აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

ბარდა, თესვა, თესვის ნორმები, ნათესის მოვლა, დაბინავება

ბარდას აქვს სასურსათე, საკვები და აგროტექნიკური მნიშვნელობა. ბარდის მარცვალი შეიცავს 23-36 % ცილას, 3% ცხიმს, 29,54 %სახამებელს, 0,7-1,6 შაქრებს, A,B1, B2, C ვიტამინებს. მწვანე პარკები ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავს.

ბარდა ითესება როგორც გაზაფხულზე, ისე ზაფხულში. იგი ივითარებს მთავარღერძა ფესვთა სისტემას, რომელზეც დიდი რაოდენობით სახლობს კოჟრის ბაქტერიები, ნიადაგში მათი მეშვეობით კი გროვდება აზოტი.

ღერო დაკუთხული და დატოტვილია, ღეროს სიმაღლე 40-120სმ-დე აღწევს, სუსტია, ნახევრად ხვიარა, ზოგჯერ ჩაწოლილი, უფრო მეტად წვება თხლად ნათესი, ხშირი ნათესის შემთხვევაში ერთმანეთს ეყრდნობიან და ჩაწოლა ნაკლებია.

ფოთოლი რთულია, რომლის ღერო ბოლოვდება პწკალებით ღეროს ძირში, განტოტვის ადგილზე, ვითარდება ორი თანაფოთოლი, რომელიც ღეროზეა შემოხვეული და მიზრდილი. ყვავილი ფოთლის იღლიიდან გამოდის გრძელი ყუნწით, რომელზეც რამდენიმე ყვავილია (ორ-ორი). ყვავილის ფერია წითელი ან იისფერი, პარკის ფორმა – სწორი ან მოხრილი, მარცვალი კი მრგვალი, სიმწიფეში მოვარდისფრო. საკონსერვოდ მწვანეს იღებენ. 1000 მარცვალი იწონის 140-350 გრამამდე, ზოგჯერ შეიძლება ცოტა მეტიც იყოს.

ბარდა მაღალი მოსავლიანობით არ გამოირჩევა. პარკოსან კულტურებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ბარდის მარცვლის საჰექტარო მოსავალი  ჰა-ზე 15 ც-მდეა, ხოლო მწვანე პარკის მოსავალი საშუალოდ ჰექტარზე 8-25 ტონა.

ჯიშები. დასაკონსერვებელი ჯიშები: პრევოსხოდნი 240; იუბილეინი-1612; ადგუმსკი; ობოლაძის-86. სამარცვლე ჯიშებიდან დარაიონებული – რამონსკი 77, საკვები ბარდა, ახალქალაქური და მცხეთა.

ნიადაგის დამუშავება

ბარდასათვის ნიადაგის დამუშავება თანმიმდევრობით, წინამორბედის მოსავლის აღებისთანავე იწყება, რათა ნაკვეთი განთავისუფლდეს სარეველა მცენარეებისაგან და მოყვანილ იქნას ფხვიერ კოშტოვან მდგომარეობაში. ბარდასათვის ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში იხვნება მზრალად, ხოლო დასავლეთ საქართველოში – ადრე გაზაფხულზე მინდორში გასვლის შესაძლებლობისთანავე. შემდეგ გაზაფხულზე იფარცხება, თესვის წინ კი ტარდება კულტივაცია 10სმ სიღრმეზე დაფარცხვით, თესვის წინ მინდვრის მოსასწორებლად და აღმონაცენის სითანაბრისათვის შლეიფ–ფარცხით მინდორს ტკეპნიან. თესვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის ზედაპირის სისწორეს და თესლის მიწით დაფარვას.

განოყიერება

ნიადაგის ორგანული სასუქით განოყიერების შემთხვევაში პირველ წელს ბარდა ძლიერ ვეგეტატიურ მასას ივითარებს, ნაყოფიანობა მცირდება, რის გამოც მარცვლის მოსავალიც მცირდება. ამიტომ, ბარდის სამარცვლედ თესვისას თავი უნდა შევიკავოთ ორგანული სასუქის შეტანისგან, ან უნდა დაითესოს მეორე კულტურად, ხოლო მწვანე საკვებად თესვის შემთხვევაში ნიადაგის ძირითადი ხვნის წინ შეაქვთ ორგანული სასუქი.

მიუხედავად იმისა, რომ კოჟრის ბაქტერიებით ბარდა ახდენს აზოტის ფიქსაციას, მაინც საჭიროა ნათესში გამოკვების სახით შეტანილ იქნას აზოტის მცირე დოზები, რომელსაც ,,სასტარტო“-ს უწოდებენ. მოსავლიანობის გაზრდის საქმეში მნიშვნელოვანია ფოსფორიანი სასუქების როლი, ისინი ხელს უწყობენ მცენარის ზრდა – განვითარებას და მარცვლის მომწიფებას, ამასთან, ხელს უწყობენ ცილის შემცველობის ზრდას. ფოსფორიანი სასუქებიდან კარგ შედეგს იძლევა სუპერფოსფატი და ფოსფორიტის ფქვილი, რომელიც ძირითადი ხვნის წინ შეიტანება. ფოსფორიანი სასუქით განოყიერება თესვასთან ერთად მცირე დოზით (10-15კგ/ჰა მოქმედი ნივთიერების სახით) კარგ შედეგს იძლევიან. კალიუმიანი სასუქები მოსავლიანობის გასაზრდელად დიდ ეფექტს იძლევა. ყველა ტიპის ნიადაგებზე ბარდის ნათესში კალიუმიანი სასუქების შესატან დოზად დადგენილია 30-60კგ ნივთიერება ჰა-ზე.

თესვა, თესვის წესი და თესვის ვადა

საქართველოში ბარდის თესვის ვადად მიჩნეული, რაც შეიძლება ადრე გაზაფხული. ბარდის თესვის წესად იყენებენ ვიწრო მწკრივად თესვას მთლიანი მოთესვით. თესვის ნორმაა 0,9-1,2 მილიონი მარცვალი ჰა-ზე. ბარდას ჩათესვის სიღრმეა 3-9სმ-ს ფარგლებში მერყეობს ეს ნიადგის ტიპზეა დამოკიდებული – მძიმე ნიადაგებზე ნაკლებ სიღრმეზე ითესება, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე უფრო ღრმად.

ნათესის მოვლა

ბარდას ნათესი თესვის შემდეგ აუცილებლად უნდა დაიტკეპნოს, განსაკუთრებით მშრალ რაიონებში. სარეველების მოსპობის მიზნით ნათესი იფარცხება მწკრივების გარდიგარდმო ან დიაგონალზე, დილის საათებში.

მოსავლის აღება

ბარდას მოსავლის აღება ორ ფაზად უნდა ჩატარდეს, რადგან პარკები სხვადასხვა დროს მწიფდება. ჯერ იჭრება და განათიბი ღვარეულებად ეწყობა, ხოლო შეშრობის შემდეგ კომბაინით გამოილეწება. ბარდას გამოლეწვა შეიძლება ხორბლის სალეწი მანქანით. მარცვლის დამტვრევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა შემცირდეს სალეწი აპარატის ბრუნვათა რიცხვის რაოდენობა.