ალპური ვარდი _ დეკა, წონაში კლების და იმუნიტეტის გამაძლიერებელი მცენარე
დეკა, იგივე „ალპური ვარდი“ შესანიშნავი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა, ის შეიცავს ძლიერ ბუნებრივ შხამსაც, ამიტომ აუცილებელია დოზების დაცვა.
დეკა (Rhododendron caucasicum) – როდოდენდრონის გვარის მანანასებრთა ოჯახის რელიქტური მცენარე. გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 1600–3000 მეტრ სიმაღლეზე, ასევე თურქეთში, პონტოს მთებში.
დეკა, იგივე „ალპური ვარდი“ დაფასებულია არა მხოლოდ ულამაზესი გარეგნობის, არამედ შესანიშნავი სამკურნალო თვისებების გამო.
დეკას შემადგენლობა
მცენარე შეიცავს:
- მთრიმლავ ნივთიერებებს;
- ფლავონოიდებს;
- როდოდენდრინს;
- გლიკოზიდებს;
- ერიკოლინს;
- გალმჟავას;
- ურსულის მჟავა;
- არბუტინს;
- ეთერზეთებს;
- შაქრებს;
- ტანინებს;
- რუტინს;
- ვიტამინ С-ს.
ეს კომპონენტები დეკას სძენს სხვადასხვა თვისებას, როგორიცაა ბაქტერიციდული, სიცხის დამწევი, დამამშვიდებელი, ცხიმების დამწველი, შარდმდენი, ოფლმდენი.
ამ მცენარეში ყველა ნივთიერება სამკურნალოა, გარდა გლიკოზიდ ანდრომედოტოქსინისა, რომელიც უძლიერესი ბუნებრივი შხამია. სწორედ ის არ უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სასიკვდილო შედეგიც კი დადგეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მცენარე სწორად გამოვიყენოთ და დოზები დავიცვათ.
დეკას სასარგებლო თვისებები: მცენარე უამრავ დაავადებას ებრძვის, მათ შორის: გულის, სახსრების, თირკმელების დაავადებებს, მაღალ არტერიულ წნევას, ძილის დარღვევას, ეპილეფსიას, სტომატიტს, გინგივიტებს, ვირუსულ ინფექციებს, კოლიტებს, ვეგეტონევროზებს, ქალის უნაყოფობას, გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და მძიმე ელემენტები, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახორცებს ტროპიკულ წყლულებსაც კი და კანის სხვა ჩირქოვან დაავადებებს.
- გულის დაავადებები – დეკას ფოთლებსა და ყვავილზე დამზადებული პრეპარატები ადვილად უმკლავდება ქოშინს, გახშირებულ სუნთქვას, ანუ დაავადების იმ გამოვლინებებს, რის გამოც გულით დაავადებულებს ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრება უჭირთ.
- რევმატიზმი – დეკას ფოთლების სპირტზე (ან კარგი ხარისხის არაყზე) დამზადებული ნაყენის გამოყენება შეიძლება სხვადასხვაგვარად – სითხის მტკივან ადგილებში შეზელვა, კომპრესების დადება. ხსნის ტკივილს.
- სტომატოლოგიური პრობლემები – ოგანიზმში გარკვეული ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობისას იწყება ღრძილებიდან სისხლდენა, ანთება. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა დეკას ფოთლების ექსტრაქტის პირის ღრუში გამოვლება.
- ვერცხლისწყლით მოწამვლა – ამ საშიში ლითონით მოწამვლა ძალზე საშიშია, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. მცენარის ქორფა ფოთლების ნახარშით შესაძლებელია ორგანიზმის გაწმენდა.
- უძილობა – უძილობა იწვევს გაღიზიანებას, მოქმედებს არტერიულ წნევაზე, შრომისუნარიანობაზე და სხვა. უძილობისას გამოიყენება „ალპური ვარდის“ ყვავილის ნაყენი.
- სახსრების დაავადებები – როგორიცაა პოლიართრიტი, ოსტეოპოროზი – სახსრებში შეიზილეთ დეკას ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი. მთავარია, ეს რეგულარულად გააკეთოთ. მაშინ შედეგიც დადგება.
- ზედა სასუნთქი გზების დაავადებები – ხველება, ხშირი ანგინა, ბრონქიტები – ამ ყველაფერს დეკა გაუკლავდება. ასევე ამსუბუქებს ასთმის შემოტევებს.
- წონაში დაკლებისთვის – თუ გახდომა გსურთ, ამაში დეკას ფესვი დაგეხმარებათ.
დეკას ჩაისა და ნაყენის დამზადების რამდენიმე რეცეპტი:
უძილობისა და ეპილეფსიის შეტევის თავიდან აცილებისთვის: 2 გრამ გამხმარ ფოთოს დაასხით 200 მილიგრამი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და დადგით გრილ ადგილზე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში საჯერ, ნებისმიერ დროს.
გახშირებული სუნთქვის, მომატებული პულსაციის, გულის დაავადებების დროს: 10 გრამ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფოთოლსა და ამდენივე გამხმარ ყვავილს მინის ქილაში (ბოთლში) დაასხით 200 მილიგრამი მაღალი ხარისხის არაყი. გააჩერეთ სიბნელეში 2 კვირა. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, 25 წვეთის ოდენობით, ცოტაოდენ წყალში გახსნილი.
გაციების დროს: გამხმარ ან ახალ ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი. ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ დალიეთ (შესაძლებელია რძესთან ერთად). როგორც წესი, ამ ჩაიში ცოტაოდენ მარილს ან წიწაკას ამატებენ.
დეკას ნაყენის ან ჩაის დამზადებისას გაითვალისწინეთ, რომ 200 გრამ წყალზე იყენებენ მცენარის მაქსიმუმ 2 ფოთოლს.
დეკას ჩაისა და ნაყენს იყენებენ არა მხოლოდ სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვისაც. ის ასტიმულირებს ორგანიზმს და ზრდის ადამიანის წინააღმდეგობას მავნე გარეფაქტორების მიმართ.