულტურების სპეციფიკურ მავნებელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მავნებელია. ბზუალა შებინდებიდან დილამდე სოროებში ითრევს ჯეჯილს და ფლეთს, დღისით სოროებში იმალება.
ჭია-წურბელა — ხორბლეულის ფოთლებს აზიანებს როგორც მატლი, ისე ხოჭო, რის შედეგადაც მოთეთრო ფერის წაგრძელებული ლაქები წარმოიქმნება, მცირდება საასიმილაციო მოედანი და მცენარე სუსტდება.
სარეველებისგან ნათესების დაცვა. სარეველებისგან ნათესების დაცვის ღონისძიებათა შემუშავების დროს უწინარეს ყოვლისა მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სუსტად დასარევლიანების შემთვევაში საჰექტარო მოსავლიანობა 6-8%-ით მცირდება, ხოლო ძლიერი დასარევლიანებისას – 25-30%-ით და მეტადაც. ამიტომ სარეველებთან ბრძოლა მოსავლიანობის გაზრდის მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ფაქტორია.
მოზამთრე და საშემოდგომო სარეველების მოსასპობად საშემოდგომო ხორბლის მცენარეთა აღმოცენებამდე ზოგიერთ მიკრო-რეგიონში რეკომენდებულია ძლიერი ჰერბიციდების შეტანა. ძლიერი ჰერბიციდები გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, ნათესებს სარეველებისგან 90-95%-ით ასუფთავებს და მარცვლის მოსავლის მატებას ჰექტარზე 0,30-,059 ტონამდე უზრუნველყოფს.
ჰერბიციდებს, როგორც წესი, ბარტყობის ფაზაში ასხურებენ, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა 12-150Cმიაღწვეს, უფრო ადრე შესხურება უარყოფითად მოქმედებს მცენარის შემდგომ განვითარებაზე.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“