არ დავუშვათ კოოპერატივების მარცხი
საქართველოს პრემიერ-მნისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს
ბატონებო,
კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ მიღებული იქნა 2013 წელს, რაც გამოწვეული იყო სოფლის მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის განვითარების ობიექტური აუცილებლობით. ფართო განხილვის საგანი გახდა კანონში 2015 წელს შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რომლითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობათა წესები, რაც წარმოადგენს კოოპერატივის, როგორც სამეწარმეო ფორმის იდენტობის განმსაზღვრელ მთავარ კომპონენტს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის განხილვა მიმდინარეობდა სამეცნიერო წრეების, სპეციალისტების და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით.
აღნიშნულ კანონში 2022 წლის (ისევე როგორც 2019 წლის), ცვლილებების და დამატებების კანონპროექტი წარმოადგენს მის ინიციატორთა არაკომპეტენტურობის და კოოპერაციული სისტემის უვიცობის აშკარა დემონსტრირებას და შესაბამისად, კოოპერაციული პროცეცის საწინააღმდეგო, მიზანმიმართულ აქტივობას. ამის სადემონსტრაციოდ გიგზავნით 2022 წლის კანონპროექტის რამდენიმე ნორმას:
- კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ნიშნავს, რომ სტატუსის მოპოვების ეტაპზე კოოპერატივს სრულად უნდა ქონდეს შეტანილი პაი.
წარმოდგენილი კანონპროექტის მე-3 მუხლში პაი განმარტებულია შემდეგნაირად: „ე1) პაი − მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისათვის საპაიო ფონდში ყოველწლიურად განხორციელებული სავალდებულო საპაიო შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობის, ამ კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღებისა და საერთო კრებაზე ხმის უფლებას;“
პაის შეტანა კოოპერატივში წარმოებს მეპაიის ყოველწლიური ეკონომიკური მონაწილეობის შესაბამისად, რომელიც გადანაწილებულია სამეურნეო წლის სხვადასხვა პერიოდზე. კოოპერატივს თავიდანვე არ ჭირდება საპაიო შენატანების 100%-ს მობილიზება და პაის შეტანის გადანაწილებას ახდენს გარკვეული გრაფიკით, გასაწევი ხარჯების პერიოდების შესაბამისად, რაც მეპაიეებს უხსნის პაის მთლიანი შეტანის მნიშვნელოვან ტვირთს. ახალი რედაქციით, კოოპერატივის მეპაიე გახდება მხოლოდ ის პირი, ვისაც გააჩნია სოლიდური ფინანსური დანაზოგი, რომელსაც შეიტანს კოოპერატივში ერთდროულად. ასეთი კაპიტალდაბანდება არ ესადაგება სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და რაც მთავარია, არ წარმოადგენს არანაირ საჭიროებას კოოპერატივში მეპაიის ეკონომიკური მონაწილეობის განხორციელებისთვის..
კანონის იგივე მე-7 მუხლით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რასაც უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები.
ეს ნორმა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პაის ღირებულება განსაზღვრულია კოოპერატივსა და მეპაიის შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (საპაიო შენატანის მინიმუმი 300 ლარი განსაზღვრული იქნა უაზროდ, ყოველგვარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე 2019 წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი გასაუქმებელია, ხოლო 132 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტში შესატანია ცვლილება და იგი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია: გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით და კოოპერატივსა და მეპაიეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით;“
- სრულიად გაუგებარია რა შინაარსობრივი განსხვავებაა ასოცირებულ წევრსა და ინვესტორს შორის, რადგან ამ კანონით ასოცირებული წევრი კოოპერატივისთვის რეალურად წარმოადგენს ინვესტორს. რადგან მეწარმეთა შესახებ კანონის ახალი რედაქციით, კოოპერატივების ნაწილში გაჩნდა „ინვესტორის“ კატეგორია, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში ტერმინი „ასოცირებული წევრი“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „ინვესტორი“, ან დარჩეს ტერმინი „ასოცირებული წევრი“ და მისი განმარტება შევიდეს კანონის ტერმინთა განმარტებაში, როგორც ინვესტორი. გაჩნდება კანონში ტერმინი „ინვესტორი“ თუ დარჩება „ასოცირებული წევრი“, ორივე შემთხვავაში მის მიმართ უნდა ვრცელდებოდეს არსებული კანონით დადგენილი „ასოცირებული წევრის“ უფლება-მოვალეობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ტერმინი „ინვესტორის“ გამოყენება მოხდება ასოცირებული წევრებისთვის კანონით დადგენილი წესების გვერდის ასავლელად, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს კოოპერაციის პროცესს.
- აუცილებელია კოოპერატივის მიერ კანონით დადგენილი კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების წესების დაცვის მონიტორინგი, რაც მიზანშეწონილია განხორციელდეს მაშინ, როდესაც მეპაიეებს სრულად ექნებათ შეტანილი პაი, უმეტეს შემთხვევაში სტატუსის მინიჭებიდან ერთი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ და აუცილებლად კოოპერატივების რეგისტრირების ადგილზე გასვლით, რადგან ე.წ. კამერალური მონიტორინგი რეალურად წარმოადგენს ფიქციას.
თუ არ შემოწმდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობები, საერთოდ გაუგებარია, ვის რაში ჭირდება კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი, თუ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ეს იურიდიული პირი არღვევს ამ კანონით დადგენილ კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს და რეალურად არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.
ამიტომ კანონის მე-8 მუხლში ეს ცვლილება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„სააგენტო ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის და ამ კანონით დადგენილი შიდასაწარმოო ურთიერთობების წესების მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას, სადაც ასახული იქნება სააგენტოს მიერ კოოპერატივების რეგისტრირების ადგილზე გასვლითი მონიტორინგის გრაფიკი;“
მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ჩვენი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული და პარლამენტის მიერ უკვე პირველი მოსმენით იქნა მიღებული აღნიშნული ცვლილებები. ბოლოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტიდან მივიღეთ გასაოცარი შეტყობინება, რომ ერთი პირის საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტი ვერ გაითვალისწინებდა.
ბატონებო, გთხოვთ თქვენს ძალისხმევას, რათა პარლამენტში შეჩერდეს მოსახლეობისთვის ესოდენ საჭირო სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის დამაზიანებელი, ყოვლად უაზრო, არაკომპეტენტური საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სიღარიბეს, სოციალური პოლარიზაციას, სოფლის მოსახლეობის ისედაც გაძლიერებულ მიგრაციას და კანონპროექტი დაუბრუნდეს აგრარულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად, სათანადო კომპეტენციის სპეციალისტების მონაწილეობით.
პატივისცემით,
პაატა კოღუაშვილი, სსმმა აკადემიკოსი,
დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი