აგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

ბროკოლის მოყვანის აგროტექნიკა 

ბროკოლი შედის კომბოსტოსებრთა (Brassicaceae) ოჯახში, (წინანდელი სისტემატიკით ჯვაროსანთა-Cruciferae ოჯახში). ამ ოჯახში კომბოსტოსნაირ მცენარეთა მრავალი სახეობა შედის. მიეკუთვნება  კომბოსტოს ყველა სახეობას ერთი ველური წინაპარი ჰყავს, რასაც მეცნიერულად ასაბუთებს ჩ. დარვინი. საქართველოში  სატაცურისებრი  კომბოსტოს  (BRASSICA ASPARAGOIDES GMELIN) სახელით არის ცნობილი.

მისი სამშობლო სამხრეთ იტალიაა, ბოლო ცნობებით ბროკოლი მიღებულია სახალხო სელექციის გზით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში.

ბროკოლის ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება

ბროკოლის თესლი წვრილია, მრგვალი, ფერი მუქი ან ოდნავ ღია ყავისფერი, 300-350 ცალი თესლი  1 გრამს იწონის,  ადვილად ღივდება. ხელსაყრელ პირობებში  ღივები დათესვიდან მესამე-მეოთხე დღეს ამოდის. შენახვის კარგ პირობებში აღმოცენების უნარს 4-6 წლის მანძილზე ინარჩუნებს.ბროკოლი  მიეკუთვნება ორლებნიანთა კლასს, ფესვთა სისტემა მთავარღერძაა და ნიადაგში მძლავრად განვითარებული. ღერო მაღალი, ფოთოლი ჯიშების მიხედვით ზოგი გრძელ ყუნწიანი, ზოგიც მოკლე. ფოთოლი ძირითადად წაგრძელებული კვერცხის მაგვარი ძლიერ დაძარღულია. ფოთლის ფერი ჯიშების მიხედვით შეიძლება იყოს მუქი მწვანე, ან ღია მწვანე ნაცრისფერი ელფერით.

ბროკოლი სიცივისამტან, ყინვაგამძლე მცენარედ ითვლება, განსაკუთრებით გამძლეა ის ყინვებისადმი ღივისა და ჩითილის სტადიაში.

ბროკოლი ისევე, როგორც ყველა სხვა სახეობის კომბოსტოები ივითარებეს თავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავი მას  უფრო ფხვიერი აქვს და ადვილად იფანტება ცალკე ყლორტებად, ვიდრე ყვავილოვანი კომბოსტოს თავი.  თავაკი შედგება განშტოებული ყლორტების წარმონაქმნებისაგან (ბუტონებისგან). ღეროს ცენტრალურ ნაწილში ვითარდება უფრო დიდი თავაკი, რომელთა მოჭრის შემდეგ ფოთლის იღლიებიდან ვითარდებიან  გვერდითი თავაკები.

ქიმიური შედგენილობა

კვებითი ღირებულებით ბროკოლი ყვავილოვან კომბოსტოზე მაღლა დგას. 100 გრამი ბროკოლის საკვები ღირებულება 34 კ/კალორიაა. შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, აზოტოვან ნივთიერებებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, ბიოკატალიზატორებს, ამინომჟავებს, (A, B1, B2, PP, C, E) ვიტამინებს, მინერალებს და მიკროელემენტებს. ამიტომაც ურჩევენ დიეტოლოგები მოსახლეობას  შეიტანონ ის კვებით რაციონში. ბროკოლი დელიკატესი, ძვირფასი ბოსტნეული კულტურაა, იგი ერთ-ერთი დიეტური საკვებია, რაც განპირობებულია მისი უჯრედების ნაზი სტრუქტურით და ქიმიური კომპონენტების სპეციფიკური შემცველობით.

ბროკოლში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის თირკმელების დაავადებების და ათეროსკლეროზის განვითარებას, წმენდს ორგანიზმს შლაკების და მძიმე მეტალებისგან, ასევე იცავს ორგანიზმს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისგან, კლავს კიბოს უჯრედებს და ხელს უშლის მის პროგრესირებას, ზრდის ქიმიოთერაპიის ეფექტურობას. ბროკოლი ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციის პროცესში, განსაკუთრებით, თუ ის გამოწვეულია ჰაერის დაბინძურებით. ჰაერის დაბინძურება გახდა ქრონიკული და  ყველაზე გავრცელებული პრობლემა  მთელ მსოფლიოში და ამავე დროს საქართველოშიც.

ნიადაგის შერჩევა

ბროკოლი მოითხოვს ნაყოფიერ, უხვტენიანდა კარგად დამუშავებულ ნიადაგს, მისთვის ასევე ვარგისია მძიმე, მსუბუქი და საშუალო თიხნარი ნიადაგები. თუმცა ბროკოლი, პრაქტიკულად ნებისმიერ ნიადაგზე შეიძლება მოვიყვანოთ, გამონაკლისია ქვიშიანი და ჭაობიანი ნიადაგები.  ბროკოლის მოვლ-მოყვანის ინტესიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის, წინამორბედების შერჩევას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია, ამიტომ დარგვამდე ყურადღება უნდა მიექცეს  წინამორბედ კულტურებს. მისთვის კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, თავთავიანები და სხვა. კომბოსტოსნაირების  შემდგომ იმავე ნაკვეთზე ბროკოლის  დარგვა დაუშვებელია, რადგან ადგილი აქვს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას  და მავნებელ-დაავადებების გავრცელებას, ისინიერთნაირი მავნებელ-დავადებებით ზიანდებიან.  რეკომენდებულია ბროკოლი თავის ნაკვეთს 4-5 წლის შემდეგ დაუბრუნდეს.

ბროკოლი სინათლის და ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ნაკვეთის შერჩევის დროს ეს ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ნიადაგის არის რეაქცია  უნდა იყოს ნეიტრალური (PH 6-7).

ნიადაგის დამუშავება

ბროკოლისთვის ნიადაგის დამუშავება ხდება ნიადაგურ-კლიმატური ზონების მიხედვით.  გაზაფხულზე დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში,  აუცილებლად უნდა მოიხნას შემოდგომით 25-30 სმ. სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია გვიან შემოდგომით, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. ანალიზის არ ქონის შემთხვევაში ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ  უნდა შევიტანოთ ორგანული სასუქი 50-60 ტ/ჰა-ზე, ხოლო , თუ ნაკელი არ გვაქს მაში მინერალური სასუქები N150 P120K90 ამ  დოზით მოქმედი ნივთიერება. ფოსფორიანი და კალიმიანი სასუქი შეგვაქს ძირითადი ხვნის წინ, ხოლო გამოკვებაში აზოტიანი. აზოტიანი სასუქის ნახევარი შეგვაქს დარგვის წინ, ხოლო დარჩენილი გამოკვებაში თავის ფორმირების დაწყების წინ.

ჩითილის გამოყვანა და გადარგვა

ბროკოლი ძირითადად ჩითილის მეთოდით მოყავთ, თუმცა მისი მოყვანა შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში თესლის თესვით. საქართველოში ბროკოლის მოსავალი შეიძლებამოვიყვანოთ 2-3 ჯერ. კასეტებში თებერვლის დასაწყისში ითესება თესლი და მარტის ბოლოს 35-40 დღის ჩითილი  ირგვება ღია გრუნტში მწკრივად, მწკრივთაშორის მანძილი 60-70 სმ. მცენარეთაშორის 30-35 სმ., ირგვება ზოლებრივადაც.მაისის ბოლოს  ითესება თესლი ღია გრუნტშიდა ივლისის შუა რიცხვებში გადაგვაქს მუდმივ ადგილზე. ბროკოლის მოყვანის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომთავის ფორმირება უნდა მოხდეს სიგრილეში. ( ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით, მისი მოყვანა უფრო ადვილია).

