აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმემარცვლეობამემცენარეობაფერმერი ფერმერს

ბიოხორბლის წარმოება და მისი უპირატესობები

თანამედროვე მსოფლიომ ხორბლის კულტურის სელექციაში გადატრიალება მოახდინა და შეიქმნა ჯიშები, რომელთა საჰექტრო მოსავლიანობა 12-15 ტონამდე გაიზარდა. ამ მიზნის მისაღწევად დაიხვეწა ხორბლის მოვლის ღონისძიებები და აგროტექნოლოგიური პროცესები სრულიად შეიცვალა.
დღეისათვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მცენარეთა მომარაგებას საკვები ელემენტებით მთელ სავეგეტაციო პერიოდში. თუ წინათ სასუქების შეტანა ხდებოდა თესვის წინ და გაზაფხულზე, თანამედროვე ტექნოლოგიით სასუქების შეტანა ხდება თესვის, აღმოცენების შემდგომ და ადრე გაზაფხულიდან მარცვლის სრულ სიმწიფემდე 5-6  ჯერ, ზოგჯერ საჭიროების მიხედვით მეტჯერაც(1,2). ამ ღონისძიებათა განხორციელებაში დიდი როლი შეასრულა ფოთლიდან კვებამ. დღეისათვის საქართველოს ბაზარზე სასუქების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. მრავალ მათგანს წარმატებით იყენებენ ფერმერები.

ახალი სასუქების გამოცდა და გამოყენების პერსპექტივების დადგენა კი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გავზარდოთ ჯიშების მოსავლიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ქიმიური სასუქები ხშირად იწვევს ჰაერის ეკოლოგიურ დაბინძურებას. უკანასკნელ ხანში ეკოლოგიურმა დაბინძურებამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ორგანული სასუქები, რომელზედაც მოთხოვნილება თანდათანობით უფრო იზრდება(1,5). 

საქართველოში საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობა მკვეთრად აღემატება საგაზაფხულოს. ნათესი ფართობებიც შესაბამისად ასეთი შეფარდებითაა 90% და 10%. საშემოდგომო ხორბლის მაღალი მოსავლის მიღება და შენარჩუნება ფერმერთა ძირითადი მიზანია. დღეისათვის წარმოებაში გავრცელებული ხორბლის ჯიშების პოტენციალური მოსავლიანობა აკმაყოფილებს ფერმერთა მოთხოვნილებას, მაგრამ მისი მიღწევა ძნელია თანამედროვე ტექნოლოგიების და სასუქების გამოყენების გარეშე. აუცილებელია  მაღალმოსავლიან ჯიშებს შევუქმნათ პირობები მათი პოტენციალის გამოსავლენად, რისთვისაც საჭიროა გამოვიყენოთ ახალი სასუქები და თანამედროვე ტექნოლოგიები.   საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბიოპროდუქციის წარმოებას.

სწორედ ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ შემოტანილია ჰუმანური წარმოშობის ორგანული სასუქი „ეკოროსტი“. 2016-2018 წლებში, ხორბლის ნათესებში გამოიცადა მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის მიერ. სასუქი ეკოროსტი ბუნებრივი წარმოშობისაა და შეიცავს მიკროორგანიზმებს, რომელთა ხარჯზე ნიადაგში მიმდინარეობს რთული ბიოქიმიური რეაქციები. მასში შედის ცოცხალი ორგანიზმებისათვის საჭირო ყველა ნივთიერებები: ამინომჟავები, მონო და პოლისაქარიდები, პეპტიდები, ვიტამინები, მინერალური კომპონენტები და სხვ. მისი გამოყენება ზრდის მცენარის გვალვაგამძლეობას, ყინვაგამძლეობას და იმუნურია დაავადებებისა და მავნებლებისადმი.

შევისწავლეთ მცენარეთა აღმოცენება, გადარჩენა, დათავთავება, ყვავილობა, სიმწიფე. შეფასდა  გამძლეობა ხორბლის ძირითად დაავადებებზე: ყვითელი და ღეროს ჟანგა, სეპტორიოზი, გუდაფშუტა და ნაცარი. შევისწავლეთ სამეურნეო მახასიათებლები: მცენარის სიმაღლე, პროდუქტიული ბარტყობა, თავთავის სიგრძე, თავთავზე თავთუნების რაოდენობა, თავთავში მარცვლების რიცხვი, ერთი თავთავის მარცვლის მასა და 1000 მარცვლის მასა.

2016-18 წლებში ორგანულ სასუქ „ეკოროსტის“ გავლენით, ჯიშების სამეურნეო მაჩვენებლები მკვეთრად არ იცვლებოდა და ისინი მთლიანად ავლენდნენ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. თბილისური 15-ის მცენარის სიმაღლე მერყეობდა: 90.4-104.4 სმ-მდე;  თავთავის სიგრძე 7.6-11.1 სმ-მდე; პროდუქტიული ბარტყობა 1,7-2,5-მდე; ერთ თავთავში მარცვლების რაოდენობა 39.5-45.3-მდე; ერთ თავთავის მარცვლების  მასა 2.2–3.0-მდე;  1000 მარცვლის მასა  45.1-47,5 გრამამდე. მიღებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკურად და შედეგები დამაჯერებელია.

