აგრარული განათლებადარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ახალგაზრდა ბაღის განოყიერება

ახალგაზრდა, არამსხმოიარე ხეხილის ბაღი წლის განმავლობაში გადის შემდეგ ფენოფაზებს: კვირტების გაშლა და ყლორტების ზრდის დასაწყისი, ყლორტების გაძლიერებული და შენელებული ზრდა, ქსოვილების მომწიფება და გამოზამთრების ფაზა. აღნიშნული ფაზების დროული გავლა ბევრად არის დამოკიდებული საკვები ელემენტებით უზრუნველყოფაზე, რომელთა დეფიციტი განსაკუთრებით შესამჩნევია დაბალი ტემპერატურის პირობებში გაზაფხულზე. რის გამოც ძალიან შეფერხებულია მიკრობიოლოგიური პროცესები და საკვები ელემენტების ხსნად ფორმაში გადაყვანა.
თუ ხეხილის გაშენებამდე და დარგვის დროს შეტანილია ორგანული და ფოსფორკალიუმიანი სასუქები, ახალგაზრდა მცენარე ნაყოფმსხმოიარობაში შესვლამდე პირველი 4-5 წელი არ რეაგირებს ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების შეტანაზე, მაგრამ გააჩნიათ დიდი მოთხოვნილება აზოტზე.

თუ ხელსაყრელი ტენიანობისა და ჰაერაციის პირობებში შესამჩნევად შენელებულია ახალგაზრდა მცენარეების ზრდა და ნაზარდის სიგრძე არ აღემატება 30-40სმ, დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ როცა მცენარეთა სიხშირე 400-600 ძირს შეადგენს ჰა-ზე შეაქვთ მხოლოდ აზოტიანი სასუქები N30-40 კგ/ჰა;

როცა მცენარეთა რაოდენობა 1250 შეადგენს N60-90 კგ/ჰა;

თუ ნარგაობის სიხშირე 1250 მცენარეზე მეტია ჰა-ზე მაშინ N90-120 კგ/ჰა. ამასთან აზოტით უზრუნველყოფის დონე შემოწმებული უნდა იქნას ფოთლის დიაგნოსტიკის მეთოდით.

აზოტიანი სასუქების ეფექტურობა იზრდება მათი წილადობრივი შეტანით: ნორმის 50% – გაზაფხულზე ფესვებისა და ყლორტების ინტენსიური ზრდის პერიოდში, მეორე ნახევარი – ზაფხულის შუა რიცხვებში შტამბიდან 0,8-სმ დაშორებით 10-12სმ სიღრმეზე. მცენარეთა ასაკის გადიდებასთან ერთად გასანოყიერებელი ფართობის დიამეტრი იზრდება. ამ პერიოდში შესატანი აზოტიანი სასუქის ნორმა ისე უნდა დავარეგულიროთ, რომ შემოდგომაზე არ გამოვიწვიოთ ვეგეტაციის გახანგრძლივება, რის შედეგადაც ერთწლიანი ნაზარდი ვერ მოასწრებს მომწიფებას და ზამთარში მოიყინება.

ისეთ ახალგაზრდა ბაღში, სადაც ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი შეტანილი არ იქნა ბაღის გაშენებამდე, გაშენებიდან მეორე მესამე წელს ისინი შეაქვთ ისეთი რაოდენობით, რომ ფოსფორისა და კალიუმის შემცველობა ნიადაგში მიყვანილ იქნას ოპტიმალურ დონეზე. ჩვეულებრივ ფოსფორისა და კალიუმის ნორმა ახალგაზრდა ხეხილის ბაღისათვის შეადგენს P60-120 K60-120 კგ/ჰა. კონკრეტულად ცალკეული ბაღისათვის ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების შეტანის პერიოდულობა ზუსტდება ნიადაგის და ფოთლის დიაგნოსტიკის მეთოდით. ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები და ნაკელი ახალგაზრდა ბაღში ღრმად უნდა ჩაკეთდეს ნიადაგში, აზოტიანი – შედარებით ზედაპირულად. მე-10 ცხრილში მოტანილია ერთი ძირი ხეხილოვანი კულტურების გასანოყიერებლად საჭირო აზოტის, ფოსფორის და კალიუმის რაოდენობა.

ნიადაგის გაკულტურების შემდეგ ახალგაზრდა ბაღის განოყიერების სისტემაში ძირითადი ადგილი უკავია აზოტიან სასუქებს. მიკროსასუქებიდან იყენებენ თუთიისა და ბორის შემცველ მიკროსასუქებს.

ახალგაზრდა ხეხილის ბაღში საკვები ელემენტების შესატანი ნორმები (გ-ით ერთ ძირ ხეზე)

ხეხილის სახე

ხნოვანება დარგვის შემდეგ

სარწყავ ბაღში

ურწყავ ბაღში

N

P2O5 K2O N P2O5

K2O

თესლოვნები და  კურკოვნები

1-2

18

18

15

9

12

6

იგივე

3-4

30 30 25 15 20

10

იგივე

5-6

42 42 25 21 28

14

თესლოვნები

7-8

58 58 48 29 38

19

იგივე

8-9

75 75 62 38 50

25

თუ ახალგაზრდა ბაღის მწკრივებშორისებში მოყავთ კარტოფილი, ბოსტნეული, საკვები ძირხვენები, ერთწლიანი და მრავალწლიანი პარკოსანი მცენარეები, მაშინ აუცილებელია ჩატარდეს მწკრივთაშორისების განოყიერებაც.

ღარიბ ნიადაგებზე ახალგაზრდა ბაღს ყოველწლიურად ანოყიერებენ. ნაყოფიერ ნიადაგებზე კი 2-3 წელიწადში ერთხელ. სასუქების უფრო მაღალ ნორმებს იყენებენ ღარიბ სარწყავ ნიადაგებზე. ნაყოფიერ და ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ ნიადაგებზე შედარებით დაბალ ნორმებს.

„ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემა“