აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

ბზის ალურა და მასთან ბრძოლის ღონისძიებანი

საქართველო მსოფლიოში უნიკალური მწვანე საფარით გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენდა სამწუხაროდ ბუნებაში არსებობენ მავნებელი მწერები, რომლებიც აზიანებენ უნიკალურ მცენარეებს და  ზოგიერთ მათგანს გადაშენების საფრთხეს უქმნიან.
სტატიაში სწორედ ერთ-ერთ ძალზედ ძლიერ მავნებელზე მოგითხრობთ, რომელმაც საქართველოში არსებული ბზის (BUXUS) კულტურა თითქმის გაანადგურა.

ეს მავნებელია ბზის ალურა (CYDALIMA PERSPECTALIS).

მავნებლის დახასიათება:

ბზის ალურას სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი, კორეა და ინდოეთია მიჩნეული.

ის Crambidae ოჯახის ჩრჩილის სახეობაა, რომელიც მხოლოდ ბზის გვარში   (BUXUS) გაერთიანებული მცენარეებით იკვებება.

მავნებელი დროებით ასევე სახლდება ქვეტყის ისეთ წარმომადგენლებზე როგორებიცაა ჭანჭყატი  (EUONYMUS), თაგვისარა  (RUSCUS)   და სხვა სახეობებია.

ბზის მავნებლები კჯალკდჯ

ბზის ალურას მატლები ძირითადად ბზის ფოთლებითა და ყლორტებით იკვებებიან.

ახალგაზრდა მატლები გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი ძალზედ ,,ჭკვიანური’’ სტრატეგიით. ისინი ანადგურებენ მცენარის მხოლოდ ნორჩ ფოთლებსა და ყლორტებს, რომელიც ძალზედ მარტივად შესამჩნევია. ასეთ დროს ბზის ფოთლები თითქოს და გახეხილია. სწორედ ეს დაზიანებული ნაწილი, დროთა განმავლობაში კვდება, რამაც შესაძლებელია მოიცვას მთლიანი მცენარე და სრულად გაანადგუროს ის. მცენარისთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი უფროსი თაობის (4-5 სტადიის) მატლებია, რომლებსაც ძალზედ მოკლე დროში ფოთლებისა და ყლორტების სრული განადგურება შეუძლიათ.

აღნიშნული მავნებლისათვის დამახასიათებელია განვითარების 6 სტადია.

ის წელიწადში 2-3 გენერაციას იძლევა. გამონაკლის შემთხვევებში, ისეთ ქვეყნებში, სადაც თბილი და ნოტიო ჰავა დიდხანს გრძელდება, აღნიშნული სახეობა 5 თაობასაც იძლევა.

ზრდასრული, უკვე იმაგოს სტადიაში გადასული მავნებელი (მდედრი) ენტომოლოგთა გამოთვლებით 80-90 ცალამდე კვერცხს დებს. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ცალი მავნებლის განადგურება დიდად შეამცირებს მის მიერ სამომავლოდ გამოწვეულ მავნეობის რისკებს.

    ბზის ალურას მატლები 150C ტემპერატურაზე იწყებენ გააქტიურებას.

კვერცხებიდან მავნებლის ზრდასრულ ასაკამდე მიღწევას დაახლოებით 40 დღე სჭირდება და მისი განვითარება გრძელდება მანამ, სანამ ტემპერატურა მინიმუმ  15-200C იქნება.

მოზამთრეობას მავნებელი შემოდგომის მიწურულს იწყებს.

2-3 თვის ხნოვანების მატლები ბზის ორ-სამ ფოთოლს თავისი აბლაბუდის ძაფებით ერთმანეთს აწებებენ და შიგნით თავსდებიან, სადაც ისინი ხარბად იკვებებიან.

ეს მავნებელი საქართველოში 2014 წელს გამოჩნდა. მომდევნო წლების მანძილზე მან შეძლო გავრცელება შავი ზღვის სანაპიროზე კერძოდ: აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული რეგიონებიდან ბზის ალურამ ძალზედ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო გურიასა და სამეგრელოში არსებული ბზის ნარგაობები. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო გურიის რეგიონი, კერძოდ დაბა ანასეული, სადაც მავნებელმა 20000-ზე მეტი კავკასიური ბზის ნარგაობა განადგურა.

2016-2017 წლიდან მავნებელმა იწყო შესუსტება და მის მიერ დაზიანებული მცენარის ნარგაობებში შეინიშნებოდა ერთეულ ადგილებზე.

დღეისათვის ბზის ალურას საქართველოში გამოჩენიდან 10 წლის შემდეგ, მან ისევ იწყო გაძლიერება და იმ ერთეული ნარგაობების განადგურება, რომლებიც წინა შემოტევას გადაურჩა, ამიტომაც აუცილებელია სპეციალური ღონისძიებების გატარება, რაც ბზის ალურას მავნეობას შეამცირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბზა, რომელსაც გამოირჩევა როგორც რელიგიური დატვირთვითა, ისე  დეკორატიული თვალსაზრისით, სრულად გადაშენდება.

ბრძოლის ღონისძიებები:

ბზის ალურასთან ბრძოლის ღონისძიებები წელიწადის განმავლობაში, მრავალჯერად წამლობას ითვალისწინებს,  რადგან ერთ ან ორჯერადი შეწამლვის შემთხვევაში მავნებლის საღი კვერცხი შეიძლება გადარჩეს და მან ხელახალი განვითარება დაიწყოს.

ინსექტიციდებიდან ბზის ალურას წინააღმდეგ ძალზედ კარგად და ეფექტიანად მოქმედებს პრეპარატი ლეპიდინი. პრეპარატი ბიოლოგიურია და გამოიყენება ისეთი მავნე მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად როგორებიცაა: ამერიკული თეთრი პეპელა, ყურძნის ჭია, ფოთოლხვევიები, კარტოფილის ჩრჩილი, პომიდვრის ჩრჩილი და ა.შ.

მავნებელს ასევე ეფექტიანად ანადგურებს  ინსექტიციდი კარატე.

ბზის ალურასთან ბრძოლის მეთოდებში ასევე შედის ბრძოლის მექანიკური ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს როგორც მავნებლის მექანიკურ განადგურებას, ასევე  დაზიანებული ნარგაობის მოჭრას (მოშორებას) ბზის პლანტაციიდან და მის სრულ განადგურებას, დაწვას.

მცენარეთა დაცვის სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიება ჩვენ დაგვეხმარება შევინარჩუნოთ საქართველოში არსებული ის უნიკალური მწვანე საფარი, რითაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან გამოვირჩევით.

 

გიორგი სალუქვაძე – აგრარული ტექნოლოგიების მეორე კურსის სტუდენტი,

შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეულის“ თანამშრომელი