აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ალუჩა _ Prunus vachuschtii

ალუჩა _ (Prunus vachuschtii) _ მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. უეკლო, 10-13 მ-მდე სიმაღლის. სითბოს მოყვარული ხეა. გვხვდება ბარში და ზეგანზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლემდე.
ალუჩა მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას ალუჩა გადაჯიშდება, გადაწიდვნის დროს კი ინარჩუნებს ჯიშურ თვისებებს.

გამრავლების სირთულისა და ნაკლები გამოყენების გამო ალუჩა გადაშენების გზაზეა.

ალუჩის ნაყოფი მოყვითალო-მომწვანოა. მსხვილი, დაბერილი გვერდები აქვს, კანი — თხელი და ნაზი. საადრეო სუფრის ხილია. ნაყოფის წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს.

ალუჩა გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში. საქართველოში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. მოჰყავთ ალუჩის ორი ჯიში — მეჩიბუხე და იმერული.

ალუჩის ნაყოფი ალუჩა შეიცავს 13% შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1,5% პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს. ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს

მეჩიბუხეს ალუჩა

ადგილობრივი ალუჩის ფორმაა. მიღებულია თბილისში (ორთაჭალა) გ. გაგუას მიერ. თესლნერგის შერჩევით.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე − ძლიერი ზრდის (10–12მ);

 ხის ფორმა− ცოცხისებური ფორმის ვარჯი;

 ყვავილობის პერიოდი− საშუალო;

 ნაყოფის ფერი− კანი ნაზი, თხელი,ყვითელი–მომწვანო ფერის, თხელი ნაფიფქით;

ნაყოფის ფორმა−  კვერცხისებური;

 ნაყოფის ზომა− მსხვილი. ნაყოფის საშუალო მასა26გრამი;

 რბილობი− საკმაოდ წვნიანი, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კურკა არ სცილდება რბილობს; 

სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი− მწიფდება ივნისის ბოლოს. საადრეო სიმწიფის სასუფრე ხილია;

დაავადებების მიმართ გამძლეობა− შედარებით მაღალი;

საგემოვნო თვისებები− კარგი გემური თვისებების;

დღევანდელი მდგომარეობა− გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. ასევე გვხვდება  საქართველოს ყველა კუთხეში; 

დამატებითი  ინფორმაცია− ალუჩის ამ ფორმას სახელი ეწოდა ავტორის – გიორგი გაგუას მიერ ჩიბუხის მწევლობის გამო.

ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისის საგარეუბნო ზონაში, ასევე გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. იკრიფება არასრულ სიმწიფეში. ამ პერიოდში ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობით.

წყარო: elkana.org.ge;  ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი,  გვ.49; ვ. კვალიაშვილი   და სხვები (2001),  საქართველოს ხილი,  გამომცემლობა “GTS”, თბილისი,  გვ.44; საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1938. გვ.104.