ალუჩა _ Prunus vachuschtii
ალუჩა _ (Prunus vachuschtii) _ მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. უეკლო, 10-13 მ-მდე სიმაღლის. სითბოს მოყვარული ხეა. გვხვდება ბარში და ზეგანზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლემდე.
ალუჩა მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას ალუჩა გადაჯიშდება, გადაწიდვნის დროს კი ინარჩუნებს ჯიშურ თვისებებს.
გამრავლების სირთულისა და ნაკლები გამოყენების გამო ალუჩა გადაშენების გზაზეა.
ალუჩის ნაყოფი მოყვითალო-მომწვანოა. მსხვილი, დაბერილი გვერდები აქვს, კანი — თხელი და ნაზი. საადრეო სუფრის ხილია. ნაყოფის წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს.
ალუჩა გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში. საქართველოში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. მოჰყავთ ალუჩის ორი ჯიში — მეჩიბუხე და იმერული.
ალუჩის ნაყოფი ალუჩა შეიცავს 13% შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1,5% პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს. ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს.
მეჩიბუხეს ალუჩა
ადგილობრივი ალუჩის ფორმაა. მიღებულია თბილისში (ორთაჭალა) გ. გაგუას მიერ. თესლნერგის შერჩევით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე − ძლიერი ზრდის (10–12მ);
ხის ფორმა− ცოცხისებური ფორმის ვარჯი;
ყვავილობის პერიოდი− საშუალო;
ნაყოფის ფერი− კანი ნაზი, თხელი,ყვითელი–მომწვანო ფერის, თხელი ნაფიფქით;
ნაყოფის ფორმა− კვერცხისებური;
ნაყოფის ზომა− მსხვილი. ნაყოფის საშუალო მასა26გრამი;
რბილობი− საკმაოდ წვნიანი, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კურკა არ სცილდება რბილობს;
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი− მწიფდება ივნისის ბოლოს. საადრეო სიმწიფის სასუფრე ხილია;
დაავადებების მიმართ გამძლეობა− შედარებით მაღალი;
საგემოვნო თვისებები− კარგი გემური თვისებების;
დღევანდელი მდგომარეობა− გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. ასევე გვხვდება საქართველოს ყველა კუთხეში;
დამატებითი ინფორმაცია− ალუჩის ამ ფორმას სახელი ეწოდა ავტორის – გიორგი გაგუას მიერ ჩიბუხის მწევლობის გამო.
ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისის საგარეუბნო ზონაში, ასევე გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. იკრიფება არასრულ სიმწიფეში. ამ პერიოდში ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობით.
წყარო: elkana.org.ge; ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი, გვ.49; ვ. კვალიაშვილი და სხვები (2001), საქართველოს ხილი, გამომცემლობა “GTS”, თბილისი, გვ.44; საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1938. გვ.104.