კვირა, ივნისი 15, 2025
ახალი:
აგროსიახლეები

ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით, უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ იმერეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 134 თანამშრომელი, მათ შორის 15 მეტყევე და 72 ტყის მცველია. შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.

„ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით, უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მეტყევეებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიონალიზმის, მათი აქტიური მუშაობის შედეგია სამართალდარღვევების პრევენცია და ოპერატიული აღკვეთა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გაუმჯობესებულია სამუშაო პირობები და სოციალური გარანტიები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი თანამშრომლების მოტივაციას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო, რეგიონული სატყეო სამსახურების მეშვეობით, ქვეყნის 9 რეგიონში ოპერირებს. სააგენტოს ძირითადი მიმართულებებია ტყეების აღდგენა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

„რეგიონული სატყეო სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერება, კვალიფიციური კადრების მოზიდვა ჩვენი გეგმის ეფექტიანი განხორციელების აუცილებელი პირობაა, რამაც, შედეგად, ჩვენი ტყეების მდგრადი მართვა უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.