აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ბუფერული ზონები, გარემო და ნიადაგის ნაყოფიერება ბიომევენახეობაში

სხვა ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საგნებთან ერთად, რაც ბიომევენახეობის ფარგლებში გვხვდება, ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ბუფერული ზონების დაცვა. ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ამას არ ითვალისწინებენ ან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

ბუფერული ზონების დაცვის მიზანია, რომ ბიოვენახში მოწეული მოსავალი, მაქსიმალურად იყოს დაცული მომიჯნავე, ინდუსტრიულ ვენახში გამოყენებულ ქიმიური პრეპარატების, მინერალური სასუქებისა და სარწყავი წყლის გავლენისაგან, რაც, შესაძლოა ბიოვენახში მოწეული მოსავლის გარკვეულწილად დაბინძურების წყარო გახდეს. რისკი რიგ შემთხვევებში საკმაოდ მაღალია. განვიხილოთ ბუფერული ზონის დაცვისა თუ მოწყობის რამდენიმე საკითხი.

როგორც ითქვა, გარკვეულ რისკს შესაძლოა წარმოადგენდეს, მაგალითად, მომიჯნავე ვენახიდან გადმომავალი სისტემური შხამქიმიკატები, მინერალური სასუქები და ასევე სარწყავი წყალიც. წამლობის შემთხვევაში რისკი ერთიორად მატულობს, თუ ინდუსტრიულ ვენახში ეს ოპერაცია ტარდება ტრაქტორით, ხოლო ასეთ დროს ბიო და ინდუსტრიული ვენახები ერთმანეთზეა მიბმული.

ზურგის მექანიკური აპარატით წამლობის დროს აღნიშნული რისკი თითქმის არ არსებობს, თუმცა ყურადღების გამახვილება ასეთ დროსაცაა საჭირო. როდესაც ორი ვენახი ერთმანეთს ებმის და ინდუსრტიული ვენახის წამლობა ხდება ტრაქტორით, ასეთ დროს მისი უშუალოდ მომიჯნავე ბიოვენახიდან ერთი მწკრივის მოსავალი უნდა მოიკრიფოს ცალკე და აქ მოკრეფილი ყურძენი ბიოვენახის მთლიან მოსავალს არ უნდა შეერიოს, რადგან დიდია რისკი, რომ ტრაქტორის საწამლის ჭავლმა მიაღწიოს ბიოვენახის მომიჯნავე მწკრივამდე. აღნიშნული მწკრივიდან აღებულ მოსავალს უნდა მიეცეს სხვა დანიშნულება. მოხდეს რეალიზაცია ან მისგან დამზადდეს საკუთარი მოხმარების ღვინო, ჭაჭა, ყურძნის წვენი და სხვ. სიტუაციის ძირეულად შესწავლის შედეგად რიგ შემთხვევებში შესაძლოა ბიოვენახიდან გამიჯნული იქნეს არა ერთი, არამედ ორი მწკრივის მოსავალიც.

ასეთივე რისკის შემცველია, მაგალითად, მომიჯნავე ვენახებში მინერალური სასუქების გამოყენებაც, რადგან ამ დროს მინერალური სასუქი წვიმისა ან სარწყავი წყლის მეშვეობით ნიადაგში ჩაირეცხება, სადაც განვითარებულია ბიოვენახის ფესვებიც, რომელთაც შესაძლოა ნიადაგის ფენებში ჩასული მინერალური სასუქი შეითვისონ. ამ რისკს განსაკუთრებით ადიდებს ვენახის მორწყვა, რომლის დროსაც შესაძლოა სარწყავი წყალი ბიოვენახებშიც გადავიდეს. ასეთ შემთხვევაში კი, წვიმის წყლისაგან განსხვავებით, რისკი გაცილებით დიდია, რომ სარწყავმა წყალმა ინდუსტრიულ ვენახში გამოყენებული მინერალური სასუქების, თუ ჰერბიციდების გარკვეული ნაწილი ბიოვენახებში შეიტანოს. სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით, როდესაც ახალი ვენახი შენდება, მნიშვნელოვანია, თუ ბიოვენახები სხვა ნაკვეთისაგან გაიმიჯნება, თუნდაც შიდა სავენახე გზით, რომლის სიგანე 3-4 მეტრია. ასეთ შემთხვევაში ბუფერული ზონის მოწყობის საკითხი უკვე გადაჭრილად მიიჩნევა. თუმცა სარწყავი წყლის საკითხი, მეტადრე, თუ ვენახი ფერდობზეა გაშენებული მაინც გასათვალისწინებელია. ასეთ დროს რისკის შემცველია არა მხოლოდ ბიოვენახის ახლოს მდებარე ვენახი, საიდანაც შესაძლოა სარწყავი წყლის მეშვეობით დაბინძურდეს ბიოვენახი, არამედ სხვა კულტურაც, როგორიცაა: სიმინდი, ხორბალი თუ სხვ. ალბათ იდეალურად უნდა ჩაითვალოს, როდესაც ვენახს გასდევს ბუნებრივი მიჯნა, რაც თავისთავად მიიჩნევა ბუფერულ ზონად, მაგალითად, მიწაყრილი, ხევი, მდინარე, საძოვარი მინდორი, ბუჩქნარი და სხვ. ბიოვენახის სიახლოვე სატრანსპორტო მაგისტრალის ახლოს გამართლებული არ არის, რაზეც ჩვენ ქვემოთ გვექნება საუბარი.

გარდა ბუფერული ზონების საკითხისა, რომელიც საკმაოდ აქტუალური საგანია, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გარემოშია გაშენებული ვენახი. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტადაა გასათვალისწინებელი ვენახთან საავტომობილო მაგისტრალის, რომელიმე ქიმიური ქარხნის, მაღალი ძაბვის დენის სადენების, ნაგავსაყრელისა თუ სხვა რისკის შემცველი ობიექტების სიახლოვე. მეტ-ნაკლებად შევეხოთ ჩამოთვლილ საკითხებს.

ბიოვენახის მდებარეობა საავტომობილო მაგისტრალის მახლობლად დაუშვებელია, არსებობს კადეც საერთაშორისო წესები, რის მიხედვითაც ვენახისა და საავტომობილო მაგისტრალის დაშორება რეგულირდება. ჩვენი ქვეყნის მაგალითის შემთხვევაში სასურველია, თუ ბიოვენახი მთავარი საავტომობილო მაგისტარალისაგან დაშორებული იქნება დაახლოებით 100 მეტრით მაინც. თუმცა ეს მანძილი არამაგისტრალური გზების შემთხვევაში შესაძლოა იყოს 30–50 მეტრი. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ვენახის სიახლოვეს არ იყოს ქიმიური, ან სხვა სახის რომელიმე ქარხანა (მაგ., ცემენტის და სხვ.), საიდანაც გარემოსაც და ვენახსაც ეფინება ქარხნის გამონაბოლქვი. ამგვარი ვენახი, რაგინდ ზედმიწევნითაც იყოს იქ ყოველი სხვა პროცედურა და წესი დაცული, ბიოვენახად არ ჩაითვლება. შესაძლოა, ამგვარი ქარხნები იმ გამდინარე წყალსაც აბინძურებდეს, რომლითაც ვენახი ირწყვება, რაც ასევე დაუშვებელია!

მართალია, ბიომევენახეობის წესები ვენახთან ახლოს მდებარე მაღალი ძაბვის დენის მაგისტრალების არსებობას არ კრძალავს, მაგრამ, ეს გარემოება ძალზედ ცუდად აისახება თავად ყურძნისა და ღვინის ხარისხზეც კი, რადგან ვენახთან არსებული მაღალი ძაბვის რკინის კონსტრუქციული ანძები ვენახს სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს, თანაც მუდმივად. ასეთი მაღალი ძაბვის სადენის ქვეშ გაჩერება, თუნდაც მცირედი ხნით ადამიანისთვისაც არ არის რეკომენდებული. უცხოეთის გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, იქაური ნატურალური მეღვინეობის მიმართულების შემთხვევაში ვენახისა და მაღალი ძაბვის დენის ანძების დაშორება უნდა იყოს მინიმუმ 300 მეტრი, რაც ჩვენს სინამდვილეში ზოგჯერ დარღვეულია და ხშირად ვაზი პირდაპირ მაღალი ძაბვის სადენების ქვეშაა გაშენებული.

ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბიომევენახეობის წინაშე დგას, ესაა ნაგავსაყრელები, ან ქიმიური ნივთიერებების ნარჩენების საწყობები, თუ მათი საუტილიზაციო ადგილები. მართალია, ამ უკანასკნელ საკითხს ხშირი ხასიათი არა აქვს, მაგრამ, ვინაიდან ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში მაინც გვხვდება, ორი სიტყვით ვახსენებთ იმას, რომ ნაგავსაყრელისა და, მეტადრე ქიმიური ნარჩენების საწყობის სიახლოვეს ბიოვენახი არ უნდა გაშენდეს. რისკი ამ შემთხვევაში ორმხრივია, რადგანაც ვენახი შესაძლოა ქიმიური ნარჩენებით დაბინძურდეს და მეორე, დიდი რისკია, რომ ნაგავსაყრელის სიახლოვემ ღვინის გემოვნურ თვისებებზეც იმოქმედოს უარყოფითად, რისი პრაქტიკული მაგალითებიც მრავლადაა. ასერიგად, როგორც უკვე აღინიშნა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გარემოში ხარობს ვაზი.

ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ყურძნისა და ღვინის ხარისხი ძალიან ბევრ, ერთი შეხედვით წვრილმან დეტალზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ეს წვრილმანი დეტალები თავის დროზე უნდა იქნეს გათვალისწინებული. იმ წესთა დაცვა, რომლებიც ძირითადად ჰიგიენას უკავშირდება დიდ გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე და პირიქით, რიგ წესთა უგულებელყოფა აუცილებლად უარყოფითად აისახება ღვინის ხარისხზე. ის, რომ ვაზი არ უნდა ჩაიყაროს ისეთ ადგილზე, სადაც გრუნტის წყალი ნიადაგის ზედაპირთან ძალიან ახლოს, მაგალითად, 1-1,5 მეტრშია, ან ისეთ ადგილას, სადაც სავენახე ფართობი უშუალოდ უღრან ტყეს ესაზღვრება, ელემენტარული წესებია. დავამატებთ ერთსაც, რომ უძველესი ნავენახარი ადგილები, რომლებიც ასე მრავლადაა ჩვენში საუკეთესოდაა შერჩეული ჩვენი წინაპრების მიერ და ძველთაგანვე განთქმული მევენახეობის ხსენებული ადგილები აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში საოცრად შეესატყვისება ვაზის კულტურას, რადგან ვენახის გაშენებას ჩვენი წინაპრების მხრიდან წინ უძღოდა ნიადაგისა და ვაზის ჯიშების შეხამება და, საერთოდ, გარემო პირობების ძირეული შესწავლა.

სავენახე ნიადაგების შერჩევას ჩვენი წინაპრები დიდ ყურადღებას უთმობდნენ. კვლავაც გავიმეორებთ, რომ ვაზი ყველა ტიპის ნიადაგზე ხარობს, მაგრამ საუკეთესო ხარისხის ღვინოს მხოლოდ რამდენიმე ტიპის ნიადაგი იძლევა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სავენახე ადგილის ზღვის დონიდან სიმაღლეც, რადგან მოსავლის ხარისხი ამ უკანასკნელზე დიდადაა დამოკიდებული. თუმცა, ერთია მართებულად შერჩეული სავენახე ფართობი, ზღვის დონიდან სიმაღლე და ნიადაგის ტიპი, მაგრამ მეორე საკითხია შერჩეული ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა, თუ ამაღლების საკითხი. ვაზის გაშენებას უნდა უსწრებდეს სავენახე ნიადაგის ლაბორატორიული გამოკვლევა. ამ გარემოებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგან შესაძლოა სავენახე ნიადაგს ესა თუ ის კომპონენტი აკლდეს, რაც საბოლოოდ ყურძნისა და ღვინის ხარისხზე უარყოფითად აისახება. PH-ის დონე ნიადაგში ძალზე დიდ როლს თამაშობს მცენარის სიჯანსაღეზე. ნიადაგში PH-ის, ანუ მჟავიანობის დონეს ტუტეებისა და მჟავების თანაფარდობა განსაზღვრავს. თუ ნიადაგში PH-ის ბალანსი დარღვეულია, სხვა საჭირო ელემენტების არსებობის შემთხვევაშიც კი მოსავლიანობა დაბალია, რადგან ამ დროს ვაზზე საკვები ნივთიერებების უკმარისობა, მაშინაც კი აისახება, როდესაც ნიადაგში ვაზის საკვები ელემენტები საკმარისია. როგორც ზემოთ აღინიშნა, შესაძლოა, ესა თუ ის ნიადაგი სრული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად იდეალური მონაცემებისა იყოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხარისხიან ღვინოს იძლევა არა ღონიერი და ორგანული ნივთიერებებით ძალზე მდიდარი ნიადაგი, რაც სხვა რომელიმე კულტურის, მარცვლეულისა, თუ ბოსტნეულის შემთხვევაში შესაძლოა მართლაც ასე იყოს. აღნიშნულ შემთხვევაში მოსავლიანობა მართლაც მაღალია, მაგრამ ხარისხი და რაოდენობა სხვადასხვა საგნებია. როგორც აღინიშნა, ჩვენს წინაპრებს ეს საკითხი ძველთაგანვე ეფექტურად ჰქონდათ გადაჭრილი. ერთმანეთისაგან მკვეთრად იყო გამიჯნული სავენახე, საბოსტნე, საყანე, სამოსახლო, საძოვარი თუ სხვა დანიშნულების ფართობები.

