ბოსტნეული კულტურების მყნობა ინოვაციური ტექნოლოგიაა მებოსტნეობაში

მცენარეთა დაცვა და დაავადებათა კონტროლი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

თანამედროვე სოფლის მეურნეობის წინაშე მრავალი პრობლემებია. საგრძნობლად შემცირებულია გენეტიკური ბიომრავალფეროვნება, დაქვეითებულია აგროცენოზების შეგუებითი უნარი, დეფიციტია ენერგორესურსების, დაბინძურებულია აგროლანდშაფტი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ნიტრატებით, რადიონუკლეიდებით, მძიმე მეტალებით და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, მომატებულია მავნებელ-დაავადებათა რიცხვი, მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, დღის წესრიგში დგას ერთწლოვანი კულტურების, განსაკუთრებულად ბოსტნეული კულტურების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების აუცილებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

საქართველოში  ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის უცხოეთიდან და მოსახლეობას აკლია ადგილზე მოყვანილი, ვიტამინების საკმარისი რაოდენობით გაჯერებული პროდუქტები. მედია საშუალებები ძალიან ბევრს საუბრობენ  იმპორტის ჩანაცვლებაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო ხილისა და ბოსტნეულის ბაზარზე სრულად ჩანაცვლებისთვის საჭიროა საკვები ელემენტებით  მდიდარი მაღალი მოსავალის მიღება. ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს. აუცილებელია გათვალისწინება აბიოტური და ბიოტური ფაქტორების, რომელთა მიმართ ბოსტნეული კულტურები ყველაზე მგრძნობიარეა.დაავადებებით  დაზიანების თავიდან აცილებისა და მცენარეული კულტურების გაშენების ერთ-ერთი თანამედროვე გზა ქიმიკატების მინიმალური გამოყენებით, არის მყნობის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენება ეკონომიკურად მომგებიანია და ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ შემოსავალი პროდუქციის რეალიზაციიდან.

ძაღლყურძენასებრთა (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, კარტოფილი და სხვ.) და გოგროვანთა(კიტრი,ნესვი,საზამთრო,გოგრა,ყაბაყი) ოჯახის კულტურების მოყვანისას ფერმერებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის სხვადასხვა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები, განსაკუთრებით ფუზარიოზი-ჭკნობა, რომელიც არის  ბაქტერიული, ფუზარიოზული და ვერტიცილიოზური.

ფუზარიოზული ჭკნობა სოკოვანი დაავადებაა, რომელსაც იწვევს F. oxsisporum f. Sp. Lycopersici (პომიდორში), F. oxysporum f. sp. Melongenae (ბადრიჯანში) da F. oxisporum var. Vasinfectum (წიწაკაში). კარტოფილში კი გამოწვეულია კომპლექსურად ყველა მათგანიდან. ფუზარიოზული ჭკნობის გამომწვევები სპეციფიკურია თავისი მასპინძელი კულტურის მიმართ და ვრცელდებიან ნიადაგიდან. ისინი სითბოს მოყვარული ორგანიზმებია და მათი მოქმედება ვლინდება მოგვიანებით – მცენარის გადარგვის შემდგომ.

ვერტიცილიოზური ჭკნობას იწვევენ სოკოები  Verticillium albo-atrun და V. dahliae. ეს სოკოები აზიანებენ მცენარეთა საკმაოდ ფართო ჯგუფს _ როგორც სასოფლო სამეურნეო კულტურებს, ისე სარეველებს. ისინი ვრცელდებიან ნიადაგის საშუალებით და შეუძლიათ გაძლონ ნიადაგში მრავალი წლის მანძილზე. განსაკუთრებით აქტიურედებიან 18-28 გრადუსზე, მაღალი სიცხე კი დამთრგუნველად მოქმედებს მათზე, თუმცა სიმპტომების გამოვლენა ხდება, როდესაც ტემპერატურა მოიმატებს.

სოკოვანი დაავადება-ფუზარიოზი, მოქმედებას იწყებს მცენარის ფესვთა სისტემიდან და აზიანებს წყლის გამტარ ჭურჭელბოჭკოვან კონებს მცენარის ღეროს მთელ სიგრძეზე, რის შედეგადაც უწყდება წყლის და საკვები ნივთიერებების მიწოდება ფოთლებს და მტევნებს. დაზიანებულ მცენარეს აქვს ძალიან ცოტა ნაყოფი, ფერხდება განვითარება, მცენარე ჭკნება და ხშირად, მთლიანად იღუპება. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე მთლიანად არ დაჭკნა, მისი ნაყოფი კარგავს სასაქონლო ხარისხს.

