აგრარული განათლებააგროსიახლეებიმეცხოველეობა

ბატკნის ხორცის წარმოების უწყვეტი რეზერვი საქართველოში

საქართველოს მეცხოველეობაში მეცხვარეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრები, უძველესი ძეგლების ბარელიეფებზე გამოკვეთილი ცხვრის ფიგურები და სხვა იმის დასტურია, რომ ქართველი კაცი მეცხვარეობის განვითარებას ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდა. უძველესი დროიდან საქართველოში მეცხვარეობის განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს ისიც, რომ ევროპასა და სხვა ქვეყნებში ჩვენგან მაღალხარისხიანი მატყლი გაჰქონდათ და ამასთან ერთად ადგილობრივი ცხვრის გასაუმჯობესებლად ერკემლებსაც ყიდულობდნენ.

ბუნებრივი და გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა ზონაში ისტორიულად მეცხვარეობის გაძღოლის სამი ტიპის სისტემა ჩამოყალიბდა:

  1. მომთაბარე — ექსტენსიური, რომელიც მთლიანად ზამთრისა და ზაფხულის (ალპური) საძოვრების სეზონურ გამოყენებაზე და ამ ორი რეგიონის დამაკავშირებელ, ცხვრის გადასარეკი ტრასების გარდამავალ საძოვრებზეა დამყარებული;
  2. სტაციონარული — ზამთარში ბაგური კვება და ზაფხულში რაიონში მდებარე ალპურ მდელოებში ძოვება;
  3. საკარმიდამო-სამომხმარებლო — როდესაც ცხვარი ძირითადად სოფლის გასადევარზე ძოვს.

მომთაბარე მეცხვარეობა ქვეყნის იმ რაიონებშია განვითარებული, რომლებიც ცხვარს დიდი კავკასიონის საძოვრებზე აძოვებენ. ცხვრის შენახვის ამ სისტემას ქართლ-კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში გავრცელებული, მუხლმაგარი თუშური ჯიშის ცხვარი მიესადაგება. სტაციონარულ მეცხვარეობას მისდევენ მესხეთ-ჯავახეთში (მცირე კავკასიონზე), სადაც სახორცე-სამატყლო ჯიშის ცხვრებს ამრავლებენ, ხოლო საკარმიდამო-სამომხმარებლო მეცხვარეობა დასავლეთ საქართველოს მთაგორიან რაიონებშია განვითარებული, აქ კი იმერული ჯიშის ცხვარია მომრავლებული.

იმის გამო, რომ საქართველოში ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებს შორის დისპროპორცია დიდია (ზაფხულის საძოვრები 3-4 ჯერ აღემატება ზამთრისას), გამოსაზამთრებელი ცხვრის სულადობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ეს ფარის სტრუქტურაში ნერბების ხვედრითი წილის გაზრდით შეიძლება განხორციელდეს: მომთაბარე მეცხვარეობაში 75%-მდე, ხოლო სტაციონარულში და საკარმიდამო-სამომხმარებლოში კი 80%-მდე და მეტად.

მეცხვარეობიდან წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაში ერთი ნერბიდან მიღებული პროდუქციის რაოდენობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მისი გაზრდა კი მრავალნაყოფიერების, ხშირნაყოფიერების და ადრეულობის ხარჯზე შეიძლება. ასე მაგალითად, სხავდასხვა ჯიშის ცხვარი ერთი წლის განმავლობაში 1,2,3 და ზოგჯერ 4 ბატკანსაც კი გვაძლევს. მრავალნაყოფიერი და მცირენაყოფიერი ცხვრები არსებობისათვის გარკვეული რაოდენობის საკვებს ხარჯავენ, მაგრამ იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ბატკანს გაზრდიან თითოეული კილოგრამი ხორცის საწარმოებლად, ეს სიდიდე მკვეთრად არის განსხვავებული; მაგალითად, 1 კგ. ბატკნის ხორცის წარმოებაზე (ცოცხალი მასით) წელიწადში იხარჯება: ერთი ბატკნის გაზრდაზე — 21,5კგ. საკვები ერთეული, ორი ბატკნისა — 15,7კგ. საკვები ერთეული, ანუ 27%-ით ნაკლები, სამი ბატკნისა — 14,2კგ., ანუ 34%-ით ნაკლები, ოთხი ბატკნის გაზრდაზე — 13,4კგ. საკვები ერთეული, ანუ 38%-ით ნაკლები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასავლეთ საქართველოში ოდითგანვეა ჩამოყალიბებული მეცხვარეობის გაძღოლის საკარმიდამო-სამომხმარებლო სისტემა. აქ გავრცელებულია ძველი ქართული ჯიშის პირდაპირი შთამომავალი — იმერული ცხვარი, რომელიც სხვა ჯიშის ცხვრებიდან ისეთი უნიკალური ბიოლოგიური თვისებებით გამოირჩევა, როგორებიცაა ადრეულობა, მრავალნაყოფიერება და პოლიესტრულობა. ამჟამად, იმერული ცხვარი მოსახლეობის პირად დამხმარე მეურნეობაშია მოშენებული. აქ თითოეულ ოჯახს 1-10 სული ცხვარი ჰყავს, რომელიც უბნის სხვა ცხვრებთან ერთად სოფლის გასადევარზე ძოვს. სასელექციო მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ დაბალი აღწარმოების უნარის მქონე ნერბების გამოწუნებაში გამოიხატება: გლეხი იწუნებს იმ ცხვარს, რომელსაც 11-16 თვის ასაკში ბატკანი არ ჰყავს და იმასაც, რომელიც წელიწადში ორჯერ არ დოლდება და თითოეულ დადოლებაზე 2 ბატკანზე ნაკლებს იგებს.

