დარგებიმებოსტნეობა

ბოსტნეული კულტურების მნიშვნელობა ადამიანის კვებაში

ადამიანის ფიზიოლოგიური განვითარებისა და შრომისუნარიანობისთვის საჭიროა კალორიული და გემრიელი საკვები.

საკვების შემადგენლობაში პურეული, ხორცეული და რძის პროდუქტების გარდა უნდა შედიოდეს მინერალური მარილებითა და ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული.

ბოსტნეულის ქიმიური შემადგენლობა.

ბოსტნეულის სასიამოვნო გემო და არომატი განპირობებულია მასში შაქრების, ორგანული მჟავების, არომატული და მინერალური ნივთიერების შემცველობის თანაფარდობით.

ბოსტნეულის დამჟავებისა და დამარინადების პროცესში შაქარი გარდაიქმნება რძემჟავად, რომელიც იცავს მათ გაფუჭებისგან. ის შლის აგრეთვე უჯრედანას კედლებს, რითაც აუმჯობესებს პროდუქტის საკვებ ღირსებას.

არომატული ნივთიერებები და ფიტონციდები. ბევრ ბოსტნეულს აქვს სასიამოვნო არომატი, რომელიც აღძრავს მადას. მათი არომატული ნივთიერებები მიეკუთვნებიან აქროლად ეთერზეთებს. სურნელოვან ბოსტნეულში (კამა, ოხრახუში), აგრეთვე ნიორსა და ხახვში, ბოლოკსა და პირშუშხაში ბევრი ფიტონციდებია-ნივთიერებანი, რომლებსაც ახასიათებთ ბაქტერიოციდული თვისებები. ისინი დეზინფიცირებას უკეთებენ ცოცხალ უჯრედებს და ამაღლებენ მათ მედეგობას ავადმყოფობის წინააღმდეგ.

მინერალური მარილები. პურეულებში, ხორცში და ცხიმებში მინერალური მარილები შედარებით მცირე რაოდენობითაა. ბოსტნეული კულტურები კი 50-ზე მეტ ქიმიურ ელემენტს შეიცავს.

მინერალური მარილები აუმჯობესებენ ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ პროცესებს. კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და მანგანუმი შედიან ძვლების შემადგენლობაში და ააქტიურებენ გულის ფუნქციონირებას.

ვიტამინები. ხილი და ბოსტნეული წარმოადგენენ ვიტამინების ძირითად წყაროს. მცენარეებში ისინი შედიან ფერმენტების შემადგენლობაში, აუმჯობესებენ ფოტოსინთეზის, სუნთქვის, ცილების წარმოქმნისა და აზოტის შეთვისების პროცესს. ადამიანის ორგანიზმში ვიტამინები გვევლინებიან ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებად (რეაქციის დამაჩქარებლებად).

ვიტამინი A აუცილებელია კანისა და ძვლების ზრდისთვის, ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი PP) არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს და ნერვული სისტემის მუშაობას. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მკვეთრად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებისადმი.

ნედლი ბოსტნეული გაცილებით მდიდარია ვიტამინებით, ვიდრე გადამუშავებული.

ზოგიერთი ვიტამინი, გადამუშავების პროცესში საერთოდ იკარგება, ხოლო დანარჩენების შემცველობა მკვეთრად მცირდება.

მაგ. დამჟავებული კომბოსტო ვიტამინ B-ს საერთოდ არ შეიცავს, ვიტამინი C მასში არის 2-ჯერ ნაკლები, ხოლო ვიტამინი A ათჯერ ნაკლები ნედლთან შედარებით.

ილია მჭედლიძე