ტყემლის ბაღის გაშენება, მოვლა, მოსავლის აღება

ტყემალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გავრცელებული კურკოვანი კულტურაა. საქართველოში გვხვდება  ყველგან, პატარ-პატარა ჯგუფებად ან ერთეულ ხეებად როგორც დაბლობებში, ასევე მთაში, ზღვის დონიდან 1600-1800 მ სიმაღლემდე. ძირითადად, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს ფართოფოთლოვან ტყეებში. გვხვდება ხეობებში, გზის პირებზე და სხვა ადგილებში.

ტყემალი (P. cerasifera, სინონიმი P. divaricata Ldb.) ქლიავის გვარის ერთ-ერთი შემადგენელი სახეობაა, რომელიც აერთიანებს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ტყემლისა და ალუჩის ფორმებს და ჯიშპოპულაციებს.

ტყემლის ნაყოფი ნედლი სახით არ გამოიყენება, იგი, ძირითადად, გამიზნულია გადამამუშავებელი მრეწველობისთვის. გადამუშავებული პროდუქტიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სხვადასხვა სახის საწებელი, რომელზეც უკანასკნელ პერიოდში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საქართველოს ფარგლებს  გარეთ. ტყემლისგან მზადდება წვენი, კომპოტი, ჟელე, მურაბა და ტყლაპი. ტყემლის ნაყოფი შეიცავს ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებებს და ვიტამინ C-ს. მებაღეობაში ტყემალი ფართოდ გამოიყენება  როგორც ქლიავისა და ატმის ტენის მიმართ ადაპტური საძირე.

ტყემლის წარმოების ძირითადი რეგიონებია იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა, თუმცა მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში მოყვანილ ტყემალსა და ალუჩას.

ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებები

ტყემალი ხასიათდება გარემო პირობებთან კარგი შეგუების უნარით. იგი სინათლის, სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა. გვხვდება ცალკეული ფორმები, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი გვალვა და ზამთარგამძლეობით.

კარგად განვითარებული, ძლიერი ფესვთა სისტემის გამო კარგად იტანს როგორც მშრალ, ასევე ტენიან ნიადაგებს.
ტყემალი ყვავილობს ადრე და ახასიათებს ხანგრძლივი ყვავილობის პერიოდი, ამიტომ ხშირად ზიანდება გაზაფხულის გვიანი წაყინვებით. თვითსტერილი მცენარეა, გვხვდება იშვიათად თვითფერტილი ფორმებიც. ტყემალი (ალუჩა) მსხმოიარობაში შედის ადრე, მე-3-4 წელს და ახასიათებს კარგი მსხმოიარობა. ძირითადად მსხმოიარობს ერთ ან მრავალწლიან ნაზარდებზე.

სტანდარტულ ბაღებში საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 15-18 ტ/ჰა-ს. სამრეწველო ბაღის სიცოცხლის პროდუქტიული ხანგრძლივობა 30-40 წელს შეადგენს. სამრეწველო ბაღები უმჯობესია გაშენდეს შერჩეული ჯიშების ნამყენი ნერგით.

დარგვა

დარგვა შეიძლება დაიწყოს გვიან შემოდგომიდან და გაგრძელდეს 15 აპრილამდე. დარგვა შეიძლება მთელი
ზამთრის განმავლობაში, თუ ნიადაგი გაყინული არ არის და ჰაერის საშუალო ტემპერატურა არ არის უარყოფითი.
ნერგის დარგვის წინ, რამდენიმე დღით ადრე, სასურველია სარგავი ორმოს ამოღება. ორმოს დიამეტრი უნდა
შეადგენდეს 50-60 სმ-ს, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ-ს.

