აგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობა

ბამბუკის ძირითადი სახეობები

იაპონური მადაკე (Phuilostachys bambusoides) ღერო სწორი და მაღალია, სიმაღლით მხოლოდ მოსოს ჩამორჩება და 10-12 მეტრს აღწევს, ფესურასთან დიამეტრი 6-7 სმ-ია, მუხლთაშორისებს შედარებით გრძელი (30-35 სმ) საკმაოდ მტკიცე და ელასტიკური მერქანი აქვს. ვეგეტაციას მაისის პირველ დეკადაში იწყებს. ბამბუკის ტოტები რგოლზე წყვილ-წყვილად და მორიგეობითაა განლაგებული, ფოთლები შედარებით დიდია, მუქი მწვანე ფერის. სამშობლო იაპონიაა.

ჩინური მადაკე (Ph Simonsoni) თავისი მორფოლოგიური ნიშნებით ძლიერ ემსგავსება იაპონურ მადაკეს და ხშირად მათ არც ანსხვავებენ ერთმანეთისაგან, იგი დაბალი ტანისაა 8-10 მეტრს არ აღემატება. დიამეტრი ფუძეებთან 3-5 სმ-ია ახალგაზრდა ღერო დაფარულია შავი-მოიისფრო ფიფქით, რითაც ის განსხვავდება იაპონური მადაკესაგან.

მწვანე ცისფერი ბამბუკი (Ph.vidi-giaucescens) ახალგაზრდა ღერო მუქი მწვანე ფერისაა, მტრედისფერი ელფერით, შემდგომში თანდათანობით ყვითლდება. სიმაღლე 15 – 16 მეტრი და ყველაზე სწრაფი ზრდით ხასიათდება. ვეგეტაციას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში, საკმაოდ ყინვაგამძლეა და უძლებს -18-მდე ყინვას, მერქანი საკმაოდ მტკიცე აქვს. მისი სამშობლო ჩინეთია, ის განსაკუთრებით კარგად ხარობს ხევებში, მდინარისა და ღელის ნაპირებზე.

მოსო ბამბუკი (Ph. gubescens) ბამბუკის ეს სახეობა ​ბამბუკებს შორის ყველაზე მსხვილღეროიანია, სიმაღლით 15-20 მ. ხოლო დიამეტრით ფუძესთან 8-16 სმ. ღეროს ძირითადი ნაწილი შიშველია, ტოტებს თითქმის წვეროზე ივითარებს. ღეროს კედელი სქელია, 10-13 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. ვეგეტაციას ყველაზე ადრე – აპრილის პირველ რიცხვებში იწყებს.

საქართველოში ბამბუკი ძირითადად მოჰყავთ შემდეგ რეგიონებში: აჭარა, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი, ასევე შესაძლებელია სამრეწველო პლანტაციების გაფართოება, კოლხეთის დაბლობზე და კახეთში მდ. ალაზნის სანაპირო ზონაში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბამბუკი სწრაფი ზრდით ხასიათდება, რასაკვირველია თუ მას შექმნილი აქვს ოპტიმალური პირობები. ის კარგად ვითარდება მაშინ თუ ნიადაგის ტენიანობა 75-80%-ის, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 80-85%-ის ფარგლებშია. ის ვერ იტანს ჭარბტენიანობას, წყლის დაგუბებას და უჟანგბადო ფენას. სწრაფად მზარდი ეს მერქნიანი კულტურა 6-7 კვირაში ამთავრებს ზრდას. ბამბუკების ღეროების სწრაფი ზრდა განპირობებულია როგორც სახეობის ბიოლოგიური თავისებურებებით, ასევე ნიადაგურ – კლიმატური პირობებით, მაგალითად მსხვილღეროიანი, მოსო და მომწვანო-მტრედისფერი ბამბუკი ვეგეტაციას იწყებს როცა საშუალო დღეღამური ტემპერატურა 10-ზე მეტია, სხვა სახეობები კი 16-18-ზე იწყებს ვეგეტაციას. ეს კი დაახლოებით მაისი-ივნისის პერიოდშია ჩვენს პირობებში.

ბამბუკის ზრდის პერიოდი მოკლეა. ის 50-60 დღის განმავლობაში ამთავრებს სიმაღლეში ზრდას. ამ დროის განმავლობაში თავის სამშობლოში (ჩინეთი, იაპონია) 50 მეტრამდე იზრდება ჩვენთან კი 10-24 მ აღწევს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრი