მექანიზაციარეგიონებირუბრიკები

აჭარის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების მდგომარეობა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების მიუხედავად აგრარული სექტორი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ეკონომიკური და ტექნოლოგიური კრიზისიდან.

მეურნეობრიობის თანამედროვე სისტემაზე გადასვლას თან ახლდა არსებულ საწარმოთა ორგანიზაციულ-იურიდიული რღვევა, რასაც არ მოჰყოლია ახლის შექმნა. გაუქმდა სოფლის მეურნეობის ისეთი მძლავრი სტრუქტურები, როგორებიც იყო „საქსოფლტექნიკა“, „საქსოფლქიმია“ , მცენარეთა და ცხოველთა დაცვის სახელმწიფო სამსახურები, კარანტინის ინსპექცია, ბიოლაბორატორიები და სხვა. ამ საქმისადმი ასეთმა მიდგომებმა სისტემაში ქაოსი და გაუგებრობები გამოიწვია. შედეგად სოფლის მეურნეობა თანდათან გადავიდა მეურნე კაცის, პრაქტიკოსი გლეხისა და ტრაქტორისტის თეორიული და ტექნიკური მომზადების დონეზე, ეს კი რენტაბელური და მაღალმწარმოებლური შრომისათვის საკმარისი ნამდვილად ვერ იქნებოდა. ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, დღესაც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში მაღალია ხელით შრომის წილი, რაც წარმოებული პროდუქციის სიმცირეს და იმპორტირებული პროდუქციის მატებას იწვევს. ზოგიერთ სახეობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტმა 80%-ს გადააჭარბა და ეს ტენდენცია მზარდია. ასეთი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მცდელობამ, ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ინტენსიური ტექნოლოგიებით მოყვანის კუთხით, ინტროდიციული მრავალწლიანი მცენარეების კულტივირებამ, ვითარება ვერ შეცვალა. ისევ მაღალია ხელით შრომის წილი და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც სოფლად არსებული მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენების ნაკლები შესაძლებლობით, ან გამოუყენლობით არის ნაკარნახევი, რადგანაც მობილური ტექნიკა მასიური ფართობების დამუშავებაზეა გათვლილი და თითქმის გამოუსადეგარია მცირემიწიან, ვიწროკონტურიან და რელიეფური დახრილობის მქონე ნაკვეთებზე. რეგიონში კი ასეთი ფართობები მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 70%-ზე მეტია. ამასთან გართულებულია ძველი, ტექნიკურად და მორალურად მოძველებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებაც, რასაც შესაბამისი მარაგნაწილებით უზრუნველყოფა და სერვისული ცენტრების არარსებობაც ემატება.

სოფლად მეურნეობრიობის საბაზრო სისტემაზე გადასვლას თან მოჰყვა მეურნისათვის შრომის განახლებული მენეჯმენტისა და მომარაგების დღემდე უცნობი მიდგომები და მეთოდები. გეგმიური მომარაგება სხვადასხვა მიზნობრივმა პროგრამებმა და პროექტებმა ჩაანაცვლეს. ამ გზით სოფლად შრომით დაკავებულ ადამიანთა მობილური და მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას გარდამტეხი წინსვლა არ გამოუწვევია. მიზეზიც მარტივია. დღემდე ვერ მოხერხდა სოფლად წარმოებაში მრავალფუნქციური მანქანა-ტრაქტორთა პარკისა და მცირე მექანიზაციის სამანქანო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს წარმოების ყველა ეტაპზე მოწინავე, მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით უზრუნველყოფილი ტექნიკა გამოვიყენოთ. აუცილებლად მხედველობაშია მისაღები რესურსდამზოგი ტექნოლოგიები, თესლბრუნვის სისტემათა გამოყენება და სხვა.

ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც არაერთი კოოპერატივი არსებობს, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი ნაწილი მაინც მცირემიწიან ფერმერთა და კერძო გლეხურ მეურნეობებზეა დამოკიდებული. მცირემიწიანობისა და ვიწროკონტურიანობის გამო მობილური ტექნიკის ან არსებული მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენება უმეტესი მეურნისათვის გამოუსადეგარი და არარენტაბელურია, ამიტომ ტექნიკა წლის განმავლობაში სანახევროდაც არ არის დატვირთული, რაც ხშირ შემთხვევაში მწარმოებლის ფინანსურ ზარალს იწვევს.

