დარგებიმებოსტნეობა

ჩაიოტი – ანუ მექსიკური კიტრი (Sechium edule)

ჩაიოტი გოგრისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. ის ცნობილი იყო აცტეკებისა და მაიას ტომებისთვის. ამერიკიდან ჩაიოტი ევროპაშიც გავრცელდა. დღეს ეს მცენარე მოჰყავთ ცენტრალურ აზიაში, ვიეტნამში, კორეასა და სხვა ქვეყნებშიც. მას არაერთ ქვეყანაში ახარებენ და დიდადაც აფასებენ. ჩაიოტის ნაყოფი მსხლისებრი ფორმისაა და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ის ვიტამინების ნამდვილი საბადოა. ნაყოფი 300-500 გრამს იწონის, კანი მკვრივი და თხელი აქვს, რბილობიც საკმაოდ რბილი და წვნიანია. ნაყოფის ფუძეში ერთი, საკმაოდ მოზრდილი და სიცოცხლისუნარიანი თესლია მოთავსებული.
კულტურას ტენიანი სუბტროპიკები უყვარს, ამიტომ გასულ საუკუნეში შავი ზღვის სანაპირო სუბტროპიკულ ზონაში იგი გლეხურ მეურნეობებში ფართოდ იყო გავრცელებული.

ჩაიოტი მოჰყავდათ აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში და სამეგრელოში. ამის საილუსტრაციოდ არაერთი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია. გასული საუკუნის 80-იან წლებში გურიაში ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ზვანის ექსპერიმენტულ ბაზაზე უმოქმედოდ არსებულ ლიმონარიუმში ჩვენი ინიციატივით დაირგო ჩაიოტას რამდენიმე ათეული თესლნერგი. კარგი მოვლისა და მორწყვის პირობებში მცენარემ საუკეთესოდ იხარა, ლიმონარიუმის მთელი შიდა სივრცე მაქსიმალურად აითვისა და ნაყოფით დაიხუნძლა. იმდენად საინტერესო იყო ჩაიოტის ზრდა- განვითარება და მსხმოიარობა, რომ მოსახლეობა სპეციალურად დასათვალიერებლადაც კი მოდიოდა გვთხოვდა რამდენიმე თესლნერგი მიგვეცა საკუთარ ეზოში მისი კულტივირებისათვის. იმ წელს დაახლოებით ორ ტონამდე ნაყოფი მოვკრიფეთ, რომელიც ჩაბარდა ოზურგეთის საკონსერვო ქარხანას მწნილის დასამზადებლად, რომელიც სარეალიზაციოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადიოდა. პირადად ანასეულში ჩვენს საბოსტნე ნაკვეთში ყოველწლიურად 150-200 კგ-მდე ჩაიოტის ნაყოფს ვამზადებდით.

მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკებში ჩაიოტი მრავალწლიანი მცენარეა ჩვენთან ზამთრის დაბალი ტემპერატურების გამო მისი ფესვები და ღეროები კვდება, ამიტომ აუცილებელია ყოველწლიურად მისი თესლნერგით გამრავლება. თესლნერგის მისაღებად ვარგისია შემოდგომაზე მოკრეფილი საშუალო ზომის ჯანსაღი ნაყოფი, რომლებიც უნდა შეინახოს თაროებზე დაწვენილ მდგომარეობაში გრილ სარდაფში +4+5 გრადუს ტემპერატურაზე. გაზაფხულზე ტემპერატურის აწევასთან ერთად თებერვალ-მარტში ნაყოფში თესლი იწყებს გაღივებას . ღივი ნაყოფის ფუძიდან ვითარდება, რომელიც ნაყოფში არსებული საკვები ელემენტებით იკვებება. ამ პერიოდში ახლად განვითარებული ამონაყარი მეტად მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურის  და განსაკუთრებით საგაზაფხულო წაყინვების მიმართ, ამიტომ ნერგის ღია გრუნტში გამოტანა და მუდმივ ადგილზე რგვა დასაშვებია მხოლოდ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში.

დასარგავად ნიადაგს წინასწარ ანოყიერებენ. სარგავ ბუდნებში გადამწვარ ნაკელთან ერთად ურევენ რთულ მინერალურ სასუქს (NPK) – 50 გრამს ერთ ძირზე. გაღიებულ ნერგს ნაყოფთან ერთად ათავსებენ ორმოში მწოლიარედ ისე, რომ ღივი (ამონაყარი) ნიადაგის ზედაპირზე ვერტიკალურ მდგომარეობას ინარჩუნებდეს. ნაყოფს მიაყრიან ფხვიერ მიწას, დაუსობენ ჭიგოს და ღივს რბილი სახვევით მიამაგრებენ. ნერგები შესაძლებელია დაირგოს ღობის გასწვრივ ან მწკრივში ერთმანეთისაგან 1,5 – 2,0 მეტრის დაშორებით. ასევე შესაძლებელია ჩაიოტის გაღივებული ნერგი დავრგოთ ბუნებრივი საყრდენების ქვეშ (მწვანე ნარგაობა, გამხმარი ხეები და ა.აშ.). სავეგეტაციო პერიოდში ნერგების ქვეშ მიმდინარეობს ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა, განოყიერება. დადებით შედეგს იძლევა 2-3 ჯერ ნერგების ჟიჟით გამოკვება. ჩაიოტი სწაფმოზარდი მხვიარა მცენარეა, იგი ღია გრუნტში აუცილებლად საჭიროებს საყრდენებს. იმ ქვეყნებში სადაც ჩაიოტი ფართო მასშტაბით იწარმოება პლანტაციებში მოწყობილია კაპიტალური საყრდენები, რომლებზედაც მცენარე ეხვევა და უხვად მსხმოიარობს, იოლდება ნაყოფის კრეფაც. ჩვენთან კი საყრდენებად შესაძლებელია გამოვიყენოთ ბამბუკის ან სხვა მერქნოვან მცენარეთა დატოტვილი ბიჯგები. უფრო ხშირად ჩვენს პირობებში ჩაიოტის საყრდენად გამოყენებულია ცოცხალი მცენარეები, რომელზედაც ჩაიოტის ღეროები თავისუფლად ეხვევიან და სიმაღლისაკენ მიისწრაფიან, ყლორტებს და ფოთლებს უყვარს მზიანი და ჰაეროვანი სივრცე. ჩვენი გამოცდილებიდან ჩაიოტი წიწვოვან (კედარი, კრიპტომერია) ხებზედაც კი გადის და მსხმოიარობს.

როგორც აღვნიშნეთ ჩაიოტი ივითარებს ღეროს ირგვლივ უამრავ ამონაყარებს, ღეროები გრძელი მუხლთაშორისებით და ფართო ფოთლებით  ხასიათდება, მისი ღერო მკვრივ ბოჭკოვანია იოლად არ წყდება, თუმცა ნაყოფის სიმძიმისა და ძლიერი ქარების მოქმედების პროცესში ადგილი აქვს საყრდენებიდან ღეროების ჩამოშლას, რისთვისაც საჭიროა რბილი სახვევით მათი საყრდენზე მიბმა. ჩაიოტი სექტემბერ-ოქტომბერში ყვავილობს. ფოთლების ძირში იკეთებს მცირე ზომის მოთეთრო-მოვარდისფრო ყვავილებს. გამონასკვა და ნაყოფის ფორმირება ძირითადად ოქტომბრის თვეში მთავრდება. ნოემბერში ნაყოფი ტექნიკურად მწიფდება და მკვრივდება და აქა-იქ კანიდან ეკლების მსგავსი წამონაზარდებიც კი ვითარდება. ნაყოფის შეფერილობა ძირითადად მწვანეა, თუმცა მზიანი და რბილი შემოდგომის პირობებში ნაყოფის ზედაპირი მომწვანო-მოყავისფრო შეფერილობასაც ღებულობს. ნაყოფი ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში იკრიფება. ნაადრევი თოვლის პირობებში თუ ყინვები არ გაძლიერდა, ჩაიოტის ნაყოფს ხეზე შეუძლიათ დაყოვნება.