ცხვრის მოშენება ახლო ნათესაურია. მწირი კვების პირობებში სწრაფი აღწარ-მოების თვისებების მიხედვით, მიზანმიმართული ხალხური სელექციის შედეგად, იმერული ცხვარი მცირე წონის, მაგრამ აღწარმოების დიდი უნარის მქონე ჯიშად ჩამოყალიბდა. ნერბების ცოცხალი მასა 28-30 კილოგრამია, ერკემლებისა კი 32-35 კილოგრამი.

იმერული ცხვრის ხორცს სხვა ცხვრის ხორცისაგან განსხვავებით, არ ახასიათებს ხორცისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური გემო და სუნი. ის ნაზი და საუკეთესო არომატის მქონეა. მართალია ეს ჯიში არ ხასიათდება ცოცხალი მასის და ნაკლავის დიდი წონით, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ამას მ. რჩეულიშვილი აღნიშნავს, იმერული ცხვრის ხორცის წლიური სარეალიზაციო პროდუქცია 51კგ-ს აღემატება (მ. შ. ბატკნის ხორცისა 40კგ) მაშინ, როდესაც თუშურ ცხვარში ეს მაჩვენებელი 25კგ-ს არ აღემატება. მისივე გაანგარიშებით, წლის დასაწყისში ერთი სული ზრდასრული დედა-ცხვრისაგან შეიძლება 3-5 ბატკანი მივიღოთ, მაშინ როდესაც თუშური ცხვრისაგან საშუალოდ ერთი ბატკანი მიიღება.

საყურადღებოა, რომ 6 თვის ასაკში იმერული ცხვრის ცოცხალი მასა ზრდასრული ცხვრის 72%-ს აღწევს და გამრავლებისთვის სრულიად მომწიფებულია. 12 თვის თოხლი ზრდასრული ნერბის 94%-ს იწონის, რაც მის უჩვეულოდ დიდ ადრეულობაზე მიგვანიშნებს.

ჯიშის განსაკუთრებულ თვისებას წარმოადგენს უწყვეტი გამრავლების უნარი, დადოლებიდან რამოდენიმე დღეში ნერბვაზე მოდის წლის ნებისმიერ დროს, რითაც მკვეთრად განსხვავდება სხვა ჯიშებიდან. ამასთან ერთად, 11-14 თვის ასაკში ის უკვე 2 ან 3 და ხშირად მეტ ბატკანს იგებს და წელიწადში ორჯერ დოლდება. ამ თვისებების გამო იმერულ ცხვარს სწრაფი ბრუნვა ახასიათებს.

ცხვრის ხორცის წარმოების გაზრდისა და თვითღირებულების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ცხვრის სწრაფი ბრუნვა და მრავალნაყოფიერება. დადგენილია, რომ ერთი ნერბიდან 2 ბატკნის გამოზრდის შემთხვევაში, თითოეული კილოგრამი ცოცხალი მასის ნამატის მისაღებად 50%-ით ნაკლები საკვები იხარჯება, ვიდრე ერთი ბატკნის გამოზრდისას. ამიტომ, მთელ მსოფლიოში ფართო მასშტაბით მიმდინარეობს მუშაობა ცხვრის ნაყოფიერების ასამაღლებლად.

კობა ნაცვალაძე

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“