დარგებიმეცხოველეობა

ბატკნის გამოზრდა და ცხვრის კვება

საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ-კლიმატური ზონის პირობების გათვალისწინებით მიღებულია კვებისა და მოვლა-შენახვის ტრადიციული სისტემები.

მომთაბარე მეცხოველეობა

აღმოსავლეთ საქართველოს მომთაბარე მეცხვარეობაში ნამატის მიღება სეზონურად — გაზაფხულზე იწყება. ამ პერიოდში დედა ცხვარი ახლად დაბადებულ ბატკანთან ერთად ფარეხში, მოვლა-შენახვისა და კვების გაუმჯობესებულ პირობებში, 2-3 კვირის განმავლობაში იმყოფება. შემდეგ მას უშვებენ საძოვარზე, ხოლო ბატკანს აგროვებენ ჯგუფებად საბატკნეში და დღის განმავლობაში აძლევენ ხარისხიან თივას, შვრიას, ქერის ღერღილს ან კომბინირებულ საკვებს. დილით, საძოვარზე გასვლამდე, ცხვარს და ბატკანს ერთმანეთში ურევენ. ბატკანი და დედა ცხვარი ერთმანეთს სწრაფად პოულობს და იწყება ე.წ. გასარდვლა — ბატკნის წოვების პროცესი. 20-30 წუთის შემდეგ მოზარდს ასხლეტენ დედისგან და შეჰყავთ საბატკნეში, ცხვარს კი გარეკავენ საძოვარზე. ეს პროცესი საღამოსაც მეორდება. ღამე ცხვარი და ბატკანი განცალკევებული არიან, 1-1,5 თვის ასაკიდან კი მათ დილიდანვე ერთმანეთში ურევენ და დღის განმავლობაში საძოვარზე ერთად ამყოფებენ. საღამოს ბატკანს ისევ გამოარჩევენ დედისგან და ფარეხში აბინავებენ, დედა ცხვარი კი გვიანობამდე საძოვარზე რჩება.

დაბადებიდან ერთი თვის ასაკამდე ბატკანი ძირითადად დედის რძით იკვებება. ერთი კილოგრამი ცოცხალი მასის მატებისთვის მოზარდს სჭირდება 5-6 კგ რძე. ამ პერიოდში ბატკანს ზრდა-განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. სადღეღამისო წონამატი საშუალოდ 400-500 გრამს აღწევს. ლაქტაციის მესამე თვიდან დედა ცხვრის რძის რაოდენობა კლებულობს. ამიტომ ბატკნის მაღალი ზრდა-განვითარების ენერგიის პერიოდი რომ არ გავუშვათ ხელიდან, მათ დამატებით ეძლევათ კარგი ხარისხის თივა და კონცენტრატი. 3 თვის ასაკის ბატკანი დღეში უკვე 0,3-0,5კგ თივას და 150 გრ. კონცენტრატს ჭამს.

მომთაბარე მეცხვარეობის პირობებში 3 თვის ასაკის ბატკანი უკვე მთაში აჰყავთ,სადაც ხდება მისი დედისგან ასხლეტა. ასხლეტილ მოზარდს ცალკე ფარად აკომპლექტებენ და, როგორც წესი, ბინასთან ახლოს სპეციალურად შერჩეულ, ყველაზე კარგ საძოვარზე აბალახებენ.

მეცხვარეობის გაძღოლის პრაქტიკაში სხვადასხვა ზონის ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით საქართველოში მიღებულია ცხვრის კვების და შენახვის რამდენიმე სისტემა:

წლის განმავლობაში ბაგური კვება — ზამთარში ცხვარს კვებავენ ბინაში ან ბინასთან ახლოს — მოედანზე, ზაფხულში კი — საზაფხულო ფარდულების ქვეშ.

ბაგურ-საძოვრული კვება — გამოიყენება ისეთ რეგიონებში, სადაც მინდვრად საკვების დეფიციტია. ასეთ შემთხვევაში ცხვარს ზამთარში ბინაში კვებავენ, ხოლო ზაფხულში საძოვარზე უშვებენ.

