ალაზნის დამლაშებული ველის გაკულტურების ისტორიიდან
გასული საუკუნის 80-იან წლებში, წნორის მეცხოველეობის კომპლექსის სრულად ამოქმედების შემდეგ, ენამთაზე 64 000 სული მეხორცული საქონლის მოშენება იგეგმებოდა.
ალაზნის დამლაშებული მიწების განმარილება გასული საუკუნის 70-იანი წლებში დაიწყო. სამუშაოებს ცნობილი ინჟინერი და გამორჩეული პიროვნება ანზორ მაისურაძე ხელმძღვანელობდა.
ვიდრე ალაზნის დამლაშებულ ველებზე განმარილების სამუშაოები დაიწყებოდა, 22000 ჰექტარზე მხოლოდ ველური ცოცხი იზრდებოდა და ველის ძირითადი ნაწილი დაჭაობებული იყო. მეცნიერების ნაწილი თვლიდა, რომ გრუნტის წყლები, რომელთაც მარილი ზედა ფენებში ამოჰქონდათ, კავკასიონიდან იკვებებოდა, სხვებს მიაჩნდათ, რომ წყლები ცივგომბორიდან შემოდიოდა.
საკითხის დასაზუსტებლად აზერბაიჯანიდან მოიწვიეს პროფესორი ყულოშვილი, რომელმაც ექსპერიმენტებით დაადგინა, რომ მარილი ველზე მართლაც ცივგომბორიდან შემომავალ წყლებს შემოჰქონდა. დამლაშების წყაროს დადგენის შემდეგ, დაიწყო ჰორიზონტალური და ვერტიკალური დრენაჟების მოწყობა.
გაირკვა, რომ ჰორიზონტალური დრენაჟის მოწყობა, რომლის საშუალო სიღრმე 3,5 მეტრი უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივი ექსკავატორით არაეფექტური გამოდგა, რადგან დამლაშებული მიწის დიდი მასა ზედაპირზე ამოდიოდა, ამიტომ გადაწყდა ბრიანსკის მელიორაციული მანქანების ქარხნიდან შემოეტანათ დრენაჟის ჩამწყობი სპეციალური მანქანა, მაგრამ მილების და ხრეშის მიწოდების პარამეტრები იმ სტანდარტისგან რაც იქ ჩასატარებელი სამუშაოებისთვის იყო საჭირო, მკვეთრად განსხვავდებოდა. ჩავატარეთ თეორიული კვლევა, რომლის საფუძველზე მექანიზატორმა შოთა მახაშვილმა ჩვენი მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად ხრეშის და აზბესტოცემენტის მილების მიწოდების პარამეტრები ერთმანეთს მოარგო. ამის პარალელურად მიმდინარეობდა სარწყავი აგრეგატებისათვის მიწის სამუშაოები.
ვერტიკალური დრენაჟისათვის გაკეთდა 24 ჭაბურღილი, საიდანაც წყალი ძირითადად თვითდინებით ამოდიოდა. ჭაბურღილებიდან ამონადენი წყალი კოლექტორებში გადადიოდა და შემკრები კოლექტორებით ჩაედინებოდა მდინარე ალაზანში.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჭაბურღილებიდან მიღებული წყალი სამკურნალოა, ჰროფესორ ნაცვლიშვილის განმარტებით, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისათვის უებარი წამალია, რასაც მოსახლეობაც ადასტურებს.
განმარილებული მიწების მოსარწყავად მდინარე ალაზანზე დაიდგა ხუთი სატუმბი სადგური, როლებიც მდინარე ალაზანში ჩაშვებული ნავტუმბოებიდან იკვებებოდა.
ტუმბოები უზრუნველყოფდა საჭირო წნევას „ფეგატის“ მარკის სარწყავი მანქანის სამუშაოდ. „ფრეგატები“ წნევიანი წყლით გადაადგილდებოდა თავისი ცენტრის გარშემო, ერთ შემოვლას თექვსმეტ საათს ანდომებდა და წვიმის ინტენსიობით რწყავდა 74 ჰა-ს. შემდგომ წლებში შემოვიტანეთ და დავამონტაჟეთ „კუნის“ და „ვოჟანსკის“ მარკის სარწყავი მანქანები. 80-იანი წლებისათვის ტრესტ „იორწყალმშენს“, რომელიც ალაზნის ველის განმარილებას ახორციელებდა 1500 ერთეულამდე ტრანსპორტი, მექანიზმები და სამელიორაციო ტექნიკა ჰქონდა. ამ დროისათვის მდინარე ალაზნიდან პატარა შირაქში სარწყავი წყლის მისაწოდებლად დაიდაგა სატუმბი სადგურები. იქაც განსაზღვრული იყო „ფრეგატების“ დადგმა. მარილიანი მიწების მელიორაციამ შედეგი გამოიღო ფრეგატების ქვეშ ხუთჯერ გაითიბა იონჯა. მეურნეობებმა სიმინდის რეკორდული მოსავალი მიიღეს.
მიწების განმარილებისა და მოსავლის მოყვანის პარალელურად წნორის მეცხოველეობის კომპლექსს ყაზახეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან საფრანგეთიდან და კუბიდან შემოჰყავდა მსხვილფეხა მეხორცული საქონელი, რომელიც რეპროდუქტორების გავლით ხვდებოდა ენამთის სასუქ მოედანზე, სადაც ამერიკელებმა დაამონტაჟეს საკვების გადამმუშავებელი და შესანახი დანადგარები, ენამთის სასუქი მოედნის ასაშენებლად ალაზნის არხიდან ორი წყალსაქაჩით წყალი დამბებს მიეწოდებოდა, რომლებშიც მიწის ჩაყრის შემდეგ გრუნტი ბუნებრივ სიმკვრივეს იღებდა. შემდგომ ვაძლევდით საჭირო კონფიგურაციას. წნორის მეცხოველეობის კომპქლექსის განადგურებამდე სამი რეპრდუქტორის ამოქმედება მოესწრო, საიდანაც ენამთის მეცხოველობის კომპლექსს მიეწოდებოდა 13000 სული მსხვილფეხა რქოანი პირუტყვი.
ნორის კომპლექსის მთავარი ვეტექიმის ვასილ გიგოლაშვლის მონათხრობით, თითოეულის საშუალო წონა 550 კგ. იყო. მისივე განმარტებით, კომპლექსის სრულად ამოქმედებისას ენამთაზე 64 000 სული უნდა ყოფილიყო.
დაიწყო `მხედრიონეობის~ პერიოდი, მიწის ზედა კომუნიკაციები მთლიანად დაიტაცეს. ბოლოს მისდგნენ კოლექტორების, აზესტობოცემენტის და რკინა-ბეტონის მილებს, რომლებიც აზერბაიჯანიდან, შუა აზიიდან და რუსეთიდან შემოგვქონდა, ამოიღეს და დაიტაცეს, ხოლო წნევის გამძლე რკინის მილები ჯართში ჩააბარეს.
დღეს ყურადღება მახვილდება მიწების მელიორაციაზე. კარგი იქნება, თუ სათანადო ორგანოები გაეცნობიან წნორის კომპლექსის გამოცდილებას და მისი აღდგენა დაიწყება.
ჰენრიხ გურაშვილი
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,
სიღნაღის რაიონი, სოფელი ტიბაანი 2016 წ