დარგებიმეცხოველეობა

ახალშობილის მიღება და პირველადი დამუშავება

ჯანმრთელი და პროდუქტიულობის მაღალი პოტენციის ორგანიზმის ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა უნდა დავიწყოთ მოზარდის დაბადების პირველივე წუთებიდან, რაც გამოიხატება მისთვის მოვლა-შენახვისა და ნორმირებული კვების პრაქტიკის დანერგვაში, ანუ კომფორტული პირობებით უზრუნველყოფაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი ორგანიზმი ანატომიურად და მორფოლოგიურად სრულფასოვნად ჩამოყალიბებულია, ის ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ მოუმწიფებელია და საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას; საქმე ის არის, რომ:

სხეულის ტემპერატურის მარეგულირებელი ორგანოები და სისტემები, ჯერ კიდევ ფუნქციონალურად არ არიან მზად დამოუკიდებლად არსებობისათვის და მათ შემდგომ გააქტიურებას გარკვეული დრო სჭირდება;

დედის პირველი ხსენის მიღებამდე ახალშობილის ორგანიზმი ვერ ასრულებს დამცველობით ფუნქციებს, ვინაიდან მოკლებულია გარემოდან მოხვედრილი პათოგენური მიკროორგანიზმებისადმი წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელ საწყისებს.

ახალშობილის მიღებისა და მისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის საკითხი განხილულია ძროხის მაგალითზე.

 ხბოს მოგების წინ ფური მოუსვენარია, ხშირად შარდავს, დაუბმელად შენახვისას კი ცდილობს მოშორდეს ნახირს. მოგვიანებით მას ეტყობა ჭინთვების ნიშნები, ხშირად წვება და დგება, ბღავის და იყურება საკუთარი გავის მიმართულებით; სასირცხო ბაგეებიდან პირველი გამოჩნდება თავწყლის ბუშტი, რომელიც მალე სკდება და შემდეგ გამოჩნდება წინა კიდურები და მასზე დადებული დრუნჩი. ჭინთვების გაძლიერების კვალობაზე კი ხბო თანდათანობით, საკმაოდ სწრაფად გამოიდევნება საშვილოსნოდან. ნორმაში მშობიარობა გრძელდება 30-40 წუთი.

გართულებული მშობიარობისას, როდესაც ნაყოფი მოდის უკანა ფეხებით, ან კიდევ თავი, ან წინა ერთი, ან ორივე ფეხი არსწორ მდგომარეობაშია, ვეტერინარი გაასწორებს მას და ეხმარება ფურს მშობიარობაში.

დაბადებისთანავე, ახალშობილს სუფთა ტილოთი, ან ერთჯერადი ხელსახოცით ცხვირიდან და პირიდან უნდა მოვწმინდოთ ლორწო, და დაველოდოთ ფურის ადგომას, რომელიც, როგორც წესი, აღინიშნება მოგებიდან 10-20 წთ-ის გასვლის შემდეგ.

ფური ადგომისთანავე მიდის ხბოსთან და იწყებს მის ლოკვას. სხეულის ზედაპირის ასეთი ინტენსიური მასაჟი დადებითად მოქმედებს ახალშობილის კანზე, კუნთებზე და დიაფრაგმაზე, აგრეთვე აძლიერებს ფილტვების ვენტილაციასა და ააქტიურებს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, ანუ მოქმედებს ორგანიზმის საერთო ტონუსზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმში ჰაერცვლის 8%-მდე ხდება კანიდან, ამიტომ, დედის მიერ ნაშიერის ენერგიულად და ხანგრძლივად ლოკვა სწრაფადვე აისახება ახალშობილის ორგანიზმის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, დედის ნერწყვის ანტიბაქტერიული ფერმენტის, ლიზოციმის მოხვედრისას, ხბოს კანი და ბალნის საბურველი იძენს ანტიბაქტერიული მოქმედების უნარს.

იმ შემთხვევაში, როდესაც ფური არ ლოკავს ახალშობილს, მისი სხეულის ზედაპირი უნდა შევაშროთ ტილოთი და უხეში ქსოვილით, ან ნამჯით ჩავუტაროთ მასაჟი ბალნის ზრდის მიმართულებით. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სხეულის ზედაპირიდან მოიწმინდოს დაბადების შემდგომ დარჩენილი სანაყოფე სითხე.

როდესაც ახალშობილს დროულად არ გავამშრალებთ, ტენის აორთქლებით კანის ზედაპირიდან ადგილი ექნება სითბოს ინტენსიურად გაცემას, რაც გამოიწვევს მისი ორგანიზმის გაგრილებას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ შემთხვევისთვის, როდესაც სადგომში ჰაერის ტემპერატურა დაბალია, ფარდობითი ტენიანობა კი ნორმაზე მაღალი. ასეთ პირობებში გაუმშრალებელი ხბოს კანის ზედაპირის ტემპერატურა მცირდება +32…+33°C- მდე და მოსალოდნელია ის მოკვდეს ორგანიზმის გაგრილების მიზეზით.

იმ შემთხვევაში, როდესაც სიცოცხლის პირველი კვირის მანძილზე ხბოს მინდაოს მიდამოში ბალანი ერთმანეთზე მიწებებული და გამაგრებული („გახევებული“) აქვს, ითვლება, რომ დედის მიერ ხბო არ იქნა კარგად გალოკილი, ან კიდევ შეშრობის პროცედურები არასწორად იქნა ჩატარებული.

ხბოს გალოკვა, ასევე, დადებითად მოქმედებს დედის ორგანიზმზე. ლოკვისას ახალშობილის კანისა და ბალნის საბურველიდან ფურის ორგანიზმში ხვდება 1,5-2 ლიტრი სანაყოფე სითხე, რაც დადებითად მოქმედებს მის ორგანიზმზე – აჩქარებს საშვილოსნიოს ლორწოვანი გარსიდან მოგების შემდგომ გამონაყოფების არიდებას და აძლიერებს საშვილოსნოს შეკუმშვის ინტენსივობას, რითაც ხელს უწყობს მისი მომყოლისაგან განთავისუფლებისა და სასქესო გზების აღდგენის პროცესს.

გალოკვის შემდეგ, პირველი ხსენის დალევინებამდე, აუცილებელია მოზარდის ჭიპლარის დამუშავება, კერძოდ, მუცლიდან 2,5–3,0 სმ-ს დაშორებით ჭიპლარს უნდა შემოვუჭიროთ წინასწარ გადეზინფეცირებული კანაფი, ან უბრალო ძაფი, მაკრატლით, ან ბასრი დანით მოვჭრათ “ზედმეტი” ნაწილი, დარჩენილი კი დავამუშაოთ იოდის სპირტში 2-3%- ანი ნაყენით, ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით.

ზოოჰიგიენური ნორმებით, რეკომენდებულია ახალშობილი ხბოსთვის პირველი 3-4 საათის მანძილზე +20…+25°C ტემპერატურისა და არა უმეტეს 75-78% ფარდობითი ტენიანობის პირობების უზრუნველყოფა, შემდგომ კი, ვიდრე 2-3 თვის ასაკის მიღწევამდე სახბორეში უმჯობესია ჰაერის ტემპერატურა იყოს +12…+20°C -ის ფარგლებში.

 ზოგიერთ მეურნეობაში ხბოს დედასთან აჩერებენ 1-3 დღე-ღამის განმავლობაში, ზოგიერთში კი მას ასხლეტავენ პირველი ხსენის დალევინებამდე და გადაჰყავთ ინდივიდუალურ გალიაში, ან ინდივიდუალურ ქოხში და აქ აჩერებენ 10 დღის, ზოგიერთ შემთხვევაში კი 2 თვის ასაკამდე.

ხბო, ანატომიურად და მორფოლოგიურად ფორმირებულია. მას განვითარებული აქვს მხედველობის, სმენის და გრძნობის ორგანოები, დაბადებისთანავე კი უაქტიურდება წოვის რეფლექსის აღმძვრელი ნერვული ცენტრები. ამის გამო, თუ მას დავტოვებთ ფურთან, ის წამოდგომისთანავე იწყებს დედის ცურის ძებნას და შეეცდება კერტის პირში ჩადებას.

თავისუფლად წოვებაზე „მიშვებული“ ხბო ყოველ 2-3 საათში ერთხელ მიდის დედასთან და წოვს მას. იყო მოსაზრება, რომ ასეთი მიდგომა არ არის სწორი, ვინაიდან ფური ეჩვევა ხბოს და მისი საერთოდ ასხლეტის შემდეგ, ხშირად, ძნელად იწველებოდა (იტყოდნენ “რძეს იპარავსო”). ამის გათვალისწინებით, რეკომენდებული იყო დაბადებისთანავე, გალოკვამდე ხბოს მოშორება დედისგან და მისი გადაყვანა ინდივიდუალურ გალიაში და ხსენის საწოვარათი მიცემა. თუმცა ბოლო გამოკვლევებით ეს მოსაზრება უარყოფილია.

იმ შემთხვევაში, როდესაც ხბო სუსტია, აუცილებელია ის მივიყვანოთ დედასთან და დავეხმაროთ პირველი ხსენის მიღებაში.

ხსენი არის პირველი რძე, რომლის გამომუშავება დედის ორგანიზმში იწყება მოგებამდე ბოლო 1 თვე-20 დღით ადრე. მასში შემავალი იმუნოგლობულინები იცავენ ახალშობილს იმ საწყისებისგან, რომელთა მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა დედას გადატანილი დაავადების ან აქტიური იმუნიზაციის შემდეგ.

ჩვეულებრივ რძესთან შედარებით ხსენი შეიცავს 2-ჯერ მეტ მშრალ ნივთიერებას და ენერგიას, 100-ჯერ მეტ А ვიტამინს, 6-ჯერ მეტ ცილას და 3-ჯერ მეტ მინერალურ ნივთიერებებს. ამათ გარდა მის შემადგენლობაში შედის ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების არეს შეცვლას, რაც აუცილებელია საკვების მოსანელებლად. ხსენი, ასევე, ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აფერხებს ნაწლავის ჩხირის გამრავლებას, აგრეთვე მისი წვრილი ნაწლავისა და კუჭისკენ გადაადგილებას.

ამდენად, ხსენი ერთადერთი საშუალებაა, რითაც შესაძლებელია ახალშობილის ორგანიზმის მიერ სხვადასხვა საწყისებისადმი გამძლეობის გაძლიერება. ამას ხელს უქწყობს ის, რომ ახალშობილის საჭმლის მომნელებელი სისტემა დაბადების პირველ საათში ხასიათდება მაღალი შეღწევადობით და ანტისხეულები სწრაფადვე ხვდებიან პირდაპირ სისხლში. ამ თვისებას ნაწლავები ყოველ მომდევნო საათში, თანდათანობით კარგავს და, ამის გამო დიდი მნიშვნელობა აქვს ახალშობილისთვის ხსენის სწრაფად დალევინებას.

დადგენილია, რომ ხბომ დედის პირველი ხსენი უნდა მიიღოს დაბადებიდან არა უგვიანეს 1 საათისა. იმ შემთხვევაში, როდესაც მეურნეობაში მიმართავენ ხბოს ხელზე გამოზრდას, საჭროა ფური მოიწველოს, ხსენი თბილადვე ჩაისხას სპეციალურ მათარაში, ან სათლში, მოარგონ მას საწოვარი და მიეცეს ახალშობილს.

დედის პირველი ხსენის მაქსიმალურად სწრაფად დალევინება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს იმუნოგლობულინებს, ნივთიერებებს, რომლებიც პრაქტიკულად უცვლელად გადადიან ჯერ ლიმფაში, ხოლო შემდეგ სისხლში და უზრუნველყოფენ დამცველობითი ფუნქციების განვითარებას, ვიდრე თავად ხბოს ორგანიზმი დაიწყებდეს მათ გამომუშავებას.

 საქმე ის არის, რომ მაკე ფურის სისხლში წარმოიქმნება ის ანტისხეულები, რომლებიც იცავენ მას ფერმაში გავრცელებული დაავადებებისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, დედის მუცელში ნაყოფის მკვებავი პლაცენტა ჰქმნის ბარიერს და ეს ანტისხეულები ვერ აღწევენ ემბრიონამდე. ეს არის იმის მიზეზი, რომ ახალშობილი მიდრეკილია ინფექციებისადმი და ის საჭიროებს მათგან დამცავი საშუალების ამოქმედებას. ასეთ შემთხვევაში, ხბოს ორგანიზმის ერთადერთ დამცველად გვევლინება დედის ანტისხეულები- იმუნოგლობულინები, რომელსაც შეიცავს ხსენი.

