აგროსიახლეებიმეცხოველეობასტატიები

ანგლო-რუსული ანუ რუსული ჭრელი მდევარი

გამოყვანილია რუსეთში მე-19 საუკუნეში რუსული და ინგლისური (ფოქსჰაუნდი და სტეგჰაუნდი) მდევრების შეჯვარებით, ამ ჯიშის სტანდარტი 1925წ მიიღეს. იგი ერთ ერთი საუკეთესო მდევარია და ქართველ მონადირეთა შორის საკმაოდ პოპულარულია, ცხოველის მიმართ ძლიერი ტემპერამენტით და აგრესიით გამოირჩევა, აქვს წმინდა და მძლავრი ხმა, კარგი ყნოსვა და ადვილად იგეშება. გამოიყენება თითქმის ყველა ცხოველზე სანადიროდ (დათვი, მგელი, მელა, ირემი, შველი, კურდღელი და სხვ.).

ანგლო-რუსული მდევარი მკვრივი აგებულებისაა, საშუალოზე დიდი ზომის ძაღლია (სიმაღლე მინდაოში ხვადები — 58-68სმ. ძუკნები — 55-65სმ.), ძვლოვანი სისტემა მასიურია, კუნთოვანი სისტემა კარგად განვითარებული, აქვს მოკლე და სწორი ბეწვი კარგად განვითარებული თივთიკით, შეფერილობა თეთრი, წითური და შავი ლაქებით, ლაქების ფორმა და ზომა ცვალებადია ოღონდ მუცელი და ფეხები აუცილებლად თეთრი უნდა იყოს (აღნიშნული მკვეთრი შეფერილობა მას მკაფიოდ გამოარჩევს სანადირო ობიექტისგან,რაც საკმაოდ ხელსაყრელია მონადირისთვის დამიზნების დროს), თავი საშუალო ზომისაა, კბილები თეთრია და ძლიერი, თანკბილვა მაკრატელისებრი.

აქვს გაწონასწორებული ხასიათი, თვინიერი და ჭკვიანია, კარგად ეწყობა ბავშვებს, თუმცა გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება გამოავლინოს აგრესია პატრონის მიმართ და ამის გამო ის არ ითვლება იდეალურ კომპანიონად. მისთვის აუცილებელია დიდი ფიზიკური დატვირთვა და ხანგრძლივი სეირნობა.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 11