მეფუტკრეობა

აქტიური ფაზა საფუტკრეში

     პასიური მდგომარეობიდან ფუტკრის ოჯახი ზამთრის ბოლოს, ადრე გაზაფხულიდან ნელ-ნელა აქტიურ მდგომარეობაში გადადის. სითბოს და ცილოვანი საკვების (ჭეოს) გაჩენით ფუტკრის ოჯახი იწყებს განვითარებას ეტაპობრივად, ცილოვანი საკვები აუცილებელი ფაქტორია, რადგან ფუტკარი ჭეოს დეფიციტის შემთხვევაში ბარტყს ვერ გამოზრდის. დედა ფუტკარი იწყებს კვერცხდებას თავიდან მცირე რაოდენობით (100-200 კვერცხი) ბუდის ცენტრში, რადგან იქ არის ბარტყის აღზრდისთვის საჭირო ტემპერატურა და ტენიანობა. ადრე გაზაფხულზე, ტემპერატურის მერყეობის შემთხვევაში, როდესაც ფუტკარი გუნდს შეკრავს, ბუდის ცენტრში არსებული ბარტყი არ დარჩება გუნდის გარეთ და არ დაიღუპება. მეფუტკრე ამ პერიოდში, საკვების სიმცირის დროს, ოჯახს ეხმარება საკვებით, რადგან ბარტყის მატებასთან ერთად იზრდება საკვების მოხმარებაც (საკვებად უნდა მივცეთ ცომისებური საკვები კანდი, რადგან სიცივეში ოჯახი შაქრის სიროფს ვერ გადაამუშავებს). სითბოს და ყვავილის მტვერის მატებასთან ერთად, ოჯახში თანდათან იზრდება ბარტყის რაოდენობა და ზამთრის თაობას ცვლის გაზაფხულის თაობა. გაზაფხულზე ოჯახისთვის აუცილებელია დათბუნება და ბუდის გაფართოვება იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ჩარჩოს შემდეგ აღინიშნება ბარტყი. დაუშვებელია ბუდის რამდენიმე ჩარჩოთი გაფართოება, რადგან ტემპერატურის ვარდნის შემთხვევაში ფუტკარი ვერ შეძლებს კიდეებზე არსებული ბარტყის დაფარვას, რაც გამოიწვევს ბარტყის დაღუპვას და იქმნება დაავადების გაჩენის წინაპირობა. ადრე გაზაფხულიდან, ბარტყის გაჩენიდან ოჯახში იზრდება წყლის მოთხოვნილება, მეფუტკრემ უნდა მოახდინოს სუფთა წყლით უზრუნველყოფა საწყურებლის სახით, ასევე მარილიანი წყლით (10ლ-ში 1გრ. მარილი).

მარტის შუა რიცხვებიდან ვიწყებთ მასტიმულირებელ კვებას 300-400გრ. ოდენობით 3 დღეში ერთხელ. მასტიმულირებელი კვებით ფუტკარს ხელოვნურად ვუქმნით ღალიანობის პირობებს და ფუტკრის ჯირკვლები მოგვყავს აქტიურ მდგომარეობაში, რის შედეგადაც ისინი აქტიურად კვებავენ დედა ფუტკარს რძით. ამის შემდეგაც ის უმატებს კვერცხდებას, სიროფის გადამუშავების დროს სკაში ტემპერატურა მაღლა იწევს, რაც ბარტყისთვის აუცილებელია, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია ჭეოს მარაგის არსებობა სკაში, ამ დროსაც სიფრთხილით ვაფართოებთ ბუდეს. მეფუტკრის მთავარი მიზანია, რომ ოჯახი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს მთავარ ღალიანობას, რომ შეძლოს პროდუქციისა და მარაგის დაგროვება, მთავარი ღალიანობისთვის ოჯახს უნდა ჰყავდეს მოღალე ფუტკრების დიდი რაოდენობა. მარტის პერიოდში საჭიროებისდა მიხედვით ვატარებთ ვაროატოზზე მკურნალობას, ასევე შეიძლება სხვადასხვა ბიომეთოდების გამოყენება სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა ჯანმრთელ ოჯახებში. ანტიბიოტიკებს ვიყენებთ მხოლოდ დაავადებულ ოჯახებში, რადგან მათი ხშირი გამოყებებით ვავნებთ ფუტკარსაც და პროდუქციასაც დავაბინძურებთ.

როდესაც ფუტკრის მასა შეავსებს სკას (10-12 ჩარჩოს), ვადგამთ მეორე კორპუსს, რათა თავიდან ავიცილოთ ნაყრიანობა, ასევე შეგვიძლია ოჯახის გაყოფა სხვადასხვა მეთოდით.

ნაყრიანობა წარმოადგენს ფუტკრის ოჯახის  ბუნებრივ გაყოფას. განაყოფ ოჯახს ნაყარი ეწოდება, ამგვარად მოაღწია ფუტკარმა  ჩვენამდე. ფუტკრის ოჯახი ადრე გაზაფხულიდან იწყებს განვითარებას, ძველი თაობა იცვლება ახლით, ხოლო ეს ახალი თაობა ზრდის გარკვეულ ეტაპზე აღწევს მაქსიმუმს, ოჯახის სიძლიერის ზრდასთან ერთად იზრდება ძიძა ფუტკრების რაოდენობა, თავდაპირველად ბარტყზე 2-3 ძიძა მოდის, შემდეგ ეს რაოდენობა იზრდება 6-8 მდე, უმრავლესი ძიძების ნაწილი რჩება დაუსაქმებელი, რადგან ოჯახში არ არის ბარტყის ის რაოდენობა, რომ ამდენი ძიძა ფუტკარი დასაქმდეს, ასევე ბუნებაშიც არაა ღალიანობა, რომ ფუტკარი გადაერთოს ნექტრის შემოტანაზე. მოჭარბებული ფუტკრის ოდენობა,  სიმრავლის გამო სკაში ვეღარ ეტევა და ვერც საქმდება ამდენი ფუტკარი (დაუსაქმებელი ფუტკარი გუნდებად ეკიდება ბოლო ჩარჩოებზე) და აქედან გამომდინარე ოჯახი იწყებს გაყოფაზე „ფიქრს“. ნაყრიანობის ხელშემწყობი ფაქტორებია: სივიწროვე სკაში, ბარტყის მცირე რაოდენობა, უღალობა, ვენტილაცია-საკვების არქონა და სხვა…

ნაყრიანობას შევაჩერებთ კორპუსის დადგმით და ფუტკრის მაქსიმალურად დასაქმებით ჩარჩოების შენებაზე და ბარტყის აღზრდაზე, ასევე ოჯახების გაყოფით. მაგრამ სანაყრე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის შეჩერება ბევრ შრომას მოითხოვს, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ თადარიგს დავიჭერთ და დროულად გავაფართოვებთ ბუდეს და დავასაქმებთ ძიძა ფუტკარს.

აპრილ-მაისში ძლიერი ოჯახებიდან შეგვიძლია პაკეტების გაკეთება ან გაყოფა სხვადასხვა მეთოდით, ასევე დედების გამოყვანაც. მთავარია, ფუტკრის ოჯახმა არ იგრძნოს საკვების დეფიციტი, რადგან ამ შემთხვევაში მისი გამრავლება შეფერხდება. მთავარი ღალიანობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ვწყვეტთ სიროფით კვებას, რათა არ აისახოს მეფუტკრეობის პროდუქციაში, გაზაფხულზე მიცემული ცოტა რაოდენობის სიროფს ფუტკარი მოიხმარს ბარტყის და თავის საკვებად, რაც არ მოახდენს ზეგავლენას პროდუქციაზე.

როდესაც მთავარი ღალიანობა დაიწყება, ფუტკარი მთლიანად გადაერთვება ნექტრის შეგროვებაზე და ზღუდავს დედის კვერცხდებას, ამიტომ მეფუტკრე უნდა ეცადოს, რომ დედა ფუტკარს ყოველთვის ჰქონდეს ჩასაკვერცხი ადგილი, რადგან კვერცხდების შემცირება გამოიწვევს ოჯახის დასუსტებას. ქართულ ფუტკარს ახასიათებს ბუდის გავსება თაფლით, ამიტომ თაფლიანი ფიჭები უნდა ავიტანოთ კორპუსში და ბუდეში დედას მივცეთ საშუალება კვერცხდებისათვის. ოჯახი მაქსიმალურად უნდა დავტვირთოთ ფიჭების შენებაზე, რადგან ღალიანობის დროს ფუტკარი უხვად იკვებება ჭეოთი და თაფლით, რაც იწვევს მისი ჯირკვლების აქტიურ მდგომარეობაში მოყვანას და სასანთლე სარკეებზე გამოიჟონება ცვილი და თუ ჩვენ არ მივცემთ ასაშენებელ ჩარჩოებს, ისინი დაიწყებენ „ენების“ შენებას, ან ჩამოსცვივდებათ და დაკარგავენ ცვილს. ოჯახში უნდა იყოს დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ფუტკარი, რომლებიც გამოყოფენ ცვილს, მათი დეფიციტის დროს უხარისხოდ ააშენებენ ან ღრღნიან ჩვენ მიერ მიცემულ ჩარჩოებს. ამ პერიოდში არ ვიყენებთ არანაირ პრეპარატებს და კვებას საფუტკრეში.

ღალიანობის დასრულების შემდეგ ოჯახი სუსტდება, რადგან მათ მთელი ენერგია დახარჯეს ნექტრის ათვისებაზე, რამაც გამოიწვია მათი სწრაფი ცვეთა, ფუტკრის ოჯახი მიდის დასუსტებისკენ, რაოდენობა მცირდება, მეფუტკრე იწყებს ოჯახის მზადებას პასიური პერიოდისთვის, თუ მთაბარობას არ გეგმავს, ან არ ელოდება მეორე ღალიანობას.
ოჯახი ადრე გაზაფხულიდან იწყებს გამრავლებას, შემდეგ აღწევს მაქსიმუმს (დაახლოებით 100 000-მდე ), ღალიანობის დამთავრების შემდეგ მისი გამრავლების კოეფიციენტი დაბლა იწევს და ზამთრისთვის რჩება დაახლოებით 20-25 ათასი ფუტკარი.

  სტატია მომზადებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივის საფუძველზე მარიამ კილაძის მიერ.