სოკოვანი დაავადება-ფუზარიოზი, განსაკუთრებით პროგრესირებადია ჰაერის და ნიადაგის ტემპერატურის და ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობის პირობებში. დაავადებისაგან ზიანდება როგორც ახალგაზრდა, ისე მოზრდილი მცენარეები. სოკოები, რომლებიც იწვევენ ფუზარიოზულ ჭკნობას, დიდი ხნის განმავლობაში ინახებიან ნიადაგსა და მცენარეულ ნარჩენევბში.

ფუზარიოზული დაავადებების თავიდან ასარიდებლად საჭიროა: ხანგრძლივი პერიოდის თესლბრუნვა მარცვლეულის და საკვები ბალახების გამოყენებით (4-6 წლი). ნაკვეთის სარეველებისგან გათავისუფლება, მოსავლის აღების შემდგომ  ნაკვეთის კარგად გასუფთავება მცენარეთა ნარჩენებისგან და მათი განადგურება.ნიადაგის განოყიერების დროულად ჩატარება და სწორი ირიგაცია, სათესლე მასალის სწორად შერჩევა – დაავადებებისადმი რეზისტენტობის გათვალისწინებით. ინფიცირებული ნიადაგის შემთხვევაში ფუმიგაციის ჩატარება; დაავადებებისადმი რეზისტენტული ნამყენების გამოყენება.

ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვანია, მაგრამ დაავადებების გავრცელების რისკები მაინც საკმაოდ მაღალია.  უკანასკნელ წლებში მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული გახდა იაპონელების მიერ დანერგილი ტექნოლოგია _ დაავადებისა და ნემატოდებისადმი რეზისტენტული ბოსტნეული კულტურების ნამყენი ჩითილების გამოყენება. ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია და საშუალებას იძლევა ერთი ტიპის კონკრეტული დაავადებისადმი რეზისტენტული საძირის გამოყენებით ფერმერმა მიიღოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ჯიშის/ჰიბრიდის პროდუქცია.

ზოგიერთი ქართველი ფერმერიც იყენებს პამიდორის ნამყენ ჩითილებს, განსაკუთრებით ნიადაგის გრუნტის მქონე სათბურებში დასარგავად,  ჩითილის იმპორტირება ხდება უცხოეთიდან, ძირითადად თურქეთიდან.ჩითილის ფასი საკმაოდ მაღალია ( რადგან ორმაგია თესლის ხარჯი (საძირე, სანამყენე), ასევე ხშირ შემთხვევაში მყნობა ხდება ხელით (რაც საკმაოდ ზრდის დანახარჯებს), ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ნამყენი ჩითილების ადგილზე_ საქართველოში წარმოება, ვინაიდან ნამყენებისაგან  მიღებული დადებითი შედეგი და შესაბამისად ფინანსური მოგება გაცილებით აღემატება დანახარჯებს და აქვს მთელი რიგი უპირატესობები, კერძოდ:

  • მყნობა შეიძლება გამოყენებული იქნას ნიადაგიდან გავრცელებადი დაავადებების თვიდან ასაცილებლად.

  • ნამყენი მცენარეები უფრო მეტი ტოლერანტობით გამოირჩევიან სხვადასხვა აბოიტური ფაქტორებით (დაბალი და მაღალი ტემპერატურა, მარილიანობა და სხვ) გამოწვეული სტრესების მიმართ.

  • ნამყენი მცენარეები ძლიერი ზრდით გამოირჩევიან,უფრო მეტ მოსავალს იძლევიან,

  • მცირდება პესტიციდების გამოყენების საჭიროება, რაც ამცირებს მოყვანის ხარჯებს;

  • ნამყენების გამოყენება კარგი წინაპირობაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოსაყვანად.

ზოგადად მცენარეთა მყნობას საუკუნეების ისტორია აქვს.  ბოსტნეულის მყნობა კი  მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, ეს მეთოდი მეტად პოპულარულია იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში.  მყნობა ხდება, როგორც ხელით, ასევე ავტომატური რობოტი დანადგარების გამოყენებით, რომელთა გამოსავალი ძალზე მაღალია (800-1000 ნამყენი საათში) ხელით შრომასთან შდარებით, ამავდროულად ჩითილის თვითღირებულება მკვეთრად იკლებს.

მყნობა ბოსტნეულ მცენარეთა   გამრავლებისა და მავნე გარემო ფაქტორების მიმართ მათი წინააღმდეგობის გაზრდის ერთ-ერთი მეთოდია.  დასავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბოსტნეულის მწარმოებლების მიერ მყნობის ფართოდ გამოყენების გამო, ბოლო დროს ამ მეთოდის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ასე რომ, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში საზამთროს დაახლოებით 95% იზრდება სხვადასხვა საძირეზე, კიტრის ნახევარზე მეტი ღია გრუნტში და 30% დაცულ ადგილზე. მყნობის მეთოდი ფართოდ გამოიყენება ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ნიდერლანდებში.

მყნობის პროცესი შრომატევადია, იმავდროულად, მეთოდი შესაძლებელს ხდის გაიზარდოს ხილ-ბოსტნეულის მოსავლიანობა  და, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, არც ისე რთულია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა. აღმოჩნდა, რომ საძირეების ძლიერად განვითარებული ფესვთა სისტემა უზრუნველყოფს ბოსტნეულის გაზრდილ და სტაბილურ მოსავალს ღია მინდორზე ანუ როგორც მას უწოდებთ-ღია გრუნტზე.

ბოსტნეულ მცენარეებზე მყნობა არის ვეგეტატიური გამრავლების მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მცენარე, რომელიც შედგება 2 ნაწილისგან, საძირესაგან და სანამყენესაგან,  საძირედ, ჩვეულებრივ გამოიყენება არახელსაყრელი პირობების მიმართ მდგრადი ჯიში. მაგალითად, ადრე მწიფადი საზამთროს, ნესვის და გოგრისათვის – მსხვილღეროიანი ყაბაყის  ჯიშები ძლიერი ფესვთა სისტემით, რომლებიც მდგრადია დაბალი ტემპერატურისადმი  და დღის განმავლობაში მისი რყევების მიმართ. ასეთი საძირეები ზრდის პერიოდში აუმჯობესებს ნამყენი კულტურის განვითარებას, აჩქარებს ნაყოფის სიმწიფეში  შესვლას და მნიშვნელოვნად (ხშირად 2-ჯერ და მეტჯერ) ზრდის მოსავლიანობას.

არსებობს მყნობის განსხვავებული მეთოდები, თუმცა შედეგი ყოველთვის ერთია – საძირეს და სანამყენეს ქსოვილების (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კამბიუმის ქსოვილის დამთხვევას) ზუსტი თანხვედრა. ეს მეთოდებია: დაერთების, გაყოფის, დაწებვის.

  1. საძირე სანამყენეს დაერთების მეთოდი-სამყნობ და დასამყნონ მცენარეს გავჭრით დიაგონალზე ღეროს სისქის 1/3-1/2ზე. ჭრილის სიგრძე 3-5 სმ. წაჭრილ მხარეებს დავაერთებთ ერთმანეთზე და დავამაგრებთ ფირით. ჭრილობის შეხორცების შემდეგ მოვჭრით დასამყნობი მცენარის ფესვს და საძირე მცენარის თავს

ბოსტნეული მყნობა მთავარი 111111111111111111111111111111111111111

                     დაერთების მეთოდი

2.გაყოფის მეთოდი-მყნობა უნდა მოხდეს  სათბურში, ჩრდილში, დეზინფიცირებული იარაღებით. მყნობის დროს ვიღებთ ყაბაყის ჩითილს. მარცხენა ხელით გვიჭირავს ჩითილი და მარჯვენა ხელით დეზინფიცირებული ჩხირით ვხვრეტთ გოგრის ღეროს ან ბრიტვით ვჭრით ღეროს 0.5 სმ_ზე. ვჭრით დასამყნობ მცენარეს სოლის ფორმაზე 0.5 სმ_ზე, ჩავსვათ საზამთროს დასამყნობი ჩითილი ჭრილში და თხელი ფირის გამოყენებით შევახვიოთ.

  ბოსტნეული მყნობა მთავარი 22222222222222222222222222

           გაყოფის მეთოდი

3.დაწებვის მეთოდი-როდესაც სამყნობ მცენარეს პრველი ფოთლები წამოეზრდება ეს ითვლება დასამყნობად ყველაზე შესაფერის დროდ. ბრიტვის მეშვეობით იჭრება ღერო და ფოთოლი ოვალურად 5-8 მმ_ზე. დასამყნობი მცენარე ფოთლის ქვეშ იჭრება 8-10 მმ_ზე  დიაგონალზე. ზომაზე დახრილად  მოჭრილი მხარეები ედება ერთმანთს და  შეერთების ადგილი მაგრდება სამყნობი შპილკით.

        ბოსტნეულის მყნობა 33333333333333333333333333333333333333333

 დაწებვის   მეთოდი

4.ნემსის გამოყენებით მყნობის მეთოდი-ორივე მცენარეს გადავჭრით თანაბარი სისწორით, სამყნობ მცენარის ღეოში ჩავარჭობთ ნემსს 3-3.5 სმ_ზე შემდეგ დასამყნობ მცენარეს ჩამოვაცმევთ ნემსზე, დაახლოებით 2,5 სმ_ზე. ასეთი მყნობისთვის საჭირო იარაღებია ბრიტვის პირი და ნემსი.ნემსი დამზადებული არის კერამიკისგან და არ ახდენს მცენარეზე საზიანო გავლენას. ეს არის ძალიან მარტივი მყნობის ტექნოლოგია.

                                           ბოსტნეულის მყნობა 444444444444444444444444444444444444

ნამყენების დამჭერები, (შპილკები, ტრუპკები)

მყნობის გამოყენებით ღია გრუნტში შესაძლებელია ადრეული სიმწიფის ჯიშების პამიდორის, კიტრის, საზამთროსა და ნესვის გარანტირებული მოსავლის მიღება.

ნამყენი  მცენარეების მოვლა მარტივია და გადარჩენის მაჩვენებელი 100% -ს აღწევს. ვინაიდან ნამყენები ტოლერანტულია ნიადაგისა და გარემო პირობებისადმი, მცირდება პესტიციდების გამოყენება, იზრდება ხარიასხიანი მოსავლიანობა და რენტაბელობის დონე.

არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც პომიდვრის მყნობა რეზისტენტულ საძირეზე ფართოდ გამოიყენება სათბურებში პომიდვრის პროფესიონალ მწარმოებლებს შორის. პირველი მიზეზი არის ნიადაგის დაავადებებისადმი მდგრადობის გაზრდა. მეორე მიზეზი არის უფრო განვითარებული ფესვთა სისტემის მიღება ახალგაზრდა ბუჩქიდან და, შედეგად, ადრეული მოსავალი. მესამე მიზეზი არის პომიდვრის ნერგების დაჩქარებული კულტივაცია მაღალმოსავლიანი ჰიბრიდების დამყნობით.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს პომიდვრის მოსავლიანობის გაზრდას, არის ძლიერი ფესვთა სისტემის ფორმირება, როგორც ჩითილების გამოყვანის ეტაპზე, ასევე სათბურში ან ღია გრუნტში დარგვის შემდეგ.

პამიდორისგან განსხვავებით, კიტრის ფესვთა სისტემა ნიადაგის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ოდნავი სიცივე, თუნდაც ცივი წყლით მორწყვა, დამზიანებლად მოქმედებს მასზე. ამ სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელია ველურ ყაბაყზე კიტრის დამყნობით.

ყაბაყს კიტრისგან განსხვავებით უფრო მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს , ამის გამო ნამყენი კიტრი იღებს მეტ საკვებ ნივთიერებებს და ხდება ნაკლებად კაპრიზული. ყაბაყი  ნაკლებად მგრძნობიარეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. კიტრის ყინვაგამძლე ყაბაყის  ჯიშებზე დამყნობით, იზრდება  კიტრის ნაყოფმსხმოიარობის პერიოდი.

ნამყენი კიტრი უფრო მდგრადია პათოგენური მიკროფლორისა და ზრდის არახელსაყრელი პირობების მიმართ. არსებობს მტკიცებულება, რომ ობობის ტკიპა ნაკლებად საზიანოა ნამყენი მცენარეებისთვის. მყნობის შედეგად საგრძნობლად მცირდება ინსექტიციდური და ფუნგიციდური პრეპარატების მოხმარება, ე.ი. მოყვანილი ბოსტნეული უფრო ეკოლოგიურად სუფთაა.

საძირეების ფესვთა სისტემა, კერძოდ, ყაბაყის  სხვადასხვა სახეობა ძლიერია, უფრო ღრმად აღწევს ნიადაგის სახნავ ფენაში, ამიტომ ნამყენი მცენარეები უფრო სწრაფად ვითარდება, ადრე შედის ნაყოფმსხმოიარობაში, იზრდება მათი პროდუქტიულობა, ნიადაგის დროებითი გაშრობა პრაქტიკულად არ მოქმედებს მათზე, საკუთარი ფესვებისგან განსხვავებით.

ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეებში მყნობის მეთოდის უპირატესობა

პამიდორის კულტურული ფორმების უმეტესობას აკლია დაავადებების მიმართ მდგრადობა და  ხშირად მოსავლის დიდი ნაწილი იკარგება ამ პრობლემის გამო . ფერმერებისთვის მეტად მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით, მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება, რისთვისაც ნამყენ მცენარეებს აქვთ გარკვეული უპირატესობები.

ფუზარიოზული ჭკნობის სიმპტომები პომიდორში  იწყება ზედა ფოთლების გაყვითლებით და ჩამოვარდნით, ეს სიმპტომები გრძელდება ქვედა მიმართულებით და ხშირად მცენარე იღუპება, ვიდრე მიაღწევს ზრდასრულ მდგომარეობას. ხშირ შემთხვევაში ეს სიმპტომები ჩნდება მცენარის მხოლოდ ერთ ყლორტზე ან მის მხოლოდ ერთ ნახევარზე. თუ მცენარის ღეროს გავჭრით სიგრძივად დავინახავთ მუქ ყავისფერ ხაზებს მის მთელს სიგრძეზე განსაკუთრებით ნათლადაა გამოხატული ღეროსა და ფოთლის ყუნწის საზღვარზე.

წიწაკა სწრაფად  იწყებს ჭკნობას მას შემდეგ, როდესაც ფესვები და ღეროს ფუძე დაიწყებს ლპობას (დაზიანებას), ეს შეიძლება იყოს გამოხატული ღეროს ფუძესთან სარტყლისებური ნეკროზული დაზიანებით.

ბადრიჯანში კი დაავადება პროგრესირებს ქვედა ფოთლებიდან ზევით, რაც სრულდება მცენარის სრული დაღუპვით. ვერტიცილიოზური ჭკნობის სიმპტომები ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლებში თითქმის ისეთივეა, როგორიც ფუზარიოზული ჭკნობისას. ხშირად სიმპტომები გამოვლენას იწყებს მშრალი პერიოდის დადგომისას. ქვედა ფოთლები მკრთალდებიან, ხმობა იწყება ფირფიტის წვერიდან და გახმობის შემდეგ ვარდება. ხშირად ფოთლის დაზიანება ვიზუალურად გავს  ლათინურ  V-ს. ინფიცირებული მცენარე მართალია არ ღუპება, მაგრამ ძლიერ მცირდება მოსავლის რაოდენობა და მკვეთრად უარესდება ხარისხი.  წიწაკაში ქვედა ფოთლები ჭკნება, ხმება . ყავისფერი ხდება გამტარი ქსოვილებიც, მცენარე სწრაფად იღუპება.

მყნობის ტექნიკა ემყარება:

) საძირის სწორად შერჩევას. პომიდვრის საძირე უნდა იყოს: ნიადაგში გავრცელებული დაავადებებისადმი (მაგალითად: ფუზარიოზი, ბაქტერიული ჭკნობა,ვერტიცილური ჭკნობა და სხვ.) რეზისტენტული(გამძლე);

ნიადაგში გავრცელებული მავნებლებისადმი (მაგალითად: ნემატოდები) რეზისტენტული.

გოგროვნების საძირე უნდა იყოს: ფუზარიოზისადმი და ნესვის ნეკროზული ვირუსისადმი რეზისტენტული.

) სანამყენეს სწორად შერჩევას.  სანამყენე უნდა იყოს: გარემოს სტრესული ფაქტორებისადმი რეზისტენტული; გამოირჩეოდეს გემური თვისებებით, მაღალი მოსავლიანობით, ჰქონდეს საბაზრო სახე.

მყნობისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

საჭიროა: სათბური  27 °c  ტემპერატურით,  კარგად განათებული შეხორცების კამერა დამჩრდილავი ბადით, ბოსტნეულის კასეტა; სუბსტრატი:  პერლიტი, ვერმიკულტი ან ტორფის ხავსის ნარევი; საძირე და სამყნობი  მასალის თესლი; ინსტრუმენტები:  სამუშაო მაგიდა, ბრიტვა ან სამყნობი დანა, სამაგრი; ტემპერატურის და ტენის მზომი;  წყალი.

