მეჯვრისხევის საფერავი – ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ვაზის ჯიში, რომელზეც ჩვენ გვინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, საქართველოში არსებულ არცერთ საკოლექციო ამპელოგრაფიულ ნაკვეთში არ აღმოჩნდა დაცული. არადა სოფელ მეჯვრისხევში ეს ჯიში უკვე დიდი ხანია არსებობს, რომლისგანაც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალხარისხიან ვარდისფერ ღვინოს აყენებს.


სიტუაციის შესასწავლად ასოციაცია „ელკანამ“ აღნიშნულ სოფელში 01.05.14-ში მცირე კვლევა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა იმისათვის, რათა შემდგომში მოხდეს აღნიშნული ვაზის ჯიშის საკოლექციო ნაკვეთებში დამაგრება, ხოლო მეორე მხრივ კი მეჯვრისხევის საფერავის, როგორც ძველი ქართული ვაზის ჯიშისა და მისგან დაყენებული ღვინის პოპულარიზაცია. შიდა ქართლის ეს ისტორიული სოფელი ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში, ხოლო ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს მდინარე მეჯუდას მარცხენა ნაპირას. მდინარის სახელიდან გამომდინარე ამ სოფელს ძველად მეჯუდასხევი რქმევია. მართალია, სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, მაგრამ აქ იდეალური პირობებია მევენახეობა-მეღვინეობის დარგების გასავითარებლად. მოკვლევის დროს არაერთი საინტერესო ცნობა მოვიპოვეთ მეჯვრისხევის საფერავის შესახებ. გამოკითხული იქნა ამ სოფლის 20-მდე მკვიდრი; დავათვალიერეთ მათი ვენახები; გავსინჯეთ მათ მიერ დაყენებული ღვინის ნიმუშები…

როგორც ირკვევა, ამჟამად ვაზის ჯიში — მეჯვრისხევის საფერავი ერთეული ვაზების სახით 50-60 ადამიანს აქვს შემორჩენილი, ხოლო შედარებით მოცულობითი ნარგაობიდან, ამასთან ძირითადად ხეივნების სახით ყურძენსა და ღვინოს აწარმოებს 15-მდე ოჯახი. თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, თეთრი ღვინის პარალელურად, 300-500 ლიტრ მეჯვრისხევის საფერავის ღვინოს აყენებს. ამ ჯიშს გააჩნია სინონიმი — ხომასურიანთ საფერავი. საქმე ისაა, რომ სოფელ მეჯვრისხევში ხომასურიძეების გვარის არაერთი წარმომადგენელი სახლობს, რომლებიც ოდესღაც რაჭიდან ჩამოსახლებულან აქ. სხვათა შორის, ამ გვარის უხუცესი წარმომადგენლების მიერ მივიღეთ ერთი საინტერესო ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ჯიში — მეჯვრისხევის ანუ ხომასურიანთ საფერავი შესაძლოა ხომასურიძეების გვარის წარმომადგენლებმა ჩამოიყოლეს რაჭიდან… თუმცა, ეს ვარაუდი ძირეულ გამოკვლევას საჭიროებს. რაც შეეხება ადგილობრივების მიერ დაყენებულ ღვინოს, რომელიც მეჯვრისხევის მოსახლეობაში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, შემდეგნაირად ხასიათდება: მიუხედავად ჯიშის სახელდებისა, ღვინო ინტენსიურად არ არის შეფერილი და ის, როგორც წესი, დგება ვარდისფერი ან ღია წითელი ფერის. არის კამკამა, სუფთა და მიმზიდველი შეფერვისა. ღვინის სუნში იგრძნობა ბროწეულისა და მოცხარის ტონები. სურნელოვანი ღვინოა. გემოში მკვეთრად იგრძნობა მაღალმჟავიანობა და ამრიგად იგი თითქმის მარახოშია, თუმცა ეს მჟავიანობა ღვინოს დიდ სიხალისეს სძენს. ამიტომაც ჯიში, გარდა ვარდისფერი მაღალხარისხიანი მშრალი ღვინის დაყენებისა, რეკომენდებულია ცქრიალა ღვინის დასამზადებლადაც. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ჩვენს მიერ გასინჯული 7 სხვადასხვა ნიმუში მჟავიანობის თვალსაზრისით თითქმის ერთი და იმავე კონდიციებისა იყო. ჩვენ ჩავატარეთ ერთ-ერთი ღვინის ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზიც, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ღვინის ტიტრული მჟავიანობა 8გრ/ლ-ზე მაღალია, ხოლო ალკოჰოლის შემცველობა — 11%-მდე. მოსახლეობის თქმით მეჯვრისხევის საფერავის რთველი წარმოებს ოქტომბრის დასაწყისიდან, ხოლო ამ დროისათვის ყურძენი აგროვებს დაახლოებით 20%-მდე შაქრიანობას. მათსავე მონაცემებზე დაყრდნობით 40-50 წლის წინათ სოფელ მეჯვრისხევში ვაზის ჯიში — მეჯვრისხევის საფერავი დაბლარი ვენახების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ამჟამად კი სოფელში დაბლარი ვენახი მხოლოდ ორგან აღმოვაჩინეთ: ვახტანგ (იუზა) გოგინაშვილთან შედარებით მოზრდილი, ხოლო გია გოგიაშვილთან კი მცირე ნაკვეთზე, რომელთანაც ვენახი ვაზის გაშენების ქართული სტილით, ინდივიდუალურ ჭიგოებზე იყო ფორმირებული. ხეივნების სახით კი მეჯვრისხევის საფერავი გაშენებული აქვთ: აკაკი ხომასურიძეს, გოდერძი ხომასურიძეს, გურამ კაპანაძეს, თამაზ ბუნტურს, მიხეილ მასურაშვილსა და სხვ.

ღვინის დაყენების საქმეში მისი მაღალი პოტენციალიდან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ მას მეტ ყურადღებას დაუთმობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ღვინის მარნებიც. მეორე მხრივ, იმედია, ჯიშის დამაგრება მოხდება საქართველოსა თუ უცხოეთის ამპელოგრაფიულ ნაკვეთებშიც. მეჯვრისხევის ანუ ხომასურიანთ საფერავი  ადგილობრივმა მოსახლეობამ წარადგინა გორში ჩატარებულ ქართლის ღვინის ფესტივალზე, სადაც ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეჯვრისხევის საფერავის ვენახის ერთ-ერთი მფლობელი თავისი ღვინით გადაღებული იქნა ამავე ფესტივალის ფარგლებში შექმნილ დოკუმენტურ-მხატვრულ ფილმში — „ქართლის მეღვინეები“, რომლის ნახვაც შესაძლებელია ქართულ ინტერნეტსივრცეში.

გიორგი ბარისაშვილი,

მცხეთა 2014წ.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“