საძოვრულ-ბაგური კვება — მიღებულია იქ, სადაც საზამთრო საძოვრებია და არის საშუალება საკვების დამზადებისა, რომელსაც აძლევენ დედა ცხვარს ზამთრის დოლის დროს და დამატებითი საკვების სახით ადრე გაზაფხულზე.

საძოვრული კვება — გამოიყენება იმ ზონებში, სადაც საკმარისად გააჩნიათ როგორც საზამთრო, ისე საზაფხულო საძოვრები. ასეთ ზონებში ცხვარს მთელი წლის განმავლობაში საძოვარზე ინახავენ, ხოლო ზამთრის და ადრე გაზაფხულისათვის ამზადებენ საკვების წლიური მოთხოვნილების 10-15%-ს. ცხვრის კვებისა და შენახვის აღნიშნული სისტემებიდან ქართლ-კახეთში სულადობის 60-65% საძოვრული სისტემით იკვებება (მომთაბარეობის გათვალისწინებით). ბაგურ-საძოვრული სისტემა გამოიყენება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (20-25%), დანარჩენ 15-20%ცხვრის სულადობას კი სხვადასხვა სისტემის გამოყენებით ინახავენ.

მაკე ნერბის კვება ისე უნდა მოეწყოს, რომ კარგად განვითარდეს ნაყოფი, რათა ჯანმრთელი ბატკანი მივიღოთ, ხოლო ნერბს ბატკნის გამოსაკვებად საკმარისი რძე ჰქონდეს. მაკეობის ბოლო 45-50 დღის განმავლობაში ნაყოფი ინტენსიურად იზრდება, რის გამოც ნერბის საკვებზე მოთხოვნილება 30%-ით მატულობს, ხოლო მონელებად ცილებზე კი 40%-ით. მაკე შიშაქებს, რომელთაც სრული ზრდა არ დაუმთავრებიათ, საკვების ნორმა 15%-ით უნდა გავუზარდოთ.

ცხვრის სუქება ძირითადად საძოვრების გამოყენებით უნდა მოხდეს, რათა წარმოებული პროდუქცია იაფი დაჯდეს, მაგრამ ცხვრის ინტენსიურ სუქებაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

 

საქმე ისაა, რომ საიალაღო სუქება ძირითადად გვიან შემოდგომაზე მთავრდება. ამ დროს ხდება დიდი რაოდენობით სულადობის დაკვლა, რაც ბაზრისათვის სტიქიურ მიწოდებას იწვევს და ირღვევა თანაფარდობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ინტენსიური სუქების დროს კი შეიძლება ამ პროცესის რეგულირება სუქების დაყოვნებისა და მოთხოვნის გზით.

ინტენსიური სუქებისას ზრდასრული ცხვრისათვის საჭიროა 60 დღე, ხოლო სხვადასხვა ასაკის მოზარდისათვის სუქება 90-120 დღის ფარგლებში მერყეობს. არის მესამე ვარიანტიც — იქ, სადაც მაღალი ხარისხის საძოვრებია, საძოვრული სუქებიდან ბოლო 30-45 დღე ცხვარი გადაჰყავთ ინტენსიურ სუქებაზე. ასეთი სუქებისათვის შეიძლება მოეწყოს მარტივი ტიპის სასუქი მოედანი.

სუქებისას მოზარდი 1კგ. ცოცხალი მასის მომატებაზე მნიშვნელოვდად ნაკლებ საკვებს ხარჯავს, ვიდრე ზრდასრული სულადობა. 100 გრამი სადღეღამისო მატებისას ზრდასრულ ცხვარს 1კგ წონა ნამატზე სჭირდება 9-10კგ საკვები ერთეული, მოზარდს 7-8 თვის ასაკში კი — მხოლოდ 5-6 საკვები ერთეული.

/გელა მაჭარაშვილი/,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“