მყნობის მექანიზმი: საძირე ითესება 4–5 დღით ადრე, ვიდრე სანამყენე; საძირე–სანამყენეს უნდა ჰქონდეს 2-4 ნამდვილი ფოთოლი, ღეროს ერთნაირი დიამეტრი;

საძირის ღერო იჭრება ქვედა ლებანფოთლიდან დაახლოებით 0,5 სმ-ით დაბლა 45°-იანი კუთხით.

სამყნობის ღერო იჭრება პირველი ნამდვილი ფოთლიდან  2-3 სმ-ით დაბლა 45°-იანი კუთხით;  ჯვარედინა  მყნობისას საძირე  და სამყნობი მასალის ღეროები  იჭრება 60°-იანი დახრით.

დაავადებების თავიდან ასარიდებლად, სამყნობ იარაღებს და გარემოს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. მყნობის წინ ჩითილი 12-24 საათის განმავლობაში არ უნდა მოირწყას.

მყნობისას კვეთის ადგილი უნდა იყოს სწორი. არ უნდა იყოს ტალღისებურად ან გვერდულად მოჭრილი.

მყნობისთვის  ჩვეულებრივ პირობებში გამოიყენება 8 სმ სიგრძის დასამყნობი მცენარე. დასამყნობი მცენარე საძირეში უნდა ჩავიდეს კონკრეტულ სიღრმემდე, ჩვეულებრივ 2/3 ზე. არა საკმარისი სიღრმის შემთხვევაში მცენარეთა ურთიერთ შეხების არეალიც მცირეა. ამ დროს ნამყენ მცენარეში ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. მას მერე, რაც სანამყენე მცენარეს დავაკავშირებთ საძირესთან, ეს მცენარე გადაგვაქვს სპეციალურ  კამერაში.

საჭიროა მყნობის შემდეგ პირველი 4 დღის განმავლობაში,  განსაზღვრული ტემპერატურა (იმისთვის რომ ხელი შევუწყოთ ჭრილობის სწრაფ შეხორცებას დამყნობის შემდეგ 7 დღის განმავლობაში უნდა ვუზრუნველყოთ შესაბამისი ტემპერატურა 28 ℃. 1 კვირის შემდეგ ჭრილობა შეხორცდება და 7-10 დღე ვტოვებთ სათბურში, სადაც ტემპერატურა დღისით 25 ~ 28 ℃, ღამით 18 ℃), ტენი  (დამყნობის შემდეგ საჭიროა 3-4 დღით მოვათავსოთ მცენარე ისეთ ადგილას, სადაც ფარდობითი  ტენიანობაა  90%-95%) და საკმარისი ჩრდილის (მყნობიდან 4 დღის განმავლობაში მცენარე უნდა იყოს სრულ ჩრდილში.მე-5 დღეს ვაწვდით სინათლეს ნახევარი საათით, მე-6 დღეს 1 საათით, მე-7 დღეს 5-6 საათით, მერვე დღეს გამოგვაქვს სინათლეზე)  შენარჩუნება.

წრთობა. მყნობიდან ორი  კვირის შემდეგ უნდა დავიწყოთ მცენარის წრთობა. ღია გრუნტში გადარგვამდე, ნელ- ნელა გავხსნათ კარი, რათა იმოძრაოს ჰაერმა შუადღის განმავლობაში, მაგრამ მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.  1-2 დღე სტანდარტული ვენტელიაციის შემდეგ მცენარე სრულად დამყნობილია, ის აღარ საჭიროებს განსაკუთრებულ ტენს და ჩრდილს, შეგვიძლია მოვაშოროთ მაჩრდილობელი ბადე და მოვათავსოთ დამყნობილი მცენარე სხვა ჩითილებთან ერთად.

წამონაზარდების მოცილება. დამყნობილი მცენარის საძირეს ნაწილი ზოგჯერ ინვითარებს  გვერდიდან წამონაზარდებს. ისინი დროულად და ფრთხილად უნდა მოვაშოროთ, რადგან ხელი არ შეეშალოს  მცენარის ზრდა განვითარებას.

გადარგვისას გასათვალისწინებელია, რომ მყნობის ადგილი დარჩეს ნიადაგის ზედაპირზე, რათა შეხორცების ადგილის დაინფიცირება არ მოხდეს. (მყნობის ადგილი ნიადაგიდან დაცილებული უნდა იყოს 2,5 სმ-ით.)

 ნატო კაკაბაძე,

სმმ  დოქტორი,

სსმ მეცნიერებათა აკადემიის 

ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი,

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი