მცენარეთა დაცვა

ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ _ დაეჭვებული მოსახლეობის კითხვები მობილურ ჯგუფს

მავნებელი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს, მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ერთობლივად ეწევიან და მობილური ჯგუფები ყოველდღე სოფლებში გადიან, დასასრულს უახლოვდება.

26 სექტემბერს მორიგი გასვლა სოფელ ჭანიეთში შედგა, სადაც ამავე სოფლის და სოფელ ქაქუთის მცხოვრებნი, მობილურ ჯგუფთან შესახვედრად სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ.

მობილური ჯგუფის წევრმა ლალი გოგუაძემ შეკრებილ ფერმერებს განუცხადა, რომ აღნიშნულ სფეროში დიდი ხნის სტაჟი აქვს და ისეთი მასშტაბური ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად გადადგა, აქამდე არ გადადგმულა:

_ ამიტომ თქვენგან ვითხოვთ თანადგომას, რის გარეშეც წარმოუდგენელია ამ მავნებლის დამარცხება, _ თქვა მან.

ადგილობრივები გაეცნენ თხილის მავნებელი დაავადებებისგან დაცვის ფენოკალენდარულ სქემას, ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებსა და ხერხებს საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში.

ბრძოლის მექანიკური ღონისძიებებით დაინტერესდა დამილი ბერაძე და აღნიშნა, რომ მასაც შეუძლია საკუთარი მეთოდით ებრძოლოს მავნებელს, ამასთანავე, თხოვა მობილური ჯგუფის წევრებს, თუ ექნებათ შესაძლებლობა, რამდენიმე ფერომონიანი საჭერი მისცენ, ერთის ნაცვლად. ფერმერმა ამაზე დადებითი პასუხი მიიღო.

ადგილობრივ მცხოვრებთა შორის განსაკუთრებით დაინტერესდნენ, გადაურჩება თუ არა ფუტკარი შეწამვლას და გამოთქვეს ეჭვი, რომ იგი, დიდი ალბათობით, დაიღუპება.

მობილური ჯგუფის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს შეწამვლის წესებზე, რომ წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებული, ორი საათის განმავლობაში დაიკეტოს სკები, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ფუტკარი არანაირად არ დაზიანდეს:

_ მოგიწოდებთ, უკუაგდოთ უსაფუძვლო შიში. თუ კარგად გავერკვევით მავნებელთან ბრძოლის წესებში და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდების გამოყენების ინსტრუქციას გულდასმით წავიკითხავთ, არაფერია გაუგებარი.

რაც შეეხება ტექნიკურ მეთოდებს და ბოთლში მოთავსებული ნათურით თუ მუყაოს ყუთზე ფერომონის მიმაგრებით გაკეთებულ საჭერს, რომელმაც ფერმერთა ინტერესი გამოიწვია, ლალი გოგუაძემ განმარტა, რომ ეს არის გამოცდილი ფერმერების პრაქტიკული დაკვირვებით მოფიქრებული ხერხი, რითაც უამრავი მავნებლის დაჭერა შეიძლება.

_ რატომ და საიდან შემოვიდა ეს ფაროსანა? დიდი ეჭვი გვაქვს, სპეციალურად შემოგვისიეს, რომ თხილი გაანადგუროს. იცის ვინმემ სიმართლე? _ სვამდნენ კითხვებს კარლო ურუშაძე, რეზო ხომერიკი და სხვები. მობილური ჯგუფის წევრებმა მოუწოდეს მათ, ლოგიკური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარემართათ შეხვედრა.

ჭანიეთელმა ლერი ურუშაძემ თხილის ნაცრისა და ობის სოკოს დაავადებაზე საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წელია, არანაირ შეწამვლას არ აკლებს თხილის პლანტაციას, თუმცა, ობი და ნაცარი ისევ აზიანებს მის ფართობს.

ლერი ურუშაძეს არ დაეთანხმნენ მობილური ჯგუფის წევრები, ასევე, ადგილობრივებმაც გამოთქვეს ეჭვი, რომ, შესაძლოა, უხარისხო ფუნგიციდები შემოდიოდეს და ეს საკითხი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

_ აუცილებელია შემოდგომის ბოლოს სპილენძნარევი ფუნგიციდით შეიწამლოს თხილის პლანტაციები. ეს უპირველესი ნაბიჯია შემოდგომიდან გაზაფხულისკენ სათხილეებში სამუშაოების დასაწყებად. რაც შეეხება საჩუქრად გადმოცემულ ერთ ლიტრ ინსაკარს, რომელიც ბიფეტრინის ჯგუფის შემცველობისაა, უმჯობესია, საგაზაფხულოდ შევინახოთ. თუ ციტრუსოვნებზე ფაროსანას შევამჩნევთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევწამლოთ. ეს ოცდღიანი ინტერვალი თავისუფლად თავსდება მოსავლის აღების დაწყებამდე არსებულ დროში. იმოქმედეთ დინჯად და გაბედულად, _ არწმუნებდნენ მობილური ჯგუფის წევრები ჭანიეთელ და ქაქუთელ ფერმერებს,

ირაკლი ცერცვაძე დაინტერესდა თუ კომუნისტების დროს წამლავდნენ ავიაციით, ახლა რატომ არის ეს შეუძლებელი.

მობილური ჯგუფის წევრებმა მას განუმარტეს, რომ ბიფეტრინი არის ქიმიური ნივთიერება, რაც ძალიან ქმედუნარიანია მავნებლის წინააღმდეგ. თუმცა, საშიშია მოსახლეობის “თავზე გადავლების” შემთხვევაში. ამიტომ სახელმწიფომ კატეგორიულად თქვა უარი ამაზე.

_ რაც შეეხება ბიომეთოდს, საავიაციო შეწამვლა მხოლოდ ამ ფორმით შეიძლება და იყენებენ კიდეც, _ თქვა ლალი გოგუაძემ.

_ ძალიან ბევრს აინტერესებს და მათ შორის მეც, მეორე და მესამე კატეგორიის კომლებს, რომელთაც სოფელში სახლი არ აქვთ, მაგრამ გააჩნიათ საკუთრებაში არსებული მიწა და თხილის პლანტაციები, მიიღებენ თუ არა ამ უფასო პესტიციდს? _ იკითხა ლერი ურუშაძემ, რასაც არაერთი ფერმერი დაეთანხმა. მობილური ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ უფასო პესტიციდს ყველა მიიღებს. თუმცა, ისინი მაინც ეჭვობდნენ, რომ ამ წუთში თუ მოსკოვში მუშაობს ადამიანი, მას ან მისცემენ, ან არაო.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ჭანიეთში, მერაბ ბერაძემ ლერი ურუშაძეს განუცხადა, ამას თავად ხელმოწერით დაადასტურებს.

მარინე ჩიხლაძე

წყარო: gurianews.com