ბიოხორბლის წარმოებაში სასუქის რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების მიზნით, ფერმერებს ვთავაზობთ „ეკოროსტის“ გამოყენების ახალ სისტემას მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად (სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოში #886, 26.02. 2018).

თხევადი ჰუმანური სასუქის გამოყენების ინსტრუქციაში მითითებულია სათესლე მასალის დალბობა, შემდეგ გაშრობა და თესვა. ჩვენი მონაცემებით ეს პროცესი არ იძლევა დიდ ეფექტს და ამიტომ არ ურჩევთ. აღმოცენების შემდეგ, ნათესის აღმონაცენის გასაძლიერებლად საუკეთესოა 1,5-2,0 ლ. 250 ლიტრ წყალზე ხსნარის შეტანა 1 ჰა-ზე. აღნიშნული პროცესი აძლიერებს შემოდგომაზე ბარტყობას და იზრდება გვალვაგამძლეობა.

გაზაფხულზე, ვეგეტაციის განახლებისთანავე, აუცილებელია შევიტანოთ ნორმით 2,5-3,0 . ჰექტარზე. ამ დროს ძლიერდება მცენარე, იზრდება ბარტყობა, გვალვაგამძლეობა და ჩქარდება ვეგეტაცია. ორკვირიანი ინტერვალით სასურველია სასუქის შეტანა იგივე ნორმით(2,5-3,0/ჰა).

აღნიშნული სამი შეტანის შემდეგ სასუქის გამოყენებას განსაზღვრავს კლიმატური პირობები. ჩვენი დაკვირვებებით დედოფლისწყაროს რეგიონში ხორბლის დათავთავების პერიოდში და მარცვლის ფორმირების და სიმწიფის პერიოდში ეკოროსტის შეტანა უზრუნველყოფს მრავალთავთუნიანობას,  თავთავის მაღალ შემარცვლას, ფოტოსინთეზის გააქტიურებას და ამოვსებული მარცვლის მიღებას.  სამივე შეტანა ხორციელდება ნორმით 2,5-3,0 /ჰა.

ბოლო სამი შეტანა სასურველია განხორციელდეს თანამედროვე ტექნიკური საშუალებით  აგროდრონის გამოყენებით. მისი გამოყენება არ დააზიანებს ნათესს, დოზირება მოხდება ზუსტად და რაც მთავარია უფრო იაფი ჯდება ვიდრე ტრაქტორის გამოყენებისას.

ორგანული სასუქი „ეკოროსტის“ გამოყენება ჰერბიციდებთან ერთად საუკეთესოა და თავიდან აგვარიდებს მცენარის სტრესს.

ჰუმინური სასუქ „ეკოროსტის“ გამოყენება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მდგრადი, ხარისხიანი მოსავალი, მოსავალი გავზარდოთ 25-30%-ით  დავიცვათ ნათესი გვალვებისაგან, დაავადებების და მავნებლების მასობრივი გამრავლებისაგან.

ხორბლის მთესველმა ფერმერებმა სასუქის დოზები სასურველია არეგულირონ ნიადაგის ანალიზებიდან გამომდინარე.

                   გამოყენებული ლიტერატურა:

  1. . სამადაშვილი, . ბედოშვილი და სხვ. – ხორბლის კულტურის განოყიერების ახალი სისტემა. პრაქტიკული რეკომენდაცია-მეთოდიკა ფერმერებისათვის. საზოგადოება ცოდნა, 2016, 20გვ.
  2. . სამადაშვილი, . ჩხუტიაშვილი, . ბენდიანიშვილი – საგაზაფხულო სამუშაოები საშემოდგომო ხორბლის ნათესში. ს/მ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. #2, 2017, 44-49გვ.
  3. . უჯმაჯურიძე, . სამადაშვილი, . ჩხუტიაშვილი – ხორბლის წარმოების სტრატეგია და მისი როლი საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაში. ს/მ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. #1, 2017, 10-14გვ.
  4. ვლ. ქევხიშვილი – მიწათმოქმედების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია. გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი, 1998
  5. . წერეთელი, მ. ბერუაშვილი და სხვ. – ბიოაგროწარმოება– სოფლის მეურნეობის მომავალი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-ვლევითი ცენტრი, 2020.

ცოტნე სამადაშვილი – პროფესორი,

ლევან უჯმაჯურიძე – აკადემიკოსი,

გულნარი ჩხუტიაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

ნუგზარი ბენდიანიშვილი – მთავარი სპეციალისტი