ბლოგიმედიასტატიები

იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება…

საქართველოს სასურსათო დამოუკიდებლობა და წარმოების თვითუზრუნველყოფის დონე კვლავ ქვეყნის ეკონომიკური დღის წესრიგის ერთერთი ყველაზე მწვავე საკითხია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2025 წლის განახლებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყნის შიდა წარმოება უმრავლეს შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას, რაც საქართველოს იმპორტდამოკიდებულს ხდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სურსათის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100%- მხოლოდ ორი პროდუქტის შემთხვევაში აჭარბებს: კარტოფილისა (139%) და ყურძნის (158%). ყველა სხვა კატეგორიაში, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების, ადგილობრივი წარმოება დეფიციტურია.

ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ხორბლის სექტორში გვაქვს, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ ნედლეულად ითვლება.

2025 წელს ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა. ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება თითქმის ყველა სხვა სასურსათო კატეგორიაში, რაც პირდაპირ აისახება იმპორტის რეკორდულ ზრდაზე — 2025 წელს სურსათის, სასურსათო ნედლეულისა და სასმელების იმპორტმა 2.2 მილიარდს მიაღწია.

თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლების დინამიკა (2024-2025):

პროდუქტი 2024 წელი (%) 2025 წელი (%)
ხორბალი 22 19
რძე და რძის პროდუქტები 74 68
ბოსტნეული 49 48
მსხვილფეხა რქოსანი

პირუტყვის ხორცი

74 72
ფრინველის ხორცი 30 30

რატომ უარესდება მდგომარეობა, დავუშვებთ შეცდომას?

მონაცემების გაუარესება მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე, რაც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების ზრდას და კონკურენტუნარიანობას.

კერძოდ:

  • ადგილობრივი ფერმერები ხშირად ვერ უწევენ კონკურენციას უფრო იაფ იმპორტირებულ პროდუქციას, რაც წარმოების გაფართოების ნაცვლად, მის შემცირებას იწვევს;
  • სტრატეგიულ პროდუქტებზე, როგორიცაა ხორბალი, რძე და ხორცპროდუქტები, დამოკიდებულების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ აგრარული პოლიტიკა არ არის საკმარისად ორიენტირებული მასშტაბურ, ტექნოლოგიურად განვითარებულ მეურნეობებზე;
  • სოფლის მეურნეობაში მაღალი დანახარჯები და დაბალეფექტიანობა ფერმერებს მოგების მიღებას ურთულებს, რაც საბოლოოდ წარმოების შემცირებას იწვევს.

როგორ შეიძლება გამოსწორდეს მდგომარეობა

არსებული ვითარების შესაცვლელად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა:

  • მწარმოებელთა სუბსიდირება და ტექნოლოგიური მოდერნიზაციახორბლისა და პირუტყვის ხორცის სექტორში წარმოების ზრდისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ხარჯების ოპტიმიზაციას და პროდუქტიულობის ზრდას მოახდენს;
  • იმპორტჩანაცვლების პოლიტიკა _ საჭიროა მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც წაახალისებს იმ პროდუქტების წარმოებას, სადაც დეფიციტი ყველაზე მაღალია (მაგალითად, ფრინველის ხორცი, სადაც თვითუზრუნველყოფა მხოლოდ 30%-ია). მცირე და საშუალო საოჯახო ფერმერების დახმარება აუცილებელია, თუმცა მხარდაჭერა სჭირდება უფრო მსხვილ ფერმერებს, აგროფირმებს და აგროსაწარმოებს. მცირე და საშუალო საოჯახო მეურნეობებს სჭირდება უშუალო დახმარება, რომ მათი მეურნეობების წარმადობა გაიზარდოს და ეფექტიანი გახდეს;
  • ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება _ მხოლოდ პირველადი წარმოება არ არის საკმარისი; მნიშვნელოვანია გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის მცირე და საშუალო საოჯახო ფერმერული მეურნეობების წახალისებადახმარება, რათა გაერთიანდნენ და შექმნან მცირე საწარმოები, რათა მათ მიერ წარმოებულმა პროდუქტმაც შეძლოს სტანდარტების დაკმაყოფილება და ბაზარზე წარმატებით პოზიციონირება.

საქართველო იმყოფება მოჯადოებულ წრეში, სადაც მოთხოვნის ზრდასთან ერთად იმპორტზე დამოკიდებულებაც იზრდება.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს არა მხოლოდ დეკლარირებულ სურვილებს, არამედ აგრარულ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, სტრატეგიულ პროდუქტებზე სახელმწიფო ხელშეწყობის გაზრდას და ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

შოთა მაჭარაშვილი,

ჟურნალახალი აგრარული საქართველოსრედაქტორი