აგრარული განათლებამევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

ვაზის ფარიანები და მასთან ბრძოლის ღონისძიებები

ფარიანა საქართველოში ფართოდ გავრცელებილი მავნებელია და თითქმის, ყველა სახეობის მცენარეს ძლიერ აზიანებს. ფარიანების მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ფარიანებად და ცრუფარიანებად იყოფა.

ფარიანების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახეობებისა და გამრავლების ფაზებს.

განვიხილოთ რამდენიმე სახის ფარიანა, რომელიც, ძლიერ მავნეობით გამოირჩევა.

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა  (Planococcus citri risso)— საქართველოში გავრცელებულია ყველგან.

ოვალური ფორმისაა, მისი ვარდისფერი სხეული დაფარულია თეთრი ფქვილისებრი ფიფქით. იგი აზიანებს მცენარის მიწისზედა ორგანოებს (ფოთოლი, ყლორტი, მტევანი, შტამბი). ფოთოლზე ცრუფარიანა ძარღვის გასწვრივ სახლდება. იგი ინტენსიურად წუწნის მარცვალს, ყუნწსა და მტევანს. დაზიანებული ფოთოლი ყვითლდება, მტევნები ჭკნება და ცვივა. ცრუფარიანას ექსკრემენტებზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო, რომელიც აშავებს ვაზის მწვანე ნაწილებსა და მტევნებს. უვარგისს ხდის მას გადასამუშავებლად, დაზიანებული ყურძნიდან მდარე ხარისხის ღვინო დგება. მავნებელი იზამთრებს სქესობრივად მოუმწიფებელი, ვაზის შტამბის ქერქის ქვეშ, ნაპრალებში, განტოტვის ადგილებში. გამოზამთრებული ცრუფარიანა კვებას იწყებს აპრილის დასაწყისში, ხოლო მაისში სქესობრივად მწიფდება და გამოსაზამთრებელ ადგილზე დებს კვერცხებს. კვერცხებიდან მატლი 6-10 დღეში იჩეკება. მაისის მეორე ნახევარში ახლად გამოჩეკილი მატლი ფოთლითა და ნაყოფით იკვებება. წლის განმავლობაში ცრუფარიანა 3-4 გენერაციას იძლევა, პირველი გენერაცია ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, მეორე — ივლისის ბოლომდე, მესამე კი აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყება. დასაზამთრებლად ცრუფარიანების მიგრაცია შტამბებსა და ტოტებზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება, ხოლო მასობრივად იზამთრებს ნოემბერში.

ვაზის ბალიშა ცრუფარიანა (Pulvinaria vitis y) — მწუწნავი, 5-11 მმ ზომის მავნებელია.

სახლდება ვაზის ფოთლის ორივე მხარეს, მტევნის ყუნწებზე, კლერტზე და მწვანე ყლორტებზე. მის მიერ დაზიანებული წააგავს ფქვილისებრ ცრუფარიანას ნამოქმედარს. ბალიშა ცრუფარიანა სხვა ცრუფარიანებისგან იმით განსხვავდება, რომ მას ერთწლიანი გენერაცია აქვს. ზამთრობს მატლის ფაზაში ვაზის რქებსა და შტამბებზე. მოზამთრეობის ფაზიდან გამოდის აპრილში, იწყებს კვებას. კვერცხებს დებს მაისიდან, 10 -14 დღეში იჩეკებიან მატლები, რომლებიც იწყებენ ვაზის სხვადასხვა ორგანოებით კვებას. ოქტომბერ — ნოემბერში გადადიან მოზამთრეობის ფაზაში.

(Diaspidiotus pericio­sus. comst) — კალიფორნიის ფარიანას ფარი მრგვალია, — 2 მმ.ზომის, მოყვითალო ან ყავისფერი, წითელი ელფერი დაჰკრავს.

კალიფორნიის ფარიანა ბევრნაირი ხე-ბუჩქოვანი მცენარით იკვებება, რომელთა სახეობათა რაოდენობა 150-ს აღემატება (ქლიავი, ატამი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ვაშლი, კომში, მსხალი, ნუში, ლეღვი, კეთილშობილი დაფნა). კალიფორნიის ფარიანა ზამთარს, პირველი ასაკის მატლის ფაზაში, დაზიანებული ქერქის ქვეშ ატარებს. გაზაფხულზე, როცა ჰაერის დღეღამური ტემპერატურა 11 -120C -ზე მეტია, იწყება მატლების გამოღვიძება, კვება და განვითარება, რაც დაახლოებით 2 თვე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მატლები აღწევენ სქესობრივ მომწიფებას და მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ცოცხლად შობენ შემდგომ თაობას.

ფარიანა რაიონების მიხედვით, წელიწადში 2-4 თაობას იძლევა. კალიფორნიული ფარიანას განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 23-280C— ია. ასეთ პირობებში დედლის სქესობრივი პროდუქტიულობა 200 მატლს აღწევს. ზაფხულის გვალვების პერიოდში, მატლები დიაპაუზაში გადადიან (განვითარებას აჩერებენ).

ვაშლის ანუ კუნელის დიდი ცრუფარიანა (Palaeolecanium bitubercu­latum taeg) — იგი მკრთალი ყავისფერია, რომელსაც ახასიათებს მოყვითალო ლაქები, სიგრძე 2.5 მმ-ია.

საქართველოში იგი გვხვდება ყველგან. იგი დიდ ზარალს აყენებს ხეხილის ბაღებს. ზამთარს სხვადასხვა მცენარეებზე უმეტესად კი თესლოვან ხეხილზე ატარებს. მაისში, ვაშლის მასობრივი ყვავილობის დროს, იწყება მატლების გამოჩეკა, რომლებიც იფანტებიან მწვანე ორგანოებზე და იკვებებიან. მატლის ზრდის დამთავრებისთანავე სადედე მატლები გადადიან გამერქნებულ ორგანოებზე და დებენ კვერცხებს, შემდეგ იქვე იზამთრებენ. ვაშლის ცრუფარიანა წელიწადში ერთ თაობას იძლევა.

ატმის ცრუფარიანა (parthenolecanium persicae)  — იგი საკმაოდ დიდი ზომისაა და 10 მმ-ს აღწევს. ახალგაზრდა ცრუფარიანას მუქი ყვითელია, ხოლო ხნიერი ცრუფარიანა მოწითალო-მოყავისფროა.

ატმის ცრუფარიანა მთელ რიგ კულტურულ, კონტინენტურ და სუბტროპიკულ ხეხილს აზიანებს. ტყის ჯიშებსა და დეკორატიულ მცენარეებს ფოთლებს, ყლორტებსა და გამერქნებულ ორგანოებს უზიანებს.

მატლები სახლდებიან და იკვებებიან ფოთლის ქვედა მხარეზე, მთავარი ძარღვის გასწვრივ. ფოთოლი უფერულდება, რასაც ფოტოსინთეზის პროცესის შენელება მოსდევს. დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ძირს ცვივა.

ატმის ცრუფარიანა ძლიერი მავნეობით გამოირჩევა მრავალ მცენარეზე, როგორიცაა: ატამი, მანდარინი, ფორთოხალი, თუთა, ვაზი, კომში, იაპონური ზღმარტლი, მსხალი, ვაშლი, გარგარი, ბროწეული, ხურმა, ლეღვი, კაკალი, თხილი, მოცხარი და მრავალი სხვა კულტურული და ტყის ჯიშები.

ცრუფარიანა ზამთრობს მატლის ფაზაში. მარადმწვანე მცენარეებზე, ფოთლის ქვედა მხრიდან, მთავარი ძარღვის გასწვრივ, ხოლო ფოთოლმცვენ მცენარეებზე კი გამერქნებულ ორგანოებზე.

ატმის ცრუფარიანა დასავლეთ საქართველოში ორ თაობას იძლევა, პირველი თაობის მდედრი კვერცხებს დებს მაისში, ხოლო მეორე თაობა — სექტემბერში. აღმოსავლეთ საქართველოში ატმის ცრუფარიანა ერთ თაობას გვაძლევს.

აკაციის ცრუფარიანა (Parthenolecanium corni bouche)  — აკაციის ცრუფარიანა პოლიფაგი მწერია. აზიანებს როგორც მცენარეებს: თუთას, ქლიავს ალუჩას, ბროწეულს, კომშს, ვაშლს, მსხალს, ბალს, კაკალს, შინდს, ვაზსა და სხვა. ასევე ბალახოვან მცენარეებს. ტყის ჯიშებიდან ნეკერჩხალს, მუხას, თელას, ჭადარს, ალვის ხეს, ტირიფსა და სხვა ბუჩქოვნებს. დეკორატიული მცენარეებიდან — ვარდს, იასამანს, ოლეანდრას.

განვითარების ხელსაყრელი პირობების დროს ცრუფარიანას შეუძლია მცენარე ძლიერ დააკნინოს და გაახმოს კიდეც. გარდა პირდაპირი ზიანისა, მის მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სახლდებიან, მურისებრი სოკოები, რაც უარყოფითად მოქმედებს ყურძნისა და ღვინის ხარისხზე. მავნებლის მასობრივად გამრავლების შემთხვევაში ნადგურდება თითქმის მთლიანი მოსავალი. იგი 3000 მდე კვერცხს დებს და კვდება, მეორე თაობის მატლი ძირითადად აგვისტოს თვეში გვხვდება და ისინი იწყებენ მოხეტიალე ცხოვრებას, მცენარის სხვადასხვა ნაწილებში, შემდეგ ზრდასრულ ასაკში დებენ კვერცხებს იცვლიან კანს და იზამთრებენ მცენარის ქერქში.

ცრუფარიანას პირველი ასაკის მატლი ელიფსის ფორმისაა, ბრტყელი დასეგმენტებული ულვაშებითა და ფეხებით. ზამთრობს ვაზის ძირზე, ამსკდარი კანის ქვეშ და რქაზე. მეზამთრეობიდან გამოდიან მარტის მესამე ან აპრილის პირველ დეკადაში.

იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა (ceroplastes japonicas green)

ძირითადად გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე — გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთსა და ნაწილობრივ იმერეთში, იგი დიდ ზიანს აყენებს დაფნას, იაპონურ ხურმას, ჩაისა და თუთის ხეებს, უნადგურებს მწვანე მასას.

ახალგაზრდა ნარგავებს განსაკუთრებით ღეროს უზიანებს. ძალიან დიდია ასევე მისი ირიბი მავნეობაც, რაც გამოიხატება ცრუფარიანას მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე, რომლის შავი მიცელიუმი საგრძნობლად ანელებს მცენარეში, ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესებს, რასაც მცენარის ცხოველმყოფელობის დაქვეითება მოსდევს.

ბრძოლის ღონისძიებები: ბრძოლის მეთოდებიდან ძირითადად აგროტექნიკური ღონისძიებები და ქიმიური საშუალებები გამოიყენება.

შემოდგომით ტარდება აგროტექნიკური ღონისძიებები — ხეებზე ამსკდარი ქერქის მოცილება, გამხმარი ტოტების შეჭრა, მათი გატანა და დაწვა. ეფექტიანი ღონისძიებაა საკარანტინო ზონიდან ნერგის, ან სარგავი და საკვირტე მასალის გადატანის აკრძალვა სხვა ფართობებზე.

ქიმიური წამლობიდან ადრე გაზაფხულზე იწყება, ”ოვიპრონით” (ზეთოვანი ემულსია — ნავთობის მინერალური ზეთი) წამლობა, შემდეგ ”ბი-58” ახალი (მოქმედი ნივთიერება — დიმეთოატი) და პერფოსი (მოქმედი ნივთიერება — ქლორპიროფოსი).

მიხეილ ბათილაშვილი

შპს „აგროვიტას“ მთავარი აგრონომი

ვერიკო შინჯიკაშვილი

შპს „აგროვიტას“ ტექნიკური მენეჯერი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 18