დარგებიმეფუტკრეობა

ასკოსფეროზი  (Ascosphaera apis)

     ასკოსფეროზი აპის მელიფერას მეთაფლე ფუტკრის – Apis mellifera-ს ბარტყის სოკოვანი დაავადებაა, მისი გამომწვევია მიკროსკოპული სოკო -Ascosphaera apis, რომლის სპორებიც გარემოში წლების განმავლობაში ინახება.

დაავადების მიმართ მეტად ამთვისებელია  3-4 დღის ასაკის ლარვა, ის ხვდება საკვებთან ერთად ნაწლავში და აქ იწყებს განვითარებას, აზიანებს ლარვის ნაწლავის კედელს და ნელ-ნელა ედება მთელს სხეულს.

დაინფიცირებული ლარვა კვდება და თანდათან გარდაიქმნება თეთრ ან  მოშავო ფერის მუმიად.
ეს სოკო განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს გაციებულ ბარტყში პოულობს. მრავალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გაციებული ბარტყი მეტად ასკოსფეროზის მიმართ ამთვისებელია, განსაკუთრებული მგრძნობიარობით სამამლე ბარტყი გამოირჩევა, რადგან ის უმეტესად ბუდის პერიფერიულ ნაწილშია განთავსებული. დაავადება ასევე სუსტ ოჯახებში იჩენს თავს, რომლებიც ტემპერეტურულ რეჟიმს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ.

ასკოფეროზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:

მაღალი სინესტე სკაში; 
უხარისხო დედა ფუტკარი;
საკვების დეფიციტი;
ძველი შავი ფიჭები;
ფუტკრების ჰიგიენური ,,ქცევის“ უქონლობა.

 გავრცელება:

სკაში სპორები ხვდება ყვავილის მტვერთან ერთან;
შემოაქვს მოღალე, მამალ ან ქურდ ფუტკარს;
ძიძა ფუტკრები ლარვებს საკვებთან ერთად გადასცემენ სპორებს.

დაავადების კონტროლი

დაავადების პროფილაქტიკისთვის და გაჩენის შემთხვევაში მისი მკურნალობისთვის პრეპარატების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ამით დაავადება მხოლოდ ინიღბება, ხოლო დაავადების გამომწვევი მიზეზი კი ადგილზე რჩება და მოგვიანებით შეახსენებს მეფუტკრეს თავს. ასევე დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები აბინძურებს ფუტკრის პროდუქტებს და მათ საკვებად უვარგისს ხდის.

ასკოფეროზის შემთხვევები უფრო ხშიურია იმ საფუტკრეებში, სადაც პერიოდულად ამერიკული სიდამპლის პროფილაქტიკას მიმართავენ ანტიბიოტიკებით. ისევე როგორც ადამიანებში ანტიბიოტიკების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება ფუტკრებში ზრდის სოკოვანი ინფექციების გააქტიურების შანსს.

დაავადების გაჩენისას მეფუტკრე პირველ რიგში აწესრიგებს სკის ვენტილაციას, სკის კედლებზე, ძირსა და საფარ ტილოზე არ უნდა გროვდებოდეს კონდენსირებული ორთქლი.

ხდება ძლიერ დაზიანებული ბარტყიანი ჩარჩოების გამოწუნება.

ითვლება, რომ ხშირად ასკოსფეროზს თავად ფუტკრის ოჯახის დაავადების მიმართ მიდრეკილება განაპირობებს, ამიტომ დედის შეცვლით შესაძლოა, ოჯახის ეს თავისებურებაც შევცვალოთ და დაავადების მიმართ ძლიერ ოჯახად ვაქციოთ. ასეთ შემთხვევაში დედა ფუტკარი დაავადების მიმართ ძლიერი ოჯახიდან უნდა მივიღოთ.

დაავადების მძიმე მიმდინარეობისას რეკომენდებულია უბარტყო პერიოდის შექმნა, რაც დედის წართმევით და მწიფე სადედის მიცემით მიიღწევა.

მარიამ კილაძე