აგრარული განათლებასტატიები

ბიომრავალფეროვნება და მასზე გლობალური დათბობის გავლენის ზოგიერთი საკითხი

დღეს მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია გლობალური დათბობა და მისი შესაძლებელი გავლენა ბუნებაზე. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში (1906-2005 წლები) ჰაერის ტემპერატურის საშუალო მატებამ დედამიწის მთელ ზედაპირზე 0,740 შეადგინა.

მონაცემთა დაკვირვებები, ანალიზი და კლიმატის მოდელების გათვლები გვაძლევს შეთანხმებულ სურათს, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

ნაკლებ მოსალოდნელია, რომ გლობალური დათბობა ბოლო ათწლეულების მანძილზე არ არის დაკავშირებული კლიმატის ზემოქმედებაზე;

 დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში გლობალური დათბობის მეტი წილი დაკვირვებადი სითბური ეფექტის მქონე გაზების მზარდი კონცენტრაციით (ადამიანის სამეურნეო საქმიანობით) არის გამოწვეული;

 გლობალურ დათბობაში ძირითადი წვლილი შეაქვს ნახშირორჟანგს (CO2), რომელიც ატმოსფეროში სითბური გაზების ეფექტს — შეფასებების მიხედვით ის 55%-ით აძლიერებს; ხოლო სამრეწველომდელ პერიოდთან შედარებით მისი კონცენტრაცია ატმოსფეროში 38%-მდე გაიზარდა.

ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების მიხედვით, სამეურნეო და სამრეწველო საქმიანობის შედეგად დედამიწის ატმოსფეროში ყოველწლიურად 27 მლრდ ტ. CO2 გამოიყოფა. აქედან 30%-ს შთანთქავს მსოფლიო ოკეანე, 13%-ს — ბიოსფერო და ნიადაგი, ხოლო 57% რჩება ატმოსფეროში. იმის გამო, რომ CO2-ის ბუნებრივი შთანთქმის სიჩქარე ოკეანეთი და ბიოსფეროთი შეზღუდულია, ამ გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი გროვდება ატმოსფეროში ასეული წლების განმავლობაში, რითაც ხელს უწყობს შემდგომ დათბობის მატებას. ექსპერტთა აზრით, სამრეწველო ეპოქის დასაწყისიდან ატმოსფეროში დაგროვილია 770 მლრდ.ტ ანთროპოგენური CO2.

XXI საუკუნეში გლობალური დათბობა გაგრძელდება ანთროპოგენური გაზების გამოსროლის სცენარის ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად. ასე რომ საუკუნის ბოლოს ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 2-4°С-ით, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ბუნებრივი ეკოსისტემებისთვის საშიშ შედეგებს, სერიოზულ ზიანს მიაყენებს მსოფლიოს უმეტესი ნაწილის ქვეყნების ეკონომიკას: გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ცოცხალი ირგანიზმების სახეობის 15-40%; 20-30%-ით შემცირდება მტკნარი წყლის რესურსები მრავალრიცხოვანი დასახლების რაიონებში (აფრიკა, ხმელთაშუა ზღვის რაიონები); 5-10%-ით შემცირდება მოსავლიანობა მრავალ რეგიონში; 10 მლნ-მდე სანაპირო ზონის მაცხოვრებელი ყოველწლიურად იქნება წყალდიდობების რისკის ქვეშ; დაჩქარდება მსოფლიო ოკეანის დონის მატება; გაიზრდება ატმოსფეროს ცირკულაციის მასშტაბური ცვლილებების რისკი და სხვა.

ბიომრავალფეროვნების საფრთხე

თანამედროვე მსოფლიოში ეკოლოგიურმა პრობლემებმა თავისი მნიშვნელობით, ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავეს. საწარმოო და ეკონომიკური სწრაფი განვითარება ხშირად დამანგრეველ გავლენას ახდენს გარემოზე. ადამიანის გავლენა ბუნებაზე ხდება როგორც ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეკოსისტემების გარდაქმნის გზით, ასევე ნიადაგის, წყლის და ჰაერის დაბინძურებით. უნებლიედ ადამიანი ხელს უწყობს კლიმატის დათბობას და ამით მრავალი სახეობის ჰაბიტატის შეცვლას.

თანამედროვეობის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1992 წელს რიოდეჟანეიროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბუნებრივი გარემოს გაუარესების პრობლემებს. კონფერენციაზე მიღებული იყო ორი კონვენცია (ბიომრავალფეროვნებაზე და კლიმატის ცვლილებაზე) და სამი გადაწყვეტილება (გარემოს და განვითარების დეკლარაცია, გლობალური მასშტაბის საქმიანობების გრძელვადიანი პროგრამა, ყველა სახის ტყის რაციონალური გამოყენების, შენარჩუნების და განვითარების პრინციპები).

ეკოსისტემებმა უკვე დაიწყეს რეაგირება კლიმატის ცვლილებებზე. არსებობს მცენარეთა და ცხოველთა 30-40% სახეობების გადაშენების პროგნოზი, ვინაიდან მათი საარსებო გარემო უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე მათი ადაპტაციის უნარი. ტემპერატურის 1ºС-ით მომატებისას გაკეთებული პროგნოზის მიხედვით შეიცვლება ტყეების სახეობების შემადგენლობა. ტყე არის ნახშირბადის ბუნებრივი დამგროვებელი (ნახშირბადის 80% დედამიწის მცენარეულ საფარშია, ხოლო 40% — ნიადაგში). ტყის ერთი ტიპიდან მეორე ტიპზე გადასვლას თან ახლავს ნახშირბადის დიდი რაოდენობით გამოყოფა.

ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაცია ეკოსისტემების დონეზე ხშირად ხორციელდება აერო და თანამგზავრის ფოტოგადაღებებით. ეს საშუალებას იძლევა ეკოსისტემების მრავალფეროვნების და ლანდშაფტების მახასიათებლების მთლიანი სურათის შედგენისა, და ასევე სახეობათა შესაძლებელი მრავალფეროვნების წინასწარი დასკვნების გაკეთების.

ბუნებრივი თანაარსებობის რთული სტრუქტურის ერთი მაჩვენებლით აღწერის მცდელობა, როგორიცაა სახეობათა სიმდიდრე, უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ დროს იკარგება ძვირფასი ინფორმაცია ერთი სახეობის განსაკუთრებულ იშვიათობაზე და მეორის ჩვეულებრივობაზე.

ბუნებაში სახეობათა მრავალფეროვნებას გააჩნია რამდენიმე კანონზომიერება:

  1. ნებისმიერი თანაარსებობა შედგება იშვიათი სახეობების დიდი რაოდენობისა და რამდენიმე სახეობის მრავალრიცხოვნობისაგან;
  2. უფრო პროდუქტიულ გარემოს შეუძლია უზრუნველყოს მრავალრიცხოვანი სახეობების თანაარსებობა;
  3. სახეობებით მდიდარი თანაარსებობა უფრო მდგრადია;
  4. სახეობათა მრავალფეროვნებას ამაღლებს გამორჩევითი მტაცებლობა;
  5. სტრესის გავლენით კლებულობს იშვიათ სახეობათა რიცხვი და მცირდება სახეობათა მრავალფეროვნება.

ფუნდამენტური ბიოლოგიური პროცესები, გამონაკლისის გარეშე ერთია ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის. ეს პროცესები მაქსიმალურად ეფექტურია, როდესაც ტემპერატურა, ტენიანობა ოპტიმალურ მაჩვენებლებს აღწევს. რაც უფრო მეტად იხრება ეს პირობები ოპტიმალურისაგან, მით უფრო ნაკლები ცოცხალი ორგანიზმები ხასიათდებიან ადაპტაციის უნარით. ზუსტად ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ნაკლებად ხელსაყრელი გარემო პირობების მქონე რეგიონებში ნაკლებ სახეობათა რაოდენობა გვხვდება.

მიწების, ბუნებრივი სიმდიდრის არაგონივრული გამოყენება და ადამიანის მოქმედების სხვა მრავალი სფერო გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დედამიწის ბიომრავალფეროვნებას:

  1. მიწების გამოყენება თანმხლები წყლის რესურსების გადანაწილებით. ძლიერდება გაუდაბნოება, ნიადაგის დამლაშება, პესტიციდებით და მძიმე მეტალებით დაბინძურება. ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, როგორც შედეგი, იწვევს არასტაბილურ წყლის რეჟიმს მკვეთრი ვარდნით და დამლაშებით;
  2. მომთაბარე მეცხოველეობა, რასაც მოჰყვება საძოვრული მეურნეობის ინტენსიფიკაცია და პირუტყვის გადაძოვება, ტყის გაჩეხვა, მცენარეული ნედლეულის მომარაგება, რეკრეაცია და სხვა;
  3. სამთო და ენერგეტიკული მრეწველობის განვითარება — იწვევს წყლის და ნიადაგის დაბინძურებას.

