ბიოაგროწარმოების განვითარების გზები საქართველოში

ბიოაგროწარმოება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ისეთი სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემაში ბუნებრივი წონასწორობისა და ბიოაგრომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

დღეს, როდესაც გარემოს დანაგვიანებამ, საკვებ პროდუქტებში ქიმიური ნარჩენების დაგროვებამ, მავნებლების და დაავადებების პესტიციდებთან სწრაფმა შეგუებამ სოფლის მეურნეობა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა, მთელ მსოფლიოს ნათლად აჩვენა ქიმიური მეთოდების ალტერნატივით ჩანაცვლების აუცილებლობა და ბიოაგროწარმოების გარდაუვალი მოთხოვნილება. ამიტომაც ყოველწლიურად ბიომეურნეობებისა და ბიოფერმერების რიცხვი სწრაფად იზრდება. იმის მიუხედავად, რომ ბიოპროდუქცია მაღალი თვითღირებულებით და შესაბამისად, მაღალი სარეალიზაციო ფასით გამოირჩევა, მასზე მოთხოვნილება საკმაოდ მზარდია, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში.

საქართველოს ბიოაგროწარმოების განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს. 90-იან წლებში განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად მიწების დიდი ნაწილი მიტოვებული და დაუმუშავებელია. ამჟამად, როცა მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მათი ათვისებისაკენ, ამ მიწების დღევანდელი მდგომარეობა და ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობები ბიომეურნეობების შექმნისა და ბიოაგროწარმოების განვითარების უნიკალურ საშუალებას გვაძლევს .

თუ გვსურს, საქართველოს სოფლის მეურნეობა მსოფლიო ბაზარზე წარმატებული და კონკურენტუნარიანი იყოს, ამ მიზნის განსახორციელებლად ბიოაგროწარმოება ერთადერთი გზაა, მით უფრო დღეს, როცა ევროპის ბაზრის კარი ასე ფართოდ იღება ჩვენთვის. პროდუქციის რაოდენობით ჩვენ დიდ ქვეყნებს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ამ პროდუქციის მაღალი ხარისხით და სიჯანსაღით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, თუ მოვინდომებთ და ბიოაგროწარმოებას განვავითარებთ. როგორ მივაღწიოთ ამას? როგორია ბიოაგროწარმოების განვითარების გზები საქართველოში? როგორ გავუჩინოთ სურვილი ფერმერს, ბიოწარმოება დაიწყოს და განავითაროს?

საქართველოში ბიოაგროწარმოების განვითარებისათვის ჩანასახი უკვე არსებობს. უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ამ საქმეს ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ემსახურება. შეიქმნა ბიოპრეპარატების მწარმოებელი „ბიოაგრო“და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა (კანონი „ბიოლოგიური აგროწარმოების შესახებ“).

შემუშავებულია ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების და გასაღების სტანდარტი („გრინ კავკაზუსი“), სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შექმნილია ბიოაგროწარმოების სამსახური და ა.შ. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ძირითადი სამუშაო ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია. მთავარი კი ისაა, რომ ფერმერს ტრადიციული მეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის სურვილი გაუჩნდეს. ეს არ არის ადვილი. მას ნათლად უნდა დავანახოთ, რომ ქიმიური საშუალებების გამოყენება მართალია თითქოს და დიდი მოგების სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა, მაგრამ ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაზე გათვლით ეს მოგება კი არა, კატასტროფაა, რადგან ვერაფერი აანაზღაურებს დროთა განმავლობაში გარემოსათვის, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს. მართალია ბიოაგროწარმოება უცებ არ აძლევს ფერმერს დიდ მოგებას, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მისი შემოსავალიც თანდათან გაიზრდება, ეკოლოგიური წონასწორობაც შენარჩუნებული იქნება ბუნებაში, რაც მრავალ კატასტროფას აგვაცილებს თავიდან და ჩვენს მომავალსაც გავუფრთხილდებით.

ვფიქრობთ, ყოველივე აღნიშნული რომ გაიაზროს თითოეულმა ფერმერმა, დიდი მუშაობის ჩატარებაა საჭირო. აუცილებელია შესაბამისი სამსახურების (ბიოაგროწარმოების სამსახურის) მიერ რეგიონებში გასვლა და ფერმერების ინფორმირება (სემინარების გამართვა, პრეზენტაციების წარდგენა, ვიდეო მასალის გამოყენება, საინფორმაციო ბუკლეტების შედგენა და დარიგება და სხვა). შემდეგი ეტაპი უნდა იყოს უკვე სწავლება ტრენინგების ჩატარების გზით. ბიომეურნეობაზე და ბიოწარმოებაზე გადასვლის მსურველ ფერმერს უნდა მიეწოდოს შესაბამისი ცოდნა, თუ როგორ მართოს ბიომეურნეობა, როგორ აწარმოოს ბიოპროდუქცია და როგორ გაყიდოს. ასევე აუცილებელია, დავეხმაროთ გაერკვეს შესაბამის კანონმდებლობაში.