პირველ დღეებში ხბოზე საწოვარით ხსენის დალევინება აუცილებელია იმიტომ, რომ მისი მცირე ულუფები ნერწყვთან შერევისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობისთვის და საკვების მონელებისთვის ქმნის სასურველ გარემოს. იმ შემთხვევაში, როდესაც ხბო სუსტია და ვერ ახერხებს საწოვარიდან ხსენის დალევას, მომვლელმა ის უნდა დაალევინოს იძულე2 ახალშობილი მოზარდის სადგომი ბით, ვეტერინარული ზონდის დახმარებით. კვლევებით დადგენილია, რომ პირველი კვებისას ახალშობილმა აუცილებლად უნდა მიიღოს არა ნაკლებ 80 გ იმუნოგლობულინების შემცველი ხსენი. 2-3 მმ დიამეტრის ნასვრეტიანი საწოვარათი დალევინებისას ადგილი აქვს წოვების იმიტაციას, მაგრამ ხსენის დალევის სისწრაფე, დედის წოვასთან შედარებით, 5-10 ჯერ იზრდება. თუ საწოვარას ნასვრეტის დიამეტრი უფრო დიდია, მაშინ მოზარდეული ხსენს სვამს დაუბრკოლებლად, ე.ი. თითქმის არ ხდება მისი ნერწყვთან შერევა და მაჭიკში ჩადის უფრო სწრაფად, ვიდრე სათლიდან დალევინებისას (ახალშობილისთვის სათლიდან რძის მიცემა მიზანშეწონილი არ არის). ამ დროს მოსალოდნელია საყლაპავ მილის ხსენით ავსება, რომლის ღარი ვერ ახერხებს მომეტებული სითხის შეკავებას და მისი ნაწილი ჩაედინება ფაშვში. შედეგად, წარმოიქმნება კაზეინის მკვრივი ნადედი, რომელიც იწყებს ლპობას და იწვევს მძიმე ინფექციურ დაავადებას – ტოქსიკურ დისპეფსიას.

ხსენი ახალშობილის ორგანიზმის იმუნური ცილოვანი ნაერთებითა და ვიტამინებით გამდიდრებასთან ერთად ხელს უწყობს ახალშობილის კუჭ-ნაწლავის სისტემის განთავისუფლებას პირველადი განავალისაგან და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

პირველი 3-4 დღის მანძილზე უმჯობესია ხბოს ხსენი ვასვათ მცირე დოზებით, ერთ ჯერობაზე 0,75-1,0 კგ- ის რაოდენობით და დღეღამეში 3-5-ჯერ სიხშირით. ჭარბი რაოდენობით, ან კიდევ ცივი ხსენის დალევინება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან საჭმლის მომნელებელი სისტემა ვერ ასწრებს მის გადაამუშავებას და მოსალოდნელია განვითარდეს კუჭის აშლილობა.

ხელზე გამოზრდისას ხბო პირველ დღეებში სვამს 4-7 ლ ხსენს და ეს მაშინ, როდესაც 5000-6000 ლ მონაწველის მქონე მერძეული ჯიშის ფურები დღეში იწველიან 15-20 ლ-ს. ამ რაოდენობის რძეს მოზარდი, ბუნებრივია, ვერ დალევს. ამიტომ ჭარბი რძე შეიძლება დავალევინოთ სხვა (ობოლ) ხბოს, დავაკონსერვოთ გაყინვით, ან კიდევ ბაქტერიული დედოების შეტანით. მისი შენახვისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სისუფთავეს, შენახვის ტემპერატურას და რეგულარულად შემოწმდეს ბაქტერიულ დასენიანებაზე.

სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პროფილაქტორიუმში იყოს სანიმუშო სისუფთავე. ქვეშსაფენი და იატაკი უცილობლად უნდა იყოს მშრალი, სადგომის და გალიის კედლები კი გარეცხილი და შეთეთრებული კირის რძით; სადგომი კარგად უნდა ნიავდებოდეს, მაგრამ დაუშვებელია ორპირი ქარი, რამდენადაც ახალშობილი ხბო რესპირაციული დაავადებებით ადვილად ავადდება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვისა და ახალშობილის ნორმალურად ზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სახბორე კარგად იყოს განათებული. სინათლის სხივები სპობს კანზე არსებულ მიკროფლორას, სისხლში ზრდის ერითროციტების რიცხვსა და ჰემოგლობინის კონცენტრაციას, აძლიერებს ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობასა და ორგანიზმის სხვა ფიზიოლოგიურ ფუნქციებს.

დაბადებამდე ხბო დედის ორგანიზმით დაცულია მიკროორგანიზმებისგან, ტემპერატურის ცვალებადობისგან და სხვა უარყოფითი ფაქტორებისგან. მაკე ფურის სწორად კვებისას ნაყოფი, უკვე მუცელშივე ღებულობს საჭირო რაოდენობით ცილებს, ნახშირწყლებს, მინერალური ნივთიერებებს А, D და Е ვიტამინებს და სხვ., რაც დაბადებამდე 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალ (500 გრამამდე) წონამატს.