ძალზედ საყურადღებოა აზოტის შემცველი ნალექები. ბიომრავალფეროვნების შემცირების მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა აზოტის შენაერთებით დაბინძურება (დამჟავება). ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამან ძირითადად მოიმატა სასუქების და შხამქიმიკატების დიდი რაოდენობით გამოყენების შედეგად. აზოტის შენაერთების კონცენტრაციის გადიდებამ ნიადაგში და წყალში შესაძლოა გამოიწვიოს მრავალი სახეობის დაღუპვა და მცენარეთა თანაარსებობის სახეობათა შემადგენლობის ცვლილება. ამ შემთხვევაში ყველაზე დაუცველი ხდება წყლის ეკოსისტემები. ითვლება, რომ აზოტის დაგროვება იწვევს წყალმცენარეების გაძლიერებულ გამრავლებას, რომლებიც თავის მხრივ, წამლავენ წყალს თავისი ცხოველმოქმედების პროცესში.

ადამიანის ზემოქმედება ბიოსფეროზე ღებულობს გლობალურ ხასიათს, ხოლო მისი მასშტაბები და ტემპი სულ უფრო იზრდება. პირდაპირი თუ არაპირდაპირი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად მრავალი ბიოლოგიური სახეობა ქრება ან მათი პოპულაცია რაოდენობის კრიტიკულ ზღვარზეა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს სახეობის აღწარმოებას. ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობაზე ადამიანის ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ ისინი ვერ უწევენ წინააღმდეგობას ანთროპოგენური ტრანსფორმაციის პროცესებს და კარგავენ ბუნებრივი ერთობლიობის თვითაღდგენის მნიშვნელოვან თვისებას. ამის გამო ტროპიკული ტყეების ფართობი სულ უფრო მცირდება, ხდება გაუდაბნოება სავანების, ტყეების, ველების ხარჯზე.

დათბობა არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე. ზოგიერთ ზომიერი კლიმატის მქონე რაიონში მოსავლიანობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც ტემპერატურის უმნიშვნელოდ გადიდების შემთხვევაში, მაგრამ საგრძნობლად შემცირდება ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო. პროგნოზებით, მთლიანობაში ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში მოსალოდნელია მოსავლიანობის შემცირება.

ბუნების დაცვის მსოფლიო სტრატეგიის მიერ დასახულია შემდეგი გადაუდებელი ღონისძიებები:მთავარი ეკონომიკური პროცესების და ეკოსისტემების მხარდაჭერა, რომლებისგან დამოკიდებულია თვით კაცობრიობის არსებობა;ორგანიზმების გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება; სახეობათა და ეკოსისტემების რაციონალური და ხანგრძლივი გამოყენება მათი შენარჩუნებით და აღწარმოებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე დიდ საფრთხეს კლიმატის გლობალური ცვლილებისათვის წარმოადგენს სითბური გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში. სოფლის მეურნეობა არის ამ გაზების დაახლოებით 20%-ის წყარო (CO2, CH4, N2O). განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გაზები გამოიყოფა მეცხოველეობის სექტორში. ამიტომ მსოფლიოს ეკოაქტივისტები ვეგეტარიანულ მიმართულებას უწევენ პროპაგანდას — არ იქნება მეცხოველეობა — არ იქნება პრობლემები… მაგრამ საქმე არც ისე მარტივად ჩანს. სითბური ეფექტის გაზები მცირე რაოდენობით ყოველთვის იყო ატმოსფეროში (დაახლოებით 1%) მისი წარმოქმნის მომენტიდან. ეს რაოდენობა საკმარისი იყო დედამიწაზე სითბური ბალანსის სიცოცხლისათვის გამოსადეგი დონის შენარჩუნებისათვის. ეს იყო ე.წ. ბუნებრივი სითბური ეფექტი, რომლის არარსებობის შემთხვევაში დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 30°С-ით ნაკლები იქნებოდა, ანუ + 14°Сნაცვლად (როგორც ამჟამად არის დაფიქსირებული) -17°Сიქნებოდა.

ბუნებრივი სითბური ეფექტი არ წარმოადგენს საფრთხეს არც დედამიწისთვის, არც კაცობრიობისათვის, რადგან ამ გაზების საერთო რაოდენობა სტაბილური იყო და ნარჩუნდებოდა ერთ დონეზე ბუნების წრებრუნვის ხარჯზე. მაგრამ სითბური გაზების კონცენტრაციის მატება იწვევს სითბური ეფექტის გაძლიერებას და დედამიწის სითბური ბალანსის დარღვევას. ზუსტად ეს მოხდა ცივილიზაციის განვითარების ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. ქვანახშირის ელექტროსადგურები, საავტომობილო გამონაბოლქვი, ქარხნების მილგაყვანილობა და ადამიანის მიერ შექმნილი სხვა სახის დაბინძურების წყაროები აფრქვევენ ატმოსფეროში სითბურ გაზებს წელიწადში დაახლოებით 22 მლრდ ტონის ოდენობით.