საჭირო იქნება შესაბამისი პრაქტიკულად გამოსაყენებელი ლიტერატურის გამოცემაც, აგრეთვე რეკომენდაციების მომზადება მცენარეთა ცალკეული კულტურების თუ ცხოველთა ჯიშების ბიომეთოდებით წარმოების შესახებ.

ბიოაგროწარმოების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მასერტიფიცირებელი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც მოახდენენ ბიოფერმერთა სერტიფიცირებას. იმისათვის, რომ ფერმერი ბიოაგროწარმოებაზე გადავიდეს და ბიოფერმერად იქცეს, მხოლოდ სურვილი და მეურნეობის ორგანული მეთოდებით მართვა არ არის საკმარისი. აუცილებელია აკრედიტირებულ მასერტიფიცირებელ ორგანოში აღრიცხვაზე ასვლა, თავისი მეურნეობა კონვერსიაზე დააყენოს (დროის გარკვეულ პერიოდში არაბიოწარმოებიდან ბიოწარმოებაზე გადასვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში ისწავლოს ბიოსტანდარტის მოთხოვნების დაცვა), შემდეგ გადავიდეს უკვე ბიოწარმოებაზე და აიღოს სერტიფიკატი. აუცილებელია ბიოფერმერთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნაც.

სასურველი იქნება, წელიწადში ერთხელ მაინც მსურველთათვის სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარება. ასევე ურიგო არ იქნება ბიოაგროწარმოების მიმართულების ექსტენციის კონსულტანტების გადამზადებაც. მანამდე კი აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება.

რეგულარულად უნდა დაიწეროს სამეცნიერო-პოპულარული სტატიები არა მხოლოდ აგარარული მიმართულების ჟურნალებში, არამედ ყოველდღიურ ჟურნალ-გაზეთებშიც. საჭიროა არა მხოლოდ ფერმერების, არამედ მთელი საზოგადოების მუდმივი ინფორმირება. როცა ხალხს ექნება მოთხოვნა ბიოპროდუქციის წარმოებაზე, ფერმერი თავისთავად გადაერთვება მეურნეობის ამ მიმართულებაზე. ბიოპროდუქციას უნდა ითხოვდეს შიდა ბაზარიც და ორიენტირებული არ უნდა იყოს მხოლოდ ევროპის ქვეყნებზე.

უნდა მოხდეს მოქმედი ბიოფერმერების წახალისება, მათი ჩართვა სემინარებში და ამ დარგში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება და სხვებისათვის გაზიარება.

ბიოაგროწარმოების შესაძლებლობებისათვის, ბიოაგროწარმოებაში გამოსაყენებელი მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების, ნიადაგის განოყიერების და მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებების მოძიების და მათი პოპულარიზაციის მიზნით ხშირად უნდა მოეწყოს ექსპედიციები საქართველოს ყველა რეგიონში.

აუცილებელია, შეიქმნას მცირე მასშტაბის საცდელ-სადემონსტრაციო ბიომეურნეობები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბიოაგროწარმოების პროპაგანდისათვის, სხვადასხვა ბიომეთოდისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების კვლევისა და გამოცდისათვის, ასევე სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობისათვის ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

მეტად მნიშვნელოვანია ბიოაგროწარმოების კუთხით სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება და განხორციელება. კვლევები შეიძლება შეეხოს ბიოაგროწარმოების სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ბიოაგროწარმოების თვისობრივი მახასიათებლების (ნიადაგი, ტექნიკური პირობები, ბიოეკოლოგიური ფაქტორები) კვლევას, ნიადაგის ბიოსასუქებით განოყიერებას, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევას და მათ გამოყენებას, მათ შორის პესტიციდების ალტერნატიულ საშუალებებს, მცენარეთა დაცვის ხალხურ საშუალებებს, ეკოლოგიურად უსაფრთხო ვეტერინარულ საშუალებებს და სხვ. აგრეთვე ბიოაგროწარმოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტიანობის კვლევის მეთოდების შემუშავებას და ა.შ.

აუცილებელია ურთიერთობა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთში მოქმედ ბიოაგროწარმოებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან, ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება, აგრეთვე ამ კუთხით დაგეგმილ ადგილობრივ და საერთაშორისო სემინარებზე, ტრენინგებზე, გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება.

აღნიშნული გზებით და მხოლოდ ასეთი აქტიური, მიზანდასახული ქმედებებით შევძლებთ ორგანული სოფლის მეურნეობის ფართოდ დანერგვასა და განვითარებას საქართველოში. ბიოაგროწარმოება თანდათან ფეხს იკიდებს ჩვენს ქვეყანაში და იგი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.

მზ.ბერუაშვილი, გ. წერეთელი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,

ბიოაგროწარმოების სამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.