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის  შულავერის ენერგეტიკულ სათბურში 2017 წელს  დავაყენეთ ცდა ბროკოლის თესვის ვადების შესწავლაზე. ამ მიზნით 14-მარტს საჩითილეში  დაითესა ბროკოლის თესლი. 30- მარტს ჩითილი გადაირგო, როგორც გვირაბისებურ პოლიეთილენის ენერგეტიკულ სათბურში ასევე ღია გრუნტში. პირველი მოსავალი დახურულ გრუნტში ავიღეთ 18- მაისის, ხოლო ღია გრუნტში 8-ივნისს.  მიღებული იყო საუკეთესო მოსავალი, როგორც ღია გრუნტში, ასევე დახურულში. ღიაში ბროკოლის მოსავალი იყო 13 ტ/ჰა-ზე., დახურულში კი 15 ტ/ჰა-ზე.

ასევე  ბროკოლის კულტურაზე მიმდინარეობს კვლევა წილკნის ბაზაზე, იცდება სხვადასხვა ჯიშები, მოხდება მათი შესწავლა და საუკეთესოები გამორჩევა.

მოვლა

 ბროკოლის  მოვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ტენის მოყვარულია, მოითხოვს ნოყიერ ნიადაგს. დიდი რაოდენობითწყალს განსაკუთრებით ჩითილის და თავის ფორმირების პერიოდში. ნიადაგი უნდა იყოს, ყოველთვის ფხვიერი, ამიტომ, მწკრივთაშორის და მცენარეთაშორის უნდა გაფხვიერდეს 3–ჯერ მაინც, ჩატარდეს კულტივაცია 2-ჯერ.

მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ვეგეტაციის პერიოდში შეგვიძლია მცენარის გამოკვება წუნწუხითაც: პირველი კვება ხორციელდება ჩითილის გადარგვიდან  15-20 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით 20 ლ. წყალი და 1კგ ნაკელი, ხარჯვის ნორმა 0.5 ლიტრი 1 მცენარეზე. მეორე კვება პირველიდან 10 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით: 20ლ წყალი-1კგ ნაკელი, ხარჯვის ნორმა 1 ლიტრი 1 მცენარეზე. მესამე კვება მეორედან 10 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით 20ლ წყალი-1კგ ნაკელი, ხარჯვის ნორმა 6-8 ლ. 1მ2.

მოვლაში იგულისხმება დაცვა მავნებელ-დაავადებებისგან. ბროკოლს ძირითადად უჩნდება ჯვაროსანთა ოჯახისათვის დამახასიათებელი მავნებლები: რწყილები, ბუგრები, ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა,ფრთათეთრა  მათ საწინაამღდეგოდ გამოიყენება ინსექტიციდები მაგ. აქტელიკი  ხარჯვის ნორმა 0,5 ლ/ჰა., ვერტიმეკი ნაწლავური და კონტაქტური ინსექტოაკარიციდია ხარჯვის ნორმა 0,8-1,2 ლ/ჰა.

მოსავლის აღება

ბროკოლის მოსავლის აღება ხდება შერჩევით, სანამ თავი დაიფანტება, აღებული მოსავალი უნდა ინახებოდეს 0 გრადუს ტემპერატურის  და  98-100 % ჰერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში, ამ პირობებში მისი შენახვა შეგვიძლია 2-3 კვირის განმავლობაში. მაცივრის გარეშე მოსავლის აღებიდან მალე უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია, რათა არ მოხდეს თავის დაფანტვა, რაც იწვევს მისი სასაქონლო ღირებულების დაკარგვას.

ძირითადი თავის მოჭრის შემდეგ მცენარე იტოტება, ვითარდება გვერდითი ყლორტები, ეს  მეორე მოსავალია, ამიტომ მოსავლის აღება შეიძლება ერთი-ორი კვირა გაგრძელდეს.