რუბრიკებისტატიები

სოფლის მეურნეობა და ქვეყნის განვითარება

საქართველო მიწათმოქმედთა უძველესი ქვეყანაა, რასაც ადასტურებს მისი სახელწოდება „გეორგია“, აგრეთვე მრავალრიცხოვანი ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული წყაროები, საყოფაცხოვრებო, კულტურისა და რელიგიური ძეგლები, სოფლის მეურნეობასთან, ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ტრადიციები.


საქმიანობის ეს სფერო საქართველოსთვის ოდითგანვე მხოლოდ მეურნეობის დარგი კი არ არის, არამედ მისი ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. თითქმის ყველაფერი, რითაც თავისი ოცდაათსაუკუნოვანი ისტორიით საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, უშუალოდ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი მიწათმოქმედების არეალის მდიდარ ტრადიციებს.

აგრარული სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი და განმსაზღვრელი საკითხი არის მიწის ანუ ქვეყნის ძირითადი რესურსის საკითხი. მიწა ერის არსებობის და შემოქმედებისათვის აუცილებელი და გადამწყვეტი სივრცეა.

ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე სარესურსო პოტენციალის რაოდენობრივ-ხარისხობრივ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული. სარესურსო პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

აგრარული წარმოება, როგორც წესი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან იდენტიფიცირდება, რადგან აქ მიწის რესურსია ძირითადი და წარმოების მთავარი ფაქტორი.

საქართველოში სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სოფლის მეურნეობა ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის, თვითუზრუნველყოფისა და თავისთავადობის შენარჩუნების მნიშვნელოვან ფუნქციას. ასე მოხდა 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, როდესაც უკიდურესად შეჭირვებულმა მოსახლეობამ მასობრივი შიმშილისაგან თავის დასაცავად ხსნა სოფლის მეურნეობაში იპოვა, რომელიც იყო და რჩება დასაქმების უმთავრეს სფეროდ. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი — 85%-მდე მოდის თვითდასაქმებულ მოსახლეობაზე. მოქმედი სტატისტიკა სოფლის ეკონომიკურად  აქტიურ  ზრდასრულ მოსახლეობას, რომელიც ფლობს მიწის ნაკვეთს, სრულად დასაქმებულად მიიჩნევს. ამიტომ უმუშევრობის მაჩვენებელი ქალაქში 4-5-ჯერ აღემატება უმუშევრობის მაჩვენებელს სოფლად, თუმცა იმ თითქმის 900 ათასი სოფლად, მცხოვრები ადამიანიდან, რომელთაც სტატისტიკა დასაქმებულად მიიჩნევს, მხოლოდ ძალზე ცოტას თუ შეუძლია ოჯახის რჩენა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მიღებული შემოსავლით. სოფლად არსებული ფარული უმუშევრობა წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის ქალაქებში მასობრივი მიგრაციის, აგრეთვე საზღვარგარეთ ემიგრაციის ძირითად მიზეზს.

საქართველოში, ტრადიციულად, სულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 მილიონი ჰექტარი არსებობდა. აქედან 900000 ჰა სახნავ-სათესად გამოიყენება, მრავალწლოვანი ნარგავები 260000 ჰა-ს ითვლიდა, ხოლო 400000 ჰა საძოვრებისთვის გამოიყენებოდა. დიდი წილი ეჭირა ალპურ სათიბებსაც. საქართველოს მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 13% უკავია ბარს, მთისწინებზე მოდის 34%, ხოლო მთებზე – დანარჩენი 53%. აშკარად გამოხატულმა ვერტიკალურმა ზონალობამ განაპირობა მსოფლიოში აღწერილი თითქმის ყველა ტიპის კლიმატისა და ნიადაგის არსებობა ქვეყანაში.

სასოფლო-სამეურნეო მრავალფეროვნება ასახულია სპეციალიზაციაშიც. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც საქართველოს მსგავსად არსებობდეს  სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის 11 საწარმოო ზონა (3 ქვეზონით). მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებშიც კი წარმოდგენილია 4-დან 7-მდე საწარმოო ზონა (მხოლოდ ნეპალში არის 8 პირობითი საწარმოო ზონა). ყოველივე ამის შედეგია ის, რომ საქართველოში იწარმოება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გარდა ტროპიკულისა.

მიწა შეუცვლელი, გაუმრავლებადი და ამოუწურავადი რესურსია, ამიტომ მის მოხმარებას განსაკუთრებული გონივრული მიდგომა სჭირდება როგორც გასხვისების, ისე გამოყენების თვალსაზრისით. მას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო თავისი კანონმდებლობით. დღეს, როდესაც მსოფლიოში იაფი საკვებისა და ზოგადად საკვები რესურსების  პრობლემა სულ უფრო მწვავედ დგება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეფექტურად გამოყენების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ჩვენი მოსახლეობის გამოკვება ძირითადად დამოკიდებულია იმპორტზე. მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 65% იმპორტირებულია, რომლის შემოტანაც სხვადასხვა მიზეზით საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ვითარების გამო ნებისმიერ დროს შეიძლება შეფერხდეს და ქვეყანა სანახევროდ მშიერი დარჩეს.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა 1992 წელს საქართველოს  რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #48-ე დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ გამოცემითა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მასობრივი განსახელმწიფოებრიობის გზით დაიწყო. პრივატიზაციის შედეგად ფიზიკურ პირებს კერძო საკუთრებაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 0.76 მილიონი ჰა (სოფლებსა და მცირე ქალაქებში მცხოვრებ საოჯახო მეურნეობებს ყოველგვარი საფასურის გარეშე დაურიგდათ 1.25 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, მრავალწლოვანი ნარგაობანი) მიწა, ხოლო 5 ჰა-მდე სავარგულები (სახნავი და საძოვარი) იმ ოჯახებს, რომლებიც მთიან რაიონებში მეცხოველეობას მისდევდნენ. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა 0.46 მილიონი ჰა, რომლიდანაც 0.30 მილიონი ჰა იჯარით გაიცა). მიწის განკერძოება ძირითადად სოციალურ მიზნებს ემსახურებოდა და ეს პროცესი მაშინდელი სამოქალაქო ომისა და აფხაზეთის კონფლიქტის მიმდინარეობის კონტექსტიდან გამომდინარე, ქაოტურად და დაუფიქრებლად მიმდინარეობდა. პრივატიზაციის დროს დაშვებულმა სერიოზულმა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულმა ხარვეზებმა სოფლის მეურნეობის მწარმოებლურობის მკვეთრ დაცემას შეუწყო ხელი. აღმოჩნდა, რომ მიწის განკერძოების შედეგად სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა, ეკონომიკური საქმიანობის როლი დაკარგა და სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის მხოლოდ თავის რჩენის საშუალებად იქცა.

გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, პრობლემის გადაჭრის პირველი რიგის საკითხია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში მოქცევის რა გზას ავირჩევთ და როგორი ფორმით მოხდება ამ მიწების ექსპლოატაცია. ჩვენი აზრით, მთავრობამ აირჩია სწორი პოზიცია და დაუშვა ქვეყანაში სახნავი მიწების ფერმერებზე გრძელვადიანი იჯარით გაცემა.

მართალია, 20 წლის წინ ჩატარდა მიწის რეფორმა და გლეხს მიწა გადაეცა მუდმივ სარგებლობაში, მაგრამ იგი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ იქნა დატოვებული, დარჩა რა მიწის წინაშე ცარიელი ხელებით. შიდა ბაზარი გაჯერებულია უცხოური წარმოების სუროგატული პროდუქციით. საერთოდ, საგეგმო ურთიერთობიდან საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა ურთულესი პროცესია; იგი თვითდინებაზე არ უნდა იყოს მიშვებული და მას სახელმწიფო გარკვეული ბერკეტებით უნდა არეგულირებდეს. მაგალითად, ჩინეთში ამ გადასვლას წინ უსწრებდა სატრაქტორო და სასოფლო-სამეურნეო  მანქანათმშენებლობის განვითარება, მათი ექსპლოატაციის შესწავლა და მომარაგება. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხელისუფლება არეგულირებდა ამ პროცესებს, ჩვენთან კი სოფლის მეურნეობაში გარდაქმნები დაწყებულ იქნა ზედაპირულად, გამოცდილებისა და ტრადიციების გარეშე,გაწყვეტილ იქნა კავშირი მწარმოებელსა და გადამამუშავებელს შორის. რეგიონებში ხშირად სოფლის მეურნეობის პროდუქცია იწარმოება არქაული ტექნოლოგიით, რომელსაც პერსპექტივა არა აქვს. დარღვეულია პარიტეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სამრეწველო პროდუქციის ღირებულებას შორის (მაგ: 1 ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება მინიმუმ 4-ჯერ აჭარბებს 1კგ. სიმინდის ღირებულებას). ამიტომაც წარმოებული პროდუქციის გასაყიდი ფასი მატერიალურ დანახარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია ჩატარდა სტიქიურად და არასწორად. იგი „კაი ბიჭებზე“ მიწების დარიგების პროცესი უფრო იყო, ვიდრე პრივატიზაცია. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა არასწორი საინვესტიციო პოლიტიკა.

საქართველოში, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულების დაცვა და მდგრადი გამოყენება, ნიადაგის დეგრადაციისა და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულების კარგვის ერთ-ერთი ფაქტორი მისი დანიშნულების შეცვლა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაა, რაც განპირობებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის, კერძო ბიზნესის განვითარებით და სხვა ფაქტორებით.

სერიოზული პრობლემებია საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში. ეს სამსახური რომ სრულყოფილად ვერ  ფუნქციონირებს, თვალნათლივ გამოჩნდა 2013 წელს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას. ახალი მთავრობის მართლაც საჭირო და წარმატებული პროექტების განხორციელებისას სწორედ საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის მხრიდან შეიქმნა გარკვეული შეფერხებები. მხედველობაში გვაქვს შეფერხებები ტრაქტორების ტექნიკურ მომსახურებასა და საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფაში. ყოველივე ამან მიგვიყვანა დღევანდელ არასახარბიელო მდგომარეობამდე.