ნაყოფი იკრიფება სათითაოდ სპეციალური გრძელტარიანი საკრეფელებით. მოკრეფილი ნაყოფი ფრთხილად უნდა გადავიტანოთ შესანახად გამოყოფილ გრილ სარდაფებში, სადაც დღე-ღამური ტემპერატურა +4+5 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. შესანახად კარგია სპეციალური თაროები, რომლებზედაც ერთი შრით ლაგდება ნაყოფი. საცავი პერიოდულად უნდა ნიავდებოდეს, რათა ნაყოფი დაცული იქნას სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისაგან. ასევე საშიშია მღრღნელები, რომლებიც ნაყოფს აზიანებენ. თუკი დაცული იქნება ნაყოფის შენახვის პირობები – ჩაიოტის ნაყოფი 2-3 თვის განმავლობაში ინარჩუნებენ მდგრადობას, ე.ი მთელი ზამთრის განმავლობაში ჩვენ გვექნება ვიტამინებით გაჯერებული მწვანე ბოსტნეულის ნაყოფი, რომელიც საჭიროების მიხედვით გამოყენებული იქნება კულინარიაში.უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ჩაიოტის პროდუქტი ლამის ყველა კერძშია შერეული, ჩვენთან საქართველოში კი მას ურევენ აჯაფსანდალში, მწვანე ლობიოში, წვავენ ზეთში, ანელებენ ნიგვზით და სხვა უამრავ კერძს აკეთებენ. ძალზე მოთხოვნადია ჩაიოტის მწნილი.

ოჯახურ პირობებში იგი ისევე მზადდება, როგორც კიტრის მწნილი. თუმცა ნაყოფი ჯერ თავისუფლდება კანისაგან და თესლისაგან, შემდეგ ითლება ნაჭრებად, ეწყობა შუშის ქილაში, უმატებენ ნიორს, ნიახურს, წიწაკას, დაფნის ფოთოლს და სხვა სანელებლებს. ასხამენ მდუღარე მარილწყალს, აყოვნებენ 10 წუთს, გადმოღვრიან სითხეს და ხელმეორედ ავსებენ იგივე მდუღარე მარილწყლით. ჰერმეტულად მოხუფავენ და ინახავენ გრილ ადგილზე. მწნილი გაზაფხულზე ძალზე არომატული, ხრაშუნა და მიმზიდველია.

დასასრულ, მოსახლეობას გვინდა შევახსენოთ, რომ უკანასკნელ წლებში გლობალური კლიმატური დათბობისა და მავნებელ-დაავადებათა გავრცელების ფონზე ბოსტნეულის და განსაკუთრებით კიტრის ღია გრუნტში მოყვანა დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში თითქმის შეუძლებელი გახდა და ასეთ პირობებში ჩაიოტის მოყვანა გაცილებით იოლია, რადგან ეს მცენარე და მისი ნაყოფი შედარებით გამძლეა მავნებელ-დაავადებათა მიმართ.

სამწუხაროდ თუ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ეს კულტურა მოსახლეობის უმეტესობის ინტერესის სფეროში შედიოდა, ბოლო ათწლეულებში, რატომღაც შემცირდა მისდამი ინტერესი, თუმცა აჭარის მაღალმთიან ზონაში ჩაიოტი ისევ ინარჩუნებს მის მნიშვნელობას და კულინარიაშიც ფართო გამოყენებას პოულობს. ამავდროულად ჩაიოტის არასტანდარტული და მექანიკურად დაზიანებული ნაყოფი საუკეთესო საკვებია პირუტყვისათვის.

ქართველ გლეხს ოდითგანვე აინტერესებდა ბიომრავალფეროვნება. ჩაიოტის შემოტანა და მისი საქართველოში კულტივირებაც, ხომ ამ მონდომებისა და სურვილის შედეგი იყო. ჩვენ გვჯერა ქართველი გლეხის, ფერმერის, იმედია მათი წყალობით ეს კულტურა ისევ აიდგამს ფეხს, გამრავლდება და მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს, როგორც შიდა მოხმარების, ასევე სამრეწველო დანიშნულებით მისი ფართოდ გამოყენების საქმეში.

ზაურ გაბრიჩიძე, ს.მ.მ. დოქტორი პროფესორი

ჯილდა ლოლაძე, ს.მ.მ. აკადემიური დოქტორი