დარგვის დროს გასათვალისწინებელია, რომ ნერგის ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 4-5 სმ სიმაღლეზე
მაინც განთავსდეს. დარგვის შემდეგ ხდება ნამყენის გადაჭრა ნერგის ტიპისა და ფორმირების მეთოდიდან
გამომდინარე (დაუტოტავ ნერგს ჭრიან 80-90 სმ სიმაღლეზე ზედაპირის დონიდან). შემდეგ მცენარე უნდა დამაგრდეს სარზე კანაფით ან სპეციალური რეზინის დასამაგრებლებით.

დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყას. 1 ნერგზე საჭიროა არანაკლებ 25-30 ლიტრი წყალი. ამის
შემდეგ მორწყვა რეგულარულად უნდა გამეორდეს მოკლე, 2-3 დღის ინტერვალებით, ნერგის გახარებამდე. ნერგის
ფესვთა სისტემის ნორმალურად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგვის შემდეგ ფესვები 25-30
დღის განმავლობაში არ განიცდიდეს ტენის დეფიციტს.

აგროტექნიკური თავისებურებები

ბაღში ნიადაგის მოვლის რეკომენდებული სისტემებია: მწკრივებს შორის დაკორდება (ბალახის მუდმივი საფარი)
და შავი ანეული (ნიადაგის ხშირი დამუშავება). ამ დროს ხდება სათიბელით (ან მულჩერ-სათიბელით) 3-5-ჯერ თიბვა ან კულტივაცია სეზონის განმავლობაში. რიგებში ახდენენ ჰერბიციდებით დამუშავებას ან გათოხნა-კულტივაციას. განოყიერება ხდება ნიადაგის ანალიზის შესაბამისად.

განოყიერების საშუალო საორიენტაციო ნორმები შეადგენს: ორგანული ნივთიერებები (კომპოსტი, ნაკელი და სხვა) – 15 -20 ტონა/ჰა, მინერალური ნივთიერებები: აზოტი – 90-120 კგ/ჰა; ფოსფორი – 90-120 კგ/ჰა; კალიუმი – 60-90 კგ/ჰა.

ტყემლის ჯიშები

წითელი დროშა ტყემლის ქართული ჯიშია, მიღებულია კლონური სელექციის გზით ი. გიორგბერიძის, ქ. ჩაგანავასა და შ. ჩხაბერიძის მიერ 1955 წელს. ხე საშუალო ზრდისაა, ხასიათდება ადრეული ყვავილობით. მაღალმოსავლიანი ჯიშია, ნაყოფი მწიფდება ივლისის პირველ ნახევარში (ქუთაისის პირობებში), ინახება 10-15 დღის განმავლობაში, ჯიში დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა. ნაყოფი, ძირითადად, გამოიყენება გადასამუშავებლად. ნაყოფი და ფოთოლი ბორდოსფერია, ნაყოფის საშუალო მასაა 20-25 გ., ფორმა მომრგვალო – წვერისაკენ ოდნავ წაგრძელებულია. სიმწიფის პერიოდში დაფარულია სანთლისებრი ფიფქით, რბილობი მუქი წითელია, ნაზი და წვნიანი, მომჟავო გემოსი. კურკა რბილობს ნახევრად სცილდება. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

გულდედავა ტყემლის ძველი ქართული ჯიშია, გამოვლენილია სამტრედიის რაიონში. ხე ძლიერი ზრდისაა,
ხასიათდება ადრეული ყვავილობით, უხვმოსავლიანი ჯიშია, ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოდან ივლისის მეორე
დეკადამდე (ქუთაისის პირობებში), ნაყოფი, ძირითადად, გამოიყენება გადასამუშავებლად. ნაყოფის საშუალო მასაა 28 გ, ფორმა მომრგვალოა, რბილობი – ნაზი და წვნიანი, მოტკბო-მჟავე გემოსი. კურკა რბილობს არ სცილდება.

დარგვის სქემები

ტყემალს, ძირითადად, ამყნობენ ტყემალზე და გაშენების გავრცელებული სქემებია: 6×4, 6×3, 5×4 და 5×3 მეტრი.