ფაო-ს ექსპერტებმა ჩაატარეს გლობალური კვლევა და წარუდგინეს მსოფლიოს დამადასტურებელი ციფრები, რომლებიც ნათლად ასახავენ იმას, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა არა მარტო უზრუნველყოფს მოსახლეობას ჯანსაღი პროდუქტებით, ინარჩუნებს ბიომრავალფეროვნებას და ნიადაგის ნაყოფიერებას, არამედ მას შეუძლია 2-ჯერ შეამციროს სითბური გაზების რაოდენობის გაფრქვევა. ე.ი. ორგანული მეურნეობების ფერმერებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან ბრძოლაში.

გერმანელმა მკვლევარებმა ჰაასმა და კოპკემ 1994 წელს დაადგინეს, რომ გერმანიაში ბიოფერმა ატმოსფეროში გამოყოფდა 0,5 ტ/ჰაCO2-ს, მაშინ როდესაც ინტენსიური მეურნეობა — 1,3 ტ/ჰა CO2-ს. სხვაობამ შეადგინა 60%.

ორგანული მეურნეობა ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში საშუალოდ 48-66%-ით ინტენსიურ მეურნეობებთან შედარებით. ფაო-ს ექსპერტები ასახელებენ ამის 3 მიზეზს: ორგანული წარმოების მეთოდი ამაღლებს ნიადაგის ნაყოფიერებას; სინთეტიკური სასუქების და პესტიციდების არარსებობის გამო ნიადაგში ნარჩუნდება ნახშირბადი; ენრგოკომბისაკვების ნაკლები გამოყენება.

მეცნიერების აზრით, გლობალური დათბობის პროცესის შეჩერებას ხელს შეუწყობს შემდეგი ღონისძიებების გატარება:

 წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა საწვავით (მზის ენერგია, ქარის და ზღვის დინების ენერგია);

 ენერგიის დაზოგვის და უნარჩენო ტექნოლოგიების განვითარება;

 გარემოში გამონაბოლქვის გაფრქვევის დაბეგვრა;

 ხეების დარგვა;

 ნახშირორჟანგის შთანთქმის და მისი გაუვნებლობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;

 ეკოლოგიური განათლება;

 ფიტომელიორაციის გამოყენება სოფლის მეურნეობაში.

ნაციონალური ეკონომიკის ადაპტაციის ღონისძიებები ახალ კლიმატურ პირობებში მიმართულია უპირველეს ყოვლისა, საგანგებო სიტუაციებისადმი ადაპტაციისაკენ (სიცხე, ყინვა, გვალვა, ძლიერი წვიმები). ადაპტაციის ძირითადი ღონისძიებები ხორციელდება ქვეყნის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, წარმოება, სოფლის და სატყეო მეურნეობა, ტრანსპორტი და კომუნალური მეურნეობა. წინასწარი ადაპტაციის ზომების მიღება ხელს შეუწყობს ნაციონალური ეკონომიკის მდგრადობის ამაღლებას კლიმატური ცვლილებებისადმი. აგროკლიმატური არეალის საზღვრების შეცვლისათვის აუცილებელია ზომების მიღება პირველ რიგში სოფლისა და სატყეო მეურნეობაში. ასეთი ადაპტაციის ზომები სოფლის მეურნეობაში შემდეგია:

სასოფლო-სამეურნეო მიწების და სახნავ-სათესი ფართობების რესტრუქტურიზაცია;

 წყლის დაზოგვის ტექნოლოგიების განვითარება სოფლის მეურნეობაში;

 ნიადაგის დაცვა, მათ შორის ეროზიასთან ბრძოლა;

 ბიოტექნოლოგიების განვითარება და კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტირებული ახალი კულტურების სელექცია;

 ნიადაგის თესვის წინა დამუშავების ვადების შეცვლა;

 მწერებთან, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;

 მოსავლიანობის მატება სასუქების გამოყენების ეფექტურობის გაზრდის და მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარჯზე.

კლიმატური ცვლილებების გლობალური ხასიათის გამო აუცილებელია გამოინახოს პრობლემის გადაჭრის გზები საერთაშორისო დონეზე. ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო პირველი საერთაშორისო შეთანხმება 1992 წელს: გაერო-ს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც გლობალურ დათბობასთან და მის შედეგებთან ბრძოლისკენ არის მიმართული.კლიმატის შეცვლის პრობლემის ეფექტურად გადაჭრისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტრანსნაციონალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო თანამშრომლობას. საქართველომაც სხვა დანარჩენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა კონსტრუქციულ დიალოგში, რომლის მიზანი კონკრეტული ეფექტური შედეგები იქნება.

რ. ბარკალაია, გ. წერეთელი,

მ. ბერუაშვილი, მზ. სარალიძე