იქ, სადაც ხორბლისა და ზოგადად მარცვლეულისათვის შესაფერისი ნიადაგი იყო, ვაზს არავინ ჩაყრიდა. ასევე საუკეთესო სავენახე მიწას ბოსტნისათვის არავინ მოაცდენდა. ზოგიერთმა სავენახედ ძველთაგანვე განთქმულმა ადგილის სახელმა დღემდე მოაღწია ჩვენამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრები ამ საკითხში ზედმიწევნით კარგად ერკვეოდნენ. თუკი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას ზღვის დონიდან 50-100 მეტრის სიმაღლეზე შესაძლებელია ხარისხიანი ყურძნისა და ღვინის მიღება, მაგალითად, კახეთში ამგვარი რამ დაუშვებელია, ხოლო მესხეთში ზღვის დონიდან 50-100 მეტრი საერთოდ არ არსებობს. ესაა საკმაოდ მაღალი რეგიონი, სადაც ვაზი 1200 მეტრის სიმაღლეზეც კი ხარობს და ხარისხიან მოსავალსაც იძლევა. შესაძლოა ვაზის გასაშენებლად შერჩეული ნიადაგი იყოს ღარიბი და გამოფიტული, მაგრამ ეს პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრას სწორი აგროტექნიკით და ნიადაგის ხელოვნურად გამოკვების გზით. აგროტექნიკური ღონისძიებების მართებულად ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს სავენახე ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების საქმეში. ეს ყოველივე კი საქმისადმი წიგნიერ მიდგომას ითხოვს, რადგან, მაგალითად არასწორ და არასათანადო დროს ჩატარებული მოხვნა-კულტივაცია ნიადაგიდან აზოტის ბუნებრივი მარაგის დაკარგვას იწვევს. გასათვალისწინებელია, რომ ისეთი ნიადაგის გამოსწორება ძალზე ძნელია და დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს, სადაც სისტემატურად შეჰქონდათ სარეველა მცენარეების წინააღმდეგ ჰერბიციდები, ასევე მინერალური სასუქებიც. ასეთი ნიადაგი უმეტესწილად „მკვდარია“ და მის გამოსწორებას შესაძლოა რამდენიმე ათწლეულიც კი არ ეყოს. სხვადასხვა სახის მინერალური სასუქების გამოყენებას თუმცა კი აქვს სწრაფი ეფექტი, რაც ძირითადად მოსავლის რაოდენობაზე აისახება, მაგრამ ამ ტიპის სასუქები ნიადაგს საერთო ჯამში აღარიბებს. აქედან გამომდინარე, ირღვევა ნიადაგის ბუნებრივი ბალანსი. ხარისხიანი მოსავალი კი შესაძლოა მხოლოდ ჯანსაღ ნიადაგზე მოვიდეს!

საქართველო ნიადაგის ტიპების თვალსაზრისით ძალზე მრავალფეროვანი ქვეყანაა. ამავდროულად იგი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონების მხრივ საკმაო კონტრასტულობითაც გამოირჩევა. ამ რეგიონთა განსხვავებას ძირითადად სწორედ ნიადაგის ტიპები განაპირობებს. ამას ემატება კლიმატი და ზღვის დონიდან სიმაღლეც, რაც ხშირად ერთ რეგიონს მეორესაგან რადიკალურად განასხვავებს. ასეთი განსხვავებები ერთსა და იმავე რეგიონებშიც კი გვხვდება და საკმაოდაც. სწორედ აქედან გამომდინარე, ერთსა და იმავე რეგიონში, მაგალითად, კახეთში რქაწითლის ღვინო თითქმის ყოველ მეორე სოფელში განსხვავებული ხასიათისა დგება. უფრო მეტიც, მხოლოდ ერთ სოფელში ნიადაგის ექსპოზიციის, მისი სტრუქტურისა თუ სხვათა გავლენით ერთი და იმავე ჯიშის ვაზიდან შესაძლოა 3-4 განსხვავებული ღვინო დადგეს…

დასასრულ, ვიტყვით ერთსაც, რომ ხარისხიან პროდუქტს მხოლოდ ჯანსაღი, ცოცხალი ნიადაგი იძლევა, ამიტომაც ვაზისა და ვენახის მდგომარეობა პირველ რიგში მართებულად შერჩეულ სავენახე ნიადაგზე და მის ნაყოფიერებაზეა დამოკიდებული.

გიორგი ბარისაშვილი