ასუქის შეტანის პერიოდებია: ორგანული ნივთიერებები (კომპოსტი, ნაკელი და სხვა) – შემოდგომა ან გაზაფხული, მინერალური ნივთიერებები – შემოდგომაზე, ადრე გაზაფხულზე ან ვეგეტაციის პერიოდში.
მორწყვა დამოკიდებულია ფესვების მომცველ ფენაში არსებულ წყლის მარაგზე.

წვეთოვანი მორწყვის სისტემის პირობებში სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში საშუალოდ საჭიროა 25-30-ჯერ მორწყვა, თითოეული 6-8 საათის განმავლობაში.

ტყემალის მავნებლები:

ცხვირგრძელა, ბუგრი, ტკიპა, ფოთოლხვევია, ოქროკუდა და სხვა.

ტყემლის დაავადებები: კლასტეროსპოროზი, მონილიოზი, ნაცარი და სხვა.

აღნიშნული მავნე ორგანიზმების კონტროლისთვის გამოიყენება მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მეთოდები, რომელიც მოიცავს როგორც აგროქიმიკატების, ასევე სხვა მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდებისა თუ ხერხების კომპლექსურ გამოყენებას.

გასხვლა-ფორმირება

ტყემლის ფორმირების რეკომენდებული მეთოდებია: ცენტრალურ-ლიდერული ან ჯიშური თავისებურებიდან გამომდინარე მრავალლიდერული ჯამისებური ფორმირება.

ტყემლის ფორმირების გავრცელებული მეთოდია მრავალლიდერული ჯამისებური ფორმირება. მისი ფორმირება
სრულდება შემდეგი თანამიმდევრობით. გამოიყოფა 3-4 დედატოტი, რომელიც ჯამისებურად, გადაშლილად არის
განლაგებული, თითოეულ ტოტზე გამოყოფენ ლიდერს, აცილებენ კონკურენტს, ახდენენ ტოტების აქვემდებარებას
და შიდა მხარეს მიმართული ჩამახშირებელი ტოტების ამოჭრას.

თუ ჯიშს აქვს მიდრეკილება ძლიერი დატოტვისა და ჩახშირებისაკენ, ამოჭრიან მხოლოდ ჩამახშირებელ
ტოტებს, ხოლო სუსტი ზრდის ჯიშებს ყოველწლიურად ამოკლებენ 1/3 ან 1/4-ით. განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა წვრილი ერთწლიანი და ორწლიანი შემმოსავი ტოტების რეგულარულ გამოხშირვას მაღალი მოსავლიანობის შენარჩუნების მიზნით. ძველ ბაღებში ზოგჯერ ეფექტიანია ხის გაახალგაზრდავებაც. ამისთვის ვარჯს  ძლიერ გამოხშირავენ და დედატოტებს ამოკლებენ 0,5 ან 0,8 მეტრამდე.

მოსავლის აღება

ტყემლის ჯიშების საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე თითქმის ერთდროულად დგება. ტყემლის საკრეფი სიმწიფის
პერიოდი დგება მაშინ, როდესაც ნაყოფი მიაღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ ზომას, შეფერვას და რბილობი
დაიწყებს დარბილებას. თუმცა ცალკე დატვირთვა აქვს საადრეო მკვახე ტყემლის კრეფას მაისი-ივნისის პერიოდში,
განსაკუთრებით მწვანე ტყემლის საწებლის დასამზადებლად. ტყემლის სხვადასხვა ფორმის სიმწიფის პერიოდი
ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.

ტყემლის კრეფა, ძირითადად, ხორციელდება ხელით, თუმცა ზოგ შემთხვევაში იყენებენ სხვადასხვა ხელისა და
მექანიზებულ საშუალებებს მოსავლის დასაბერტყად.

ტყემლის ნაყოფების შენახვის ტემპერატურა 0-2°C-ია, შენახვის ხანგრძლივობა ასეთ პირობებში  10-15 დღეს არ
აღემატება.

ზვიად ბობქაშვილი, სმმ დოქტორი