ახალი ტაძარი საზღვრისპირა სოფელში — არხილოსკალოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი აკურთხეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ არხილოსკალოში ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის კურთხევის ცერემონიალს მრავლად ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
ტაძარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯისა და ჰერეთის დროებითმა მმართველმა, მეუფე თეოდორემ აკურთხა.
ტაძრის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდა. პროცესს ნიკოლოზ ბენიაიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი დაფინანსება ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით განხორციელდა.
ტაძრის კურთხევას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილიც დაესწრო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაფასა ტაძრის მშენებლობის ფაქტი, კერძოდ მან აღნიშნა:
„არხილოსკალო ერთ-ერთი ისტორიული სოფელია; აქედან კარგად ჩანს ალაზნის მარცხენა სანაპიროზე აზერბაიჯანის ტერიტორია, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე – საქართველო. ამ ადგილას ტაძრის აშენება არის სიმბოლური და ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა. მინდა გულითადად მივულოცო არხილოსკალოს, მთლიანად მუნიციპალიტეტს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი დღე,“ — განაცხადა სონღულაშვილმა.
ტაძრის კურთხევას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საქართველოს პარლამენტის დელეგატი გია ბენაშვილი (გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან) და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.