აგრარული განათლებამეცხოველეობა

ბოცვრის სახორცე ჯიშები

ჯიშები — ეს ერთი ჯიშისა და  წარმოშობის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფია კურდღლებისა, რომლებსაც მსგავსი სამეურნეო სასარგებლო და მორფოლოგიური ნიშნების შთამომავლობისთვის მკაცრად გადაცემის უნარი გააჩნია. კურდღლების ჯიში ზომისა და  წონის მიხედვით იყოფა დიდად, საშუალოდ და პატარად, ხოლო ხასიათით მიღებული პროდუქციის მიხედვით — სახორცე-სატყავე, საბეწვედ და სახორცედ. სახორცე-სატყავე კურდღლის ჯიში ტყავთან ერთად იძლევა მაღალი ხარისხის დიეტურ ხორცს. საბეწვე მიმართულების კურდღლების ძირითადი პროდუქცია ბეწვია, ხოლო ხორცი განისაზღვრება ნარჩენ პროდუქტად. შესაბამისად სახორცე ჯიშების მთავარი პროდუქტი ხორცია, ხოლო ბეწვი და ტყავი — ნარჩენი პროდუქტი. მსოფლიოში 200-მდე კურდღლის ჯიშია გამოყვანილი, რომლებიც ერთმა-ნეთის    გან მნიშვნელოვანი სამეურნეო თვისებით (წონით, შეფერილობით, სწრაფმწიფადობით, ბეწვის ხარისხით და სხვა) განსხვავდებიან.

ყოფილ საბჭოთა კავშირში 60-ზე მეტი კურდღლის ჯიშს აშენებდნენ. ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიში იყო: საბჭოური შინშილა, თეთრი გოლიათი, ვენური ცისფერი, ნაცრისფერი გოლიათი, კალიფორნიული, ახალზელანდიური თეთრი, ვერცხლისფერი, საბჭოთა მარდერი, თეთრი ბეწვიანი და სხვა.

დღეს ჩვენ მეხორცულ ჯიშებზე — ახალზელანდიურ თეთრზე და კალიფორნიულზე, მოგითხრობთ, რომელიც ამ  ჯიშებში პროდუქტიულობით გამორჩეულია და ჩვენს ფერმერებს, ვისაც ეს საქმიანობა იტაცებს, დააინტერესებს.

ახალზელანდიური თეთრი — თეთრ ბოცვრებს შორის საშუალო ზომისაა. გამოყვანილია 1910 წელს ამე-რიკის შეერთებულ შტატებში ახალზელანდიური წითელი ალბინოსების გამორჩევით. შემდეგ მას ამრავლებდნენ და არჩევდნენ ადრეულ ასაკში ზრდის ინტენსივობის, ხორცის ფორმით, მაღალი სახორცე მასისა და ხარისხიანი ხორცის გამოსავლიანობით.

ჩვენს ქვეყანაში ბოცვრების ეს ჯიშები გასული საუკუნის 70-იან წლებში შემოვიდა და გარემო პირობებსაც კარგად მოერგო. კურდღლების ცოცხალი წონა საშუალოდ შეადგენს 4,5 კილოგრამს (4-დან 5 კგ-მდე), აქვთ ძლიერი კონსტიტუცია კარგად განვითარებული ძვლოვანი სისტემით.

აქვს საშუალო ზომის თავი, პატარა, თხელი სწორი ყურები. სხეული მოკლე, კომპაქტური, პროპორცი-ული, კარგად განვითარებული მუსკულატურით. მკერდი ღრმა, და ფართო. ზურგი მოკლე, სწორი და ფართო. ბოცვრები გამოირჩევიან ენერგიული ზრდით, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ბაჭიები იბადებიან 45გრ. და აქვთ ზრდის მაღალი ტემპი. ორი თვისა უკვე 1,8-2,2 კილოგრამს იწონიან, სამი თვისა — 2,3-3კილოგრამს. ერთ კილოგრამ ნაზარდზე, ცოცხალ მასაზე საკვების ხარჯი შეადგენს 3-დან 5 საკვებ ერთეულამდე. ბოცვრებიდან იღებენ ხორცს, რაც ამ ჯიშის ძირითადი პროდუქტია და ტყავს, როგორც ნარჩენ პროდუქციას. სხეული მკვრივი, კარგად განვითარებული მუსკულატურით, ზედმეტი ქონის ფენების გარეშე. ზრდასრულ ბოცვრებს აქვს თეთრი, ქათქათა ხშირი ბეწვი, კარგი ხარისხის ტყავი. ბოცვრები საკმაოდ ნაყოფიერები არიან და თავისუფლად ზრდიან 7-დან 12 ბაჭიამდე, ამიტომ ამ ჯიშის ბოცვრებს ხშირად იშენებენ ბროილერის ტექნოლოგიით.

ასევე საინტერესო ჯიშია კალიფორნიული. ისინი საშუალო ზომის არიან, თეთრი ფერის, ყურები, ცხვირი, თათები და კუდი მუქი ყავისფერი აქვთ. ჯიში გამოყვანილია აშშ ახალზელანდიურ თეთრის რუსულ მთის კურდღლისა და დიდ შინშილასთან რთული შეჯვარების მეთოდით. ზრდასრული ბოცვრის წონა 4.5 კილოგრამს აღწევს, აქვს მყარი კონსტიტუცია, თხელი, მსუბუქი და საკმაოდ მაგარი ძვლოვანი სისტემით. თავი მსუბუქი, თხელი მოკლე ყურებით; ტანი კომპაქტური, პროპორციულად განვითარებული მუსკულატურით; მკერდი ფართე, ზურგი მოკლე, ფართე…

ბაჭიები საშუალოდ 45 გრ. იბადებია. ახასიათებთ ზრდის მაღალი ტემპი. საშუალო დღეღამური ნაზარდი ორი თვის ბაჭიებისა 40-45 გრამს აჭარბებს, სამი თვისა — 30-35 გრ. ხუთი თვისა —15 გრ. შესაბამისად წონა შეადგენს 1,9-2,3; 3,7-3,4 და 4,2 კილოგრამს. ბოცვრებისგან იღებენ კარგ ტყავს, აქვს თეთრი ფერის, საკმაოდ ხშირი მბრწყინავი ბეწვი. კალიფორნიული ჯიშის ბოცვრები საკმაოდ ნაყოფიერები არიან. საშუალოდ ერთ დაყრაზე დედა კურდღელი 8 ბაჭიას ყრის.

ნესტან გუგუშვილი