აგროსიახლეები

ბაკურიანში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

ბაკურიანში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ერთმა ადგილობრივმა მოქალაქემ თვითნებურად მოიპოვა 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანი.
ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ამოღებული ხე-ტყე შესაბამისი პროცედურების დაცვით გადატანილია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე არსებულ წაღვერის საქმიან ეზოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან სატყეო კანონმდებლობა და არ ჩაერთონ ტყის უკანონო გამოყენებაში. უკანონო ჭრა ზიანს აყენებს ეკოსისტემას, აზიანებს ბიომრავალფეროვნებას და საფრთხეს უქმნის გარემოს სტაბილურობას.

სამსახური ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენცია და აღკვეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ტყის დაცვაზე კონტროლი რეგულარულად გრძელდება როგორც წინასწარი მონიტორინგის, ისე რეაგირების ფარგლებში.