რეგიონის მაღალმთიანი თავისებურებებიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონის უმეტეს ტერიტორიებზე ვერ ხერხდება მობილური, მძიმე ტექნიკის გამოყენება, არ არსებობს სამთო მიწათმოქმედების ტექნიკა და ძირითადი სამუშაოები წარმოებს ხელით, ცოცხალი გამწევი ძალისა და ,ნაწილობრივ, მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, აჭარის პირობებში მუშაობისას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განიცდის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების მუდმივ გავლენას, როგორიცაა სამთო პირობები, რელიეფის დახრილობა, ნიშანცვლადი დინამიკური დატვირთვები, მუშა გარემოში მყოფი ამრაზიული ნაწილაკები, მაღალი ნესტიანობა და სხვა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ჯერ კიდევ დაბალია სოფლის საქონელმწარმოებელთა ტექნიკური უზრუნველყოფა და სერვისის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „მექანიზატორის“ მიერ შემოტანილია მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ჯერ კიდევ ვერ იქნა დაძლეული კრიზისული მდგომარეობა, რის გამოც კერძო და ფერმერული მეურნეობების რენტაბელობა დაბალია.

რეგიონის თავისებურებებიდან გამომდინარე, წინასწარი მონაცემებით, სამეურნეო ტექნიკის 70-80%-ს შეადგენს მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აჭარაში შემოტანილია რამდენიმე სავაჭრო ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა ქვეყნებიდან (თურქეთი, ჩინეთი, იტალია და სხვა). ყოველივე ეს განაპირობებს რეგიონში ტექნიკის მრავალმარკიანობას და მათი სერვისის სირთულეს.

ასევე აღსანიშნავია ტექნიკის მომსახურე პერსონალის სიმცირე და დაბალი კვალიფიკაცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2013 წლისათვის აგრარული სექტორის ტექნიკური სერვისის საწარმოთა სფეროდან წავიდა 72%-ზე მეტი საუკეთესო სპეციალისტი, რომლებიც მოღვაწეობენ ბიზნესის სფეროში. აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, გარდა შპს „მექანიზატორის“ საწარმოებისა, არ არსებობს ტექნიკური სერვისის ცენტრები. სპეციალისტების უკმარისობის და მათი დაბალი კვალიფიკაციის გამო კერძო ტექნიკის მომსახურება თვით მეპატრონეებს უხდებათ, რის გამოც დაბალია მომსახურების ხარისხი, შესრულებული სამუშაოების თვითღირებულება კი — მაღალი. შედეგად, ტექნიკა მუშაობს ცუდად და მისი მზადყოფნის კოეფიციენტი 40—45%—ს არ აღემატება, რაც იწვევს შრომატევადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების აგროვადების დარღვევას და მთლიანად მეურნეობის არარენტაბელობას.

ჩვენი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აჭარაში არის ასევე შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისის ორგანიზება, ადგილობრივი პირობების შესაბამისი სერვისის რაციონალური ფორმების შერჩევა და პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავება გაცვეთილი დეტალების აღდგენისათვის.

აღნიშნული პროცესების მართვა მეტ-ნაკლებად შესაძლებელი რომ გამხდარიყო, 2015 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრისა“, საერთაშორისო პროგრამა ნფაღდ-1-ის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარაში შემუშავებული იქნა წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა აჭარის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაზრდას, ეს კი დამოკიდებულია ტექნიკის მზადყოფნის და გამოყენების კოეფიციენტების ზრდაზე, ტექნიკის მომსახურების რაციონალური ფორმის შერჩევაზე, მუნიციპალიტეტებში სერვისული საწარმოების ფუნქციონირებაზე, ტექნიკოს სპეციალისტთა მომზადება — გადამზადებაზე დ სხვა.

პროექტის განხორციელება მიმდინარეობდა აკადემიკოს ჯ. კაციტაძის ხელმძღვანელობით, სადაც პირველი რიგის კვლევით სამუშაოებად დაისახა შემდეგი საკითხების კვლევა: აჭარის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ინვენტარიზაცია, მათი მდგომარეობის შესწავლა, რეგიონის სახნავი სავარგულებით უზრუნველყოფა არსებული ტექნიკის სიმძლავრეების გათვალისწინებით, მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების აღსადგენი დეტალების ნომენკლატურის დადგენა და მათი აღდგენის ტექნოლოგიების დამუშავება, რეგიონისათვის ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმის გამოკვლევა, ტექნიკის მომსახურების საწარმოთა სიმძლავრეების გაანგარიშება და დაპროექტება, საწარმოთა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრისა და განლაგების ადგილმდებარეობის შერჩევა.

წარმოდგენილი ცხრ.1 მიხედვით, შესწავლილი და გაანალიზებული იქნა აჭარის რეგიონში ძირითადი ტექნოლოგიური ოპერაციების ენერგო უზრუნველყოფა ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით.

