ბიომეურნეობა აწყურში და ეკოპროდუქტით დაინტერესებული ტურისტები
აწყურში შვიდი წლის წინ ჩამოყალიბებული ბიო მეურნეობა მუშაობას წარმატებით აგრძელებს. ფერმერი დედაშვილის გეგმები ტურისტების მოზიდვასა და აგრო პროცესებში მათ ჩართვას უკავშირდება. მანამდე კი საკუთარი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციით დედაქალაქს შეკვეთების მიხედვით ამარაგებენ.
ბიო მეურნეობა „ბარბალე“, რომელიც 2015 წელს, ახალციხის სოფელ აწყურში შეიქმნა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციით თბილისი სუპერმარკეტებს აქტიურად ამარაგებდა. 2021 წლიდან მეურნეობის რებრენდინგი მოხდა და ახალი სახელწოდებით „აწყური აგრო“ შვილის, გაგა მუმლაძის დაწყებული საქმე ასმათ მახათაძემ გააგრძელა.
„2015 წლის შემდეგ მეურნეობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ჰქონდა, თუმცა 2021 წლიდან განსხვავებული, რებრენდირებული სახელით კვლავ გავაგრძელეთ საქმიანობა. ამჯერად ჩვენი მეურნეობის სახელწოდებაა „აწყური აგრო“, – ამბობს ფერმერი ასმათი მახათაძე.
ის, რომ ბიო პროდუქციის მოყვანა ბევრად უფრო შრომატევადი და რთული საქმეა, ვიდრე მასობრივი სოფლის მეურნეობა ფერმერებს არ აშინებთ. შხამ-ქიმიკატების და პესტიციდების თავიდან არიდების მიზნით, საკმაოდ დიდი ფიზიკური შრომაა საჭირო, თუმცა ფერმერები ჯანმრთელობას პირველ ეტაპზე აყენებენ და ამბობენ, რომ ამისათვის მეტი შრომა ნამდვილად ღირს.
ამჟამად მეურნეობა „აწყური აგროში“ ოჯახის ორი წევრია ჩართული.
„საკმაოდ რთული საქმეა, ვინაიდან ერთი ოჯახისთვის შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის ორგანიზება გავერთიანდით რამდენიმე ოჯახთან ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერთად ვახორციელებთ პროდუქციის მოყვანას და რეალიზაციას. ახლა გვყავს რამდენიმე ფერმერი, ვისაც ორგანული მეთოდებით ჩვენთვის მოჰყავს კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, ნიორი და სეზონური ბოსტნეულის დიდი არჩევანი. შემდეგ უკვე ჩვენ რეალიზაციას ვაკეთებთ. მესხეთი ყოველთვის იყო საუკეთესო ადგილი ბოსტნეულის მოსაყვანად თავისი კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამო“.
იმის გამო, რომ შხამ-ქიმიკატებსა და პესტიციდებს არ იყენებენ, მეურნეობაში ძირითადად ყველაფრის კეთება ხელითა და აგრეგატებით უხდებათ. საკუთარი ძალებით შეიძინეს მცირე ზომის მოტობლოკი, ბენზო-ცელი, ბენზო-თოხი და სხვა. „ყველაფერი საბოლოოდ ფასეულობებთანაა კავშირში. მთავარი კითხვაა,_ მეტი შემოსავალი გირჩევნია თუ ჯანმრთელი და ბედნიერი მომხმარებელი? ორგანული მეთოდები ამას მარტივად სცემს პასუხს“, – ამბობს ფერმერი.
მოწეული პროდუქცია საკმაოდ გასავლიანია თბილისში. სოციალური ქსელის დახმარებით დედაქალაქიდან ხშირად აქვთ შეკვეთა სხვადასხვა პროდუქტზე, როგორიცაა: კარტოფილი, პომიდორი, ლობიო, ბადრიჯანი, წიწაკა, ნიორი და სხვა.
„მხოლოდ თბილისში ვყიდით, ამჯერად რამდენიმე მაღაზიას ვამარაგებთ. რეგიონში ორგანულ პროდუქციას პრაქტიკულად არ აქვს ბაზარი, თბილისში კი მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“.
კითხვაზე, რამდენად ძვირი უჯდება მომხმარებელს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის შეძენა, მეურნეობაში გვპასუხობენ, _ გააჩნია პროდუქციას: „ზოგი ბოსტნეული ფასში მცირედით განსხვავდება მაგალითად პესტიციდით მოყვანილი პროდუქტისგან, ზოგის ფასი მოყვანის სირთულიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალია“.
ასმათი მახათაძე ამბობს, რომ პროდუქტის თბილისამდე ჩატანა მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს და შეკვეთისთვის საკუთარი ტრანსპორტით სარგებლობენ.
ფერმერები ცდილობენ საოჯახო მეურნეობაში განსხვავებული, არასტანდარტული ჯიშის ბოსტნეულიც მოიყვანონ. მაგალითად, ისინი იყვნენ სამცხე-ჯავახეთში პირველები, რომლებმაც იასამნისფერი კარტოფილი მოიყვანეს და მის მოყვანა რეალიზაციას უკვე 4 წელია აგრძელებენ. ამბობენ, რომ საკმაოდ მოთხოვნადი და კარგი სახეობაა.
2015 წელს, როცა ასმათი მახათაძის შვილმა გაგა მუმლაძემ და მისმა მეგობარმა ქეთი დიდმანიძემ „აწყური აგროს“ წინარე მეურნეობა „ბარბალე“ შექმნეს. მათ პროდუქციის მოყვანა-დაბინავებაში აქტიურად ეხმარებოდნენ უცხოელი ტურისტები. როგორც გაგა მუმლაძე ამბობს, ეს საქმე ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო იყო. თუმცა ბოლო წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, ტურისტებმაც იკლეს და გარკვეული პრობლემების გამო „ბარბალემაც“ წარმოება შეაჩერა.
„ძალიან დიდი ინტერესით ერთვებიან საქმიანობებში ტურისტები და რაც მნიშვნელოვანია, სრულიად უანგაროდ. მოხალისეობის დიდი კულტურაა დასავლეთის ქვეყნებში, რაც იმედია, ჩვენ ქვეყანაშიც დამკვიდრდება და გააქტიურდება.
2021 წელს, სამწუხაროდ, არ გვქონია შესაძლებლობა ტურისტებისთვის გვემასპინძლა, ჩვენი წინა მეურნეობა „ბარბალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სწორედ ამიტომ შეჩერდა მისი საქმიანობა, თუმცა აუცილებლად განახლდება“, – ამბობს ფერმერი გაგა მუმლაძე.
სწორედ ტურისტულ წარმოებაზე გადის ფერმერების სამომავლო გეგმებიც.
„გვაქვს ეკოტურისტული გეგმები, რაც პანდემიის დასრულების შემდეგ უფრო რეალისტური გახდება. აწყურში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები ციხეზე და ტაძარზე დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს“, – ამბობს ასმათი მახათაძე და აღნიშნავს, რომ ტურისტების დაინტერესებასა და ჩართვას კვლავ საკუთარ ვაჟთან, გაგა მუმლაძესთან ერთად აპირებს.
თაკო ფეიქრიშვილი, აწყური 2022