საერთოდ აგრარულ სფეროში რეფორმების გატარება ნებისმიერი ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად არამომგებიანია და იგი ნებისმიერ განვითარებად ქვეყანაში დღესაც მტკივნეულად და შეფერხებებით ხორციელდება. სწორედ ამიტომ ერიდებოდა ყოფილი ხელისუფლება სოფლად რეფორმების გატარებას. სოფლად კოოპერატივების შექმნის აუცილებლობაზე სპეციალისტების მიერ ყურადღება გამახვილებულ იქნა ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, მაგრამ ყოფილი ხელისუფლება დარწმუნდა, რომ დიდ სიძნელეებთან მოუხდებოდა შეჭიდება და უარი თქვა მის განხორციელებაზე. ისინი მართალია სიტყვით აღიარებდნენ ქვეყნის ეკონომიკაში აგრარული სექტორის პრიორიტეტს, მაგრამ საქმით რამდენიმე წელიწადში ერთხელ 1 ტომარა სასუქის ან 20 ლიტრი დიზელის საწვავის დარიგებით იფარგლებოდნენ, რასაც მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს „აწერდნენ“.

სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული სოფლის მეურნეობის საკადრო პოლიტიკაში — თავი იჩინა არაპროფესიონალიზმმა, კუთხურობამ, ნათესაობამ, ძმაბიჭობამ და სხვა. დღეს კრიზისში მყოფი სოფლის მეურნეობის გადასარჩენად პროფესიონალებს ოქროს ფასი აქვთ. ჩვენი აზრით, შეცდომა იყო აგრეთვე კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების დაშლის შემდეგ ძირითადი ფონდების სახელმწიფო  საკუთრებაში გადაყვანა. საერთოდ, სოფლის მეურნეობა უნდა გათავისუფლდეს ზედმეტი მეურვეობისაგან და მხოლოდ თავისუფალი ფერმერი დააპურებს ქვეყანას.

ახალი ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ შეუშინდა აგრარულ სფეროში არსებულ სიძნელეებს, გაბედულად შეუდგა სოფლის მეურნეობაში რეფორმებს და კოოპერატივების შექმნის პროცესს. ყველა დაგვეთანხმება, რომ სოფლის მეურნეობის მიმართ აშკარად შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება. მეორე წელია წარმატებით ხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო დახმარების პროგრამა, რომელმაც ფაქტიურად გლეხი მიწისკენ შემოაბრუნა და საქართველოში უკვე მუშავდება რამდენიმე ათასი ჰექტრით მეტი მიწა, ვიდრე წინა წლებში.

ფაქტობრივად, სახელმწიფოდან ფასდანამატის მიღების საშუალებით, გადაჭრილია კახეთში ყურძნის და აჭარაში ციტრუსის ჩაბარებისა და გადამუშავების პრობლემა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ანალოგიური ღონისძიებები გატარდება ყველა რეგიონში სხვა პროდუქციაზეც.

დაინტერესებული ფერმერებისათვის უკვე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გრძელვადიანი იჯარით აღება. დაწესდა შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვაზე, რაც დროული და აუცილებელი იყო.

ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში შექმნილი სოფლსერვისის ერთიანი სამხარეო სისტემებისა და მარცვლეულის შენახვის ცენტრების შექმნას. პრემიერ-მინისტრმა ქ. ზუგდიდში დააანონსა სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, რომლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპერტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით. პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულების შემდეგი დარგები: მეხილეობა-მებოსტნეობა, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება, მესაქონლეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები, მატყლისა და ტყავის დამუშავება, დაფნის, ჩაისა და თამბაქოს მოყვანა-გადამუშავება, კაკლის, თხილისა და სხვა კაკლოვანების მოყვანა-გადამუშავება, ხილის, კენკროვანების, ბოსტნეულისა და ციტრუსის გადამუშავება. შეიძლება ითქვას, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ქართული სოფლის აღორძინებაში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ის ხელს შეუწყობს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ადგილზე გადამუშავებას, რათა იგი გაიყიდოს მზა სახით. ამით სოფლად გაუმჯობესდება არამარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური, დემოგრაფიული, საბიუჯეტო, პოლიტიკური და სხვა მაჩვენებლები.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს წყდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ფუნდამენტის-სოფლის მეურნეობის აღორძინების საკითხი და მასში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. სოფლის სამსახურში უნდა ჩადგეს ქვეყნის ინტელექტუალური, ეკონომიკური, სამრეწველო, ბუნებრივი, პოლიტიკური და სხვა პოტენციალი.

დურმიშხან კილაძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

აბაშის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-

საკონსულტაციო სამსახურის უფროსი

მერაბ ქვარცხავა,

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

მარტვილის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-

საკონსულტაციო სამსახურის უფროსი,

აგროინჟინერიის დოქტორი