 

როგორც ცხრილიდან ჩანს აჭარაში არსებული სახნავი ფართობის მომსახურებისათვის გამოიყენება დაახლოებით 9000 კვტ ჭარბი ენერგია, ნაცვლად საჭირო 15500 კვტ ენერგიისა. რეგიონში არსებული 3900 ერთეული მოტობლოკი სრულიად საკმარისი იქნება რეგიონისათვის, თუ მოხდება მათი სრული დატვირთვით გამოყენება.

ასევე არსებული 380 ერთეული მობილური სახნავი ტექნიკის ნახევარზე მეტი სარემონტოა ან საჭიროებს გადაუდებელ ტექნიკურ მომსახურებას. არ არის კვალიფიციური ტექნიკოსები და გაძნელებულია კარგი და ორიგინალური მარაგნაწილების შეძენა. ამ ტექნიკის მწყობრში მოყვანა საკმარისი იქნება რეგიონისათვის, თუ გავითვალისწინებთ შპს „მექანიზატორის“ დამატებით როლს და შესაძლებლობებს.

აჭარაში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და მეურნეობრიობის მრავალფორმიანობის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა ტრაქტორების, ავტომობილებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების რაოდენობა, გაუარესდა ექსპლუატაციაში მყოფი ტექნიკის მდგომარეობაც. ცხადია, ასეთი მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს სოფლის საქონელმწარმოებელთა ენერგოაღჭურვილობაზე, რის გამოც მცირდება საწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა.

ამჟამად აჭარაში ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელთა რაოდენობა აღემატება 9000 ერთეულს, ამიტომ ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები ტარდება მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო მაჩვენებლებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით. როგორც აღვნიშნეთ, მცირეკონტურიან და სამთო პირობებში ტექნიკის მუშაობა გართულებულია, იზრდება ასევე დინამიკური დატვირთვები, რაც გამორიცხავს მის დამყარებულ რეჟიმში ხანგრძლივ მუშაობას, ხშირია შეფერხებები და გაჩერებები, საჭირო ხდება დაბალი სიჩქარეების გამოყენება, მკვეთრად იცვლება კინემატიკური( გადაადგილებები, სიჩქარეები, აჩქარებები) და დინამიკური (ინერციის, ხახუნის, მამოძრავებელი და ტექნოლოგიური წინააღმდეგობის ძალები) ფაქტორები, რაც იწვევს შეუღლებაში მყოფი დეტალების ინტენსიურ ცვეთას და საიმედოობის შემცირებას, საბოლოო ჯამში კი მანქანის მუშაუნარიანობის დაქვეითებას ან მტყუნობას.

2016 წლის განმავლობაში აჭარის მთიან რაიონებში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული ტექნიკისათვის უეცარი სახის მტყუნობები შეადგენს საერთო მტყუნობათა 28…32 %-ს, ხოლო ცვეთის სახის (თანდათანობითი) მტყუნობები კი 68…72%-ს. ამ მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საჭიროა ტრადიციულ ხერხებთან ერთად დამუშავდეს გაცვეთილი დეტალების აღდგენის ინოვაციური ტექნოლოგია ელექტრო ნაპერწკლური ლეგირების მოწყობილობების გამოყენებით, რაც შეიძლება გახდეს საგრანტო პროექტის მომავალი ეტაპის კვლევის ობიექტი.

გამოკვლეული იქნა ასევე მცირე მექანიზაციის მანქანების მტყუნობათა სახეები აჭარის პირობებში მუშაობის დროს და დადგენილი იქნა მათი კუთრი წილი საერთო მტყუნობებში, რამაც შეადგინა: კონსტრუქციული — 15%, ტექნოლოგიური — 32%, საექსპლუატაციო-53%. ამ მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი მოდის საექსპლუატაციო მტყუნობებზე, რაც იმით არის გამოწვეული, რომ გლეხები, ფერმერები, კერძო მეწარმეები და მექანიზატორები არასრულყოფილად ფლობენ ამათუიმ ტექნიკის კონსტრუქციისა და ექსპლუატაციის თავისებურებებს, არ იცავენ შრომისა და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს, დროულად არ აწარმოებენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ტექნიკის მუშაუნარიანობის შენარჩუნებისათვის და იყენებენ არაკონდიციურ საწვავ და საცხ მასალებს.

როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად აჭარაში მწვავედ დგას მცირე მექანიზაციის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ეფექტურად გამოყენებისა და ტექნიკური სერვისის საკითხი. პრობლემა თანდათან უფრო აქტუალური ხდება, რადგანაც ყოველწლიურად ინტენსიურად შემოდის აღნიშნული ტექნიკის დიდი რაოდენობა, რომლის სერვისის ორგანიზაცია მეტად დაბალ დონეზეა,ხოლო მათი სერვისული საწარმოს ოპტიმალური განლაგების რაციონალური სქემა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად დასაბუთებული.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭიროა გათვალისწინებული იქნეს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და სერვის-ცენტრის (სარემონტო საწარმოს) ადგილმდებარეობის შერჩევისათვის მოხდეს პრობლემის მეცნიერული გააზრება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, როგორც სერვისის ობიექტის გადაზიდვაზე მინიმალური დანახარჯებისა და ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც დამუშავებულია ა. სტერჟესის, ი. ლევიტსკის, ა. აჩკურინის და ჯ. კაციტაძის მიერ. ჩვენს გამოკვლევაში ვიყენებთ, ჯ. კაციტაძის მეთოდიკას, რომელიც ითვალისწინებს აჭარის მთიან რელიეფს. ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებსა და ცალკეულ რაიონებში ტექნიკის კონცენტრაციის ხარისხსა და კონსტრუქციულ თავისებურებებს.

აღნიშნული მეთოდიკის რეალიზაციისათვის საცდელ ობიექტად აღებული იქნა რეგიონის ხუთივე რაიონი (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო) და იქ არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. საჭირო მასალების მოპოვება ხდებოდა როგორც რეგიონის გეოგრაფიული რუკით, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების გამოყენებით. კერძოდ, განისაზღვრებოდა მცირე მექანიზაციის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მთლიანი რაოდენობა რეგიონში მარკების მიხედვით, მათი საერთო წონა, გამოსაკვლევ ობიექტებს შორის მანძილები და ასევე კოორდინატები.

იმისათვის, რომ აჭარის რეგიონის მაგალითზე შეგვერჩია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სარემონტო საწარმოთა ოპტიმალური ადგილმდებარეობა, ჯერ შევადგინეთ სქემა, რომელზედაც დაყვანილია ობიექტების მდებარეობა და მათ შორის მანძილები (ნახ. 1) და შემდეგ განვსაზღვრეთ სასოფლო-სამეურნეო ობიექტების გადაზიდვაზე საჭირო მუშაობა რაიონების მიხედვით.

 

 

 

 

სადაც: A — ტექნიკის გადაზიდვებზე დახარჯული მუშაობა, MJ;

P — გადასაზიდი ტექნიკის წონა, N

S — გადაზიდვის მანძილი, კმ.

 

 

 

 

 

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ყველაზე ნაკლები მუშაობა 106 მჯ. დაიხარჯება მცირე მექანიზაციის სასოფლო-სამეურნეო ობიექტების ხელვაჩაურში გადაზიდვაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული რაიონი შეიძლება მივიჩნიოთ სერვისული საწარმოს განლაგების ყველაზე უფრო რაციონალურ ადგილად, მაგრამ მანამდე საჭიროა დაზუსტდეს აღნიშნულ ცენტრებთან მისასვლელი გზები, გეოგრაფიული განლაგება, ტექნიკის კონცენტრაცია და სხვა ფაქტორები, რომლებიც შემდგომი კვლევის საგანს წარმოადგენს.

წარმოდგენილი პროექტის საბოლოო შესწავლას წელსაც დაუჭირა მხარი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და პროექტი გრძელდება. ა(ა)იპ აგროსერვისცენტრისა და საერთაშორისო პროგრამის ნფაღდ-2-ის„, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა აჭარაში“ ჩართულობით გათვალისწინებულია რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში, ტექნიკის დიდი კონცენტრაციის ადგილებში და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც მოეწყოს როგორც მობილური, ისე მცირეგაბარიტიანი ტექნიკის მომსახურების კაპიტალური სერვის საწარმოები კომერციალიზაციის პრინციპით. გათვალისწინებულია ასეთი სერვის საწარმოების აღჭურვა შესაბამისი დანადგარ-მოწყობილობებით, დეტალების აღდგენის თანამედროვე ტექნიკური აპარატურით და სათადარიგო ნაწილებით. ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი პროგრამით უზრუნველყოფა და კვალიფიციური სპეციალისტების მომზად-გადამზადება.

დღეს, როცა სხვადასხვა ფორმით არსებული მსგავსი აგროსერვისული მომსახურობები, შეიძლება ითქვას არასრულყოფილია, შედარებით ძვირადღირებული და მეურნისათვის ზოგჯერ ხელმიუწვდომელიც, წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც საფუძვლად უდევს თეორიული კვლევის შედეგად დასაბუთებული მონაცემები და ეკონომიკური გაანგარიშებები, ვფიქრობთ, სასიკეთოდ წაადგება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით დაკავებულ აჭარის მოსახლეობას.

. ოქროპირიძე,

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის მთ. სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი.

. მარგალიტაძე,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 73